გია ჯაჯანიძის საახალწლო მოგონებები და ყველაზე შთამბეჭდავი ახალი წელი - გზაპრესი

გია ჯაჯანიძის საახალწლო მოგონებები და ყველაზე შთამბეჭდავი ახალი წელი

2021 წლის მოსვლას საქართველოში ყველა დიდი იმედით ეგებება. მათ შორის არის ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე, რომელმაც გაგვიმხილა, რომ გასული წელი მისთვის იდეალური იყო, თუმცა, 2021 წლისგან უფრო მეტ წარმატებას და სიხარულს მოელის.

- 2020 წელი ვირთხის იყო. მე წამიკითხავს, რომ ვირთხის წელიწადს ყოველთვის პრობლემები და უსიამოვნო ამბები მოაქვს. საქართველოშიც არიან ასტროლოგები, რომლებიც ცუდ წელს მოელოდნენ. ისინი გვაფრთხილებდნენ, რომ რთული პერიოდი იწყებოდა, მაგრამ რაც მოხდა, იმან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სხვათა შორის, მე ყოველთვის ყურადღებას ვაქცევ ასტროლოგების რჩევებს, რადგან ეს უძველესი მეცნიერებაა, რომელიც უამრავ ადამიანს აინტერესებს და რომელიც დღითი დღე ვითარდება. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ასტროლოგიური ნიშნები სვეტიცხოვლის კედელზეც არის გამოსახული. ამიტომ, ვისაც უნდა ასტროლოგების მითითებებს იჯერებს, ვისაც არ სჯერა - არ დაუჯერებს - ეს ნებაყოფლობითია, თუმცა, ფაქტია, რომ ვირთხის წელი მთელი მსოფლიოსთვის ურთულესი აღმოჩნდა.

- თქვენთვის როგორი იყო 2020?

- სიმართლეს ვისთანაც ვამბობ, ყველა გაკვირვებული რჩება: ჩემთვის იდეალური წელი იყო - ყველა საქმე გავაკეთე და ყველაფერი, რაც ჩაფიქრებული მქონდა, ავისრულე. რომ არა უსიამოვნო ამბები, რომელიც მთელ მსოფლიოში ტრიალებდა, ვერც გავიგებდი, რომ ეს მძიმე წელი იყო. ცუდი გახლდათ მხოლოდ იმის გამო, რომ ბევრი ადამიანი დაავადდა და გარდაიცვალა, მაგრამ ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, პანიკაში არ ჩავვარდნილვარ. ეს ჩემი "კოზირია": ყოველთვის ვცდილობ მშვიდად ვიყო, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანური ისტორია ჩემზე ძალიან მოქმედებს. ხშირად ემოციური და გულჩვილიც ვარ, მაგრამ შინაგან სიმშვიდეს მაინც ყოველთვის ვინარჩუნებ.

GzaPress

- როცა ახალი წელი მოდის, თქვენი ბავშვობიდან რა გახსენდებათ?

- მე ცოტა უცნაური ბავშვობა და ჩემი სამყარო მქონდა, სხვა ბავშვებივით, თოვლის პაპისა არ მჯეროდა. რომ გვეუბნებოდნენ, თოვლის ბაბუას წერილი უნდა დაუწეროთ და ბალიშის ქვეშ დადოთო, მერე ჩუმად ვაკვირდებოდი, დედა აიღებდა ამ წერილს თუ მამა. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული ოჯახი გვაქვს და პატარა საახალწლო ზეიმი ყოველთვის გვქონდა, დღესასწაულებს ვერ აღვიქვამდი. ეს თვისება დღემდე შევინარჩუნე: ჩემთვის ყოველი დღის გათენება დღესასწაულია. დილა რომ თენდება, ჩემთვის ეს იმხელა სიხარული და ბედნიერებაა, რომ დაბადების დღე, აღდგომა და ახალი წელი ჩვეულებრივი დღეების სათვალავში შედის. ერთადერთი, რის გამოც ახალი წლის მოსვლა მიხაროდა, ლიმონათი იყო. სულ მეგონა, რომ ლიმონათი სუფრაზე მხოლოდ ახალ წელს უნდა ყოფილიყო. მახსოვს, ერთხელ ჩემმა კლასელმა აგვისტოში თავის სახლში წამიყვანა და იქ ლიმონათი რომ დავინახე, არ ვსვამდი, მეგონა, ძველი იქნებოდა. მაშინ გავიგე, რომ ლიმონათი სხვა ოჯახებში მარტო ახალ წელს კი არა, სხვა დღეებშიც ჰქონდათ.

- ნაძვის ხის მორთვა ნებისმიერ ბავშვს უხარია...

