"თვალები ჩემი სავიზიტო ბარათია" - გზაპრესი

"თვალები ჩემი სავიზიტო ბარათია"

მარიამ შენგელია 18 წლისაა. პირველად ფართო საზოგადოების წინაშე 2018 და 2019 წლებში გამოჩნდა მუსიკალურ პროექტებში: "იქს ფაქტორი" და "საქართველოს ვარსკვლავი". გამოცდილება, რომელიც ახალგაზრდა მომღერალმა მიიღო, საკუთარი თავის განვითარებისთვის გამოიყენა და სამომავლოდაც გეგმავს, პროფესიული ცხოვრება მუსიკას დაუკავშიროს.

- ოჯახში მუსიკით დაკავებული მხოლოდ მე ვარ. არც წინაპრებში მყოლია ვინმე მომღერალი. ძალიან კომუნიკაბელური ბავშვი ვიყავი და დღემდე ასეთი ვარ - მარტივად შევდივარ ადამიანებთან კონტაქტში. როგორც მიყვებიან, 2-3 წლიდან მიყვარდა ტელევიზორის წინ ჯდომა და სიმღერებს ავყვებოდი ხოლმე. მამა ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. 5 წლისა სიმღერაზე მიმიყვანეს. მქონდა კონცერტებიც, მაგრამ პირველად დიდ სცენაზე 13 წლის ასაკში დავდექი და ეს იყო "იქს ფაქტორში". კომპლექსები და დიდი სცენის შიში მქონდა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, მამას თხოვნით, ამ პროექტში მოვხვდი, რამაც დიდი წარმატება მომიტანა. ხალხმა გამიცნო, მსმენელის სიყვარული დავიმსახურე და დროთა განმავლობაში, დიდი სცენის კომპლექსებიც დავძლიე.

- სკოლა დამთავრებული გაქვთ, ხომ?

- დიახ, სკოლა დავამთავრე, თუმცა იმავე წელს კონსერვატორიაში ჩაბარება ვერ შევძელი, რადგან "ევროვიზიაზე" გამგზავრება მქონდა გეგმაში. ჩემი მიზანია კონსერვატორიაში სწავლა. ძალიან მიყვარს, რასაც ვაკეთებ. მგონია, ადრეულ ასაკში შევძელი ჩემი თავის პოვნა ამ კუთხით და ამიტომ მინდა, პროფესიად ვაქციო. რაც შეეხება "ევროვიზიას": როცა ვმონაწილეობდი პროექტში "საქართველოს ვარსკვლავი", სადაც ასე ვთქვათ, ჩემი კონკურენტი იყო თორნიკე ყიფიანი. პროექტის დასრულების შემდეგ, როცა მან "ევროვიზიაზე" გასამგზავრებლად სიმღერის მომზადება დაიწყო, დამიკავშირდა და მისი სიმღერის ერთ-ერთი ბექ-ვოკალისტი გავხდი, მარიკო ლეჟავასა და ალეკო ბერძენიშვილთან ერთად. საინტერესო სამუშაო იყო და ვფიქრობ, პანდემიას რომ არ შეეშალა ხელი, კარგი შედეგიც გვექნებოდა. თუმცა, სამწუხაროდ, წლევანდელ "ევროვიზიაზე" ის სიმღერა ვეღარ გაგვაქვს. ახალზე უკვე ვმუშაობთ და "ევროვიზია 2021"-ისთვის ვემზადებით... პარალელურად, კონსერვატორიაში ჩასაბარებლად მიწევს მზადება, ვაბარებ მუსიკის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე.

- საავტორო სიმღერებს ხომ არ წერთ?

- არა, ეს ცოტა რთულია (იღიმის). ჯერჯერობით არ მიცდია, თუმცა, ვფიქრობ, საბოლოო მიმართულება - ეს საკუთარი მუსიკა და საავტორო სიმღერებია.

GzaPress

- პანდემიის დროს, მას შემდეგ, რაც არსებული რეალობის გამო კონტაქტები შეგვეზღუდა, რით ხართ დაკავებული და რამე ახალი ნიჭი ხომ არ აღმოაჩინეთ საკუთარ თავში?

- სიმართლე გითხრათ, ჩემი ყველა ინტერესი თუ ჰობი მხოლოდ მუსიკასთან არის დაკავშირებული, აქედან გამომდინარე, ამ პერიოდში ძალიან დიდი დრო გვაქვს საკუთარ თავზე მუშაობისთვის. მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემი ვოკალური შესაძლებლობები განვავითარო.

- საზღვარგარეთ ბევრი მუსიკალური შოუა. ხომ არ გეგმავთ იქაც თავის გამოცდას?

- რა თქმა უნდა, კონკურსები ძალიან კარგია იმისათვის, რომ თავი დაიმკვიდრო, გამოჩნდე, საზოგადოებას თავი გააცნო და ა.შ. კონკურსებმა ძალიან გამზარდა, ხალხის დიდი სიყვარული დავიმსახურე, მაგრამ ამავდროულად, ეს ყველაფერი ძალიან სანერვიულო და სტრესულია. ყველა "ლაივი" განსაკუთრებული ემოციით არის სავსე. სცენაზე ჩანს, რომ ძალიან თავისუფლად და ბედნიერად ვართ, მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა ბევრი სირთულეა. ემოციურად ყველა გადაწყვეტილებისთვის წინასწარ მზად უნდა იყო და გააზრებული გქონდეს, რომ შეიძლება პროექტი ნებისმიერ დროს დატოვო. პირველად, როცა "იქს ფაქტორში" ვმონაწილეობდი, არ ვიყავი საამისოდ მზად (მაშინ ნახევარფინალში გავედი) და ყველა "ლაივის" ბოლოს, როცა ვინმე პროექტს ტოვებდა, სულ ვტიროდი. ამ ყველაფერმა გამოცდილება მომცა და დღეს უკვე თამამად შემიძლია ემოციების კონტროლი, ყოველ შემთხვევაში, ნერვიულობა სიმღერაში ხელს აღარ მიშლის.

