"გულწრფელ ბოდიშს მამაჩემის სულს ვუხდი..." - გზაპრესი

"გულწრფელ ბოდიშს მამაჩემის სულს ვუხდი..."

სახელი, გვარი: თაკა კაკულია.

ასაკი: 22 წლის.

განათლება: სწავლობს იურიდიულ ფაკულტეტზე.

ამჟამინდელი საქმიანობა: არის "კომედი შოუს" მსახიობი.

ჰობი: ფიქრი, მუსიკის მოსმენისას.

- ცხოვრების დევიზი არ გაქვს?

- ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ადამიანები განვითარების სხვადასხვა დონეს ვაღწევთ, ამიტომ მთელი ცხოვრება ერთი დევიზი ვერ მექნება (იღიმის).

- თოვლის ბაბუის არსებობის რომელ ასაკამდე გჯეროდა?

- არასოდეს მჯეროდა. პატარა ასაკიდანვე ვიცოდი, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობდა.

- უფროსებს თავსაც არ აჩვენებდი, რომ გჯეროდა?

- არასოდეს.

- საახალწლო სუფრიდან ყველაზე მეტად, რომელი ნუგბარი გიყვარს?

- რა თქმა უნდა, გოზინაყი.

- საახალწლო საჩუქრად ყველაზე შთამბეჭდავი რა მიგიღია?

- ყვავილები და ოქროს ყელსაბამი, მაგრამ სასაცილო ამბავი მოხდა: იმ დროს ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა. ვიცოდი, ერთი მათგანი საჩუქარს გამომიგზავნიდა, რადგან ამის შესახებ თავად გამაფრთხილა, თუმცა მასთან ახლო ურთიერთობა ან მიმოწერა არ მქონია. მოკლედ, ახალ წელს საჩუქარი - წითელი ვარდების უზარმაზარი თაიგული და ოქროს ყელსაბამი მივიღე. ამ ბიჭს უამრავი მადლობა გადავუხადე, - უცხოსგან ასეთი საჩუქარი მართლა არასოდეს მიმიღია-მეთქი. მიპასუხა: - რატომ მეღადავები? ეს საჩუქარი ჩემგან არ არისო. არ დავიჯერე... აღმოჩნდა, რომ ჩემთვის საჩუქარი სხვას გამოუგზავნია. მის მიერ გამოგზავნილი საჩუქარიც - პატარა "ბრელოკი" ერთი კვირის შემდეგ მივიღე (იცინის).

- ძვირფასი საჩუქრის ავტორის ვინაობა შეიტყვე?

- კი. რამდენიმე დღის შემდეგ მკითხა: - მოგეწონაო? - უი, შენ ყოფილხარ-მეთქი (იცინის)?!.

- მეუღლე სიურპრიზებს ხშირად გიწყობს?

- არა, რადგან რამდენჯერაც მომიწყო, არ მომეწონა. ვუთხარი, - ეს კი არა, სხვანაირი მინდოდა-მეთქი (იცინის). მას შემდეგ მითანხმებს და ჩემთვის საჩუქარს ისე ყიდულობს.

- როცა გეფლირტავებიან, როგორ იქცევი?

- მარჯვენა ხელის არათითს ვუჩვენებ (იცინის). თუ ადამიანს ისეთი მზერა შევამჩნიე, რომ უნდა "შემაბას", მაშინაც ჩემი მარჯვენა ხელის არათითს "წარვუდგენ" ხოლმე (იცინის).

GzaPress

- შენი აზრით, გოიმი როგორია?

- უპირველს ყოვლისა, სოფლელი ადამიანი გოიმი არ არის, რადგან დაბადების ადგილი გოიმობას საერთოდ არ განსაზღვრავს. გოიმი არის განუვითარებელი ადამიანი, რომელსაც არათანამედროვე შეხედულებები აქვს. შეიძლება, ასეთი შეხედულებები არ ჰქონდეს, მაგრამ ბევრ საკითხში სწორად არ აზროვნებდეს.

- საკუთარ შესაძლებლობებზე გადაჭარბებული წარმოდგენა შეგქმნია?

- არა, პირიქით - შეიძლება გარკვეულ სიტუაციებში თავდაჯერება მაკლდეს.

- ამის გამო ცხოვრებაში ხელი შეგშლია?

- კი, ბევრჯერ, რადგან თავდაჯერება ადამიანს ძალას გმატებს. ახლა უკვე ვგრძნობ, რომ რაც უფრო თავდაჯერებული ხარ და ზუსტად იცი, რისკენ, რატომ, რისთვის მიდიხარ, უფრო სწორ და მყარ ნაბიჯებს დგამ და ამ ნაბიჯების გადადგმის არ გეშინია.

- როგორ ფიქრობ - შენ შესახებ საზოგადოებას როგორი წარმოდგენა აქვს და რეალურად როგორი ხარ?

- როგორც ბევრი ახალგაცნობილისგან გამიგონია, ძირითადად, "სტერვა", ქედმაღალი ვგონივარ, თუმცა, როცა კარგად გამიცნობენ, მერე უკვე მეუბნებიან, - უი, სულ სხვანაირი გვეგონე, რა კარგი ყოფილხარო!..

- დილით ჯერ სოციალურ ქსელს სტუმრობ თუ საუზმობ?

- დილით ტელეფონი მაღვიძებს, ვთიშავ და ჯერ სოციალურ ქსელში შევდივარ... პრინციპში, საუზმეს გამოვტოვებ ხოლმე.

- ინტერნეტის გარეშე გაძლება რამდენ ხანს შეგიძლია?

