"ჩემ გვერდით ისეთი ადამიანი უნდა იყოს, ვინც ჩემს შვილებს მიიღებს" - გზაპრესი

"ჩემ გვერდით ისეთი ადამიანი უნდა იყოს, ვინც ჩემს შვილებს მიიღებს"

"ჩემს ცხოვრებაში ყოფილა ეპიზოდები, როცა სავარჯიშოდ წასვლა მეზარებოდა, არ მინდოდა, მაგრამ მამაჩემის ერთი გამოხედვა საკმარისი იყო, რომ რეპეტიციაზე წავსულიყავი. დღეს ამისთვის მადლობელი ვარ", - ამბობს მოცეკვავე მზია ორველაშვილი, რომელიც დედა მცირე ასაკში გახდა. აღიარებს, რომ მშობლების მხარდაჭერის გარეშე გაუჭირდებოდა. სწორედ დედ-მამის წყალობით, მარტოხელა დედობა მისთვის რთული არ არის: მოცეკვავე 2 შვილს ზრდის და საქმეშიც წარმატებულია...

- მგონია, ყველა ქალს, რომელიც დედა ხდება, უკვე სხვანაირი გრძნობა ეუფლება, მისთვის სულ სხვანაირი ცხოვრება იწყება...

- რამდენი წლის იყავი, როცა დედა გახდი?

- 17-ის. ბავშვის დაბადების პროცესი არ მახსოვს, რადგან ცუდად ვიყავი და მართვით სუნთქვაზე გადამიყვანეს, მაგრამ როგორც კი შვილი დავინახე, მაშინვე განსაკუთრებული სიხარული და სიყვარული ვიგრძენი.

- ბავშვის დაბადებამდე გიფიქრია, როგორი დედა იქნებოდი? დედობისთვის მოემზადე?

- ლევანიკო (უფროსი შვილი) რომ გაჩნდა, ჯერ კიდევ თოჯინებით ვთამაშობდი. არ მიფიქრია, ხვალ-ზეგ გავთხოვდები და შვილი მეყოლება-მეთქი. ყველაფერი ისე უცებ მოხდა, რომ ამისთვის მზად არ ვიყავი... მისი გაზრდა მარტოს მომიხდა. ჩემი მშობლები ძალიან დამეხმარნენ. ვაღიარებ, დედაჩემი ჩემი შვილისთვის მეორე კი არა, "პირველი დედაა". მე და ლევანიკოს მამა ჩემი ორსულობის პერიოდშივე დავშორდით ერთმანეთს... ბავშვს მამასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს. ძალიან უყვარს. მამამისის ოჯახის წევრები ყურადღებას აქცევენ. აღარ იციან, რა გაუკეთონ... ბავშვსაც ძალიან უყვარს ისინი.

GzaPress

- მამასთან ურთიერთობა უმცროს შვილსაც აქვს?

- კი, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად. ჩემს შვილებს მამასთან ურთიერთობას არასდროს დავუშლი, რადგან ბავშვს მამაც სჭირდება და დედაც - ორივე გვერდით უნდა ჰყავდეს.

- როგორი ურთიერთობა გაქვს შვილებთან?

- მე და ლევანს თითქმის არასოდეს გვიჩხუბია. გვიკამათია, შენიშვნაც მიმიცია, მაგრამ ძალიან ვმეგობრობთ. მგონი, უფრო მეტად მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ვიდრე დედაშვილური.

- გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელი პრობლემები თუ ახასიათებს?

- თურმე, გარდატეხის ასაკს სხვადასხვანაირი პრობლემა ახასიათებს. ლევანს ჰაერის უკმარისობა დაეწყო, მაგრამ ამას ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე ვუმკლავდებით... ძალიან გულთბილი ბავშვია.

- უხერხულ შეკითხვებს თუ გისვამს, რაც გაბნევს?

- კი. ამას წინათ, ისეთი რაღაც მითხრა, რომ ცოტა არ იყოს, დავიბენი, თუმცა ვუპასუხე. ბავშვმა მითხრა: - დე, როდესაც ცოლის მოყვანას დავაპირებ ან შეყვარებული მეყოლება, იცოდე, აზრს შეგეკითხები. თუ არ მოგეწონება, იმ გოგოსთან არ ვიქნებიო. ამასთან დაკავშირებით, მან ჩემი აზრი კარგად იცის: ვინც შეუყვარდება და ვისთანაც ბედნიერი იქნება, მასზე უფროსი ასაკის ან შვილიანიც რომ იყოს, გართულება არასოდეს მექნება. მთავარია, ერთმანეთი უყვარდეთ, ჩემი შვილი ბედნიერი იყოს. ლევანიკოს სწორედ ასე ვუპასუხე: - ვინც გაგაბედნიერებს, მეც ის მეყვარება და თქვენი ბედნიერებით მეც ბედნიერი ვიქნები-მეთქი.

- შეყვარებული ხომ არ არის და ასეთი პასუხის მოსმენა სურდა?

