"ყველანაირი ურთიერთობა გადახაზეს, სინდისზე ხელი აიღეს" - გზაპრესი

"ყველანაირი ურთიერთობა გადახაზეს, სინდისზე ხელი აიღეს"

"ვიღაცები" თურმე სერიოზულად ჩალიჩობენ და ტელევიზიებში მბლოკავენ. არა მარტო სერიალებში, გადაცემებშიც... "ცუდას რად უნდა მტერობაო" - მე ეს არ მამშვიდებს. უკვე ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა და ძალიან მწყინს, თუმცა თქვენნაირები იმარჯვებენ, ფაქტია, გილოცავთ!" - სოციალურ ქსელში სტატუსის ავტორი ეკა ჩხეიძე გახლავთ. იმის გასარკვევად, თუ ვინ ან რამ გაანაწყენა მსახიობი? - მას დავუკავშირდი. თავდაპირველად ინტერვიუს ჩაწერაზე უარი მითხრა, მაგრამ მელაპარაკა იმაზე, რაც მისი გულისტკენის მიზეზი გახდა. ბოლოს კი ჩვენი დიალოგის ამ ფორმით დაბეჭდვაზე დამთანხმდა.

- ეს პოსტი ძალიან გაღიზიანებულმა დავწერე. ალბათ არ უნდა დამეწერა, რადგან არა მგონია, რაიმე გამოსწორდეს, ვინმეს გული შეუწუხდეს ან შერცხვეს. მსგავსი უსამართლობა ხშირად ხდება და არა - მხოლოდ ჩემს თავს. ტელევიზიებში კლანებია, ერთმანეთს ასაქმებენ. არასდროს ვყოფილვარ ის ადამიანი, რომელიც დახურულ კარზე აკაკუნებს და შეშვებას ითხოვს. ძალიან ცუდია, როცა კარს ცხვირწინ გიკეტავენ, გაკეთებული საქმე რომ გიფუჭდება; როცა სიტუაცია მაშინ იცვლება, ყველაფერი გარკვეული რომ გგონია. ლაპარაკი იყო გადაცემაზე, რომელიც უნდა დაწყებულიყო და სერიალზე, რომელიც უნდა ჩაშვებულიყო, მაგრამ... როცა შენს ნაცვლად, სხვა ამბობს, "ეკას არ სცალია", გეკითხებით, ამას რა ჰქვია? ალბათ თავისი ხალხი ჰყავთ. გასაგებია, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს რამდენჯერმე? როცა ყველა მხრიდან გზა გეკეტება, მერე ფიქრობ, რომ გებრძვიან ან როგორც კონკურენტი, არ აწყობ, ან რაღაცის გამო სამაგიეროს გიხდის. ფაქტია, მიზეზი არსებობს. თურმე არ დავთანხმდი კონკრეტულ გადაღებას იმიტომ, რომ არ მეცალა.

- სიტუაციაში გარკვევა არ გიცდიათ?

- ის გადაწყვეტილების მიმღები პირი ამბობს, ასეთი ინფორმაცია მქონდაო. ზუსტად რა და როგორ მოხდა, ამას არც არასდროს მეტყვიან. ვიღაცას არ აწყობდა, ვიღაცას თავისიანის ჩატენა უნდოდა - ეს პირველად არ ხდება.

- ინტრიგები თეატრისთვისაც არ არის უცხო.

- მართალია, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, ამ ინტრიგებისგან შორს ვიყო.

- ამას როგორ ახერხებთ?

- მერე მე ჩემს კოლეგებთან ურთიერთობას ვეღარ ვაგრძელებ, ინტრიგების ქექვა და გარჩევა ჩემი საქმე არ არის და მეორე დღიდან ვითომ არაფერი მომხდარა, ამის თამაში არ შემიძლია. ორი თეატრის დასში ვარ და კრებებზეც კი არასდროს დავდივარ, რადგან იქ მუდამ ხდება გარკვეული საკითხის გარჩევა. ამ დროს შეიძლება ისეთ რამეს მიხვდე, ინფორმაციაც არ მინდა მქონდეს, არ მინდა ვიცოდე. მერე ადამიანებთან ვეღარ ვურთიერთობ. ამიტომ ბევრ ამბავს წლების შემდეგ ვიგებ და მერე გაკვირვებულები მეკითხებიან, შენ ეს არ იცოდიო? არც დამიშვია, ის თუ მოხდებოდა. გაოცებული ვარ, ხალხი დროს, ენერგიას, ნერვებს რაში ფლანგავს?! არ აჯობებს, ეს ყველაფერი სცენაზე დახარჯო? ახლა ვინც უფრო წინ ჩახტება, სხვას გადაახტება, მეტს აღწევს. მე ასე მოქცევა არ მასწავლეს. არასდროს არავისთვის არაფერი მომითხოვია, არავის შევძრომივარ, არასდროს არავისთვის არაფერი წამირთმევია.

GzaPress

- ის ადამიანები, რომლებმაც გული გატკინეს, ალბათ ამ ინტერვიუს წაიკითხავენ. მათ რას ეტყვით?

- ყველა ისე ცხოვრობს, როგორც სწორად მიაჩნია; ყველა ისე მოქმედებს, როგორც მიჩვეულია. მათ ვერაფერს ვეტყვი. მე სხვაგვარად გამზარდეს, სხვა რამეები მასწავლეს. ის, რაც ამორალურობა და უსინდისობაა, ვერასდროს გავაკეთებ, მათი მსგავსი ვერასდროს გავხდები, საქმის გარჩევას არც დავუწყებ. მაშინ მათნაირად უნდა ვაზროვნებდე, ვფიქრობდე, ვცხოვრობდე... მე ეს ყველაფერი რომ შემეძლოს, სხვა ადამიანი ვიქნებოდი, დღეს სხვაგან ვიქნებოდი და ეს პრობლემაც არ მექნებოდა.

