ფაქტზე დაჭერილი მამა, საშარო საქმე და ახალი წლის სახალისო ამბები - გზაპრესი

ფაქტზე დაჭერილი მამა, საშარო საქმე და ახალი წლის სახალისო ამბები

თუ თოვლის ბაბუისთვის წერილი ბავშვობაში არასდროს მიგიწერიათ, ეს გვიანი ახლაც არ არის. შანსი ხომ ყოველ დამდეგს გვაქვს და ყოველი ახალი წლის ღამე ჯადოსნურია, - რასაც გულით ინატრებ, სრულდება.

თოვლის ბაბუისთვის გასაგზავნი წერილების შეგროვება დავიწყე. ვნახოთ, როგორია თქვენთვის კარგად ნაცნობი ადამიანების საახალწლო ნატვრები და სურვილები.

ნინო მუმლაძე, მსახიობი:

- უცნაური ბავშვი ვიყავი, ადრე დავიწყე სიარული, ლაპარაკი. 2 წლის ასაკში უკვე ჩემი საკონცერტო პროგრამა მქონდა. ბევრ რამეს ასაკთან შედარებით ადრე ვაკეთებდი და ვხვდებოდი. მამაჩემი ხელოვანი იყო, მას თოვლის ბაბუის ფორმა ჰქონდა, სრული აღკაზმულობით. ახალ წელს გადაწყვიტა, ჩემთვის დღესასწაული მოეწყო. ეს მომენტი არ მახსოვს, მაგრამ როგორც მშობლები მიამბობენ, მამა 12 საათის მოახლოებისას ვითომ მაღაზიაში წავიდა, სინამდვილეში კი გაყინულ სადარბაზოში გამოიცვალა, ბაბუის ფორმა ჩაიცვა, შემოვიდა და... თურმე ჩემი ემოცია და სიხარული იყო უკიდეგანო, საჩუქრებიც სიხარულით მივიღე, თოვლის ბაბუას საკონცერტო პროგრამაც წარვუდგინე და გავაცილე. რამდენიმე წუთის შემდეგ, მამა "მაღაზიიდან" დაბრუნდა. ემოციურად ვუამბე, რომ მან მნიშვნელოვანი ამბავი გამოტოვა, რომ თოვლის ბაბუა იყო მოსული, უამრავი საჩუქრით გამახარა და... ბუნებრივია, მამაც ძალიან ბედნიერი იყო. იმ საღამოს, როგორც იქნა, დამაძინეს და დილა რომ გათენდა, ადრიანად წამოვხტი, მოგეხსენებათ, 1-ლ იანვარს ადამიანები შედარებით გვიან იღვიძებენ, მე კი საწოლში არავინ მოვასვენე, მამას ბევრი ვეძახე, ადექი, ყურადღება მომაქციე-მეთქი. რეაქცია არ ჰქონდა, ნახევრად ეძინა. ბოლოს ვუთხარი, - ე, თოვლის ბაბუა, ახლა გაიღვიძე და ადექი-მეთქი. მაშინ გაირკვა, ვინ ვის ატყუებდა, ანუ იმ საღამოს მამამ კი არა, მე ვითამაშე.

- 2 წლის ბავშვისთვის ასეთი მიხვედრილობა უცნაური არ არის?

- ჰოდა, მეც უცნაური ვიყავი. ახლა უფრო იშვიათად ვხვდები ისეთ რამეებს, რაც ჩემს ასაკს შეეფერება. 2 წლის ასაკში ანბანი ვიცოდი, ანომალიურად ადრე განვვითარდი.

- თოვლის ბაბუას რას სთხოვ?

- წერილი დავწერო? სიამოვნებით. ისე კი გეტყვი, რომ ეს აქამდე არასდროს გამიკეთებია (იცინის).

"თოვლის ბაბუ!

