"გული დამწყდება, მაგრამ არა უშავს, ლამაზად დავბერდები" - გზაპრესი

"გული დამწყდება, მაგრამ არა უშავს, ლამაზად დავბერდები"

სახელი, გვარი: ანნა იმედაშვილი.

განათლება: დაამთავრა ჟურნალისტიკისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტები (ბაკალავრის ხარისხი). 10 წელი პიარისა და მარკეტინგის სფეროში მუშაობდა. ასევე, გახლდათ ტელეწამყვანიც.

ამჟამინდელი საქმიანობა: დედობა და "ინფლუენსერობა".

ჰობი: ხატვა.

განტვირთვის საუკეთესო საშუალება: ცეკვა.

ცხოვრების დევიზი: "ცხოვრება ბუმერანგია - ყველანაირი ენერგია ბრუნდება უკან".

- საკუთარი გამოცდილების საფუძველზე გვითხარით, ადამიანები ნამდვილ სახეს როგორ სიტუაციაში ავლენენ?

- ადრე მეგონა, რომ გაჭირვების ჟამს ადამიანის სახე კარგად ჩანდა. მერე მივხვდი, რომ პირიქით - ეს ლხინის დროს ჩანს. პირადად მე, ყურადღებას ვაქცევ, ადამიანს "მადლობის" თქმა უყვარს თუ არა. ჩემი აზრით, ამ დროს ადამიანის ნამდვილი სახე კარგად ჩანს.

- საკუთარი გვარ-სახელი ბოლოს როდის "დაგუგლეთ"?

- რაღაც ინტერვიუს ვეძებდი და "დავგუგლე", მაგრამ ეს რთული ამბავია: მაშინაც იმას ვერ წავაწყდი, რასაც ვეძებდი. მახსოვს, ძალიან ვიწვალე, რადგან ბევრი ვერსია ვცადე: საძიებო ველში "ანა ბარდაველიძე" (ჩემი რეალური გვარი) ჩავწერე, შემდეგ - "ანნა", რადგან რეალურად ასე მქვია (საბუთებში 2 "ნ" წერია), მერე - "ანა იმედაშვილით" ვცადე მოძებნა... ბოლოს ძალიან დავიღალე და თავი დავანებე... საერთოდ, ჩემს გვარ-სახელს არ "ვგუგლავ". ასე რატომ უნდა მოვიქცე (იცინის)?!.

- თქვენი აზრით, როგორი ონლაინრეპუტაცია გაქვთ?

- ამასთან დაკავშირებით, ერთი ამბავი გამახსენდა: სოციალურ ქსელებში, ჩემს პირად გვერდებზე, უნებურად, დადებითი აურის გამცემი ადამიანები შემოვიკრიბე, კომენტარებსაც შესაბამისს ვიღებ, მაგრამ მახსოვს, ერთ-ერთ გადაცემაში ჩვენი ოჯახის შესახებ სიუჟეტი გავიდა, რომელსაც ბევრი ნეგატიური კომენტარი მოჰყვა (რა თქმა უნდა, დადებითი კომენტარიც ბევრი იყო)... ჩემს გვერდზე დადებითი კომენტარების კითხვისას რეალობის შეგრძნება რომ არ დამეკარგა, იმ გადაცემის გვერდზე შევდიოდი და ვამბობდი: ორი საქართველოა-მეთქი... საბოლოო ჯამში, არ ვიცი, ეს რეპუტაციას როგორ განსაზღვრავს, მაგრამ პირად გვერდზე დადებით კომენტარებს და პირად შეტყობინებებს მწერენ ხოლმე.

- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდით?

- მინდა არ დავბერდე, ეს თუ ზებუნებრივ ძალად მიიჩნევა (იცინის)... "ბუნებრივი ძალებიდან" ძალიან მინდა, რომ სიმღერა ვიცოდე.

- ესთეტიკური მედიცინის ცენტრები რომ გაქრეს, თქვენთვის რთული იქნებოდა თავის მოვლა, მომხიბვლელობის შენარჩუნება?

- თავის მოვლა რთული არ იქნებოდა, სალონებს ხშირად არ ვსტუმრობ. ჩემთვის ეს იძულებითი რუტინაა, რადგან მოუსვენარი მომხმარებელი ვარ - ერთ ადგილზე დიდხანს ჯდომას ვერ ვიტან, ჰიპერაქტიური ვარ... ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს უფრო ხშირად მივმართავ, რადგან მაგალითად, მინდა, კანი უკეთ გამოიყურებოდეს. რომ გაქრეს, ძალიან ვინერვიულებ, გული დამწყდება, მაგრამ არა უშავს, ლამაზად დავბერდები (იცინის).

- დედობამ ხასიათის რომელი თვისებები გაგიმძაფრათ?

- საერთოდ, ბავშვები უფრო მეტად შემიყვარდა, შედარებით დამთმობი გავხდი, ბევრ საკითხს სხვაგვარად შევხედე, თავიდან ვისწავლე...

- საკუთარი ხასიათის რომელი თვისება არ მოგწონთ?

- ძალიან ფიცხი ვარ. ეს არ მომწონს. ამ საკითხზე სულ ვმუშაობ, რომ ფიცხი არ ვიყო.

- მეუღლემ ბოლოს რა კომპლიმენტი გითხრათ?

- მაგალითად, წეღან ფოტოებს მიღებდა და რომ გამოვედით, მითხრა: - ვა, რა ლამაზი ხარო (იცინის)!..

- ადამიანთან პირველი შეხვედრისას, გარეგნობის რა დეტალი იქცევს თქვენს ყურადღებას?

- საერთოდ, ესთეტი ვარ - ადამიანებისა და ნივთების ვიზუალურად შეფასება მიყვარს, მაგრამ ადამიანში ჩემთვის ხასიათის თვისებები უფრო მნიშვნელოვანია. თუ მაინცდამაინც ადამიანის გარეგნობაზე ვსაუბრობთ, ალბათ სტილის როგორი შეგრძნება აქვს, ეს მხვდება თვალში.

- როგორ ფიქრობთ, ყველაზე უკეთ რომელი საქმე გამოგდით?

- ხელსაქმე. შეიძლება, ძალიან ამბიციურად ჟღერს, მაგრამ მგონია, რა საქმესაც ხელს ვკიდებ, გამომდის. ასევე, კერძების მომზადებაც კარგად გამომდის... ნიჭიერი ვარ (იცინის). მგონია, ადამიანმა თუ მოინდომა, ნებისმიერი საქმე გამოუვა. ერთი, სიმღერა არ გამომდის (იცინის)...

- დღის განმავლობაში, ყველაზე ხშირად, რას აკეთებთ?

- მგონი, ჩვენსავით გამოკეტილი ამ ქალაქში არავინ არ არის, რადგან ჯერ ერთი, 2 შვილი მყავს, თან უმცროსი ჯერ 2 თვისაც არ არის. შესაბამისად, უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ... მოკლედ, სერიოზულ თვითიზოლაციაში ვართ. ამიტომ ძირითადად, სახლში ვარ, სახლის საქმეებით, კერძების მომზადებით გახლავართ დაკავებული. ეზოშიც გავდივარ. ბოლო დროს ბაღში ფუსფუსი შემიყვარდა. ზამთრის გამო ბაღში ნაკლებად გავდიოდი, მაგრამ ახლახან გადასარევი ამინდი იყო. დავაკვირდი და ვთქვი, - მგონი, მცენარეებს სეზონი აერიათ-მეთქი, რადგან თბილი ამინდია, ყველაფერს უკვე კვირტები აქვთ.

- ისეთი საქციელი თუ ჩაგიდენიათ, რომლის გახსენებისას ახლაც წითლდებით?

- კი. შეიძლება, ახლა კონკრეტული სიტუაცია ვერ გავიხსენო, მაგრამ რამდენიც გინდა, იმდენი შემთხვევა ყოფილა - რომ გაგახსენდება და წამოწითლდები ადამიანი (იცინის)...

- საკუთარ შესაძლებლობებზე მცდარი წარმოდგენა გქონიათ?

- ალბათ, კი: გადაჭარბებულიც და პირიქითაც...

- ყველაზე დიდი ხნით რამდენი წუთით, საათით დაგიგვიანიათ?

- ცუდ თვისებად სიფიცხე დავასახელე, მაგრამ პლუს, საშინლად არაპუნქტუალურიც ვარ (იცინის), ოღონდ - სადმე რომ ვიგვიანებ, ძალიან მრცხვენია, ამ შეგრძნებას ვერ ვიტან, მართლა მეზიზღება. მაინც ხშირად მაგვიანდება ხან რის გამო, ხან - რის... საბოლოო ჯამში, ალბათ, დროს სწორად ვერ ვანაწილებ... მახსოვს, ერთხელ საერთოდ დამავიწყდა, რომ შეხვედრა მქონდა. დამირეკეს და უცბად გონება გამინათდა, ვუპასუხე, - მოვდივარ-მეთქი! სანამ მოვემზადე და მივედი, ძალიან დავაგვიანე. ბოდიში მოვიხადე... არ მიყვარს, როცა ვიღაც მალოდინებს. ამიტომ ვიცი, რა ცუდია, როცა გელოდებიან, მაგრამ მირჩევნია, მე მელოდონ, ვიდრე თავად ველოდო (იცინის)... სკოლაშიც ვიგვიანებდი. მაშინაც ძალიან მრცხვენოდა, მაგრამ დილის ძილი მიყვარდა. ჩემი გაღვიძება სულ პრობლემა იყო. დილის ძილი ახლაც მიყვარს. შემიძლია, ღამე გავათენო, მაგრამ თუ დავიძინე, დიდხანს უნდა მეძინოს.

- რომელი ქართველი "ინფლუენსერი" არ მოგწონთ?

- ადამიანების ნეგატიურ კონტექსტში განხილვა არ მიყვარს. თუ არ მომწონს, ალბათ ყურადღებას არც ვაქცევ. რადგან "ინფლუენსერია", მიმდევრები ჰყავს, ხალხი ყურს უგდებს, ჩემი დასაწუნი რა აქვს?!.

- თავად ვის ყოველდღიურობას ადევნებთ თვალს სოციალურ ქსელში?

- ძალიან ბევრის. რატომღაც, საქართველოშია ასეთი ტენდენციაა: ბევრი "გამომწერი" უნდა გყავდეს, თავად კი - ცოტას იწერდე, რაც ვფიქრობ, სისულელეა და ვერ ვხვდები, საერთოდ რა "მიმდინარეობაა"? ვინც მაინტერესებს, მის გვერდს თავადაც ვიწერ და ბუნებრივია, ჩემი გვერდის "სიახლეების ზოლში" მათი აქტივობები უხვად ჩანს...

GzaPress

- პოპულარობის განცდა პირველად როდის დაგეუფლათ?

- ეს განცდა ახლაც არ მაქვს. უბრალოდ, ისე მოხდა, რომ რიგი გადაცემები, რომლებსაც "ვაკეთებდით", ხალხის მოწონებას იმსახურებდა, - გვიყურებდნენ და ვიღაცები გვცნობდნენ, თორემ ჩემი აზრით, პოპულარულობა სხვა რამეა. შეიძლება ბევრმა ადამიანმა საერთოდ არ იცის, ვინ ვარ... მახსოვს, როგორ მესიამოვნა ის განცდა, რომელიც დამეუფლა: მაშინ "ახალი ხმის" წამყვანი გახლდით. სავაჭრო ცენტრში ვიყავი. შუახნის მამაკაცი მომიახლოვდა. მიღიმოდა - თითქოს ოჯახის ახლობელი იყო. ვიფიქრე, ვინმეში შევეშალე-მეთქი. ხელი გამომიწოდა, - შენ ის არ ხარ, გადაცემა რომ მიჰყავსო? - კი-მეთქი. ხელი ჩამომართვა. ძალიან საყვარელი კაცი იყო (იცინის). მსგავსი შემთხვევა ხშირად ყოფილა: მოსულან, ფოტოს გადაღება უთხოვიათ, მაგრამ ის შემთხვევა განსაკუთრებულად დამამახსოვრდა... მაგალითად, ზაფხულში ფეხმძიმედ რომ ვიყავი, მეგონა, ვერ მიცნობდნენ, - საკუთარ თავს თავად ვერ ვცნობდი, მაგრამ განსაკუთრებით, ბავშვები აქტიურობდნენ...

- საკუთარი მომხიბვლელობა როდის გააცნობიერეთ?

- მგონია, თაყვანისმცემლები ყველა გოგოს ჰყავს - ბაღში, სკოლაში... ყოველთვის მსიამოვნებდა - ყურადღება ვის არ სიამოვნებს?!. მგონია, ადამიანი ყველაზე მომხიბვლელი მაშინ არის, როცა პოზიტიურია. უჟმური რომ ვიყო, ალბათ, მომხიბვლელიც აღარ ვიქნები.

- თქვენს ქმედებებს ცხოვრებაში რა მთავარი ღირებულება განსაზღვრავს?

- მგონია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ჰუმანურობაა. ეს ფართო ცნებაა, მაგრამ ჩემთვის ჰუმანურობაა - ეცადო, დადებითი იყო მაშინაც კი, როცა ირგვლივ დადებითი არაფერი ხდება. მერე ნახავ, რომ "კარგი ტალღა" გადამდებია...

- მეუღლეები ერთმანეთს რა მეტსახელებით მიმართავთ?

- ამას ვერ გეტყვით (იცინის). დათოს ეს მეტსახელი (რომელიც მე მოვიგონე) საშინლად არ უყვარს. თავადაც ასე მომმართავს...

- როცა სარკეში იყურებით, ვის ხედავთ?

- გააჩნია, რა ხდება, როგორ ხასიათზე გავიღვიძე... ბოლო დროს სარკიდან მიყურებს ადამიანი, რომელიც დედაა. ახლა ჩემი თავის მიმართ სხვა მოთხოვნები, პრეტენზიები მაქვს. ეს "ტალღაც" რომ გადაივლის, ალბათ მერე სარკიდან "სხვა ადამიანი" შემომხედავს...

ეთო ყორღანაშვილი