"ცნობილ ოჯახებს ჭორები თან სდევს"... - გზაპრესი

"ცნობილ ოჯახებს ჭორები თან სდევს"...

ცნობილი და უამრავი ადამიანისთვის საყვარელი საესტრადო მომღერალი, სახალხო არტისტი და თბილისის საპატიო მოქალაქე - თემურ წიკლაური 22 იანვარს 75 წლის ხდება. მოგეხსენებათ, ამჟამად ბატონი თემური კორონავირუსს ებრძვის. მისი გამოჯანმრთელებისთვის ბევრი ადამიანი ლოცულობს... ჩვენ თემურ წიკლაურის ქალიშვილს - ქალბატონ ქეთევანს ვესაუბრეთ.

- ამჟამად ბატონი თემურის ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია?

- საკმაოდ მძიმე სიტუაციაა, მაგრამ არა - კრიტიკული და კატასტროფული. სტაბილურობა ის საფუძველია, რომელიც მის ოჯახს და ცხადია, მის მსმენელებსაც დიდ იმედს გვაძლევს. უბრალოდ, დროა საჭირო, რომ გამოჯანმრთელდეს.

- საზოგადოებისგან, ბატონი თემურის გულშემატკივრებისგან როგორ დამოკიდებულებას გრძნობთ?

- საოცარს! საერთოდ, ასეთი დამოკიდებულება მთელი ცხოვრება თან გვდევს. ამ ოჯახში დავიბადე და ბავშვობიდან, ჩემი ცხოვრების გააზრებული წუთებიდან ამას ვხედავ, ამის მომსწრე ვარ, რაც ენით აღუწერელი სიხარული და სიამაყეა. მართლა ძნელია, ამას გულგრილად შეხედო. ცხადია, ზოგჯერ გადამეტებული ყურადღება და ისეთი აჟიოტაჟია, რასაც ჭორები მოჰყვება. ამის მაგალითი ცოტა ხნის წინ გვქონდა... უმეტესად, ხალხისგან სიყვარულს, გულთბილ დამოკიდებულებასა და მხარდაჭერას ვგრძნობთ, მაგრამ სხვანაირი ხალხიც ხომ არის?!. ამიტომ ეს ყველაფერი, ერთმანეთში არეული, ზოგჯერ რთულია... ძირითადად, ეს მაინც უზარმაზარი ბედნიერებაა. ამ პერიოდშიც, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როგორ უყვართ თემური. სხვათა შორის, ამდენი კეთილი სურვილი, მხარდაჭერა, ლოცვა ნამდვილად ძლიერ იმპულსს, ისეთ აურას ქმნის, რომ ამის გამო მამას და მის ორგანიზმს გამოჯანმრთელების მეტი პოტენციალი ექნება, რადგან ხალხის სიყვარული ასე უბრალოდ არ ქრება, სადღაც კოსმოსში ხომ არ გაიფანტება?! მგონი, ამდენი ლოცვა შედეგს ნამდვილად გამოიღებს.

- როგორც ვიცი, ვიდრე ბატონ თემურს მართვით სუნთქვაზე გადაიყვანდნენ, მისთვის უთქვამთ, - საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები თქვენთვის ლოცულობენო და ცრემლები წამოსვლია...

- კი, ცრემლები წამოუვიდოდა. ისეთი კეთილი გული აქვს, თავისი პიროვნული თვისებებით ისეთი ადამიანურია, რომ ამაში ეჭვი არ მეპარება. ძალიან გულჩვილია. მით უმეტეს, ხალხის მიერ სიყვარულის ასეთ გამოხატვაზე გულგრილი ვერასოდეს რჩება. კონკრეტულად ეს ფაქტი არ ვიცი, როდის, როგორ მოხდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ასე იქნებოდა - იტირებდა...

- პირად ურთიერთობებში, მშობლის ამპლუაში როგორია ბატონი თემური?

- ყოველთვის ლოიალურები იყვნენ. ისე მექცეოდნენ, როგორც პიროვნებას. ჩემს სურვილებს, აზრებს, დამოკიდებულებებს პატივს სცემდნენ, თანატოლივით მეპყრობოდნენ... მამა უზომოდ მზრუნველი, უკეთილშობილესი, ყურადღებიანი, ძალიან უბრალო ადამიანია. როგორც ვხედავ, დღესდღეობით ასეთი ადამიანობა თანდათან იშვიათი ხდება... დიდი იუმორის პატრონია და საოცარი სიცილი ახასიათებს - ისეთი, რომ როცა ხარხარს დაიწყებს, ძნელია, თავი შეიკავო და შენც სიცილი არ დაიწყო. ძალიან მეგობრული, გონებაგახსნილი, თანამედროვეა (იღიმის)... ღმერთისგან ბოძებული ნიჭის პატრონი თავისთავად, საინტერესო პიროვნებაა. ამ ოჯახის ნაწილი ვარ, მაგრამ ჩემი პიროვნული თვისებების საფუძველზე, შემიძლია "გარედან" ვუყურო ამ ოჯახსაც და იმ ანსამბლსაც, სადაც მეც აქტიურად ვმოღვაწეობდი (ახლა - ნაკლებად, საერთო სიტუაციის გამო). ბედნიერი ვარ, რომ ერთი ოჯახი ვართ.

