ქეთი კანტიძის და ლადო კუჭუხიძის საახალწლო მოგონებები - გზაპრესი

ქეთი კანტიძის და ლადო კუჭუხიძის საახალწლო მოგონებები

ახალი წელი ახლოვდება და ადამიანებს საზრუნავი ემატებათ - ნაძვის ხის დადგმა და მორთვა, საახალწლო საჩუქრების შეძენა, სუფრისთვის მზადება და ა.შ. როგორ ემზადებიან საახალწლოდ ცნობილი ადამიანები და რას იხსენებენ წარსული წლებიდან, ამას ინტერვიუდან გაიგებთ.

ქეთი კანტიძე, მარჯანიშვილის თეატრის დასის ხელმძღვანელი:

- გერმანულ სკოლაში ვსწავლობდი, სადაც სპექტაკლებს ვდგამდით გერმანელი კლასიკოსების ნაწარმოებების მიხედვით. ერთხელ, შილერის "ყაჩაღებში" კაცის - მოხუცი მოორის როლი შევასრულე. წარმოდგენა პიონერთა სასახლეში წინასაახალწლოდ ვაჩვენეთ. მე მანტო მქონდა მოსხმული, ჩემი გმირი კვდება და ისე მოხდა, რომ როცა ფარდა დაეშვა, მანტოს ერთი ნაწილი ფარდის გარეთ დარჩა. მანტო შემოვაძვრინე და ზევიდან გადავიფარე. დარბაზში სიცილი ატყდა, "მკვდარი" მოძრაობდა... ძალიან შემრცხვა.

- ბავშვობაში თოვლის პაპის ან ფიფქიას როლი შეგისრულებიათ? მხიარული, ხალისიანი ადამიანი ხართ და მეგობრებს როგორ ართობდით ხოლმე?

- როგორ ფიქრობთ, ჩემი ჰაბიტუსით ფიფქიას როლს შევასრულებდი (იცინის)? თოვლის პაპა უფრო შემეფერებოდა, მაგრამ არც ერთი როლი არ განმისახიერებია. ბავშვობაში ძალიან კარგად ვასრულებდი მსახიობებისა და მულტფილმების გმირების იმიტაციას. მიყვარდა სცენაზე გამოსვლა, რომელსაც მე თვითონ მოვაწყობდი, ვყიდდი ბილეთებს (ყველა ასე იქცეოდა), მოვიდოდნენ მეგობრები და მათთვის მულტფილმებიდან ნაწყვეტებს ვთამაშობდი, მსახიობებს ვბაძავდი.

- საახალწლო კარნავალზე ყოფილხართ?

- მაშინ რუსთაველის თეატრში ვმუშაობდი, ჯერ კინოში არ მქონდა როლები შესრულებული და მახსოვს, ძალიან ბედნიერი ვიყავი - რომელიღაც დედოფლის კაბა მეცვა და თავზე გვირგვინი მედგა.

- ნაძვის ხის დადგმა და მორთვა გიყვართ?

- ძალიან მიყვარს. ბავშვობაში მამაჩემს ყოველთვის ნამდვილი, დიდი ნაძვის ხე მოჰქონდა. ახალ ნაძვს დეკემბრის შუა რიცხვებში ვდგამდით, ლამაზად მოვრთავდით და კარგა ხანს, წიწვების გაცვენამდე იდგა ხოლმე. ძველი სათამაშოებიდან რამდენიმე დამრჩა, ესენია ჩვეულებრივი ფერადი ნაჭრებისგან შეკერილი კურდღლები. წელს, 17 დეკემბერს დავდგი სახლში ნაძვის ხე, დიდი ზომის არ არის, ზედვე აქვს ნათურები, სათამაშოები, ბრჭყვიალა მოსართავები. მომწონს, როცა განათებულია და ასე ვერთობი - შუქს ჩავაქრობ, ნაძვის ხე ციმციმებს და ანათებს, მეც მიხარია. მერე ავიღებ ერთიანად ამ ნაძვს და თავის პარკში ვინახავ მომავალ ახალ წლამდე, საქმე გავიმარტივე. ჩემს ასაკში უკვე ბავშვობისკენ მივდივართ, შეიძლება ერთი ათი წლის შემდეგ, დიდი ნაძვის ხე დავდგა, ასაკოვანი მეზობლები დავპატიჟო და ლექსიც წავიკითხო (იცინის).

- როგორია თქვენი საახალწლო სუფრა?

- ეგ არ მეშლება, ვაკეთებ საცივს, გოზინაყს, ნიგვზიან ფხალს, ღორის ხორცის დიდ ნაჭერს დავსერავ და შევწვავ... საჭმელების კეთება მიყვარს. მე ვარ საახალწლო ტრადიციული ქართული სუფრის მომხრე, რაც ოდითგანვე წესია და კანონი, ყოველთვის იმას ვაკეთებ. ჩურჩხელები უკვე ამოვავლე და იმხელები გამოვიდა, გეგონება, მე ვარ ჩამოკიდებული (იცინის).

- ახალ წელს საზღვარგარეთ შეხვედრიხართ?

- შარშან ახალ წელს რომში შევხვდი, მოვასწარი. ჩამოვედი და კორონაც დაიწყო. ორი მეგობარი ათენში მყავს, ისინი გადმოფრინდნენ რომში ათენიდან, მე აქედან მარტო ჩავფრინდი და იქ შევხვდით ერთმანეთს. 31 დეკემბერს, ღამის 12 საათამდე ესპანეთის მოედანზე მივედით, სადაც მღეროდნენ რომინა პაუერი, ალ ბანო და იმ თაობის სხვა მომღერლები ჩვენთვის ნაცნობ ძველ სიმღერებს, მათ შორის "ფელიჩიტას". ისე შეცვლილან და დაბერებულან, ძლივს ვიცანი, მოვლილი და გადატკეცილი სახეები კი ჰქონდათ. ყველაზე მეტად იმან მომხიბლა, რომ ფერად-ფერადი ტანსაცმელი ეცვათ და გადაპრანჭულები იყვნენ. მეც იმათთან ერთად ვმღეროდი, ახალგაზრდობა გამახსენდა. იმას, რასაც წლების წინ ვისმენდი, ახლა ცოცხლად მღეროდნენ, თან რომში ვიყავი. ძალიან კარგი იყო. ახალ წელს მეგობრები ქუჩაში შევხვდით.

- საჩუქრები უკვე მოამზადეთ?

- საჩუქრების ჩუქება ძალიან მიყვარს, შესაძლებელი რომ იყოს, ყველას პატარ-პატარა საჩუქარს გავუკეთებდი... მაგრამ წელს, მხოლოდ ვირტუალური საჩუქრები გვექნება სატელეფონო ჩართვების სახით. მთელ საქართველოს და მთელ ჩემს მეგობრებს ჯანმრთელობას, სიყვარულს და სიხარულს ვჩუქნი.

GzaPress

ლადო კუჭუხიძე, იუმორისტული გადაცემების მსახიობი და მუსიკალური პროდიუსერი:

- ადრე ახალი წელი საინტერესო და სახალისო იყო იმით, რომ სტუმრად მივდიოდით ან ჩვენთან მოდიოდნენ სტუმრები. აუცილებლად ღამეს ვათენებდით, ვქეიფობდით, გადაცემებს ვუყურებდით დილამდე და ალიონს ვხვდებოდით. არ არსებობდა, დამეძინა. ახლა ჩემთვის საახალწლო საღამო სამ საათამდე გრძელდება. ბაღის ასაკში ზეიმები ნაკლებად მახსოვს, თუმცა ლექსს თუ მომცემდნენ წასაკითხად, გულმოდგინედ ვსწავლობდი. არ ვაქტიურობდი, რომ თავი გამომეჩინა, არასოდეს მიცეკვია ან მიმღერია. რასაც მავალებდნენ, იმას ვაკეთებდი.

- თოვლის პაპას საჩუქარი არ მოჰქონდა?

- როგორ არა, მაგრამ მაშინ სად იყო დღევანდლის მსგავსი საჩუქრები? თოვლის პაპას მანდარინი და კანფეტები მოჰქონდა (იცინის). ეს იყო ძირითადად, ბავშვებისთვის მომზადებული სტანდარტული საჩუქრები. ოჯახში თოვლის ბაბუას არ ჰქონდა საშუალება, ჩემი სურვილი შეესრულებინა, თუმცა არც მე ვიყავი პრეტენზიული ბავშვი. ნაძვის ხის დადგმა ჩემთვის დიდი ამბავი იყო, ერთი სული მქონდა, სათამაშოები ჩამომეკიდა და ყველაფერში მიმეღო მონაწილეობა. ორი უფროსი და - ინგა და ია მყავს (6 და 5 წლით დიდები), მათი გაზრდილი ვარ. სხვათა შორის, ძალიან სათუთად მეპყრობოდნენ.

- თავად ყოფილხართ თოვლის პაპა?