- ვინაობას არ ასახელებთ, მაგრამ ეს ადამიანები თქვენთვის ახლობლები არიან?

- ერთ-ერთი თავს ჩემს მეგობარს უწოდებს. ისეთ "მეგობრობას" მიწევს, რომ ვერც კი ვიფიქრებდი. აი, ესაა... (პაუზის შემდეგ) უკვე არავისგან არაფერი მწყინს. ამიტომ დავწერე, გილოცავთ-მეთქი, გაიმარჯვეს.

- ეს ხომ დროებითი მდგომარეობაა.

- უკვე ამ კატეგორიის ხალხთან ურთიერთობის სურვილიც აღარ მაქვს. ალბათ მათი სურვილიც ეს იყო, მეთქვა, თქვენი დანახვა აღარ მინდა-მეთქი. მართლა არ მინდა, არ შემიძლია. ადამიანებთან, რომლებთანაც ვმუშაობ, კომფორტში უნდა ვიყო. საქმის კეთებისას, ურთიერთობა თუ არ არის, ტანდემი თუ არ შედგა, ეს ხარისხზეც მოქმედებს.

- პანდემიამ თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობა შეცვალა. საკუთარ თავთან მარტო დარჩენის, ფიქრის მეტი დრო გაჩნდა, ღირებულებები, შეხედულებები შეგეცვალათ? რამე ისეთზე თუ დაფიქრდით, რაზეც აქამდე ყურადღება არ გაგიმახვილებიათ?

- ყველაფერმა მატერიალურმა ფასი დაკარგა და მგონი, მთელი მსოფლიო მივიდა ამ დასკვნამდე. ადამიანს რაც შეიძლება ძვირფასი გაგაჩნდეს, ეს ურთიერთობებია, ახლობელი ადამიანების, ოჯახის წევრების სიყვარული. შეიძლება გქონდეს გადასარევი სახლი, მანქანა, იახტა, კიდევ ბევრი მატერიალური სიკეთე, მაგრამ უხილავი ვირუსის გამო, ერთ წუთში ეს ყველაფერი არაფრად გექცეს. შეიძლება, ხვალ აღარც იყო. მთავარი ჯანმრთელობაა, ადამიანური ურთიერთობები, სითბო, სიყვარული. მსოფლიოს მოერია ეს უხილავი რაღაც, მთელი დედამიწა გააჩერა და ყველაფერმა ერთ წუთში ფასი დაკარგა. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ხელოვნურად არის შექმნილი თუ ბუნებრივად ჩამოყალიბდა, ფაქტია, არსებობს და ჯანმრთელი თუ არ ხარ, წლების განმავლობაში შექმნილს, არაფრად გიქცევს. ამიტომ სულ ვცდილობ, მშობლებთან, შვილებთან უფრო ახლოს ვიყო, ჩემ გარშემო მხოლოდ სითბო და სიყვარული ტრიალებდეს. არ მინდა ვინმესთან კონფლიქტში შევიდე, ამაზე დროის, ენერგიის და ნერვების დაკარგვას არც ვაპირებ. არავინ ღირს იმად, რომ ჩემი ნერვიული უჯრედები შევწირო, მაგრამ საწყენია... ვეცადე, ძალიან რბილად დამეწერა. ამ შემთხვევაში, მხოლოდ ერთ ადამიანზე არ მაქვს ლაპარაკი. თურმე შეიძლება დარტყმას ყველა მხრიდან ელოდო. ალბათ ამ პანდემიამ არანორმალურმა სიტუაციამ გამოიწვია პანიკა ადამიანებში და შიშიც, ვაი, ხვალ რა იქნება და ჩაფრენილი არიან ყველაფერს, ყველანაირი ურთიერთობა გადახაზეს, სინდისზე ხელი აიღეს.

- ეს ხომ მათ არ ამართლებთ.

- ვცდილობ, მათ გასამართლებლად რაღაც მოვძებნო. ჩაფრენილნი არიან და რა სახით მიითვისებენ "ნადავლს", მათთვის ამას მნიშვნელობა აღარ აქვს.

- ყველაზე მეტად რა გენატრებათ?

- დღეს ისეთი სიტუაციაა, ჩემს მონატრებაზე აღარც ვფიქრობ... დაკარგული დრო მენანება. როგორ შეიძლება, ჩემი საქმე არ მენატრებოდეს, მაგრამ დღეს სპექტაკლი კი არა, ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლის გაფრთხილებაა უმთავრესი. საშიშროება არსებობს და ეს რომ ავიცილოთ, არ უნდა იყოს შეკრებები. ჯერ კიდევ ინფიცირების დიდი ციფრი გვაქვს, ეს პერიოდი როგორმე უნდა გადავაგოროთ. მე რომ სპექტაკლის სათამაშოდ წავიდე და მერე შინ ვირუსი ჩემს მშობლებს ან შვილებს მივუტანო, ასეთი თამაში მინდა? როცა თეატრი არ ფუნქციონირებს, მინდოდა რაღაც სხვა გამეკეთებინა, რაც შემეძლო, მაგრამ იქამდე არ მიმიშვეს.

თამუნა კვინიკაძე