პირველ რიგში, გთხოვ, ამ პლანეტაზე ყველა ადამიანი ჯანმრთელი იყოს. ეს ჩემი ყველაზე დიდი სურვილია. ყოველთვის ვიცოდით, რომ ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ამ პანდემიამ კიდევ მეტად დაგვარწმუნა.

რაც შეეხება პატარა სურვილებს: ამ წელმა ეკონომიკური პრობლემები მოგვიტანა, განსაკუთრებით - ჩემი პროფესიის ადამიანებს. ბოლო 15 წელია, ახალ წელს შინ არ შევხვედრივარ, ყოველთვის ვმუშაობდი და წელს უსაქმოდ, შესაბამისად, უფულოდ დავრჩი. ტელეფონი მაქვს გაფუჭებული, "ბატარია" ჯდება, სულ დენის წყაროზე უნდა მქონდეს მიერთებული, ეკრანიც გაებზარა. თოვლის ბაბუ, ახალ წელს ახალ ტელეფონს თუ მომიტან, ძალიან გამახარებ. ამდენი ფული თუ არ გექნება, იქნებ ახალი ბატარია და ეკრანი მაინც შეძლო, ამაზეც თანახმა ვარ. მანქანა 6 წელია მემსახურება და უკვე ისიც სულს ღაფავს, ეს ისე, რომ იცოდე.

სიყვარულით გელოდები".

ყველას მოგილოცავთ ახალ წელს და კეთილდღეობას გისურვებთ! ყოჩაღები თუ ვიქნებით, გახარებულებიც ვიქნებით. პოზიტივი მოდის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი აზრებიდან, ფიქრებიდან, სულიდან... ჩვენ უნდა მოვინდომოთ და კარგად ვიქნებით!

GzaPress

ქეთი ხუციშვილი, მსახიობი:

- თოვლის ბაბუის არსებობის ბავშვობაში მეტ-ნაკლებად მჯეროდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ახალ წელს საჩუქრებით დიდად განებივრებული ვიყავი.

- რომ იცოდე, ის სურვილი აუცილებლად აგისრულდება, თოვლის ბაბუას რას მისწერ?

- ვაი, წარმოვიდგინე და რა კარგ განწყობაზე დამაყენე (იცინის)! რა კარგია, რომ დამირეკე, ძალიან გამიხარდა.

"თოვლის ბაბუ, ჩემო ძვირფასო!

ძალიან გთხოვ, ვირუსი წაიღე მსოფლიოდან და მანქანა მომიყვანე. ჩემი გავყიდე, თანხა აღარ მაქვს, რომ ახალი შევიძინო, არადა, ძალიან მინდა, მჭირდება. შენ რომ 12 საათზე ჩემთან მანქანის გასაღებით მოხვიდე, წარმოუდგენელი რამ შეიძლება დამემართოს, სიხარულისგან იატაკზე გავკოტრიალდები, ემოციის დამალვა არ შემიძლია. აბა, შენ იცი, მიყვარხარ და იცოდე, მოუთმენლად გელოდები".

- ახალი წლისთვის როგორ მოემზადე?

- რომ გითხრა, განსაკუთრებულად ვემზადები-მეთქი, ტყუილი იქნება. ერთი ციცქნა ნაძვის ხე მაქვს, რომელსაც სათამაშოები - არა, მაგრამ ნათურები აქვს. ამ ნაძვის ხეს ყოველ წელს ვიღებ პარკიდან და რამდენიმე დღეში უკან ვდებ, ვინახავ. ჩემს დას აქვს დიდი ცერემონია - ერთი თვით ადრე რთავს უზარმაზარ ნაძვის ხეს, აქვს დიდი სამზადისი. მე მისგან რადიკალურად განსხვავებული ვარ.

- "გამორჩეული ახალი წელი" - ამ სიტყვებზე რა გახსენდება?

- წლების წინ მშობლებთან ერთად კერძო სახლში ვცხოვრობდი. მეზობლის ძაღლი შემომივარდა, საწოლზე დამახტა და ჩემთან ერთად იწვა, არც თავად წავიდა და ვერც ვერავინ გაიყვანა. სხვათა შორის, მერე ჩემს ცხოვრებაში კარგი პერიოდი დაიწყო. ის ძაღლი ფეხბედნიერი აღმოჩნდა.

- ახალ წელს ვისთან ერთად ხვდები?

- ყოველ ახალ წელს უკეთესი მომავლის იმედით ვივსები. წლებია, ახალ წელს მარტო ჩემს სახლში ვხვდები. ჩემი შვილი უკვე დიდი ბიჭია, გაიზარდა და გამექცევა ხოლმე. შარშანაც მარტო შევხვდი, აივანზე გავედი, ღვინის ბოკალით ხელში. წელს ალკოჰოლის მიღება აკრძალული მაქვს, შარშან კი ის ერთი ბოკალი ღვინო გემრიელად მივირთვი.

GzaPress

ალეკო ბეგალიშვილი, მსახიობი:

- ჩემს ბავშვობაში სანტა კლაუსი - არა, მაგრამ საბჭოთა თოვლის ბაბუა იყო, წვერებიანი კაცი.

- მაშინ წერილებს სწერდით?

- არასდროს მიმიწერია.

- ახლა რას სთხოვთ?

"თოვლის ბაბუ!

ერთი ყველაზე დიდი სურვილი მაქვს, პანდემია გააქრე მსოფლიოში, ეს ყველაზე მეტად გვაწუხებს. ამის შემდეგ მაწუხებს ის პოლიტიზებული აზროვნება, რომელიც ჩემს ქვეყანაშია. მინდა გაქრეს და გადაშენდეს ეს აზროვნება და ისეთი დრო დადგეს, ადამიანებმა თავისუფლად ვიცხოვროთ, ჩვენს გემოზე და ჯიგრულად. რაც შეეხება მატერიალურ საკითხს, ეს ნაკლებად მაღელვებს, მიუხედავად იმისა, რომ მიჭირს და დღე დღეზე შეიძლება სინათლე ჩამიჭრან, რადგან იმდენი გადასახადი მომივიდა, ვერ ვიხდი. გთხოვ, ახალ წელს სინათლე მქონდეს და პრობლემები არ მაწუხებდეს. ჩემი ხელფასი მხოლოდ ყოფით პრობლემებსაც ვერ სწვდება. იმდენი მაინც დამრჩეს, ძმაკაცები სადმე დავპატიჟო.

- თქვენთვის უჩვეულო ახალი წელი გაიხსენეთ.

- რომელი წელი დგებოდა, არ მახსოვს, მაგრამ ერთ ახალ წელს საავადმყოფოში შევხვდი. მაინცდამაინც იმ პერიოდში გახდა აუცილებელი ჩემი იქ მოხვედრა.

- მეკვლეობის ტრადიციაზე რას ფიქრობთ?

- ამ ტრადიციას დედაჩემი უფრო იცავდა, მე - ნაკლებად. დედა ამბობდა, რომ ახალ წელს ჩვენი მეკვლე აუცილებლად ჩემი ძმისშვილი უნდა ყოფილიყო, თვლიდა, რომ მას კარგი ფეხი ჰქონდა. ერთი პერიოდი მეკვლედ ძაღლებიც შემოგვყავდა. მე მსგავს ამბებს ყურადღებას დიდად არ ვაქცევ, ისევე როგორც - თარიღებს, მაგრამ 31 დეკემბერს რაღაცნაირი ფორიაქი მაინც მაქვს. ყველა ემზადება და ეს მუხტი გადამდებია. ყველას ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!