- 90-იანი წლების ბოლოს ქუთაისის "მანსანკანის" გუნდი თამაშებში ვმონაწილეობდით და ხშირად ჩამოვდიოდით თბილისში. 2000 წელს მსკ-ის ფედერაციამ აგვარჩია რამდენიმე აქტიური მოთამაშე და ასე გავხდით "სანტა-კლაუსი გამოძახებით". სხვადასხვა უბანში დავდიოდით მე და ჩემი მეგობრები: ნიკა არაბიძე, ვასო ფხაკაძე ... მანქანა გვემსახურებოდა. მშობელი წინასწარ გვაძლევდა საჩუქრებს და ჩვენ ბავშვებს ვურიგებდით. ერთ-ერთ მისამართზე ცოტა მოზრდილი, დაახლოებით 10 წლის გოგონა დამხვდა. დავიწყე ჩემი ტექსტი: შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი და ა.შ. ბავშვს რატომღაც არ მოვეწონე, ბუნებრივ თოვლის ბაბუად ვერ შემიცნო და ფეხზე მომარტყა ფეხი რამდენჯერმე. მერე მიყურა, მიყურა და მეუბნება: ოხოხო, მიუწებებია ბამბებიო! (იცინის). წვერის მოგლეჯა არ უცდია, ყველანაირად ვცდილობდი არ გაღიზიანებულიყო. გასახსენებლად კარგი ამბავია.

- ხელმარჯვე ადამიანი ხართ და სათამაშო არ დაგიმზადებიათ ბავშვობაში?

- სკოლის ასაკში, ერთ-ერთი ახალი წლისთვის გოგრისგან თეატრალური სახეები გავაკეთე. მოხარშულ გოგრას გული ამოვაცალე და კანისგან შევქმენი ნიღბები-სახეები. 3 კედელზე ჩამოვკიდე და შიგნით სანთელს ვანთებდი. 6 ნიღაბი შევაერთე, შუაში ნათება დავამაგრე და ეს ყველაფერი ტრიალებდა. მომდევნო წელს, ჩემი მეგობრები სიცილით მეკითხებოდნენ: გოგრისგან არაფერს აკეთებო?

- თქვენი შვილები როდის წერენ ხოლმე, რა საჩუქრები უნდათ ახალი წლისთვის?

- ოო, ძალიან ადრე, სექტემბრიდან იწყებენ (იცინის), ახლა ის სურვილები ნაძვის ხის ტოტებზე დევს. პირველ იანვარს გაიღვიძებენ და საჩუქრები დახვდებათ. ღმერთის წყალობით, შემიძლია შვილების (10 წლის გოგო და 4 წლის ბიჭი მყავს) სურვილების ასრულება. ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თოვლის ბაბუამ თხოვნა შეუსრულოს. უფრო ხშირად, ჩემი ოჯახი სოფელში, ფარცხანაყანებში ვხვდებით ახალ წელს.

- სოფელში ალბათ, ეზოსაც ლამაზად რთავთ.

- ეზოში პალმები და ნაძვები დგას. იმათ თუ მორთავ და შუქჩრდილებით გაანათებ, ძალიან ლამაზი იქნება. ამაზე ნაფიქრი მაქვს, მაგრამ ეს ფინანსებთანაა დაკავშირებული.

- საახალწლო სუფრის მომზადებაში რამდენად ხართ ჩართული?

- დიდად მჭამელი არ ვარ და მაინცდამაინც არც სამზარეულოს საქმეები მიყვარს, მაგრამ როცა საჭიროა, ვეხმარები მეუღლეს და არ ვწუწუნებ. ამ ბოლო დროს გოზინაყს მე ვაკეთებ იმიტომ, რომ ნებისყოფიანი ადამიანი ვარ. გოზინაყის მომზადებას დიდი დრო სჭირდება და თან, სულ უნდა მოურიო და მოურიო (იცინის).

- რას ისურვებდით ახალ წელს?

- ჩემი სურვილია საქართველოში დაბრუნდეს სიყვარული და ადამიანებს შორის კარგი ურთიერთობა. არ უნდა დავიყოთ პარტიებად, უნდა იყოს ერთი მიზანი და ამ მიზნისთვის ერთობლივად ბრძოლა. შეცდომაზე უნდა ვთქვათ, რომ შეცდომაა, წარმატებაზე - წარმატებაა. ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს, თორემ ისე ამ ქვეყანას არაფერი ეშველება. მინდა ყველა ოჯახში და ქვეყანაში იყოს ხვავი, ბარაქა, მშვიდობა.

ნანული ზოტიკიშვილი