- უძილობა, უმადობა და მსგავსი თვისებებიც ახასიათებთ კონკურსის მონაწილეებს. ეს თუ ახლდა ამ პროექტებს?

- უძილობა ჩემთვის დღესაც დიდი პრობლემაა (იღიმის). თუმცა, ამის გამო არასდროს დავზარალებულვარ; როცა საპასუხისმგებლო დღე მაქვს, მაქსიმალურად მზად და მობილიზებული ვარ.

- "რუსთავი 2"-ის საახალწლო ეთერში, საშობაოდ, თქვენი და ანდრია გველესიანის სიმღერის პრემიერა გაიმართა. ეს თქვენი პირველი დუეტი იყო, რომელსაც ბევრი კარგი შეფასება მოჰყვა...

- დიახ, ეს ჩვენი პირველი დუეტი იყო. საინტერესო გახლდათ ანდრიასთან მუშაობა და ვთვლი, რომ ძალიან კარგი ნომერი გამოვიდა.

- კიდევ რომელ მომღერლებთან ისურვებდით დუეტის ჩაწერას?

- ჯესი ჯეისთან. ვაფრენ ამ მომღერალზე! საქართველოში რომ იყო ჩამოსული, რა თქმა უნდა, კონცერტზე ვიყავი და პირველ რიგებში ვიდექი. ჩემთვის ძალიან ემოციური დღე იყო. მის ყველა ნამღერზე ვტიროდი (იღიმის). რაც შეეხებათ ქართველებს, დიდი სიამოვნებით ჩავწერდი დუეტს ნინო ქათამაძესთან.

- მარიამ, გარდა ვოკალური მონაცემებისა, ხშირად უსვამენ ხაზს თქვენს გარეგნობასაც. როგორ ფიქრობთ, რამდენად გეხმარებათ და რამდენად არის სილამაზე მნიშვნელოვანი მუსიკალურ კარიერაში?

- ჩემი აზრით, გარეგნობა ყოველთვის და ყველგან ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანი შეიძლება სიმღერაში ვერ ერკვეოდეს, მაგრამ ყურადღებას აქცევს გარეგნობას, ჩაცმას, ვარცხნილობას, მაკიაჟს. ამიტომ, ჩემთვის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის სიმღერა და მისი შესრულება, მაგრამ ამავდროულად, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ სცენაზე რა მაცვია და როგორ გამოვიყურები. "წიკები" მაქვს, რაც უნდა იყოს, კონცერტზე ერთი და იმავე სამოსით ვერ გავდივარ.

- ვინმეს გემოვნებას ითვალისწინებთ თუ თავად ზრუნავთ ამ საკითხზე?

- თავად ვზრუნავ. სამოსს ძირითადად ვყიდულობ. რაც შეეხება მაკიაჟს, რა თქმა უნდა, ტელევიზიაში პროფესიონალები მიკეთებენ, მაგრამ ეს უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა და უკვე თავადაც კარგად ვფლობ ამ საქმეს. კარანტინის პერიოდშიც ვცდილობდი ამ კუთხით მეტი მესწავლა.

- ცისფერი თვალები გენებით ვისგან გერგოთ?

- (იღიმის) მეგრელები ვართ და ოჯახში ყველას ღია ფერის თვალი გვაქვს: დედის მხრიდან ყველას ცისფერი თვალები აქვს. მგონი, ჩემი მომწვანო უფროა, ქამელეონი. თვალები ჩემი სავიზიტო ბარათია (იღიმის).

- ნამდვილად, ფერიც და ზომაც - დიდი და ლამაზი ფორმის თვალები გაქვთ. დედმამიშვილი გყავთ?

- მყავს 15 წლის ძმა, ჩვენ შორის სამი წელია სხვაობა. ფეხბურთელია. არ მღერის.

- ამ წლების განმავლობაში თქვენთვის ყველაზე დიდი სიხარული რომელ პროექტს ან კონცერტზე გამოსვლას მოუტანია?

- პირველი ყოველთვის დასამახსოვრებელია, ამიტომ ეს იყო "იქს ფაქტორი", რომლის ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ამ შედეგს ნამდვილად არ ველოდი. ამიტომ ჯერჯერობით სწორედ ამ გამოსვლამ მომიტანა ყველაზე დიდი სიხარული.

- გამოხმაურებაზეც გკითხავთ. უმთავრესად დადებითი კომენტარები იწერება თქვენი მისამართით, თუმცა, ყოველთვის გამოერევა საპირისპიროც. ეცნობით შეფასებებს?

- ხალხის აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ სპეციალურად საამისოდ დრო არ მაქვს გამოყოფილი. დროდადრო ვკითხულობ და მგონია, რომ დადებითი და უარყოფითი კომენტარები დოზირებულად აუცილებელია, მაგრამ ამავდროულად, ისიც ვიცი, ყოველთვის ყველას მოსაწონ საქმეს ვერ გააკეთებ და რომ ყოველთვის იქნება ადამიანი, რომელიც შენზე უარყოფითს იტყვის. რეალურად ყველას ხომ ვერ მოეწონები (იღიმის)?!.

ანა კალანდაძე