- თუ ინტერნეტის გარეშე ყოფნა საჭიროა, უპრობლემოდ გავძლებ, მაგრამ რაკი ამ მხრივ ახლა არანაირი შეზღუდვა არ მაქვს, ჩემს თავს კანონებს არ ვუწესებ. ისე, ინტერნეტი რომ არ იყოს, გარკვეულწილად უკეთესიც იქნებოდა, მაგალითად - მეტ წიგნს წაიკითხავდი (იღიმის).

- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხე?

- გიორგი გურჯიევის "ჭეშმარიტების სამყაროში". ბოლო დროს ფილოსოფია მიტაცებს: ფილოსოფოსების მოსაზრებებს აქტიურად ვკითხულობ და ინტერნეტშიც ვუსმენ.

- ავტომობილის მართვისას, როცა ბრაზობ, როგორ იქცევი?

- ხმამაღლა ჩართულ მუსიკას ვუსმენ და არანორმალური სიჩქარით დავდივარ, არანორმალურ ტრიუკებს ვასრულებ, მიუხედავად იმისა, რომ შედარებით ახალბედა მძღოლი ვარ.

- ანუ სხვა მძღოლებს თავად აბრაზებ?

- დარწმუნებული ვარ, რომ ვაბრაზებ (იცინის).

- საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, ჯარიმას ხშირად იღებ?

- სხვათა შორის, ხშირად - არა, რადგან შუქნიშნებთან და რადარებთან წესიერად ვიქცევი (იცინის).

- როგორ სიზმრებს ხედავ?

- დაახლოებით ისეთს, როგორსაც ვანგა ხედავდა. დედაჩემიც ასეა - მგონი, მისგან "გადმომედო". თუ რამე დამესიზმრება, აუცილებლად ცხადდება. მართალია, რაღაცები გადატანითი მნიშვნელობით მესიზმრება, მაგრამ ნელ-ნელა ვხვდები, რეალურ ცხოვრებაში რა რას ნიშნავს. სხვათა შორის, დამთრგუნველია, როცა წინასწარ იცი, რაღაც ცუდი მოხდება. მინდა, არ მესიზმრებოდეს.

- შეგიძლია, რომელიმე ახდენილი სიზმრის შესახებ მოგვიყვე?

- ჩემი დაბადების დღე - 4 დეკემბერი თენდებოდა. დამესიზმრა, რომ ჩემი ბავშვობის დაქალი მუქ იისფერ ხავერდის ჩექმას იცვამდა. ისეთი ლამაზი ჩექმა არასოდეს მინახავს... ცოტა ხნის შემდეგ ზუსტად ისეთივე ხავერდის ჩექმა, ოღონდ ლურჯი, უკვე თავად ჩავიცვი... ეს სიზმარი ბოლომდე დასრულებული არ იყო, როცა ტელეფონის ზარმა გამაღვიძა: დაქალმა დამირეკა - გავთხოვდიო. ვუთხარი, - ახლა დამესიზმრე, თითქოს ჩექმები ჩაიცვი-მეთქი (იცინის)... ზუსტად 1 წლის შემდეგ მეც გავთხოვდი. თურმე ჩექმების დასიზმრება გათხოვებას ნიშნავს...

- რას დათმობდი, რომ მსოფლიო ცხოვრების ისეთ რიტმს დაჰბრუნებოდა, როგორშიც პანდემიამდე იყო?

- საკუთარ სიცოცხლეს (იცინის)!..

- ახალი წლის დღესასწაულზე რომელიმე ფილმის ნახვა ტრადიციად ხომ არ გაქვს ქცეული?

- ალბათ ასეთი ფილმია - "მარტო სახლში". ვუყურებ, რადგან ტელეეთერში ყოველ წელს გადის (იცინის).

- "კომედი შოუში" გადაღებისას, რომელ მსახიობთან მუშაობაა ყველაზე რთული, სიცილისგან თავშეუკავებლობის თვალსაზრისით?

- მიშა ანდღულაძესთან, რადგან მასთან ერთად თამაშისას, ყველა დუბლის გადაღებისას გვეცინება. მართლა შეუძლებელია, არ გაგეცინოს, როლს ისე ასრულებს (იცინის).

- მეუღლემ ბოლოს რის გამო გისაყვედურა?

- ახლახან მისაყვედურა, - სამჯერ დაგიძახე და რატომ ვერ გაიგონეო? რა ვიცი, ვერ გავიგონე - სხვა ოთახში ვიყავი...

- როგორ ფიქრობ, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლია?

- შემიძლია, სამყაროს ისეთი ინოვაციური თემები შევთავაზო, რომ ყველა გავაოცო. მომავალი ილონ მასკი ვიქნები (იცინის)... მართლა არ ვიცი, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შემიძლია. ამაზე არ მიფიქრია.

- რომელი საახალწლო სურვილი აგხდენია?

- შარშან მინდოდა, ავტომობილი მყოლოდა. სურვილი ჩავიფიქრე და წელს მანქანა უკვე მყავს.

- ბოლოს გულწრფელი ბოდიში ვის და რის გამო მოუხადე?

- სხვათა შორის, ბოდიშს ხშირად ვიხდი, მაგრამ - გულწრფელს (ჩემს საქციელს ნამდვილად რომ ვნანობ). მამაჩემის სულს ვუხდი ხოლმე, რადგან მამასთან ერთად მეტ დროს არ ვატარებდი. ის რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. ვნანობ, რომ მას იმდენ დროსა და ენერგიას არ ვახარჯავდი, რამდენიც შემეძლო...

ეთო ყორღანაშვილი