ლალი მოროშკინა: "ივანიშვილი წავიდა იქ, საიდანაც მოვიდა"... - გზაპრესი

ლალი მოროშკინა: "ივანიშვილი წავიდა იქ, საიდანაც მოვიდა"...

ცნობილია, რომ ერთსა და იმავე მოვლენას ადამიანები განსხვავებულად ხედავენ და აფასებენ, მით უმეტეს, ბოლო თვეებში მომხდარ მოვლენებს, რომლებიც იმდენად უჩვეულო იყო, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი დააბნია. პიარ-ტექნოლოგ ლალი მოროშკინას სწორედ ამ მოვლენებზე ვესაუბრეთ.

- ბოლო კვირების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა იყო.

- იმ ფონზე, რაც ახლა მთელ მსოფლიოში ხდება, ეს სავსებით ლოგიკური გადაწყვეტილება იყო. ახლავე აგიხსნით, რატომ: ეკონომიკური კრიზისი თითქმის ყველა ქვეყანაში მძაფრდება, საქართველო იმ სახელმწიფოების რიგს მიეკუთვნება, რომლებიც "კოვიდ 19"-ით გამოწვეული კრიზისისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ. თუ გავიხსენებთ, გაჭირვების დროს ვინ ეხმარებოდა ცნობილ მსახიობებს, სპორტსმენებს, საზოგადო მოღვაწეებს, - ეს ბიძინა ივანიშვილი გახლდათ. ვინ იყო, ვინც ოპერაციებს და მკურნალობას აფინანსებდა?.. აქაც, პირველ რიგში, ივანიშვილი უნდა დასახელდეს. ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება და ჩვენს ქვეყანას, თითოეულ მოქალაქეს სერიოზული დახმარება დასჭირდება. როცა ადამიანი პარტიის თავმჯდომარეა, მისთვის გაცილებით ძნელია საკუთარი ჯიბიდან თანხის ამოღება და გადახდა. ქველმოქმედება გაცილებით იოლია, როცა ადამიანი პოლიტიკური ფიგურა არ არის. მან თქვა, - საიდანაც მოვედი, იქ ვბრუნდებიო. მეცენატობა და ქველმოქმედება ამ ქვეყანაში ყოველთვის საჭირო იყო და იქნება.

- დახმარებაზე ფიქრს ხომ არ აჯობებდა, დასუსტებული ეკონომიკის განვითარებაზე გვეზრუნა?

- რა თქმა უნდა, ეს აუცილებელია, მაგრამ მდიდარი ადამიანები ბევრი ქვეყნის ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებენ. შესაძლოა გაგიკვირდეთ, რომ ჭიათურაში, რომელიც რომელიღაც კოშმარული ფილმის დეკორაციას მოგვაგონებს, ყველაზე მეტი მილიონერია დაბადებული და გაზრდილი. ყველამ ბიძინა ივანიშვილს კი არ უნდა ვუყუროთ ხელებში, ყველა მდიდარი ადამიანი უნდა გაერთიანდეს და ჩვენი ქვეყნის გადარჩენაზე იზრუნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ხალხი შიმშილით დაიხოცოს. მოდი, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ: ეს ნამდვილი ჟამიანობაა! მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მსოფლიოს ასეთი კრიზისი არ ახსოვს. ამიტომ, ჩემთვის სავსებით გასაგებია, რომ ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში ქველმოქმედებიდან მოვიდა, ისევ ქველმოქმედებას უბრუნდება. მგონი, ჟამიანობის დროს გადარჩენის ერთადერთი შანსი სწორედ ქველმოქმედება და მეცენატობაა.

GzaPress

- თუმცა, ოპოზიცია ხშირად საყვედურობს ივანიშვილს და მის გუნდს, რომ ვალად აღებული მილიარდები უყაირათოდ დახარჯეს და ეს მილიარდები სწორედ მათ ჯიბეებში წავიდა.

- ვერ წარმომიდგენია, რომ ივანიშვილი, რომელსაც ამხელა ქონება ჰქონდა და აქვს, პოლიტიკაში ფულის "გასაკეთებლად" მოსულიყო. ეს დიდი სისულელეა. შეგახსენებთ, რომ მას ეს ფული საქართველოში არ უშოვია. სამწუხაროდ, ქართველებს ეს თვისება გვახასიათებს, - თავის დროზე არ დავაფასეთ ჩვენი დიდი მოღვაწეები, მწერლები, საზოგადო მოაზროვნეები და მათი გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ ვაღიარეთ, რომ ძალიან მაგრები ყოფილან... თუ ვინმე გამორჩეული გვყავს, შეგვიძლია ყველანაირ წნეხში გავატაროთ და სიკეთის კეთების სურვილი დავუკარგოთ. ვიცი ხალხი, რომელიც საქართველოში ჩამოსულა და იმ დასკვნამდე მისულა, რომ სიკეთეს ჩაიდენს თუ არა, ერთი და იგივე ფასი ექნება და მადლობასაც არავინ გადაუხდის. ახლა მაინც, ეს შეცდომა არ გავიმეოროთ და სიკეთის ჩადენის სურვილი არ ჩავუქროთ იმ ადამიანებს, ვისაც შეუძლია, ქვეყანა მდგომარეობიდან გამოიყვანოს. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ხშირად საბავშვო ბაღის მოწაფეებივით მსჯელობენ. მსოფლიო კრიზისს გონივრული გადაწყვეტილებებით უნდა დავხვდეთ. ჩემი აზრით, ახლა პოლიტიკური ინტერესები განზე უნდა გავწიოთ და იმაზე ვიფიქროთ, ქვეყანა ვიხსნათ და მომავალ ზამთარს რით ვიარსებოთ. ეს ზამთარი როგორღაც გადავაგორეთ, მაგრამ მომავალი ზამთარი ურთულესი იქნება.

- ასე უიმედოდ რატომ ხართ განწყობილი?

- თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკა ტურიზმზე იდგა, ტურიზმი კი მოკვდა. ამ კრიზისის გამო კიდევ ათასობით რესტორანი და სასტუმრო დაიხურება, ასეულობით ადამიანი უმუშევარი დარჩება. შეიძლება ისეთი დროც დადგეს, როცა ჩვენი ქვეყანა დეფოლტის წინაშე აღმოჩნდება, რადგან საგარეო ვალი მეტისმეტად არის გაზრდილი. დეფოლტი მაშინ იწყება, როცა აღებულ ვალს ვეღარც ქვეყანა იხდის და ვერც რიგითი მოქალაქეები. ახლა, როცა თითქმის ყველა ოჯახს საქართველოში ბანკის ვალი აქვს, ხოლო ქვეყანას - საგარეო ვალი, ეს საშიშროება სავსებით რეალურია.

- როგორც ვიცი, სიღნაღში თქვენი ბიზნესისა და სასტუმროს გაყიდვას აპირებდით. ახლაც იგივე მდგომარეობა გაქვთ?

- სამწუხაროდ, ჩემთვის არაფერი შეცვლილა! გვეუბნებოდნენ: სესხები აიღეთ და ბიზნესი წამოიწყეთ, სასტუმროები და რესტორნები გახსენითო. მეც ამ სიტუაციის მსხვერპლი ვარ: სხვების მსგავსად, სესხი ავიღე. მე და ჩემნაირებს ბანკში მთელი ქონება გვაქვს ჩადებული და თუ ეს სიტუაცია გაგრძელდება, იმ ხალხის 95 პროცენტი, რომელსაც ბანკის ვალი აქვს, არაფრის გარეშე დარჩება. ჩვენ წავედით ქალაქიდან, პატარა ქალაქებსა და სოფლებში გადავედით, რომ ბიზნესი დაგვეწყო. ძველი ნასახლარები აღვადგინეთ, ავაშენეთ, გვეგონა, აღებულ სესხებს გავისტუმრებდით და ყველაზე მეტად დავზარალდით. იმ ხალხს, ვინც მოძრაობდა, რაღაცას აკეთებდა და ამ ქვეყნის ეკონომიკას ქმნიდა, გაღატაკება ემუქრება და ეს მაშინ, როცა პანდემიის სახელს ამოფარებულმა არაკეთილსინდისიერმა ადამიანებმა დიდი ფული იშოვეს. ცხადია, მეც დიდ პატივს ვცემ მედიცინის მუშაკებს, რომლებიც პაციენტების სასთუმალთან ათენებენ და აღამებენ, მაგრამ ზოგიერთმა საავადმყოფომ თუ აფთიაქმა ამ კრიზისის ფონზე დიდი ფული "გააკეთა". როგორ შეიძლება, თურქეთში, რომელიც აქვე, ყურისძირშია, მედიკამენტები ან სამედიცინო მომსახურება ჩვენთან შედარებით მეათედი ღირდეს?! მერე უკვირთ და ბრაზობენ, უცხოეთში მოღვაწე ჩვენი ექიმები რატომ გვმოძღვრავენო!.. უცხოეთიდან კარგად ჩანს, ვინ რა შეიძინა, ვინ როგორ მოითბო ხელი და ვინ რა განცხადებებს აკეთებს. როცა ომი იწყება, ყველა გონიერი მთავარსარდალი გამოდის და ხალხს ამშვიდებს, რომ პანიკა არ შეიქმნას, მაგრამ როცა ექიმი გამოდის და ამბობს, - "კოვიდ 19"-ის გამო ყველანი მოკვდებითო, - ეს ნიშნავს, რომ მისი სიტყვები ხალხის შეშინებისა და დათრგუნვისკენ არის მიმართული.

- ამის გამო შეიძლება ბევრი შეგეკამათოთ...

- ვიცი, მაგრამ ნებისმიერი ფსიქოლოგი გეტყვით, რომ ყველა დაავადება, თვით მეოთხე სტადიის კიბოც კი იკურნება სიმშვიდითა და ჯანსაღი მიდგომით. რამდენი ფაქტი იცით, როცა ადამიანს უთხრეს, 2-3 თვის სიცოცხლე გაქვს დარჩენილიო და მან 10-15 წელი იცოცხლა?!. როცა ექიმი ყველას ეუბნება - მოკვდებითო, ეს დიდი დანაშაულია. მსოფლიოში არის ქვეყნები, რომლებმაც ამ კრიზისს გონივრული გადაწყვეტილებებით უპასუხეს, არც მოსახლეობა გააღარიბეს და ჯანდაცვასაც სათანადოდ მიხედეს. ავიღოთ თუნდაც ლუქსემბურგი - იქ ეკონომიკა არ ჩაკეტილა და ამით არაფერი დაშავებულა. ეს არის ქვეყანა, რომლის ეკონომიკა პანდემიის დროს უფრო გაძლიერდა და წინ წავიდა, ისევე, როგორც ჩინეთი - ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც ყვავის. ჩინეთმა ისე მოახერხა კორონავირუსის დამარცხება, რომ ეკონომიკა არ გაუჩერებია, პირიქით - გააათმაგა. იგივე უნდა ითქვას შვედეთზე, რომელიც ჩვენთან შედარებით, ასჯერ ძლიერია და ჩვენზე მეტი გარდაცვლილი ნამდვილად არ ჰყავს. მსოფლიოში უკვე ბევრი ფიქრობს, რომ ეს ბიოლოგიური ომია და ამ ომში ის გაიმარჯვებს, ვინც ფსიქოლოგიურად გაუძლებს. ამ სიტუაციაში ადამიანი თუ შეშინდება, დაუძლურდება და იმუნიტეტს დაისუსტებს, შეიძლება უბრალო სურდოც კი მოერიოს. ამიტომ მიკვირს და ყველას ვეკითხები: როგორ შეიძლებოდა ახლა ზამთრის კურორტების ჩაკეტვა?

- კურორტები იმისთვის ჩაიკეტა, რომ ვირუსი არ გავრცელებულიყოო.

- რა იყო ცუდი იმაში, რომ ადამიანებს სუფთა ჰაერი ჩაესუნთქათ, ეგუნდავათ, თხილამურებით ესრიალათ?.. ეს ყველაფერი ხომ ორგანიზმს აკაჟებს და აჯანსაღებს! რატომ ჩაიკეტა სპორტული დარბაზები ან როგორ შეიძლება, ღია სივრცეში პირბადის ტარება? ეს ხომ დანაშაულია! თუ ირგვლივ ხალხმრავლობაა და დისტანციას ვერ იცავ, - კი ბატონო, უნდა გეკეთოს, მაგრამ ღია სივრცეში, სადაც ფილტვებმა უნდა იმუშაოს, ჩვენ ადამიანებს სუნთქვას ვუკრძალავთ, ეს სწორია?.. ჩვენ ხომ ვიცით, ეს ყველაფერი მედიაფსიქოზით დაიწყო! რა თქმა უნდა, რისკ-ჯგუფებს განსაკუთრებით უნდა გავფრთხილებოდით, მაგრამ ჯანსაღი ადამიანები რატომ გამოვკეტეთ?!

გასულ წელს მე და ჩემმა ძმამ - ერეკლე შონიამ ძალიან დიდი სამუშაო ჩავატარეთ. მგონი, პირველები ვიყავით, ვინც ამბობდა, რომ პანიკა უარეს შედეგებს მოგვიტანდა. ერთი დღე არ გავჩერებულვართ სახლში; მან ათასობით ადამიანს უშველა, მეც თითქმის ყველგან დავყვებოდი და სურდოც კი არ დაგვმართნია.

- ექიმებიც ამბობენ, რომ კორონავირუსის დასამარცხებლად განწყობა დიდ როლს ასრულებს.

- ეს უდავოა, მაგრამ ავადმყოფს დადებითი განწყობა როგორ ექნება, როცა ყოველდღე აშინებენ?! მე თუ მაქვს მტკიცე ფსიქიკა და ასეთი მავნე ინფორმაციისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, სულაც არ ნიშნავს, რომ ყველა ასეა. ბევრი ვიცი, რომელიც უკიდურესად დათრგუნვილი და შეშინებულია. ბუნებრივია, ყველას გვიფიქრია, რა არის გამოსავალი ამ ურთულესი სიტუაციიდან, - ალბათ ის, რომ ამ ვირუსთან თანაცხოვრება ვისწავლოთ, ვინც რისკ-ჯგუფში შედის, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს, ელემენტარული ჰიგიენა და წესები დავიცვათ, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკა უნდა ამუშავდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო უარესად გაღატაკდება და ჩვენც, ამ ქვეყნის მკვიდრებს, კარგი არაფერი გველოდება.

ხათუნა ჩიგოგიძე