"მაქვს სურვილი, შალვა ნათელაშვილი გავიცნო და თვალებში ჩავხედო"
font-large font-small
"მაქვს სურვილი, შალვა ნათელაშვილი გავიცნო და თვალებში ჩავხედო"
როდის იტყუება და რა მიაჩნია ყველაზე დიდ სიგოიმედ ხვიჩა მაღლაკელიძეს

"ყოველთვის მაქვს სურვილი, შალვა ნათელაშვილი გავიცნო და თვალებში ჩავხედო", - ამბობს მუსიკოსი ხვიჩა მაღლაკელიძე. რისი წაკითხვა სურს მას პოლიტიკოსის თვალებში, რა აკვირვებს ამ სამყაროში, რისი ეშინია ყველაზე მეტად, რა ვერ ისწავლა დღემდე და რის გამო იღებს საყვედურებს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.


- დაბადების თარიღი...
- ...1976 წლის 18 იანვარი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მულტიპლიკატორი. ანიმაციურ ფილმებზე ვგიჟდებოდი. როცა პროფესიული არჩევანის დრო დამიდგა, იმ წლებში, არც ერთ სასწავლებელში ეს მიმართულება არ ისწავლებოდა. ჯერ სამხატვრო აკადემია უნდა დაგემთავრებინა, მერე კინოსტუდიაში მოხვედრილიყავი, "ქართულ ფილმთან" გეთანამშრომლა... მოკლედ რთული გზა იყო, ამ წვალებას გიტარის 6 სიმზე დაკვრა ვარჩიე.
- ჩემზე ამბობენ...
- ...არასერიოზული კაციაო. არ ვბრაზდები, ვღადაობ. ამ ცხოვრებას სულ სერიოზულად რომ უყურო, გული გაგისკდება. ამიტომ ჩემი იუმორით საკუთარ თავსაც და სხვებსაც ყოველდღიურ ცხოვრებას ვუადვილებ.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...არაფერს შევცვლიდი, იმავე შეცდომებს დავუშვებდი, იმავენაირად ლამაზად გამოვასწორებდი. რამდენჯერმე ეს ისე კარგად გამომივიდა, საკუთარი თავით აღფრთოვანებული დავრჩი.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ...იყო საბავშვო ბაღში. ერთ დღეს კომისია მოვიდა, მეძინა, გამაღვიძეს, ამ კომისიის წევრების წინ დამაყენეს და ლექსი მათქმევინეს. იმ პერიოდში "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" ვინილის ფირფიტაზე იყო გამოსული. თავისუფლად შემეძლო, ეს სპექტაკლი ზეპირად მეთქვა. მოკლედ, კომისიის წინაშე თავი ვისახელე. დიდხანს მეფერნენ, აღფრთოვანებულები იყვნენ და მე ამ ყველაფრის საკომპენსაციოდ მოვითხოვე, - სადილად საცივი ხომ გვექნება-მეთქი? კომისიის წევრები ამაზე კიდევ უფრო გაგიჟდნენ. ამის შემდეგ თავი ანსამბლში - "ზღვის შვილები" ამოვყავი. არტისტული ბავშვი ვიყავი. სცენაზე გასვლის არ მრცხვენოდა და საცივი ახლაც ძალიან მიყვარს.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...
- ...ვიოლეტა ჩარკვიანს, რობერტ ბარძიმაშვილს, ბადრი პატარკაციშვილს, ჯემალ და გია ბაღაშვილებს.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...ახლა მშობლიურ ბათუმში ვარ, ზღვის სანაპიროზე, შენ გელაპარაკები და თან მზის ჩასვლას ვუყურებ. როცა თბილისში ვარ, ამ პეიზაჟის ნახვა, ზოგჯერ ისე ძალიან მინდება, ბათუმში მოვდივარ, საოცარი კადრებით ვტკბები და ისევ უკან ვბრუნდები. ეს სანახაობა ჩემში ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციას აღძრავს. ბედნიერი ვარ იმით, რომ ორი უსაყვარლესი და უნიჭიერესი შვილი მყავს, რომლებიც ჩემს გაოცებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან. ახლა უფროსი ბიჭი ზღვის სანაპიროზე ზის და ხატავს. თბილისში ყოფნისას, ჩემი ქალაქის ნოსტალგია სულ მაქვს. მე და ბათუმი რძალ-დედამთილივით ვართ. აქ რომ ჩამოვდივარ, რაღაც მინუსებს აღმოვაჩენ ხოლმე, შორიდან სულ მიყვარს.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...შალვა ნათელაშვილი გავიცნო და თვალებში ჩავხედო. მაინტერესებს, რეალურად მართლა ისეთია, როგორიც ეკრანზე ჩანს? მისი ტინგიცი, მისი "ჟირინოვსკობა", ნაღდია თუ ეს მისი პოლიტიკური სახეა და რეალურად სულ სხვა ტიპია? სამწუხაროდ, მას აქამდე ვერსად გადავეყარე.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...საპირფარეშოდან რომ გამოვდივარ, სინათლეს ვაქრობ. ადრე სულ მავიწყდებოდა, იქ სინათლე სულ ჩართული იყო, შესაბამისად, დიდი გადასახადი მომდიოდა. რაც სინათლის ჩაქრობა ვისწავლე, ამოვისუნთქე.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- ...სიგარეტის მოწევაა. თან ვეწევი და თან ვფიქრობ, თავი როგორ დავანებო?
- დაშვებულ შეცდომებს...
- ...რაღა ეშველება? შეიძლება ცოტათი შეალამაზო, გამოასწორო. უშეცდომო ადამიანი გინახავს? ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული, მაგრამ მტკივნეული - არა.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...გიტარაზე დაკვრა. თავიდან ვისწავლე, როგორ არ უნდა დამეკრა და მერე ვისწავლე, როგორ დამეკრა. ჩემს მოსწავლეებსაც ამ პრინციპით ვასწავლი.
- პატიება შემიძლია...
- ...რთულად, ესაა სიმართლე და სხვაგვარად არ გეტყვი, არ გავიპრანჭები, არ მოგატყუებ. წყენა გულზე ისე ძალიან მხვდება, მარტივად დავიწყება არ შემიძლია, მით უმეტეს, როცა დაუმსახურებლად მტკენენ. ამ მხრივ ცუდი ბიჭი ვარ.
- ვიბნევი...
- ...როცა მაქებენ და ჩემს სადღეგრძელოს ამბობენ.
- ვნანობ...
- ...ჩემი მშობლების სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში, მათ გვერდით რომ არ ვიყავი. დამირეკეს, მაგრამ თბილისიდან ცოცხალს ვერც ერთს ვერ ჩამოვუსწარი. ჩემს ფიქრებში, მათ ყოველთვის ცოცხლებივით ვიხსენებ.
- ვრისკავ...
- ...ძალიან იშვიათად. სულ შიშები მაქვს, მეშინია ერთი სამსახურიდან მეორეში გადასვლის, ერთი საქმის შემდეგ, რაღაც ახლის დაწყების. ცვლილებები მაფრთხობს. ამ დროს ვინმემ ხელი თუ არ მკრა, ჩემით გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ. მეუღლე მშველის ხოლმე. გამბედაობა ზომიერების ფარგლებში აუცილებელია.
GzaPress
- წონასწორობიდან გამოვყავარ...
- ...ადამიანს, რომელიც ბევრი რამის ცოდნას იბრალებს და სინამდვილეში, არც არაფერი იცის. ამ შემთხვევაში, უფრო რემონტს და ხელოსნებს ვგულისხმობ.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ...იქ, სადაც ვარ.
- სიყვარული ეს...