GzaPress

ვერიკო ტურაშვილი, მომღერალი:

- თოვლის ბაბუას ბუხართან არასდროს დავლოდებივარ, მაგრამ მისი ყოვლისშემძლეობის, რა თქმა უნდა, გარკვეულ ასაკამდე მჯეროდა. მერე ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი რომ დაიწყო და ერთ ახალ წელს საჩუქრად პიჟამა მომიტანა, დავფიქრდი, რამდენად რეალურია? მერე მივხვდი, დედაჩემი იყო.

- ახლა რას სთხოვთ?

"თოვლის ბაბუ!

ამჯერად ერთი გლობალური სურვილი მაქვს, ჯანმრთელობა და მშვიდობა იყოს მსოფლიოში. ჩემთვის რა მინდა? რაიმე კონკრეტულ ნივთს არ გთხოვ, ბანკის ვალს თუ გადამიხდი, ყველაზე მეტად გამახარებ. ამ სიკეთეს თუ იზამ, ჩემი შემოსავალი სრულად დამრჩება და თავს მივხედავ, სრულად შევირგებ.

დიდი სიყვარულით და სურვილების ახდენის მოლოდინით, შენი ვერიკო ტურაშვილი".

- ვერიკო, თქვენთვის ეს წელი რით იყო გამორჩეული?

- მიუხედავად იმისა, რომ ეს წელი ძალიან რთული და დაძაბული იყო, შინ ყოფნა და "სახლური" საქმეები კარგად შევირგე. მანამდე სულ გადარბენაზე ვიყავი, აქტიური ცხოვრების რეჟიმი მქონდა და ბევრი რაღაც უფრო დავაფასე. კერძებს ვამზადებდი, რისი გაკეთებაც არ ვიცოდი, ვისწავლე, მერე ყველა ერთად მივირთმევდით, ამას თავისებური ხიბლი ჰქონდა.

- ანუ ბევრი ადამიანისგან განსხვავებით, ეს პერიოდი თქვენთვის დეპრესიული არ იყო.

- არანაირად სტრესული არ იყო. დეპრესიულობა ისედაც არ მჩვევია, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის რამდენიმე კონცერტს თუ არ ჩავთვლი, პროფესიული თვალსაზრისით, გაჩერებული ვიყავი.

- საახალწლო სამზადისზე თავად იზრუნეთ?

- ნაძვის ხე ვერ დავდგი, რადგან ოჯახში ახალი წევრი გვყავს, დიდი ხნის ნანატრი ფისო შევიძინეთ. დიდი და დათოვლილი ნაძვის ხე, რომელიც მაქვს, ვეღარ დავდგი. რაც შეეხება სუფრის სამზადისს, გარკვეული პროდუქტი ადრიანად მოვიმარაგე, მერე გადარბენაზე რომ არ ვყოფილიყავი და შინ მშვიდად მემზადებინა.

- ახალ წელს უჩვეულო გარემოში თუ შეხვედრიხართ?

- 21 წელია, სცენაზე ვდგავარ. 17 წლიდან მოყოლებული, არც ერთ ახალ წელს შინ არ შევხვედრივარ. ამდენი ხნის შემდეგ წელს პირველი ახალი წელია, რომელსაც შინ, შვილებთან ერთად ვხვდები, შესაბამისად, ჩემთვის უჩვეულო იქნება და ძალიან მიხარია.

- მეკვლედ ვის ეპატიჟებით?

- ამაზე არ მიფიქრია. მინდა, ჩემს სახლში ახალ წელს ჩემი მშობლები შეხვდნენ. ეს ჩანაფიქრი თუ გამომივიდა, ჩემი მეკვლეები და საუკეთესო სურვილების ჩამფიქრებლები ისინი იქნებიან.

გიორგი ვარდოსანიძე, მსახიობი:

GzaPress- თოვლის ბაბუას წერილებს არ ვწერდი, მაგრამ 10 წლამდე მისი არსებობის მჯეროდა.

- მერე რა მოხდა?

- მერე დავინახე, მამა საჩუქრით როგორ შემოვიდა და ეს ზღაპრული სამყარო მოულოდნელად დაინგრა.