- ჩვენი ნაძვის ხე ფოჩიანი კანფეტებით იყო მორთული და ახლაც, ყოველ ახალ წელს სულ ის ფოჩიანი კანფეტები მახსენდება. გარდა ამისა, ნაძვის ხეს ამშვენებდა ბამბის ფთილები, რომელიც ფიფქების ნაცვლად იყო. ერთხელ მაშხალა ბამბას მოედო და მთელი ნაძვის ხე ჩემ თვალწინ დაიწვა. მაშინ 5-6 წლისა ვიყავი, ვიდექი და ინტერესით ვუყურებდი, როგორ იწვოდა და როგორ ანათებდა მთელ სახლს. ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ არც მიტირია და არც მინერვიულია. რაც შეეხება თოვლის ბაბუას, მის ნაცვლად ყოველთვის მეკვლეს ველოდით - ის იყო ჩემი თოვლის ბაბუაც და სანტა კლაუსიც. მეკვლეს ხაჭაპური, მანდარინი და ტკბილეული მოჰქონდა. მე არ ვმალავ, რომ სიღარიბეში გავიზარდე, მაგრამ მეკვლის მოსვლა და ის სიხარული, რომელსაც განვიცდიდი, ახლაც ტკბილად მახსენდება. იცით, რა არის მთავარი? - რომ ახლა ბედნიერი ვარ და ძველ უსიამოვნებებსაც სიხარულით ვიგონებ. რატომ? - ეს ჩემი ცხოვრებაა, ჩემი წარსულია, რომელსაც ვერავინ შემიცვლის.

- ალბათ, ახალ წელთან სასიამოვნო მოგონებებიც გაკავშირებთ.

- ახლაც თვალებში მიდგას 1995 წელს, ამერიკაში პირველად რომ ჩავედი, რა საოცარი განცდა დამეუფლა: მანჰეტენზე პირველად რომ მოვხვდი და ულამაზესი ნაძვის ხე დავინახე, გაოგნებული ვუყურებდი. ახალი წლის დღეებში მრავალ ქვეყანაში ვარ ნამყოფი: საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში, ეგვიპტეში, მაგრამ მანჰეტენზე მიღებული შთაბეჭდილება მაინც სხვა იყო! საშობაოდ ყველა ქვეყანაში ლამაზი რიტუალი ტარდება, ქუჩებში ყველაფერი ციმციმებს და ბრჭყვიალებს...

ძალიან კარგად მახსენდება ახალი წელი, როცა საბავშვო ბაღში ვიყავი სტუმრად, როგორც თოვლის ბაბუა. უკიდურესად სასიამოვნო განცდაა, როცა შენი საჩუქრებით გახარებული ბავშვები ჟრიამულობენ და გეხვევიან. სხვა დროსაც ბევრჯერ ვყოფილვარ თოვლის პაპის როლში.

- როგორც ვიცი, თქვენ თვითონ ხართ სასურველი მეკვლე ბევრი ოჯახისთვის.

- დიახ, ამბობენ, რომ კარგი ფეხი მაქვს და პირველი იანვრის ღამისთვის იმ ოჯახების მოზრდილი სია მაქვს ჩამოწერილი, სადაც მეკვლედ უნდა მივიდე. როგორც ამბობენ, სადაც მეკვლედ მივალ, იმ ოჯახში ბედნიერება, სიხარული, დოვლათი და ბარაქა მთელი წლით ისადგურებს. მთელი ღამის განმავლობაში სულ ცოტა, 20 ოჯახის შემოვლას მაინც ვასწრებ. ზოგთან გაუფრთხილებლად მივდივარ ისე, რომ არ მელოდებიან და სიხარულისგან აღარ იციან, რა ქნან. ახალ წელს სხვა რიტუალებიც მაქვს: 12 საათამდე ყოველთვის შინ ვრჩები, ტელევიზორს ვუყურებ და მზესუმზირას მივირთმევ - ეს ჩემი საახალწლო ტრადიციაა. მერე კი ვიცვამ და მეკვლის როლს ვირგებ.

GzaPress

- ალბათ წელს ყველგან პირბადით მისვლა მოგიწევთ.

- დიახ, უკვე გადავწყვიტე, რომ ყველასთან პირბადით მივალ. სპეციალური პირბადე შევუკვეთე, რომელიც ლამაზად არის მოქარგული. პირბადიანი და ბახილებიანი მეკვლე ვიქნები - სხვა რა გზა მაქვს? წელს ყველაფერი შეზღუდული იქნება, მაგრამ უნდა მოვითმინოთ და წესები დავიცვათ, რომ მომავალ წელს უფრო ხალისიანი და ბედნიერი განწყობით შევხვდეთ. მით უმეტეს, რომ წელს არის გადამწყვეტი წელი ადამიანის გონზე მოსასვლელად. 2021 წელს ბუმერანგის ეფექტი ექნება: გალანძღავთ ვინმეს? - ათასჯერ უფრო მეტად გაგლანძღავენ, ცუდს გაიფიქრებთ ან ვინმეს ცუდს გაუკეთებთ? - თქვენ ათჯერ უფრო ცუდი რამ დაგემართებათ და ათი იმდენი ტკივილი დაგიბრუნდებათ. ადამიანები ამ ყველაფერს რომ გამოცდიან, მიხვდებიან, რომ არ უნდა იყვნენ აგრესიულები, არ უნდა გააკეთონ ცუდი და სხვისი სიხარული, სხვისი კარგად ყოფნა არ უნდა სწყინდეთ. ბოღმიანი ხალხი აუცილებლად იწვნევს თავისი აგრესიის ნაყოფს, რადგან ვიდრე ადამიანი სხვას ტალახს ესროდეს, ხელი თვითონ ესვრება. აქედან გამომდინარე, აგრესიული და ბოროტი ადამიანებისთვის რთული წელი მოდის. ამავე დროს, ასტროლოგიურად ის ხარის წელია, ამიტომ, თუ ადამიანი არ იშრომებს, თავს არ დაიტვირთავს და ხარივით მშრომელი არ იქნება, ვერაფერს მიაღწევს. დამთავრდა ის ხანა, როცა ფეხი ფეხზე ჰქონდათ გადადებული და მაინც უზრუნველად ცხოვრობდნენ. თეთრი ხარის წელი უკეთესი იქნება მათთვის, ვინც კეთილგონიერი და მშრომელია. მეც, ამ განწყობით ვეგებები ახალ, 2021 წელს.

- რას ეტყოდით იმ ხალხს, ვინც ახალ წელს უიმედოდ ხვდება?

- უიმედობის რამდენიმე "რეცეპტი" ზემოთ უკვე გაგიმხილეთ და ისევ გავიმეორებ: ადამიანი მაშინ არის უბედური, როცა გულში ბოღმას და აგრესიას დააგროვებს, ის თავისი გონებითა და ფიქრებით ქმნის თავის ბედს. დავუშვათ ძალიან უჭირს და რაღაც ორი "კაპიკი" იშოვა, მაინც ბედნიერი უნდა იყოს. იყო დრო, როცა სველი ფეხით დავდიოდი და პური მენატრებოდა, მაგრამ მაინც ბედნიერი ვიყავი, რადგან ჩემს ხვედრს ვეგუებოდი. ალბათ ბევრისგან გაგიგიათ ასეთი ფრაზა: თურმე მაშინ რა ბედნიერი ვიყავიო... მაშინ იცოდი, რომ ბედნიერი იყავი? აფასებდი იმას, რაც გქონდა? - სამწუხაროდ, არ ვაფასებთ და ამის ნაყოფს მოგვიანებით ვიმკით.

- თუ გაქვთ საახალწლო ტრადიცია, რომელსაც ყოველ წელიწადს ასრულებთ?

- მე მაქვს ერთი უცვლელი რიტუალი: ახალი წლის ღამეს პატარა ქოთნებში გოგრას ვთესავ. ეს გოგრები ამოდის და გაზაფხულზე გადავრგავ ხოლმე. გოგრა ხომ ნაყოფიერების და ბარაქის სიმბოლოა, ეს მისტიკური მცენარეა და მისი გახარება ოჯახისთვის ძალიან კარგია. მე ეზოშიც მომყავს ეს მცენარე და ამ რიტუალსაც, წლების განმავლობაში ერთგულად ვასრულებ. საახალწლოდ რა უნდა ვინატრო? - ვმუშაობ, სახლი მაქვს, მანქანა მყავს, მეტისმეტი კი - არაფერი მინდა. ჩემი ერთადერთი სურვილია, რომ ადამიანებმა ერთმანეთს გული არ ატკინონ. წარმოიდგინეთ, ეს სურვილი რომ შემისრულდეს, რა სასწაული მოხდება: ალბათ, ყველა ბედნიერი იქნება. ისე მინდა ამ ბედნიერებაში ვიცხოვრო, რომ ვერ წარმოიდგენთ. ადამიანი, რომელსაც გულში სიკეთე აქვს, ნებისმიერი დეპრესიიდან უფრო იოლად გამოდის და სხვებსაც აბედნიერებს. ჩემი სურვილია, ასეთი ადამიანები რაც შეიძლება ბლომად იყვნენ ჩემ ირგვლივ.

ხათუნა ჩიგოგიძე