"საუკეთესო მეუღლე ვარ" - გზაპრესი

"საუკეთესო მეუღლე ვარ"

მომღერალი ნინი წიკლაური ბოლო რამდენიმე წელია, რთული ამოცანების წინაშე დგას. 2014 წელს ამერიკაში ჯერ ერთი თვით ჩავიდა, მაგრამ ამერიკული ცხოვრებით მოხიბლული, საცხოვრებლად ისევ უკან დაბრუნდა და კარიერა ნულიდან დაიწყო. მალევე გათხოვდა. მისი რჩეული თემო ტუღუშია.

- რა გახდა ამერიკაში თქვენი წასვლის მიზეზი და რამდენი წელია, რაც ემიგრანტი ხართ?

- ამერიკაში პირველად 2014 წელს ჩამოვედი, სამოგზაუროდ. ეს იყო ერთთვიანი ამერიკული ამბავი - ულამაზესი ადგილები მოვინახულე, უამრავი თავგადასავალი გადამხდა, მეტროში რამდენჯერმე დავიკარგე, მაგრამ შინ მშვიდობით დავბრუნდი (იცინის). ამერიკაში წამოსვლის გადაწყვეტილება იყო ყველაზე დიდი ნაბიჯი, რომელიც დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისკენ გადავდგი. მას შემდეგ კიდევ ვესტუმრე ნიუ-იორკს, მაგრამ დარჩენასა და იქ ცხოვრებაზე არასდროს მიფიქრია. 2016 წლის ბოლოს ავიღე ბილეთი და ჩამოვედი. კონკრეტული მიზეზი არ მქონია, ქვეცნობიერად ისევ დროებით ჩამოვედი, სულ რამდენიმე თვით და მას მერე ემიგრანტი ვარ.

- იყო თუ არა რთული დღეები, ვიდრე მყარად დადგებოდით ფეხზე?

- ურთულესი და გაუსაძლისი დღეები გავიარე ოჯახთან და თვეების პატარასთან ერთად - უცხო ქვეყანა, აბსოლუტურად ნულიდან დაწყებული ცხოვრება, ჩვილი ბავშვი, რომლის პამპერსის გამოცვლასაც "იუთუბით" ვსწავლობდი... ეს ყველაფერი რთული იყო, მაგრამ გადავლახე არაერთი კარგი ადამიანის თანადგომით. აქაურმა ემიგრაციამ ხელგაშლილად მიმიღო: ჩემთვის უცნობი ადამიანები მირეკავდნენ და დახმარებას მთავაზობდნენ, რისთვისაც მათ უდიდეს მადლობას ვუხდი. ეს არასდროს დამავიწყდება.

- დღეს რას საქმიანობთ?

- ვაკეთებ ჩემს საქმეს, ვმღერი, ვწერ სიმღერებს, ტექსტებს, ასევე ვმუშაობ ქართული კულტურის ცენტრ "ფესვებში", სადაც ვხელმძღვანელობ საესტრადო სკოლა-სტუდიას "ციცინათელა". ვარ ვოკალის პედაგოგი და უამრავ ბავშვს ვაზიარებ ქართულ და არა მარტო ქართულ სიმღერას.

- რა გასწავლათ ამერიკაში ცხოვრებამ?

- ამერიკამ, პირველ რიგში, გამაძლიერა და დამარწმუნა საკუთარ შესაძლებლობებში - იმაში, რომ ყველა ადამიანში არის ძლიერი მხარე და უნდა გამოიყენო. დღეს ბევრად კარგად ვარჩევ ერთმანეთისგან თეთრსა და შავს, ვიდრე აქამდე. ამ ქვეყანაში შეუძლებელია მოდუნდე. ვისწავლე, როგორ ვიცხოვრო ისე, რომ არ ჩამოვრჩე რიტმს.

- ოჯახი ამერიკაში შექმენით, ვინ არის თქვენი რჩეული?