- მამა თოვლის ბაბუის როლს თამაშობდა?

- არა, მშობლები მაგდენს არ წვალობდნენ. კარზე ზარს რეკავდნენ, მერე მეტყოდნენ, მიდი, მიდი, გაიხედე, აბა, ვინ მოვიდაო! მივდიოდი, კარს ვაღებდი და იქ არავინ იდგა, სამაგიეროდ, შინ შემოსულს საჩუქარი მხვდებოდა, ეს თოვლის ბაბუამ მოგიტანაო. მორიგი გარბენისას, ოთახში დროზე ადრე შემოვბრუნდი, ჩემი სისწრაფე ვერ გათვალეს და დავინახე, საჩუქარს მამა როგორ დებდა. აი, მანდ ყველაფერს მივხვდი, მამა ფაქტზე დავიჭირე და ბავშვობა დამენგრა.

- ახლა თოვლის ბაბუისგან რა საჩუქარს ისურვებ?

"კეთილო თოვლის ბაბუ!

გთხოვ, ოჯახის წევრები, ახლობლები დიდხანს და ჯანმრთელად მიმყოფე. თუ შეგიძლია, ნუ დაინანებ და რომ წამოხვალ, ჩემთვის 10 მილიონი გამოიყოლე, მომავალ წელს აღარ შეგაწუხებ, მაგ თანხას კი თავად მივხედავ. ძალიან ბევრს ვიმოგზაურებ, სახლებს, მანქანებს შევიძენ და ჩემიანებსაც დავეხმარები.

შენი იმედი მაქვს. გიორგი, 2020 წლის 27 დეკემბერი.

- გამორჩეულად რომელი ახალი წელი გახსოვს?

- 2001 წელი დგებოდა. საცხობში თონის პური გვქონდა შეკვეთილი. ამოსატანად ჩავედი, პური ავიღე და სახლში რომ ამოვდიოდი, ლიფტში გავიჭედე. ოჯახმა ჩათვალა, რომ ბავშვებთან დავრჩი, ბავშვებს ეგონათ, რომ სახლში ავედი. ამ დროს ორ კედელს შუა ვიყავი გაჭედილი.

- ახალ წელს ლიფტში შეხვდი?

- ღამის 2-ის ნახევრამდე იქ ვიყავი. მერე ვიღაც კეთილმა ძიამ ჩამოიარა და მიპოვა. ხელში ნახევარი პური მეჭირა და ცრემლით სავსე თვალები მქონდა (იცინის).

- ბავშვობაში მეკვლედ გეპატიჟებოდნენ?

- ხშირად მეპატიჟებოდნენ, მაგრამ მერე უარი განვაცხადე. ეგ დიდად საშარო საქმეა: ოჯახში რამე ცუდი რომ მოხდეს, მერე მე უნდა დამაბრალონ. ჩემი მშობლების ოჯახში მეკვლედ გვყავდა ძაღლი, რომელმაც 19 წელი იცოცხლა. 2 დღის იყო, რომ მოვიყვანეთ და მთელი სიცოცხლე ჩვენთან გაატარა, ოჯახის წევრი იყო. ყოველ ახალ წელს მეკვლედ ის შემოდიოდა.

- ნაძვის ხე თავად მორთე?

- ეგ საქმე არ მეხერხება, ძალიან უშნოდ ვრთავ, მაგრამ "მთავარი მომრთველის" თანაშემწეობა კარგად გამომდის, რომელ სათამაშოსაც მეტყვის, ვაწვდი.

- წლევანდელი ახალი წელი რით არის გამორჩეული?

- ბოლო 9 წლის განმავლობაში ეს არის პირველი ახალი წელი, რომელსაც ოჯახურ გარემოში ვხვდები. ყოველთვის ვმუშაობდი და სიმართლე გითხრა, ეს შინაურული შეხვედრა მონატრებულიც კი მქონდა.

თამუნა კვინიკაძე