"შინ ერთი ანთებული ნათურა დავტოვე და მშობლებთან გავიქეცი"
font-large font-small
"შინ ერთი ანთებული ნათურა დავტოვე და მშობლებთან გავიქეცი"
რატომ ინახავს კარადაში წლიდან წლამდე მორთულ ნაძვის ხეს რამილია ალიევა?

ტელეწამყვანი რამილია ალიევა, რომელსაც საზოგადოება კულინარიული ტელეპროექტიდანაც იცნობს, ქართულ-აზერბაიჯანულ ოჯახში გაიზარდა. დავინტერესდით, რამილია საახალწლო დღესასწაულებს როგორ აღნიშნავს, რა ტრადიციები აქვს, როგორ კერძებს ამზადებს?..


- წლებია, მარტო ვცხოვრობ. მიუხედავად ამისა, ახალ წელს მშობლებთან ერთად ვხვდები. მიმაჩნია, რომ არის ისეთი დღესასწაულები, რომლებსაც აუცილებლად ოჯახთან ერთად უნდა შეხვდე. ჩემთვის ახალი წელიც ასეთია. შინ პატარა, "ტკბილი სუფრა" მოვამზადე: სახლი მარტო კი რჩებოდა, მაგრამ მინდოდა, სუფრაზე ტკბილეული მაინც ყოფილიყო. 1 ნათურა ანთებული დავტოვე და მშობლებთან გავიქეცი. 31 დეკემბერსაც ვმუშაობდი - ბევრი საქმე მქონდა... დედაჩემმა მიმაჩვია, რომ ყოველი დღესასწაულის წინ სახლი საფუძვლიანად უნდა დალაგდეს. მეც ასე დავალაგე, მოვაწესრიგე... მშობლების სახლს რაც შეეხება, ვერ ვიტყვი, რომ იქ რამის მომზადებაში ვმონაწილეობდი: დედას უკვე ყველაფერი მზად ჰქონდა. მით უმეტეს, პირველ იანვარს დაბადების დღე აქვს, ამიტომ განსაკუთრებულად ემზადება ხოლმე. ისიც მიჩვეულია, რომ სულ ვმუშაობ. მადლობა მას, რომ ყოველთვის ყველაფერს მომზადებულს მახვედრებს... პირველ იანვარს ჩემს სახლში დავბრუნდი და კერძები თავად მოვამზადე: აზერბაიჯანული ტოლმა (ვაზის ფოთლის), ფლავი, რასაც ოჯახში ვამზადებთ... ძირითადად, ჩვენი სადღესასწაულო სუფრა აზერბაიჯანულ-ქართულია - ორივე ქვეყნის სამზარეულოს კერძები გვაქვს.
- რა საერთო და მკვეთრად განსხვავებული კერძები აქვს ქართულ და აზერბაიჯანულ ტრადიციულ საახალწლო სუფრას?
- ხორცი ორივე სამზარეულოში ფიგურირებს, მაგრამ კერძები განსხვავებულია. თუმცა საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების სუფრაზე ქართული სამზარეულოსთვის დამახასიათებელი შტრიხები უკვე შემოვიდა, მაგალითად - ფხალეული. ასევე, ცდილობენ, საცივი, რომელიც ქართული სუფრის ნაწილია, მოამზადონ... პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების პირობებში, წელს მაინც შევეცადეთ, ოჯახის წევრებთან და იმ ხალხთან გვქონოდა ურთიერთობა, ვისთანაც ყოველდღიურად ისედაც ვურთიერთობთ და ვიცით, რომ ასე ვთქვათ, "ერთი კლასტერიდან" ვართ. მოკლედ, "ერთი კლასტერის" ხალხი 2-3 დღე ერთმანეთს ვსტუმრობდით (იღიმის)...
- ჩურჩხელა და გოზინაყი თუ არის აზერბაიჯანულ სუფრაზე?
- რა თქმა უნდა. დედა ქართველი მყავს, მამა - აზერბაიჯანელი. შესაბამისად, დედაჩემი ქართულ კერძებსაც ამზადებს... ჩურჩხელას ვყიდულობთ, გოზინაყს - დედა ამზადებს. აზერბაიჯანელებს კიდევ ერთი დღესასწაული (ეთნიკური და არა - რელიგიური) - ბაირამი გვაქვს, რომელსაც მარტში აღვნიშნავთ. ეს დიდი დღესასწაულია. ამ დროს ძირითადად, აზერბაიჯანულ კერძებს ამზადებენ. ახალი წლის დღესასწაულზე კი, მაგალითად, შექერბურას და ფახლავას არ ვამზადებთ. ამ შემთხვევაში, სუფრაზე ისეთი ტკბილეული შემოგვაქვს, რომელიც ყველასთვის მიღებულია. ამ მხრივ, ალბათ, ვზარმაცობთ, რადგან ფახლავის, შექერბურას მომზადებას ბევრი დრო და ენერგია სჭირდება. ამიტომ ახალ წელს ძირითადად, ევროპული სუფრა გვაქვს და, რა თქმა უნდა, - აზერბაიჯანულ-ქართული.
- შენს ოჯახს რაიმე საახალწლო ტრადიცია აქვს?
- რაც თავი მახსოვს, ახალი წლის დადგომისთანავე, ჩვენს სახლში პირველი ჩვენი ძაღლი შემოდიოდა.
GzaPress
- კარგი მეკვლე იყო?
- კი, რატომღაც ფიქრობდნენ, რომ კარგი მეკვლე იყო (იცინის). მამაჩემი ამბობდა, - სხვა როგორი მეკვლე იქნება, რა ვიცი? ამიტომ სანამ ვინმე სხვა მოვა, ჩვენი ძაღლი შემოვიდესო. ძაღლს კარგი "ფეხი" ჰქონდა. სამწუხაროდ, ახლა ის ძაღლი ცოცხალი აღარ არის... ახლა კატა - ტომი და ძაღლი - ჯერი გვყავს. პიროტექნიკას წინათაც არ ვყიდულობდი, რადგან მიმაჩნდა, რომ აფეთქებების არა მხოლოდ ჩემთან მყოფ ოთხფეხა მეგობრებს, არამედ ქუჩაში მყოფებსაც ეშინიათ. მით უმეტეს, როცა ცხოველებს ოჯახში მოიყვან ადამიანი, უკვე ცდილობ, მათი უფლებები გაითვალისწინო. ტომის და ჯერის აფეთქების ხმა ესმოდათ. კატა ოთახში დავმალეთ, რომ არ შეშინებოდა. ჯერის მაინც შეეშინდა - აზრზე მოსასვლელად გარკვეული დრო დასჭირდა, რადგან ჯერ 1 წლისაა. შარშან რომ მოვიყვანეთ, ახალ წელს ვერ აღიქვამდა - ლეკვი იყო. კოკერსპანიელი გახლავთ. 1 წელია, ჩვენთანაა და ამ ხნის განმავლობაში, 1 დღე არ მახსოვს, რომ მშვიდად იჯდეს - სულ დარბის, ახალი წლის დღესასწაულის მერე კი 1 საათით დაჯდა...
- შინ ნაძვის ხეს რთავ?
- ძალიან გულახდილი ვარ, ტყუილები არ მიყვარს: დედაჩემის სახლში დიდი, 2-მეტრიანი ნაძვის ხეა, რომელიც მშობლებმა დადგეს, ააწყვეს, მორთეს... რადგან წლებია, სატელევიზიო სივრცეში ვმუშაობ, ტელევიზიაში კი სადღესასწაულო დღეებშიც სამუშაო დღე გვაქვს, ნაძვის ხის საკითხი მარტივად მოვაგვარე - შინ საშუალო ზომის, უკვე მორთული, გამზადებული ნაძვის ხე მაქვს. ახალი წლის დადგომამდე, 27-28 დეკემბერს, ამ ნაძვის ხეს კარადიდან ამოვიღებ ხოლმე, გავასწორებ და დავდგამ. ზედ ყველაფერი აქვს - სათამაშოები, საჭირო მოსართავები... რამდენიმე ტრენდული ყვავილიც (ისეთი, როგორიც ჩემი სახლის დიზაინს უხდება და როგორი ფერიც მომწონს) ვიყიდე... მოკლედ, მორთულ ნაძვის ხეს კარადიდან ვიღებ, დავდგამ, ყვავილებს დავუმატებ და მზადაა!.. მუდმივად დროის პრობლემა მაქვს. შესაბამისად, ნაძვის ხის მორთვაზე დრო არ მეხარჯება. როცა საახალწლო დღესასწაულები დასრულდება, ჩემს ნაძვის ხეს ისევ მოვაწესრიგებ, კარგად შევფუთავ, შევინახავ და 1 წელი კარადაში იქნება. გაისად ისევ ამოვიღებ და დავდგამ, თუ ჩემს ცხოვრებაში რამე ისე არ შეიცვალა, რომ სახლში დიდი ნაძვის ხის დადგმა მომთხოვონ (იღიმის)...
- მეკვლე თუ ყოფილხარ? როგორი "ფეხი" გაქვს? გჯერა ტრადიციად ქცეული ამ ცრურწმენის?
- ასეთი რაღაცების მამაჩემს სჯერა. მგონი, ჩვენს ოჯახში მეკვლედ კარგა ხნის განმავლობაში ჯერი შემოვა (იცინის). მიმაჩნია, რომ ეს ცრურწმენები ადამიანების შინაგანი განწყობაა: თავად ფიქრობენ, მერე კი ეს ნაფიქრი მართლდება... ძირითადად, დღესასწაულებზე ოჯახში ვარ. ამ შემთხვევაში, ჩემი ფუნქცია ისაა, რომ სტუმარი კეთილი გულითა და სიხარულით მივიღო. დანარჩენი უკვე ღმერთის ნებაა. საერთოდ, ცხოვრებაში ასეთი პოზიცია მაქვს: რაც ხდება, ღმერთის ნებაა. შეიძლება, ცუდი მოხდა, მაგრამ ესე იგი, ასე იყო საჭირო - ღმერთმა უფრო ცუდისგან დაგიცვა... ბუნებითაც ასეთი ვარ: თუ ჩემს ცხოვრებაში რამე ცუდი ხდება, დამნაშავეს არ ვეძებ. მიმაჩნია, რომ მეკვლე არ არის დამნაშავე, თუ წელს ვერ ვისწავლე, ვერ ჩავაბარე ან რაღაცისთვის ფული ვერ შევაგროვე და ვერ ვიყიდე... ისე, მახსოვს, ბებიაჩემი ჰყვებოდა, - აი, ჩვენი მეზობელი იცი, როგორი ცუდი ქალია? სადმე თუ შეგხვდება, მთელი დღე დაკარგული გაქვსო... ან - თუ გზაზე შავმა კატამ გადაგირბინაო... კატამ გადაირბინა? მერე, რა? უბრალოდ, იმ საბრალო შავ კატას გზიდან გადასვლა უნდოდა (იცინის)... "კარგი ფეხი" მაქვს: ოჯახში ყოველთვის კეთილი გულით შევდივარ. ვცდილობ, გულში ბოღმა, შური არ მქონდეს - იმიტომ კი არა, რომ კარგი გოგო ვარ ან მინდა, კარგი გამოვჩნდე? უბრალოდ, ჩემთვის ასე კომფორტულია. მხოლოდ ღმერთთან და ჩემს თავთან ვარ პასუხისმგებელი. საკუთარ თავს სარკეში რომ ვუყურებ, მინდა, მართალი ვიყო. შესაბამისად, ჩემს პრინციპებში არ შედის ცუდის კეთება, ადამიანისთვის ცუდი განზრახვით ყურება, მაგრამ რადგან ვიცი, ბევრ ადამიანს მეკვლესთან დაკავშირებული ცრურწმენის სჯერა, ვცდილობ, ახალ წელს პირველი სტუმარი არ ვიყო. სტუმრად 3 იანვარს მივდივარ, რადგან უკვე ყველაფერი - ახალი წლის მეკვლეც და ბედობაც - "გავლილი" იქნება, მე არაფერი დამბრალდება. ესეც აღმოსავლური დიპლომატიის ერთ-ერთი ნაწილია (იღიმის)...
- ოჯახში შობას და ძველით ახალ წელსაც აღნიშნავთ?