GzaPress

- თქვენი პროფესიული არჩევნის მიმართ მამამ როგორი დამოკიდებულება გამოავლინა?

- ერთი და იმავე პროფესიის წარმომადგენლები ვართ. კონსერვატორიაში, მუსიკისმცოდნეობას ვსწავლობდი, მერე - უცხო ენების ინსტიტუტში. მამასაც უცხო ენების ინსტიტუტი აქვს დამთავრებული. მერე ისე მოხდა, რომ ისევ სცენას, ესტრადას დავუბრუნდით. ვერ გეტყვით, რომ მშობლები ჩემს გადაწყვეტილებას საოცარი ზეიმით შეხვდნენ - უი, ქეთიც ჩვენთან მოდის სცენაზეო!.. მოგეხსენებათ, არტისტის ცხოვრება ურთულესია - სულ სიტუაციაზე ხარ დამოკიდებული. უფრო ადვილია, რომ მაგალითად, კლერკი იყო, ყოველდღე ოფისში დადიოდე და თვეში ერთხელ ხელფასს იღებდე, - ის მაინც გეცოდინება, რომ შიმშილით არ მოკვდები, პურის ფული გექნება... მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, მშობლებს ჩემი არჩევანი მაინც გაუხარდათ. დინასტიები ხომ არსებობს, მაგალითად - ექიმების?! ასე რომ, თაობიდან თაობაში გადადის გენის მუხტი, გამოცდილება... მიმაჩნია, რომ უბრალოდ, მშობლებმა იგრძნეს - მეც "მათიანი" ვარ და უკვე ხელი ჩაიქნიეს (იღიმის). კულისებში გავიზარდეთ მე, გია ბაღაშვილი და ანსამბლის სხვა წევრების შვილები... ბანდიტებივით დავქროდით (იცინის). ჩემთვის ჟურნალისტებს ხშირად უკითხავთ: როცა ნომერს ამზადებდით, მშობლები შენზე ზეგავლენას ახდენდნენო? ბატონ თემურს და ქალბატონ ლილის პირადად რომ იცნობდეთ, მიხვდებოდით - ასეთი ტირანია გამორიცხულია, რადგან საოცრად გონიერი ადამიანები და მაგარი პიროვნებები არიან. მამას შეეძლო, თავისი აზრი იდეურად გამოეთქვა, დედას ჩემთვის გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით რჩევა მოეცა ან სასცენო კოსტიუმი ერთად გაგვეკეთებინა. ისე, ყოველთვის ჩემი გემოვნებით, აზრით ვმოქმედებდი, თუ ჩემს სოლო ნომერზეა საუბარი, თორემ "ივერიის" სექტაკლებსა და კონცერტებში, რა თქმა უნდა, უფრო დიდი ავტორიტეტები იყვნენ, ვისი აზრიც პირველ რიგში გვაინტერესებდა და გვინდოდა გაგვეზიარებინა.

- მუსიკალური ნიჭი თქვენს შვილსაც აღმოაჩნდა? ისიც მუსიკის სფეროში მუშაობს?

- კი. უბრალოდ, იცით, რა ხდება? მუსიკამ ახლა სახეცვლილება განიცადა, უამრავი ჟანრი გამოჩნდა. ელექტრონული მუსიკა ძალიან პოპულარულია. უამრავი განშტოება აქვს. ანდრია ამ სფეროში საკმაოდ ავტორიტეტიანია. მივიჩნევ, რომ უნიჭიერესია, - არა იმიტომ, რომ დედა ვარ, არამედ - ამ სფეროს ვიცნობ და საერთოდ, მუსიკას თვალყურს ვადევნებ, აზრი მომეკითხება (იღიმის). ანდრია ძალიან შემოქმედებითი ბავშვია. ჯერ ერთი, მამისგან უდიდესი ნიჭი მოსდევს, დნმ-ის დონეზე და ცხადია - ჩვენი მხრიდანაც: მუსიკას წერს, უკვე რამდენიმე ალბომი აქვს გამოცემული. ახლა თანამედროვე მუსიკოსები თითქოს იმ პერიოდს დაუბრუნდნენ, როცა ვინილების ხანა იყო. ანდრიასაც ვინილები აქვს გაკეთებული, დისკები, კასეტები... მისი ნამუშევრები განთავსებულია ინტერნეტში... ახლა სიმღერების წერა დაიწყო, ასევე წერს პოეზიას, პროზას, ხატავს...

- ბატონ თემურს თუ მოსწონს ის მუსიკალური ჟანრი, რომელშიც ანდრია საქმიანობს?

- ანდრია თავის მუსიკას სულ ასმენინებს. შემდეგ ველოდები, ჩემი მშობლები როგორ კომენტარს გააკეთებენ. ორივე, დედაც და მამაც, ერთსა და იმავეს ამბობენ, - აქ ცოტათი მელოდია რომ "შეიყვანო", აქ - ჰარმონიაო?.. ისინი 70-90-იან წლებში მოღვაწეობდნენ, როცა ნამდვილად საოცარი მუსიკა იქმნებოდა მთელ მსოფლიოში, ამიტომ არ მიკვირს. მეც იმ საუკუნის შვილი ვარ... ჩემმა მშობლებმა ანდრიას შემოქმედებას ახლა უფრო და უფრო გაუგეს. თავდაპირველად არ ესმოდათ - მხოლოდ ბაგაბუგი ეგონათ, თუმცა, ანდრიას შემოქმედებამაც სახეცვლილება განიცადა: ახლა უფრო მედიტაციურ, კოსმოსურ ნაწარმოებებს ქმნის, სადაც მეტი ჰარმონია და მელოდიაა. ასე რომ, მოსწონთ და ძალიან ამაყობენ.

- დეზინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ საიდან გავრცელდა, თუ იცით?

- ცნობილ ოჯახებს ჭორები თან სდევს. ჩვეულებრივ ხალხზეც ბევრს ჭორაობენ, ადამიანთა ნაწილის ბუნება ასეთია... მაგალითად, ბავშვი ვიყავი, ჯერ სცენაზეც არ გამოვდიოდი, როცა "მომკლეს". მახსოვს, ჩემი მეგობრები შეშინებულები მოვიდნენ - კარზე ზარი ძლივს დარეკეს, კანკალებდნენ. მაშინ ის ჭორი საიდან აგორდა, არ ვიცი. მამასთან დაკავშირებული ჭორი რომ გავაანალიზე, ვფიქრობ: მის მიმართ საზოგადოების ძლიერი ინტერესია, რადგან ხალხისთვის საყვარელი, გამოჩენილი პიროვნებაა. მამას ბევრი მეგობარი ჰყავს, ვისაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ადარდებს... "გაფუჭებული ტელეფონის" პრინციპია: ვიღაცამ ვიღაცას უთხრა, ასეთი მდგომარეობააო და დაწერეს, რომ ბატონი თემური რეანიმაციაში, ხელოვნური სუნთქვის აპატარტზეა. ეს უკვე საკმარისი აღმოჩნდა, რომ ვიღაცას არასწორად გაეგო. უბრალოდ, იცით, რა არ მესმის? გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოქვეყნება რა ეთიკა, ლოგიკა, ადამიანობაა, მით უმეტეს - ჟურნალისტისგან, როდესაც ოჯახში არ დაგირეკავს, ექიმს არ გასაუბრებიხარ?! ეს უფრო ცივილიზებული ქვეყანა რომ იყოს, ისინი ღირსები არიან, ვუჩივლოთ... უამრავი ადამიანი ანერვიულეს, ზოგს "სასწრაფოს" დახმარება დასჭირდა, ისეთ დღეში იყო... ვინც დეზინფორმაციას "პოსტავდა", აზრად არ მოსვლია, ოჯახზე ეფიქრა. ვინმემ ასეთი რამ მათი ოჯახის წევრის შესახებ რომ დაწეროს, ალბათ მაშინ მიხვდებიან, რომ პროფესიის გარდა, უბრალოდ, არსებობს ადამიანობა, მათ კი პროფესიაშიც და ადამიანობაშიც დიდი "გარღვევა" მოუვიდათ იმ დღეს...

- თქვენც ძალიან ინერვიულებდით, არა?

- საბედნიეროდ, ეს კოშმარული ტალღა ამცდა, რადგან მეგობარმა, ვინც მთავარ ექიმს ეკონტაქტება (ექიმები, ვისაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვაწუხებთ, განაწილებული გვყავს) მოასწრო, ჩემთვის ეთქვა, რომ დეზინფორმაცია გავრცელდა. მანამდე არც ტელევიზორში მომისმენია, არც "ფეისბუკზე" მინახავს. თან, ნახევარი საათით ადრე ექიმს ვესაუბრეთ. გვითხრა, სტაბილურადააო... მაგრამ ეს ამბავი სხვა მხრივ შემეხო: მთელი საღამო წერილებსა და ზარებს ვპასუხობდი, გაოგნებულ ხალხს ვაწყნარებდი: ზოგი ტიროდა, ზოგი - მოთქვამდა, მისამძიმრებდა... წარმოიდგინეთ, ეს როგორი სტრესია, არადა ვიცოდი, რომ ყველაფერი რიგზეა: მამა ცოცხალია და სტაბილურადაა.

- ბატონ თემურს მალე გამოჯანმრთელებასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ!

- დიდი მადლობა! მის კეთილის მსურველებს, ვინც გულით დარდობს და მამას ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებთ, ვეტყვი, რომ დღესდღეობით სტაბილურ სიტუაციაშია, - გამოჯანმრთელებისკენ პატარა ნაბიჯებით მივდივართ. ბატონი თემური მათ კვლავ უმღერებს თავისი ომახიანი ხმით, მე, დედიკო, ანდრია და ყველა ახლობელი კი - გულში ჩავიხუტებთ... მამას დაბადების დღეს ვულოცავ და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!..

ეთო ყორღანაშვილი