- ჩემი მეუღლე ძალიან დადებითი და კარგი ადამიანია. ჩემი აზრით, ქალის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს მეორე ნახევარს. როდესაც პირადი ურთიერთობა იდეალურია, იქ სხვა დანარჩენი პრობლემები აღარ არსებობს.

- თვითონ როგორი მეუღლე და დედა ხართ?

- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო მეუღლე ვარ. ნებისმიერ სიტუაციაში მის გვერდით ვდგავარ და ვცდილობ, ყველანაირად შევუმსუბუქო ემიგრანტობა. ძლიერი ადამიანი ვარ და მიყვარს, როცა იმას ვაკეთებ, რაც ბევრისთვის გადაულახავი და შეუძლებელია. ახალშექმნილი ოჯახი და ნულიდან ცხოვრების დაწყება ურთულესი იყო, ფაქტობრივად, რქებით შევეჭიდე პრობლემებს და მეუღლეც გავაძლიერე, რომ ერთად გვებრძოლა საკუთარი ბედნიერებისთვის. რაც შეეხება შვილებს, არ არსებობს საბასა და ილიაზე ძვირფასი რამ. საბამ მაზიარა ულევ სიხარულსა და სიყვარულს. ილიამ ბედნიერების სხვა კარი გამიხსნა, ჯერ 10 თვისაა. ისეთი დედა ვარ, მათ გამო ყველაფერს რომ შეძლებს. შემიძლია ვაკეთო სამ-ოთხნაირი სადილი, თან ვრეცხო ჭურჭელი, თან ვალაგო და თან ბავშვს მივხედო; შემიძლია ორი ბავშვით ვიარო სტუდიაში და ვატარო გაკვეთილები. ეს ყველაფერი საბამ და ილიამ შემაძლებინეს. მგონია, რომ იმაზე მაგარი დედა აღმოვჩნდი, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი.

- ახალი წლისთვის გამორჩეულად ემზადებით?

- ახალი წელი ჩემი საყვარელი დღესასწაულია. ყველაფერი მიყვარს, რაც ციმციმებს, ბრწყინავს, ანათებს, ვგიჟდები ნაძვის ხეზე, რომელსაც ახალ წლამდე ლამის 2 თვით ადრე ვდგამ და ვიღებ ყველაზე გვიან. მაბედნიერებს და სიხარულს მგვრის ეს პერიოდი, მუსიკა, რომელიც 24 საათი ჩართული მაქვს. განსაკუთრებულად ვრთავ სახლს და მაქსიმალურად ვცდილობ, გარშემო მყოფთ პატარ-პატარა საჩუქრებიც გავუკეთო. უკვე რამდენიმე წელია, საახალწლო სუფრასაც წარმატებით ვამზადებ. საქართველოში ყოფნისას ზუსტად 12 საათზე ჩემს ნათლიასთან გადავდიოდი მეზობლად, მეკვლედ და ასე გრძელდებოდა მთელი ბავშვობა. მერე უკვე გალაკონცერტები მემთხვეოდა და შესაბამისად, სცენაზე ვხვდებოდი ახალ წელს ჩემს უსაყვარლეს კოლეგებთან ერთად. რაც ამერიკაში გადმოვედი საცხოვრებლად, რაღაცები შეიცვალა და თბილისური ტრადიციებიდან მხოლოდ 12 საათზე სურვილის ჩაფიქრება და ნაძვის ხესთან საჩუქრების დაწყობა შემომრჩა. გაიზრდებიან საბა და ილია და ალბათ, ახალი წესები დამკვიდრდება ჩვენს ოჯახში.

- თქვენი საახალწლო სურვილები საქართველოსა და ქართველებისთვის?

- ერთი სურვილი მაქვს: მინდა მალე დაეშვას ჩემი თვითმფრინავი ჩემს საყვარელ თბილისში. მენატრებით, მიყვარხართ და იცოდეთ, ემიგრანტებს ყველაზე მეტად სჭირდებით.

ფიქრია რობაქიძე