- ეტყობა, ასეა, მაგრამ ჯერ ძალიან არ ჩავძიებივარ... მგონია, კარგი დედამთილი ვიქნები.

- როგორც მახსოვს, ცეკვის მიმართ ინტერესს შენი უფროსი ვაჟიც იჩენდა...

- ცეკვას თავი დაანება, აღარ უნდა. ახლა ამბობს, რომ სწავლას უნდა მიხედოს და უნივერსიტეტში, ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე ჩააბაროს.

- ცოტა რამ უმცროსი შვილის შესახებაც გვითხარი - როგორი ბიჭია?

- გიჟი და გადარეულია, ვერ ვაჩერებთ. ვაღიარებ, ჩვენს ოჯახში ასეთი ენერგიული ბავშვი პირველადაა. სახლში ყველაფერს გვინგრევს. უკვე ძალიან რთული ხასიათი აქვს. თუ რაღაც არ მოსწონს, მაშინვე "მუშტებზე გადმოდის". 2 წლის და 5 თვისაა.

- თავად როგორი ბავშვი იყავი?

- დედაჩემი ამბობს, რომ უზომოდ წყნარი ვიყავი, მაგრამ 3 წლისას ჩაიდნიდან ადუღებული წყალი გადამესხა და მას შემდეგ ხასიათი შემეცვალა: ენერგიული, ემოციური, კომუნიკაბელური გავხდი. მერე ვეღარ დავწყნარდი - კი მიცნობ, როგორიც ვარ (იცინის)...

GzaPress

- ადუღებული წყლის გადასხმა ერთადერთი ინციდენტი იყო თუ საერთოდ, ხიფათიანი იყავი?

- ბავშვობაში სულ 2 შემთხვევა მქონდა. მეორე ის იყო, რომ ერთხელ "რეზინობანას" თამაშისას წავიქეცი და ცხვირი გამიტყდა... მერე, ცეკვისას ტრავმები მიმიღია, მაგრამ წყნარი ვიყავი.

- როგორ ფიქრობ, ხასიათის თვისებებით რომელი შვილი უფრო გგავს?

- ალბათ პირველი, რადგან ძალიან მიმნდობია. ჩემსავით მხიარულია. ბევრ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენი აზრები ერთმანეთს ემთხვევა... მამასაც ჰგავს. რთული ხასიათი არ აქვს. ერთადერთი, რაც არ მომწონს და ამის შესახებ მასაც ვეუბნები, ისაა, რომ ადამიანს ნებისმიერ სიტუაციაში "აჰყვება". ეს ცოტათი მაშინებს.

- შვილების მომავალი როგორ წარმოგიდგენია?

- ამჟამად, უფრო ლევანიკოს მომავალზე ვფიქრობ, რადგან უკვე დიდი ბიჭია და სხვანაირი ცხოვრება ეწყება. თან, მეცხრე კლასში გადადის... საერთოდ, წინასწარ ლაპარაკი არ მიყვარს - რა და როგორ მინდა გავაკეთო. უბრალოდ, შვილს ყველანაირად ვუწყობ ხელს.

- შვილი თუ დაგისჯია?

- არასდროს. მისთვის არც კი მიჩქმეტია. ეს ჯერ არ დამჭირვებია (იცინის).

- მშობელთა კრებაზე რას გეუბნებიან ხოლმე?

- ჩემს შვილს ყოველთვის აქებენ. არ ვიტყვი, რომ იდეალური ბავშვია. კი, იყო სიტუაციები, როცა მასწავლებელი გაუბრაზებია, შემდეგ ამის შესახებ ჩემთვის ცალკე უთქვამთ... ერთადერთი შემთხვევა იყო: ლევანიკო პატარა ასაკის გახლდათ, როცა ბავშვს ისე უკბინა, რომ ხორცი გამოაგლიჯა. ამის გამო, სკოლაში ცალკე დამიბარეს. ბავშვს გაფრთხილება მივეცით - ეს იყო და ეს... საერთოდ, ძალიან წყნარია. პატივს გვცემს. არ უნდა, ისეთი რამე ჩაიდინოს, რომ გვაწყენინოს. ალბათ, თავიდანვე მივახვედრეთ, ცუდი საქციელი არ უნდა ჩაედინა.

- მისი საქციელის გამო როცა სკოლაში დაგიბარეს, მიზეზი რა იყო?

- ბავშვმა ფანქარი გაუტეხა...

- ცხოვრების რომელიმე ეტაპზე, ფსიქოლოგთან კონსულტაცია დაგჭირვებია?

- კი. როცა ბელორუსიაში გავემგზავრე, ბავშვი კი საქართველოში დავტოვე, ლევანიკო წლის და 2 თვის იყო. მაშინ ფსიქოლოგიურად ძალიან გამიჭირდა. რთულად ვიყავი, მაგრამ გამგზავრება საჭირო იყო. ამიტომ ფსიქოლოგის ჩარევა დამჭირდა...