- ...რა არის ავხსნა? ეს წარმოუდგენელია. რომ ამოვხსნა, მერე შეიძლება აღარც მიყვარდეს. ფოკუსის ახსნას რომ ვსწავლობ, მერე ის ფოკუსი აღარ მაინტერესებს. ჩემთვის სიყვარულიც რჩება ასე ამოუხსნელ და გამოუცნობ ძალად, რომელიც ყოველდღე ახალი შეგრძნებებით მავსებს.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...იმ პერიოდში უკვე ცნობილი და კარგი ტიპი ვიყავი. ძალიან თავხედურად მოვიქეცი, პირდაპირ მივაჭერი და ვუთხარი, რომ მიყვარდა. ის ახლა ჩემი მეუღლეა.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...წონაში ვერაფრით დავიკელი.
- ვამაყობ...
- ...რომ ვარ ქართველი და ვარ ჩემი ქვეყნის მოქალაქე. სიგიჟემდე მიყვარს საქართველო, მიყვარს ყველა ქართველი. ხშირად ჩვენების წარმატების ამბები რომ მესმის, გული მიჩუყდება. ამ დროს ნათლად ვხედავ, ჩვენს მანკიერებებს და კრიტიკის ქარცეცხლშიც ვატარებ, მაგრამ რა ვქნა, საქართველოს სხვა ერებს რომ ვადარებ, ჩვენზე კარგი ტიპები არსად არიან. აქ თავმოყრილია სილამაზე, ნიჭიერება, გონიერება, კრეატიულობა... მაგრამ ზარმაცები ვართ.
- მეშინია...
- ...ატრაქციონების, ექსტრემალურის და გიჟურის - განსაკუთრებით. ერთხელ გადავწყვიტე ავსულიყავი, ტრიალი დაიწყო თუ არა, ავყვირდი, - "გააჩერე! გააჩერე!" კიდევ ათას რამეს ვყვიროდი, ეს ამბავი ზოოპარკში ხდებოდა. ლომებმა და დათვებმა ჭამას თავი დაანებეს და მე მიყურებდნენ.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...მეგობრები მოუცლელობის გამო. ხშირად მესმის, "სად დაიკარგე"?
- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...
- ...თეძოებს დავითხელებდი. ახლა ისეთი თეძოები მაქვს, მამაკაცს რომ არ შეშვენის. წონაში დავიკლებდი, მაგრამ ჩემი ცოლის ხელში როგორ დავიკლო? ყოველდღე გემრიელობებით მანებივრებს, ახალი წლის დღეებში, საერთოდ ბოლო მომეღო.
- ახალ წელს შევხვდი...
- ...ბათუმში. რატომღაც ყველა ბათუმელმა შუშხუნების გასინჯვა, ხომ კარგად ფეთქდებაო, ნაადრევად დაიწყო. საღამოს 9 საათის მერე ცა განათებული იყო. სამაგიეროდ, 12 საათის შემდეგ, 3 წუთში მთელ ქალაქში სრულმა სიჩუმემ დაისადგურა.
- ვუფრთხილდები...
- ...ოჯახის თითოეულ წევრს. ფათერაკიანი არც ერთი არ არის, მაგრამ სულ შიში მაქვს, რომელიმეს რამე არ დაემართოს. სულ ვურეკავ, სულ ამბავს ვკითხულობ, ამ მხრივ ზედმეტად ემოციური ვარ. 3-4 წლის წინ, ჩემი შვილი სკეიტბორდიდან გადმოვარდა და მე ის სკეიტბორდი დავლეწე.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- ...ნარდი, ჯოკერი და ფეხბურთი.
- ვიტყუები...
- ...ხშირად. როდესაც სტუმრად ვარ, ხალხთან ერთად ჭამის მრცხვენია. კერძებს რომ მთავაზობენ, ვამბობ, რომ შინ, წამოსვლის წინ მივირთვი, არადა, თვალები იმ თეფშისკენ გამირბის. შინ რომ ვბრუნდები, ერთ მაცივარ საჭმელს ვჭამ.
