რა მოგონებები აკავშირებს ჯემალ ჭკუასელს 14 იანვართან? - გზაპრესი

რა მოგონებები აკავშირებს ჯემალ ჭკუასელს 14 იანვართან?

"ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით გრძნეულ მარანთან,

შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა" - ანა კალანდაძის ეს განუმეორებელი ლექსი ყველას ძველით ახალ წელს, ანუ კალანდას გვაგონებს, რომელსაც საქართველოში უხსოვარი დროიდან აღნიშნავდნენ. ყველაზე გამორჩეულად ეს დღესასწაული გურიაში აღინიშნებოდა. ტრადიცია დღემდე არ დაკარგულა: გურულები 14 იანვარს უგემრიელეს "მუცლით სალოცავებს" აცხობენ და ძველ წელსაც 14 იანვარს აცილებენ.

დავინტერესდით, რა მოგონებები აკავშირებს ამ ლამაზ დღესასწაულთან ანსამბლ "ერისიონის" მთავარ ლოტბარს - ჯემალ ჭკუასელს:

- მე გურიაში დავიბადე და გავიზარდე. შემოქმედის თემი, სოფელი წითელმთა ის პატარა სამოთხეა, სადაც ყველაზე ბედნიერი ვიყავი. უკვე 85 წლის ვარ, მაგრამ ამ სოფლიდან გამოყოლილი სითბო და სიყვარული დღემდე მომყვება. ასე მგონია, რომ იქ სულ სხვანაირი ხალხი ცხოვრობს და თუ რამ კარგი გამიკეთებია, თუ რამ კარგი გამომყვა, სწორედ იმ ლამაზი კუთხის და ხალხის დამსახურებაა. ყველაზე ტკბილად მაინც ძველით ახალი წლის დღეები მახსენდება, რადგან ჩემს ბავშვობაში კალანდას განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ.

- თქვენ როგორ აღნიშნავდით, ბატონო ჯემალ?

- 14 იანვარს, ანუ ძველით ახალ წელს, ლამის მთელი სოფლის მეკვლე ვიყავი. ყველასათვის საყვარელ ფილმში - "კუჩხი ბედინერში" რომ არის, სწორედ ისე მქონდა სია ჩამოწერილი და ვცდილობდი, არავინ გამომრჩენოდა. ორი განუყრელი ძმაკაცი მყავდა - თამაზ გალოგრე და ნოდარ სადრაძე. პატარაობიდან ერთად ვიზრდებოდით. ჩავკიდებდი ორივეს ხელს და მათთან ერთად მთელ სოფელს შემოვივლიდი ხოლმე. მივიდოდით ოჯახში, კალანდას მივულოცავდით და რამდენ ნუგბარსაც მივიტანდით, ორ იმდენს უკან გვატანდნენ. ასე რომ, 14-15 იანვარს ტკბილეულით ხელდამშვენებულები ვხვდებოდით. კალანდას ყველასთან რომ ვერ მივდიოდი, მერე ჩემს მეზობლებს ბოდიშებს ვუხდიდი. ყველაზე ლამაზად მახსენდება 1948 წელი: იმ წელიწადს ჩემს სოფელში ძალიან დიდი თოვლი მოვიდა. მე და ჩემმა მეგობრებმა კალანდამდე ვეღარ მოვითმინეთ და გადავწყვიტეთ, "ალილოზე" ჩამოგვევლო; ვმღეროდით "ალილოს" და ყველას ვულოცავდით დამდეგ შობას. მთელ სოფელს შემოვუარეთ, ყველა ოჯახი სიხარულით გვეგებებოდა და თან უკვირდათ, - ამხელა თოვლში რამ მოგიყვანათო?!

GzaPress

- თქვენს ოჯახში როგორ ხვდებოდნენ კალანდას და ბედობას?

- ყველაზე მთავარი ჩვენს ოჯახში ქართული სიმღერა იყო. მამაჩემი - შერმანდი ჭკუასელი მთელ ჩვენს მხარეში ცნობილი მომღერალი გახლდათ - მართლა იშვიათი ნიჭითა და ხმით იყო დაჯილდოებული. ქართული სიმღერის სიყვარული მისგან ვისწავლე და მასთან ერთად, მეც სიამოვნებით ვმღეროდი. დედაჩემს ანა ერქვა და გვარად გალოგრე იყო. გალოგრეები გურიაში 200 წლის წინ ჩამოსახლდნენ, ახლაც ლანჩხუთში სულ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. შობა-ახალი წლის დღეებში აუცილებლად გვქონდა ჩიჩილაკი, რომელსაც ბაბუა თლიდა და მერე მეზობლებსაც ჩუქნიდა. დედა ყოველთვის აცხობდა უგემრიელეს ღვეზელს, რომელსაც "მუცლის სალოცავს" ვეძახდით. ასეთი ღვეზელი ყველა ოჯახში უნდა ყოფილიყო. ამ ტრადიციას ჩვენს ოჯახში დღემდე არ ვღალატობთ და გურული ღვეზელი ყოველ შობას და ძველით ახალ წელს ცხვება.

- ბავშვებს ძალიან უხარიათ, როცა ვინმესთან მეკვლედ მიდიან. ალბათ თქვენც არ იქნებოდით გამონაკლისი.

- მეც მოუთმენლად ველოდი შობა-ახალ წელს და კალანდას, რადგან ვიცოდი, მეკვლე უნდა ვყოფილიყავი. გურიაში უჟმურ და ბოროტ ადამიანს "სამანძაგოს" უწოდებენ - სამანძაგო კაციაო, ვინმეზე რომ იტყოდნენ, იმას მეკვლეობა არ ეღირსებოდა. ძალიან მიხაროდა და მეამაყებოდა, რომ ერთდროულად რამდენიმე ოჯახის მეკვლე ვიყავი და როგორც კი 12 საათი შესრულდებოდა, მაშინვე სახლიდან გავდიოდი. ვისთანაც კალანდას ვერ ვასწრებდი მისვლას, 15 იანვარს - ბედობას მივდიოდი. ზოგიერთ ოჯახს მარტოც ვსტუმრობდი, რადგან ვიცოდი - მელოდნენ. არც ერთი კალანდა არ მახსოვს, სახლში ვყოფილიყავი.

- ანსამბლ "ერისიონთან" ერთად თითქმის მთელ მსოფლიოს შემოუარეთ. რომელ ქვეყანაში გატარებული შობა-ახალი წელი გახსენდებათ ყველაზე კარგად?

- პირველად ბარსელონაში რომ ვიყავით და დედაჩემის გვარს - გალოგრეს ვახსენებდი, თან უკვირდათ და თან მეხუმრებოდნენ, - შენ ქართველი კი არა, ესპანელი ყოფილხარო. ბარსელონაში ჩატარებული კონცერტები ახლაც ძალიან კარგად მახსენდება. დიდი სიხარულით დაგვხვდნენ საფრანგეთში, პარიზში. პარიზელები შობასა და ახალ წელს ლამაზად აღნიშნავენ. ჩვენი კონცერტი რომ დამთავრდა, პირდაპირ სცენაზე საახალწლო სუფრა გაგვიშალეს და საოცრად გაგვიმასპინძლდნენ. ძალიან ტკბილად მახსენდება სან-ფრანცისკოში ჩატარებული კონცერტი: ჩვენთან სცენაზე ამოვიდა კაცი, რომელიც ერთი შეხედვით ნამდვილ ამერიკელს ჰგავდა, მაგრამ ქართველი აღმოჩნდა. გურული რომელია თქვენ შორისო? - გვკითხა და რომ ვუთხარი, ოზურგეთიდან ვარ-მეთქი, თვალზე ცრემლი მოადგა: - მეც იქაური ვარ, შემოქმედიდან, გვარად - დუმბაძეო. მერე თავის სახლში დაგვპატიჟა და დიდი პატივი გვცა. ნატრობდა, - მინდა სიცოცხლის ბოლო წუთები საქართველოში, ჩემს გურიაში გავატარო და იქ მოვკვდეო...

- ალბათ ეგზოტიკურ ქვეყნებშიც ყოფილხართ შობა-ახალი წლის დღეებში.

- ყველაზე შთამბეჭდავი აფრიკაში ჩატარებული კონცერტები იყო. განაში - კოფი ანანის სამშობლოში ვიყავით, რომელიც გაეროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გენერალური მდივანი იყო. დიდი ოვაციებით შეგვხვდნენ და ჩვენი კონცერტებიც ძალიან მოეწონათ. მაშინ დავრწმუნდი, რომ აფრიკა ყველაზე იდუმალი, ეგზოტიკური და შთამბეჭდავი კონტინენტია დედამიწაზე.

GzaPress

- როგორი იყო თქვენთვის და "ერისიონისთვის" გასული, 2020 წელი?

- 2020 წელი ჩვენთვის, ისევე, როგორც ყველასთვის, ურთულესი იყო: კორონავირუსმა ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი გადააფასა და შეცვალა. თუმცა, 2020 წელს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ "ერისიონი" სიცოცხლეს აგრძელებს. ანსამბლი, რომელიც უკვე 135 წლისაა, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ტრადიციებს 21-ე საუკუნეშიც არ ღალატობს. ამაში 7 იანვარს, "იმედის" ეთერში გასულმა კონცერტმაც დამარწმუნა. ანსამბლის ხელმძღვანელობა ჩემს ვაჟს - შერმანდი ჭკუასელს მივანდე, ჩემი ქალიშვილი - ეკა ჭკუასელი კი მთავარი ქორეოგრაფია. ოთხი თვის განმავლობაში რეპეტიციებზე არ მივსულვარ, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ უჩემოდაც ანსამბლს არაფერს მოაკლებდნენ. ახლა უკვე დაიმედებული ვარ: ვიცი, "ერისიონი" საიმედო ხელშია და შემიძლია ჩემს შვილებს ვანდო. ამიტომ, მე ლოტბარის მოვალეობასაც დავჯერდები. ბედნიერი კაცი ვარ, რომ "ერისიონი" კვლავაც ინარჩუნებს ქართულ ქორეოგრაფიულ აზროვნებას და ქართულ სულს. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილები ქართული სიმღერისა და ცეკვის სადარაჯოზე დგანან.

- დაბოლოს, როგორია თქვენი ყველაზე სანუკვარი სურვილი, რას უსურვებდით თქვენს საყვარელ ხალხს?

- ჩემი სურვილია, ქართველებმა ბოლომდე გამოიყენონ ნიჭი და უნარი, რომელიც ღმერთმა ასე უხვად გვიბოძა. განუმეორებელ მუსიკოსსა და მომღერალს - ჯანსუღ კახიძეს შეგახსენებთ: ის ნამდვილი საოცრება იყო, მაგრამ დღედაღამ მუშაობდა. წარმოგიდგენიათ, ყველა ასე რომ იქცეოდეს, რამდენს მივაღწევდით?! სიზარმაცე ხელს რომ არ გვიშლიდეს, ალბათ ბევრად ძლიერ და ბედნიერ ქვეყანაში ვიცხოვრებდით.

ხათუნა ჩიგოგიძე