- შენი გამოცდილების საფუძველზე გვითხარი, თანამედროვე დედები რა პრობლემების წინაშე დგანან?

- მგონია, რომ თანამედროვე დედები ბავშვებთან პრობლემას თავად იქმნიან. გააჩნია, შვილს როგორ მიუდგები, როგორ ასწავლი და თავიდანვე "ტვინში ჩაუდებ", თუ რა როგორ გააკეთოს. ამ მხრივ, ჯერჯერობით, პრობლემა არ მქონია. შესაბამისად, ვერავის საქმეზე ვერ ვილაპარაკებ, ვინ რა უნდა გაითვალისწინოს. ყველას ბავშვის აღზრდის საკუთარი მეთოდი აქვს.

- შენი შვილის ცხოვრებაში ინტერნეტს რა ადგილი უჭირავს?

- მაგალითად, ონლაინგაკვეთილები საერთოდ არ მომწონს, რადგან ბავშვები ტელეფონს, კომპიუტერს ისედაც ბევრ დროს უთმობდნენ. ერთი პერიოდი, ჩემი შვილი ტელეფონს ძლივს მოვწყვიტე. ახლა ისევ "ჩაძვრა"... მიმაჩნია, რომ ონლაინგაკვეთილებზე ბავშვები არაფერს აკეთებენ: ვითომ გაკვეთილს უსმენენ. სინამდვილეში ხმა გათიშული აქვთ... ლევანიკო ვითომ მეცადინეობს, ამ დროს კი "მაინკრაფტს" ან სხვა რამეს თამაშობს.

- აღნიშნე, რომ ერთი პერიოდი, შეძელი, ბავშვისთვის ინტერნეტის მოხმარება გაგეკონტროლებინა. ეს როგორ მოახერხე?

- ალბათ, ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი, რადგან სულ სამსახურში ვიყავი, გარეთ საქმეების გამო გავდიოდი... მერე ავდექი და დრო სწორად გავანაწილე. ვიფიქრე, ბავშვს გარეთ გავიყვან-მეთქი. მასთან ერთად დავდიოდი, შვილს მეტ დროს ვუთმობდი, მეტად ვაკონტროლებდი, რომ ტელეფონი დიდხანს არ სჭეროდა ხელში. ერთი პერიოდი, ეს პრობლემა მართლა გადავლახეთ. უკვე დროს ბავშვებთან ერთად ატარებდა... ახლა, ონლაინგაკვეთილების გამო, ისევ სახლში "ჩაჯდა". სულ ტელეფონი უჭირავს ხელში... სხვა ქვეყნებში, სადაც უარესი ეპიდსიტუაციაა, ბავშვები სკოლაში დადიან. ჩვენთან რა ხდება?!.

- შენი პროფესიული საქმიანობის შესახებ რას გვეტყვი, როგორი სიტუაციაა?

- სტუდია დაკეტილი გვაქვს. წონაშიც მოვიმატე. ახლა დიეტის დაცვას ვაპირებ. იტალიიდან მეწყვილეც ჩამომდის. თითქოს ცეკვის გაგრძელება არ მინდოდა, მაგრამ კარგი შემოთავაზება მივიღე, რომელზეც უარს ვერ ვამბობ...

- ალბათ, თაყვანისმცემლები გააქტიურდნენ, რადგან გაიგეს, რომ მარტო ხარ...

- რა თქმა უნდა (იცინის).

- შენს ცხოვრებაში არის ისეთი ადამიანი, ვისზეც შეიძლება, სერიოზულად იფიქრო?

- ამაზე არ მიფიქრია. შეიძლება არის, ვისაც ჩემი გულის დაპყრობა შეუძლია, მაგრამ ეტყობა, კარგად ვერ იპყრობს (იცინის).

- შენი უფროსი ვაჟი როგორ იღებს იმ ფაქტს, როცა შენ გვერდით სხვა მამაკაცი ჩნდება?

- ლევანიკომაც, ჩემმა ოჯახმაც იცის, ისეთს არაფერს გავაკეთებ, რომ ოჯახს ლაფი დავასხა... ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩემს შვილს ასეთი პასუხი აქვს: - დე, შენ თუ ბედნიერი იქნები, მეც ბედნიერი ვიქნებიო... ერთადერთი, ჩემ გვერდით ისეთი ადამიანი უნდა იყოს, რომელიც ჩემს შვილებს მიიღებს. ისეთ პიროვნებასთან ვერ ვიცხოვრებ, ვისაც ისინი არ ეყვარება.

- გქონია შემთხვევა, რომ ურთიერთობა წამოგიწყია, მამაკაცის მიმართ გარკვეული სიმპათია გქონია, მაგრამ მისთვის შენი შვილები დაბრკოლება ყოფილა?

- ასეთი შემთხვევა შესაძლოა იყო კიდეც, მაგრამ ამაზე საუბარი არ მინდა...

ეთო ყორღანაშვილი