"ჩემი ისე არავის ესმის, როგორც ჩემს დედოფალს..." - გზაპრესი

"ჩემი ისე არავის ესმის, როგორც ჩემს დედოფალს..."

"პოპულარობა რომ მაინტერესებდეს, ქრისტეს სიტყვების ამოხსნას არ დავიბრალებდი", - გვითხრა მომღერალმა, მუსიკოსმა, პოეტმა და რეჟისორმა გია ნიკოლაძემ. თურმე, ზოგს ჰგონია, რომ ის ქრისტიანულ სარწმუნოებას ცუდი თვალით უყურებს. არადა, საკუთარ თავს ჭეშმარიტ ქრისტიანად მიიჩნევს...

- რამდენიმე სიტყვით გვითხარით, როგორი ადამიანი ხართ?

- ჩვეულებრივი, ქრისტიანი, კეთილი... ადამიანის ცუდისთვის გამეტება არ გამომდის. რაკი უფლება არ მაქვს, ადამიანები ცუდისთვის გავიმეტო, ეშმაკს, რომელიც ყველა ჩვენგანშია, ადვილად დასაჩაგრი ვგონივარ. ამიტომ კონფლიქტი ხშირად მიწევდა...

- როგორ ფიქრობთ, ადამიანი ნამდვილ სახეს როდის ავლენს?

- გაჭირვებაში და მაშინ, როცა განძს იპოვის.

- როგორ სიზმრებს ხედავთ?

- წინასწარმეტყველურს. მაგალითად, დამსიზმრებია, რომ უნდა მეჩხუბა ან ვინმე გარდაცვლილიყო და ახდენილა... სიზმარს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რადგან ბიბლიაშიც წერია, რომ სიზმარი ნამდვილია, ნაღდია... ადამიანი 2 ცხოვრებას გადის - როცა სძინავს და როცა ღვიძავს.

- დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად ვის ესაუბრებით?

- ამ ბოლო დროს მივხვდი, რომ ბუნებასთან ერთად, ქრისტესაც ვესაუბრები, რომელიც ყველა ჩვენგანშია.

- თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად რას მიიჩნევთ?

- იმას, რომ საკუთარი თავი და კაცობრიობა შევიცანი; თავად ვართ ის ეშმაკები, რომლითაც ერთმანეთს ვაშინებთ, - ეშმაკები ჯოჯოხეთში დაგვხვდებიანო... ეშმაკები ვართ ღვთის სხვა შვილებისთვის, ცხოველებისთვის, დედამიწაზე მცხოვრები სხვა არსებებისთვის... როცა ამას შევიცნობთ, შეცნობილები გავხდებით, როგორც ამას ქრისტე ამბობს და ძალიან მაგარი ეპოქა დაიწყება... კიდევ, ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა ის არის, რომ დედამიწა ღმერთად შევიცანი. ვიცი, სირთულეების გავლა მომელის, მაგრამ გავივლი - ვერაფერი შემაჩერებს, თავიდან ბოლომდე მივყვები...

- დედამიწა და მისი ბინადრები ასე ძალიან რომ გიყვართ, საინტერესოა, ცხოველებს, ფრინველებს საკვებად თუ იყენებთ?

- ისეთ ფიქრებში ვარ, რომ ნელ-ნელა ხორცის ჭამას თავს ვანებებ... იცი, ცხოველები როგორ ფსიქოლოგიურ სტრესში არიან?.. სანამ ადამიანები ვართ, მანამდე უნდა მივხვდეთ, რომ დედამიწის სხვა მკვიდრებისთვის ეშმაკები გახლავართ, თორემ მერე, როცა ჩვენი სულები სხეულებში გარდაიცვლება, ადამიანებს ვეღარ ავუხსნით...

- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდით?

- არც ერთის. ბუნებრივი ძალის ფლობას ვისურვებდი - იმას, რასაც დედაბუნება თავად მოგვცემს. დედაბუნებაც მარტო არ არის: დედამიწა მჭიდრო კავშირშია კოსმოსთან, მზესთან, მთვარესთან...

"მითხრა, - მასშიც ხარ, მზის სისტემაშიც და არა მარტო დედამიწაში, / მაგრამ მრწამსს, რომელ უფალში ნახავ, / თუ დედაქალღმერთს ვერ დაინახავ / მოლეკულების ყოველ ატომში, რომელიც ყოველ პატარა ბავშვში შეიცავს მრავალ ნეიტრონებად იმას, რაც ხდება გალაქტიკაში".

მოკლედ, ჯერ დედა აღმოვაჩინოთ და ის გვეტყვის, მამა რომელია - დედაზე კარგად არავინ იცის, რომელია მამა (იღიმის). ბევრი "მამა" გვყავს, დედამიწა კი - ერთი. ამიტომ ჯერ დედამიწა უნდა ვიცნოთ. ეს ყველაფერს დაალაგებს...

- თქვენი ცხოვრებიდან რომელიმე ეპიზოდის წაშლას ისურვებდით?

- ასე უცებ ვერ გეტყვით, მაგრამ ასეთი ეპიზოდები ყველას გვაქვს ცხოვრებაში. კი, ის ფილოსოფია ვიცი, რომ რაც მოხდა, ეტყობა, უნდა მომხდარიყო - ისე კარგი ვერ მოხდებოდა, რომ ცუდი თან არ სდევდეს, მაგრამ მაინც მაქვს ისეთი ეპიზოდები (ვიღაცას ვაწყენინე, გული დავწყვიტე...), რომლებსაც შევცვლიდი, უფრო კარგად მოვიქცეოდი.

- მილიონი დოლარი რომ მიიღოთ, ამ თანხას როგორ გაანაწილებდით, თქვენს ცხოვრებას როგორ წარმართავდით?

- მაშინვე ფილმის გადაღებას დავიწყებდი, შემდეგ კონცერტს ჩავატარებდი, რომელზეც ამ ფილმს ვაჩვენებდი. კონცერტს ისე განვავითარებდი, რომ რამდენიმე დღე გაგრძელდებოდა, ტელეხიდებით მთელ მსოფლიოს მოედებოდა და დედამიწას დედაღმერთად ყველა აღიარებდა...

- ფიქრობთ, რომ ადამიანები გაგიგებდნენ?

- იმ ფილმით ისე ავხსნიდი, რომ აუცილებლად გამიგებდნენ...

- საკუთარი პიროვნული თვისებებიდან, ყველაზე მეტად, რა გეამაყებათ?

- ნებისყოფა, კაცთმოყვარეობა, ანუ გაუმეტებლობა. ადამიანის გამეტება არ შემიძლია, მაგრამ საქმეს თუ დასჭირდა, გავიმეტებ.

GzaPress

- ყოფილა შემთხვევა, როცა ვინმე "გაგიმეტებიათ"?

- იშვიათად. იმ შემთხვევებშიც კი, როცა ვინმეს სადარბაზოსთან დილით ადრე დავხვედრივარ, რომ სასტიკად მეცემა და მერე უბანში ხმა გავარდნილიყო, - მაგარი ბიჭი ვარ და ჩემთან ხუმრობა არ შეიძლება-მეთქი, - არ გამიმეტებია, რადგან ფერი დაუკარგავს... მიპატიებია. ურთიერთობაში ჩემი პრინციპია - 50/50-ზე: "51-დან არავის დავხედავ" და "49-ში არავის ჩავტოვებ". მისგანაც იმავეს ვითხოვ.

- ბოლოს გულწრფელი ბოდიში ვის და რატომ მოუხადეთ?

- გულწრფელი ბოდიში ბევრისთვის მომიხდია. თუ საჭირო იქნება, კიდევ ბევრს მოვუხდი, ამის პრობლემა არ მაქვს.

- სკოლაში როგორი მოსწავლე იყავით?

- ცუდი, რადგან ჩემი ფანტაზიები მაკმაყოფილებდა და არაფერს ვსწავლობდი. თუმცა, ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვიყავი, რადგან სპორტული და ღონიერი ბავშვი გახლდით.

- მასწავლებელს უსამართლოდ დაუსჯიხართ?

- იშვიათად, რადგან მასწავლებლებსაც ვუყვარდი. სიმართლე გითხრა, გაკვეთილზე იშვიათად დავდიოდი - უფრო დერეფნებში მაქვს გატარებული დრო...

- რომელი კომპლექსი ვერ დასძლიეთ დღემდე?

- ბავშვობიდან მხარი ამოვარდნილი მაქვს. რაღაცნაირად ვათამაშებ ხოლმე. სულ ვფიქრობ, ვინმეს არ ეგონოს, რომ ვიბრიქები, რა... მხრის უკან გაწევა მინდა ხოლმე... აი, ეს კომპლექსი მაქვს.

- მადლიერების განცდა განსაკუთრებული სიმძაფრით როდის დაგეუფლათ?

- მადლიერების განცდა სულ მაქვს, მაგრამ ბოლოს - ახლახან, ცრემლები წამომივიდა, როცა მივხვდი, ეს "ფოსფორები" (კვაკერები) რა არიან. თურმე, ქრისტე მათთან მეგობრობდა: მივხვდი, სწორედ ღვთიურმა "ფოსფორებმა" გაუმკვრივეს ქრისტეს წყალი და გააბრწყინეს ფერისცვალებაზე... მერცხალმა ამაზე პოემაც დამაწერინა...

- თქვენი ცხოვრების მთავარი ღირებულება რა არის?

- დედამიწის დედაღმერთად შეცნობა, დედამიწისადმი მოწიწება, მაგრამ თვითონ მორევი, რაშიც ვცხოვრობთ, ჯოჯოხეთურია - დაჯოჯოებული ხეებია, სადაც ფული ანათებს. ფული მარტო სააქაოს ანათებს, საიქიოში არავის უნდა. ამითაც უნდა მივხვდეთ, რომ ეს ჯოჯოხეთია, ეშმაკები ჩვენ ვართ, ოღონდ - ნახევრად ეშმაკები, ნახევრად - ღვთისმშობლიურები. ჩვენში ღვთისმშობლიურობა მიძინებულია, ეშმაკს კი - ღვიძავს. უბედურებები ამიტომ ხდება. თუკი ამას შევიცნობთ, ახალ ცხოვრებას დავიწყებთ... ზოგჯერ ჩხუბიც მიწევს, რადგან ცხოვრება ასეთია - ეშმაკების დოღია, ჯოჯოხეთურია. ეშმაკი ჩემშიც ზის, ისევე, როგორც ყველა ადამიანში. დროა, ისინი მივაძინოთ და ღვთისმშობლიურობა გავაღვიძოთ...

- თქვენ გვერდით არის ადამიანი, ვისაც თქვენი ძალიან კარგად ესმის?..

- ჩემი უამრავს ესმის - საქართველოშიც და უცხოეთშიც, მაგრამ ისე - არავის, როგორც ჩემს დედოფალს. თან, ჩემი დედოფალი იმ ყველაფრის მომსწრეა, თუ როგორ მოფრინდნენ ჩემთან ჩიტები, ბულბული მხარზე როგორ დამაჯდა, ზღვამ როგორი მოძრაობა გააკეთა, როცა ვეფერებოდით - თითქოს გაგვეპრანჭაო...

- ისეთი საქციელი ჩაგიდენიათ, რომლის გახსენებისას დღესაც გრცხვენიათ?

- იცი, ასეთი რომელი საქციელია? მაშინ ღვიძლის მოსარჩენი პროგრამა მქონდა გავლილი. ეს პროგრამა ფსიქიკაზე ძლიერ ზეგავლენას ახდენს, რა... ღვიძლს კი არჩენს, მაგრამ ფსიქიკას "აყირავებს". იმ პერიოდში, დილის გადაცემაში ვიყავი ახლო მეგობრებთან. ისე ვიქცეოდი და ისეთ რაღაცებს ვამბობდი, რომ ის ადამიანი "მე არ ვიყავი". ინტერნეტში ამ ვიდეოჩანაწერის ნახვისას მრცხვენია ხოლმე. ვიდეოს წაშლა უნდა ვითხოვო. 5 მილიონი "ნახვა" აქვს...

- დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად, რას აკეთებთ?

- ბოლო დროს ვწერ, ხან - ტელევიზორს ვუყურებ, მუსიკას ვუსმენ, ვკითხულობ და ქრისტეს სიტყვებს ვეძებ. გენიალური წიგნი - "ეფრემ ვერდი" მაქვს, რომელშიც სიზმრების ახსნაც წერია. ამ წიგნში ჩემი დაბადების დღის - 21 მარტის შესახებ წერია: ავი დღეა, გარეთ არ გახვიდეო. ამ დღეს დაბადებული მლოცველი ადამიანი გამოვიდესო... ვერასოდეს წარმომედგინა, მლოცველი როგორ უნდა გამოვსულიყავი? აღმოჩნდა, რომ გამოვედი, რა, რადგან ამ თემაში "გადავვარდი"...

- ბავშვობაში თქვენი ცხოვრება როგორი წარმოგედგინათ?

- ჩემი მაშინდელი წარმოდგენა ახლანდელი რეალობისგან დიდად არ განსხვავდება: პატარა ასაკიდანვე პოპულარული ვიყავი. მეგონა, უფროს ასაკშიც ასე ვიქნებოდი. ახლაც ასე ვარ, თუმცა ასეთი მისწრაფება არასოდეს მქონია, პირიქით... ჩემს სიმღერაში არის ტექსტი: "ზოგი უბერავს, რადგან ვერ იმორჩილებს სულს" - ეს მე ვარ, მაგრამ "ზოგი უბერავს, რადგან პოპულარობა სურს" - ეს არასოდეს ვყოფილვარ. პოპულარობა რომ მაინტერესებდეს, ქრისტეს სიტყვების ამოხსნას არ დავიბრალებდი, რადგან საშიში თემაა და იმას დავჯერდებოდი, რაც სიმღერებმა მომიტანა - პოპულარობას. ახლა საშიშ თემაში "გადავვარდი", რომლის გამოც ჩემ შესახებ ზოგი ფიქრობს, იეღოველია, სარწმუნოებას ცუდი თვალით უყურებსო. არადა, პირიქით: ჩემი გაგებით, ჭეშმარიტი ქრისტიანი ვარ, რომელმაც ქრისტეს სიტყვები ამოიცნო, დედამიწა გააღმერთა და ვცდილობ, ეს ყველას ავუხსნა. დარწმუნებული ვარ, ჩემსავით კიდევ ბევრია, რადგან გამონაკლისი არ ვარ, ვისთანაც ნამგალა მერცხლები მოფრინდნენ: გავიცანი ბიჭი, ვისთანაც ასევე, ეს მერცხლები მიფრინდნენ, ბიჭმა კი საკუთარ თავში ძერწვის უნარი აღმოაჩინა... ამ ამბავმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იმ ჩიტს რაღაც ინფორმაცია, უნარი მოაქვს. ნამგალა მერცხლები ქრისტეს მიერ გამოძერწილი ჩიტები არიან. ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ვაკავშირებ ამ ამბებს... ქვეყნად ამდენი რელიგია, ზღაპარი არსებობს. ამ ზღაპარსაც აქვს არსებობის უფლება...

"და იქნებ ღირდეს წუთისოფელში, / ცხოვრება ზღაპრულ იდეალებით, / თორემ ყოფა და რეალურობა / ისედაც არის სავსე წვალებით".

ეთო ყორღანაშვილი