- მაკვირვებს...
- ...მხოლოდ ეს სამყარო, სხვა - აღარაფერი. ახლა ჩვენ რომ ვარსკვლავებს ვუყურებთ, მეცნიერები გვეუბნებიან, იმას ხედავთ, რაც ასწლეულების წინ იყოო. ეს რას ნიშნავს? გამოდის, რომ წარსულში ვიყურებით. უცბად იქ რომ აღმოვჩნდე, როგორ დედამიწას დავინახავ, საუკუნეების წინანდელს?
- თავისუფლება...
- ...არამც და არამც არ არის ის, რომ თქვა რაც გინდა, ამით შეურაცხყო ადამიანი და ეს სიტყვის თავისუფლებით ახსნა. თავისუფლება არ არის ცხვირში, ყურში, ტუჩში, ქუთუთოში, რგოლები გაიყარო და სხეულის თავისუფლება დაარქვა, ეს სიგოიმე და პროვინციალიზმია. თავისუფლება უფრო მეტია, დიდი ცნებაა, უსასრულობასავითაა, ვერასდროს მივეპოტინებით. გვგონია, თავისუფლები ვართ, არადა, ყველაფერზე დამოკიდებულები გახლავართ: ტელეფონზე, ინტერნეტზე, ხელფასზე, ელექტროენერგიაზე...
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...ბათუმში მუსიკოსებისთვის გრანდიოზულ კულტურულ ცენტრს გავაკეთებდი. თბილისზე თბილისელმა მდიდრებმა იზრუნონ. ასე უცბად კი გამხადე მილიარდერი.
- მენატრება...
- ...ბავშვობა. მინდა პატარა ხვიჩას გვერდიდან შევხედო. სულ მაინტერესებს, მაშინ რას ვფიქრობდი, როგორი ხმა მქონდა, რას განვიცდიდი, რაზე ვნერვიულობდი... მაშინ ვიდეოების გადაღება, ისეთი მარტივი, როგორიც დღესაა, არ იყო. ვინმე ჩემი ბავშვობის ეპიზოდებს რომ მიამბობს, სიამოვნებით ვუსმენ.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ...ვუკრავ დაუსრულებლად, მაგრამ არა იმას, რასაც სცენაზე ვასრულებ, ეს სულ სხვა მუსიკაა. ინსტრუმენტი ძალიან მშველის.
- დაბოლოს, გეტყვით...
- ...გილოცავთ 2021 წლის დადგომას, მადლობა, რომ ეს ინტერვიუ წაიკითხეთ, "გზის" შემდეგ ნომერს აუცილებლად დაელოდეთ!
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"...მარტო ამის აღმოსაფხვრელად ღირდა ახალი ხელისუფლების მოსვლა"
რატომ კითხულობდა მაკა შალიკაშვილი ნეკროლოგებს და პოლიტიკურ განცხადებებს ხმამაღლა?
"ისეთ გარემოში ვიზრდებოდი, სადაც დუმბაძის გმირებივით ენაკვიმატი ადამიანები ცხოვრობდნენ"
"ჯობს, ერთ-ერთი ბრილიანტი იყო ბევრ ბრილიანტს შორის, ვიდრე ერთადერთი - ბევრ ნაგავში"
რატომ არჩია ბიზნესსა და მეცნიერებას პოლიტიკა დავით ზილფიმიანმა
რას მიიჩნევს ფსიქიკურ აშლილობად ნუკა კვალიაშვილი?
ასმათ ტყაბლაძე: "მუცლის გასაძღომად ყველაფერი არ უნდა იკადრო!"
რას ჰყვება ოთარ რამიშვილის მუსიკოსი შვილიშვილი
ზურა დოიჯაშვილის უკანასკნელი ნატვრა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი