"ვიღაცამ ყანწები მაჩუქა, რა ჯანდაბად მინდოდა?!." - გზაპრესი

"ვიღაცამ ყანწები მაჩუქა, რა ჯანდაბად მინდოდა?!."

ფსევდონიმი: პატრიკ ნოველსი.

ასაკი: 20 წლის.

განათლება: სწავლობს ილიას უნივერსიტეტში (ფაკულტეტი - ხელოვნება და მეცნიერება).

ამჟამინდელი საქმიანობა: თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიასთან, როგორც "ინფლუენსერი".

ჰობი: ხატვა და სიმღერა.

საზოგადოებამ გაიცნო კულინარიული ტელეპროექტიდან - "მასტერშეფი".

- ახალი წლის დღესასწაული როგორ გაატარე?

- გადასარევად. თითქმის უგონოდ მთვრალი ვიყავი. ყველაფერი არც მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ "რუსთაველზე" ვიყავი, იქ კი იმდენი აზერბაიჯანელი და ისეთი სიტუაცია იყო, რომ თავი აზერბაიჯანში მეგონა. შემდეგ ჩემს მეგობრებთან - თეონასა და მაოსთან ერთად დასვენება კაჭრეთში გავაგრძელე.

- საახალწლო "მასტერშეფში" გამარჯვებას ელოდი?

- როგორ არა, ველოდი, რადგან ფაქტია, ყველაზე ძლიერი კონკურსანტი ვიყავი. დალის გამარჯვება უსამართლობა იყო (იცინის). უნდა გამემარჯვა, მაგრამ ვერ მოვახერხე. ალბათ, კარგი კერძი ვერ გამომივიდა... როცა ისეთ პროექტში მონაწილეობ, რომელსაც კონკურსის სახე აქვს, რა თქმა უნდა, გულის სიღრმეში გამარჯვებას ელი ადამიანი, იმსახურებ თუ არა...

- საახალწლო "მასტერშეფში", შენ მიერ მომზადებულ ბრინჯის ბურთულებს რა ბედი ეწია, ბოლოს და ბოლოს?

- გამომიშრა ანუ "დასვენებულ მდგომარეობაში" ზედმეტად დავაყოვნე. მერე ნაძვის ხეს სათამაშოებად გავუკეთეთ, რადგან ვერ დაღეჭეს (იცინის). მოკლედ, დეკორაციად დარჩა. თან, ისეთია, რომ გაისადაც გამოდგება.

- არ გაინტერესებდა, როგორი გემო ჰქონდა?

- გავსინჯე და უგემრიელესი იყო. თავდაპირველად, სანამ ცხელი და რბილი იყო, ვინც გასინჯა, ყველას ძალიან მოეწონა.

- როგორ გოზინაყს ამზადებ?

- გოზინაყს არასოდეს ვამზადებ. დედაჩემი - ხათუნა აკეთებს ხოლმე. მას თავისი "ტიკები" აქვს: თაფლის უნდა იყოს, საუკეთესო ნიგვზით და ა.შ. ალბათ, მე რომ გოზინაყი მომემზადებინა, თაფლით კი არა, ფისტით ან რამე განსხვავებულით, ბრჭყვიალათი გავაკეთებდი.

- მასაც დეკორაციის ბედი არ ეწეოდა?

- არა. გოზინაყი ძალიან მარტივი მოსამზადებელია.

- კმაყოფილების განცდა ბოლოს როდის დაგეუფლა?

- დილით, როცა საუზმეს გეახელი - ბედნიერი ვიყავი; კიდევ, კმაყოფილების გრანდიოზული განცდა მაშინ დამეუფლა, როცა საახალწლო "მასტერშეფში" დალიმ გაიმარჯვა: როგორც იქნა, ამ ქალმა რაღაცაში გაიმარჯვა (მის ასაკში) და ადამიანურად გამიხარდა...

- როდის შეიტყვე, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს?

- იცი, რა, ბავშვობიდანვე ვიცოდი, რადგან დედაჩემს ეგ ფაქტი არასოდეს დაუმალავს. გვეკითხებოდა, - რა გინდათ, რომ გაჩუქოთო? წერილს სანტა კლაუსს კი არა, პირდაპირ ხათუნას ვუწერდით. ხათუნასაც საჩუქრები მოჰქონდა. ბედნიერები ვიყავით ჩვენც და ისიც.

- სხვა ბავშვებს თუ ეუბნებოდი, თოვლის ბაბუა არ არსებობსო?

- ყოველთვის.

- რატომ?

- მე რომ ვიცოდი, მინდოდა, მათაც სცოდნოდათ. საერთოდ, ცხოვრებაში სამართლიანი ვარ.

- თავად ვისი "თოვლის ბაბუა" ხარ ხოლმე?

- დედაჩემის "თოვლის ბაბუაც" ვიყავი, ჩემი დისაც, მეგობრებისაც... მაქსიმალურად ვცდილობ, ყველას "თოვლის ბაბუა" ვიყო, ჩემ გარშემო მყოფი ყველა ადამიანი შეძლებისდაგვარად გავახარო.

- ყველაზე "გლიტერულ"-გლამურული ახალი წელი როდის გქონდა?

- იცი, ყველა ერთნაირად მიხარია ხოლმე.

- როგორი "ფეხი" გაქვს, რას ამბობენ?

- ამბობენ, რომ კარგი, სწორი, საოცარი ფეხები მაქვს. ცუდი "ფეხი" რატომ უნდა მქონდეს? ფანტასტიკური ენერგია და აურა მაქვს. მგონი, ჯერ არავის მეკვლე არ ვყოფილვარ.

- შენი ხასიათის რომელი თვისება არ მოგწონს?

- ზედმეტად კეთილი ვარ.

- ამ თვისების გამო, ხელი შეგშლია?

- კი, როგორ არა! საერთოდ, სიკეთე რაც უფრო მეტი იქნება, უკეთესია, მაგრამ ზოგჯერ ზედმეტი სიკეთე დამღუპველია.

- ყველაზე უცნაური საახალწლო საჩუქარი რა მიგიღია?

- ერთხელ ვიღაცამ ყანწები მაჩუქა. ძალიან უცნაური საჩუქარი იყო. რა ჯანდაბად მინდოდა?!.

- დალევა კი გყვარებია...

- მიყვარს, მაგრამ ყანწებით არ ვსვამ, კაცო! მე "სვეცკური" განსხვავებულები მაქვს (იცინის).

- შენს მაცივარში რომელი საკვები პროდუქტია ყოველთვის?

- საერთოდ, პრეტენზიული მჭამელი არ ვარ. ყველაფერს გეახლები - "ნაირმჭამელი" ვარ. იმიტომ ვარ "ორასი" კილო.

- საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, ყველაზე მეტი, რამდენი კილოგრამი მოგიმატებია წონაში?

- საერთოდ, ჩემი მაქსიმალური წონა 125 კილო იყო, წარმოიდგინე. მერე ერთიანად 45 კილო დავიკელი. ახლა სტანდარტული წონა - 93-94 კილო მაქვს, მაგრამ ჩემი ძირითადი წონა მაინც 85 კილოგრამია. წონაში ჩემი მატება ახალი წლის დღესასწაულებს არ უკავშირდება. პირიქით, როცა სუფრაზე ბევრი საჭმელია, ვერასოდეს ვარჩევ, რა უნდა ვჭამო.

GzaPress

- როგორი ფიქრობ, საზოგადოებას შენ შესახებ როგორი წარმოდგენა აქვს და სინამდვილეში როგორი ხარ?

- რეალურად, შეიძლება, ვიღაცას ცოტა "სტერვა", "თავში ავარდნილი" ვეგონო. სინამდვილეში, ძალიან უბრალო, უშუალო ვარ. ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობა შემიძლია. მოკლედ, კეთილი ვარ. დანარჩენი შენ განავრცე მხატვრულად...

- არა მგონია, ვინმეს ბოროტი ეგონო...

- ჰო, მაგრამ შეიძლება, ვინმეს ეგონოს, რომ ცხოვრებაში არაფერი მადარდებს, მაგრამ რეალურად, 19 წლის ასაკში, ბევრი რამ გამოვცადე. ყველაფერი მადარდებს, მტკივა და ძალიან კეთილი ვარ.

- კარგი. შენ შესახებ უარყოფითი კომენტარი გინახავს?

- კი, გინებას წერენ ხოლმე, ასევე - ეს მახინჯი ტელეეკრანზე ვინ გამოიყვანაო?!. მსგავსი ხალხისგან კომენტარები არ მაინტერესებს. პასუხსაც არ ვცემ ხოლმე. რამდენიც უნდათ, იმდენი წერონ... არ მწყინს, ყველას თქვენს აზრში გაგიმარჯოთ.

- როცა გეფლირტავებიან, როგორ იქცევი?

- ცალ თვალს ვხუჭავ და ტუჩის კუთხიდან დორბლიც გადმომდის (იცინის)... სერიოზულად გეტყვი: საერთოდ, ჩემთვის ფლირტი არაკომფორტული სიტუაციაა. ნახევარი საქართველო მეფლირტავება. თან, ისეთი ადამიანი არ ვარ, რომ ფლირტს "წამოვეგო". ვცდილობ, მსგავს სიტუაციებს გავეცალო ხოლმე.

- ვინ არის ადამიანი, რომელსაც დღე ისე არ გავა, რომ არ შეეხმიანო?

- დედაჩემი (თვითონ მირეკავს) და მეგობრები: თეონა, მაო, ნუცა, ლიკუ და კიდევ სხვები...

- ახალი წლის დღესასწაულზე ჩაფიქრებული რომელი სურვილი აგიხდა?

- ეს წელი ძალიან კარგად დაიწყო, კარგად ვერთობი, "დავგრიალებ"... "ლაქშერი" ცხოვრება ჩავიფიქრე და ამიხდა... საერთოდ, რაც ძალიან მინდა, ახალ წელს ჩავიფიქრებ თუ ჩვეულებრივ დღეს, ყოველთვის მისრულდება, რადგან ჩემი არაცნობიერი იჯერებს, რომ ეს მჭირდება... ამ ენერგიას კოსმოსში რომ ვუშვებ, უკან მიბრუნდება ასრულებული სიკეთე...

ეთო ყორღანაშვილი