- დიახ. შობას აღვნიშნავთ, რადგან დედაჩემი მართლმადიდებელი ქართველია. შესაბამისად, ჩვენს ოჯახში ყველა ქრისტიანული დღესასწაული ჩვეულებრივად აღინიშნება. მამაჩემი ამ საკითხს პატივს სცემს. მეც მიმაჩნია, რომ ეს ასეც უნდა იყოს - ჩვეულებრივი ამბავია. შესაბამისად, შობისთვისაც ვემზადებით ხოლმე... პანდემიამდე დღესასწაულები სუფრასთან ახლობლების შეხვედრას, ლხინს, ერთმანეთთან მიმოსვლას გულისხმობდა... წელს შობა პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით აღვნიშნეთ. ჩემთვის ეს უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია! საერთოდ, თავს ბედნიერ ადამიანად მივიჩნევ, რადგან ბევრი დღესასწაული მაქვს - მამაჩემის და დედაჩემის მხრიდან. მგონია, კარგი მზარეული ამიტომ ვარ - ჩემს ოჯახში სულ სუფრები იშლება (იცინის). შობასაც მშობლების სახლში აღვნიშნავთ... ძველით ახალი წელი მამაჩემის ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაულია, თუმცა ისე პომპეზურად არ აღვნიშნავთ, რა თქმა უნდა, როგორც 31 დეკემბერს. ჩვენთვის 31 დეკემბერი არა მხოლოდ ახალი წელი, არამედ მსოფლიო აზერბაიჯანელთა სოლიდარობის დღეა, რომელსაც ყველა აზერბაიჯანელი აღვნიშნავთ - ერთმანეთისთვის მილოცვით, მისვლა-მოსვლით, სუფრით, ერთმანეთს სოლიდარობას ვუცხადებთ და ა.შ. ამ დღესასწაულს დიდი ხნის ისტორია არ აქვს - 1989 წელს, ჰეიდარ ალიევის სახელს, თავისუფლებისთვის ბრძოლას უკავშირდება... 31 დეკემბერი არის დღე, რომელიც მთელი მსოფლიოს აზერბაიჯანელებს აერთიანებს.
- ახალ წელს აზერბაიჯანში შეხვედრიხარ?
- ბავშვობაში - კი, მაგრამ მაშინდელი განცდები არ მახსოვს. სკოლაში სწავლის დასრულების შემდეგ, სულ ვცდილობ, ნებისმიერი დღესასწაული საქართველოში აღვნიშნო... ახლა, პანდემიის გამო, აზერბაიჯანში არ ჩავსულვარ, მაგრამ წინასაახალწლოდ იქაურობას აუცილებლად ვსტუმრობ - ასეთი "შინაგანი" ტრადიცია მაქვს. მით უმეტეს, ბოლო წლებში ბაქო ძალიან თანამედროვე გახდა. ახალ წელსაც თანამედროვედ აღნიშნავს - თითქოს ევროპაში ხარ... იქ წასვლას ტურისტებსაც ვურჩევ: 20 დეკემბრიდან მარტივად შეუძლიათ, მატარებელში ჩასხდნენ და გაემგზავრონ - თითქმის აქვეა... მართლა კარგ დროს გაატარებენ, რადგან ბაქო თანამედროვე, ევროპული ქალაქია. ძალიან მიყვარს და მენატრება, რადგან ჩემი ნაწილია. იქ ბევრი მეგობარი, ნათესავი მყავს. ამ ქალაქს ჩემი ცხოვრების გარკვეული ეტაპები უკავშირდება...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"...მარტო ამის აღმოსაფხვრელად ღირდა ახალი ხელისუფლების მოსვლა"
რატომ კითხულობდა მაკა შალიკაშვილი ნეკროლოგებს და პოლიტიკურ განცხადებებს ხმამაღლა?
"ისეთ გარემოში ვიზრდებოდი, სადაც დუმბაძის გმირებივით ენაკვიმატი ადამიანები ცხოვრობდნენ"
"ჯობს, ერთ-ერთი ბრილიანტი იყო ბევრ ბრილიანტს შორის, ვიდრე ერთადერთი - ბევრ ნაგავში"
რატომ არჩია ბიზნესსა და მეცნიერებას პოლიტიკა დავით ზილფიმიანმა
რას მიიჩნევს ფსიქიკურ აშლილობად ნუკა კვალიაშვილი?
ასმათ ტყაბლაძე: "მუცლის გასაძღომად ყველაფერი არ უნდა იკადრო!"
რას ჰყვება ოთარ რამიშვილის მუსიკოსი შვილიშვილი
ზურა დოიჯაშვილის უკანასკნელი ნატვრა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი