"მაშინ ჩემი ცხოვრების გარკვეული ნაწილი "გადავხიე" - გზაპრესი

"მაშინ ჩემი ცხოვრების გარკვეული ნაწილი "გადავხიე"

მსახიობი ნანა ბუთხუზი მიიჩნევს, რომ ჩვენს ქვეყანაში პრობლემები კორონავირუსს არ შეუქმნია - პრობლემები მანამდეც იყო, პანდემიამ კი უფრო მეტად გაამძაფრა...

- პანდემიის გამო შექმნილი სიტუაცია ყველას ინდივიდუალურად, განსხვავებულად შეგვეხო, რადგან ადამიანებს განსხვავებული ყოფა-ცხოვრება, სამუშაო სფერო გვაქვს. არსებულ სიტუაციაში ჩემთვის საერთოდ აზრი დაკარგა იმან, თუ რა პროფესიის ვარ. პროფესიები ცოტა ხნით "გადავდეთ". პირადად მე, პოზიტივის, სასარგებლო რაღაცების ძებნა დავიწყე. ეს პერიოდი კარგი გაკვეთილი, გამოცდილება და ცხოვრებისეული პროცესია - ასეთი ისტორიული მოვლენის მომსწრე ვარ, რაც უკვე საინტერესოა. ვცდილობ, ყოველი დღე დავიმახსოვრო. ალბათ ესეც ჩემი პროფესიის შემადგენელი ნაწილია, რომ მოვლენებსა და შეგრძნებებს ინსტინქტურად ვიმახსოვრებ, ვაანალიზებ... პირველ რიგში, პანდემიამ საკუთარი თავის შემეცნების საშუალება მოგვცა. პირადად მე, არამატერიალურ ფასეულობებზე დავფიქრდი, რაც ჩემთვის პანდემიამდეც უპირველესი იყო... საერთოდ, "ცუდი" და კარგი" არასწორი სიტყვებია - ჩემთვის არსებობს ბნელი და ნათელი: სადაც მეტი სინათლეა, იქ ბნელი ნაკლებია და - პირიქით... ჯერ კიდევ როდის თქვა შექსპირმა ("მაკბეტში"): "ბნელში ნათელია, ნათელში ბნელა, ამ დამპალ ნისლში, ვმოძრაობთ ყველა..." პანდემიამდე, მთელ მსოფლიოში ცხოვრების ისტერიკული ტემპი იყო - სიგიჟეში ვიყავით... წარმოუდგენელი მიზნების მიღწევას, ყველაფრის მოსწრებას ვცდილობდით, მაგრამ - რისთვის?.. პანდემია რომ დაიწყო, ისტერიკა არ დამმართნია. დავისვენე. შემდეგ ზაფხული დადგა - სერიალ "ქიმიის" გადაღებები მქონდა, რამაც თეატრში ჩვენი "გაჩერება" სასარგებლოდ შეავსო... ახლა დასვენება უკვე ზედმეტია. ახლა მხოლოდ საკუთარი თავის კი არა, ჩემი სამშობლოს დარდი მაქვს. ჩემი ქვეყნის კეთილდღეობა, წარმატება თითოეულ ჩვენგანზე აისახება, ისევე, როგორც თითოეული ოჯახის ბედნიერება, რეალიზება აისახება ქვეყნის კეთილდღეობაზე. ეს საკითხები ერთმანეთთან ღრმა კავშირშია. ქვეყანა და ადამიანები ერთი ორგანიზმია, რომელიც საბოლოო ჯამში, წარმატებულ, ღირსებით აღსავსე, მაღალი ზნეობისა და ინტელექტის მქონე განვითარებულ სახელმწიფოს ქმნის, სადაც ცხოვრების არ შეგრცხვება, არ დაკნინდები, პირიქით - გეამაყება. პირადად მე, ყოველთვის მეამაყებოდა, რომ ჩემი ქვეყნის შვილი ვიყავი. უბრალოდ, სიამაყეს სულ თან სდევდა დაუსრულებელი სიდუხჭირე, ტკივილი, ქიშპობა, ერთმანეთთან გადაკიდება, ჩხუბი... უკეთესობისკენ ცვლილება მინდა. მინდა ადამიანებს საკუთარი ნიჭის და უნარების რეალიზების საშუალება ჰქონდეთ; გრძნობდნენ, რომ საკუთარ ქვეყანაში საჭირონი არიან. საქართველოში ყველა ერთმანეთზე უკეთესი და ნიჭიერია. უბრალოდ, რატომღაც, ერთმანეთს ხელს ვკრავთ - თითქოს არ გვინდა, საზოგადოებამ უკეთესად იცხოვროს... ცხადია, უკეთესობისკენ ცვლილება 1-2 დღეში არ მოხდება. განათლების პრობლემაც მოსაგვარებელია. ეს საკითხი ძალიან მაწუხებს: სკოლის მოსწავლე და სტუდენტი შვილები მყავს. გზადაგზა სერიოზულ პრობლემებს ვაწყდები. ყველანი (მშობლები, პედაგოგები...) ვთანხმდებით, რომ პრობლემებია და მათ აღმოსაფხვრელად არაფერს ვაკეთებთ.

- სწავლების ონლაინრეჟიმის გამო უკმაყოფილებას გულისხმობთ თუ მიგაჩნიათ, რომ განათლების სისტემაში პრობლემები მანამდეც იყო?

- განათლების სისტემაში პრობლემები "კოვიდ-19"-ს არ შეუქმნია - მანამდეც იყო; ხალხს ლუკმაპურის შოვნა მანამდეც უჭირდა, ახლა საერთოდ აღარ აქვს... "კოვიდმა" არსებული პრობლემები ძალიან გაამძაფრა, პირდაპირ სახეში შემოგვილაწუნა, - აბა, ახლა აზრზე მოდით და ცხოვრება შეცვალეთო... პრობლემაზე პრობლემის დამატების ნაცვლად, მათ მოსაგვარებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ქმედებას ვერ ვხედავ...

- თქვენი შვილების მაგალითზე გვითხარით, განათლების სისტემაში რა პრობლემას წასწყდომიხართ და პროტესტი როგორ გამოხატეთ?

- როგორ უნდა გავაპროტესტო, აღარ ვიცი. უწყებიდან უწყებაში არ დავდივარ. ჩემს აზრს უშუალოდ სკოლებში ვაფიქსირებ. ზოგან მეთანხმებიან, ზოგან - სწყინთ, ზოგან - ჯერ ვერ იგებენ და ჩემი აზრი მათთვის მიუღებელია. უმეტესად მაინც ესმით და ცდილობენ, პრობლემა გამოასწორონ, მაგრამ ამას მხოლოდ ერთი პედაგოგი ვერ გააკეთებს - პროგრამა, სწავლების მეთოდები, მიდგომები სისტემურადაა შესაცვლელი. 1977 წელს დავიბადე. როგორც მე მასწავლიდნენ, შეუძლებელია, 21-ე საუკუნის ბავშვსაც იმ მეთოდით ასწავლო. თანამედროვეებს სულ სხვა ტვინი, აზროვნება აქვთ... როცა ბავშვი სკოლაში დადის, პრობლემებს მაშინ ვაწყდებით და ონლაინსწავლებისას - მით უმეტეს. პედაგოგი ყოველდღიურად უნდა ცდილობდეს, რომ მოსწავლეს ის საგანი აინტერესებდეს, რასაც ასწავლის... მერე, იმაზე საუბრობენ, რომ მასწავლებლებს შესაბამისი ანაზღაურება არა აქვთ. კერძო სკოლების გამოცდილებაც მაქვს (სადაც პედაგოგებს შესაბამისი გასამრჯელო აქვთ). შეიძლება, იქ უკეთესი სიტუაცია იყოს, მაგრამ თითო-ოროლა პედაგოგს თუ იპოვი, რომლის შესახებაც იტყვი: აი, ეს არის, როგორიც უნდა იყოსო. ხანდახან მიფიქრია - ნეტავ, უჩინმაჩინის ქუდი მქონდეს, გაკვეთილზე შევიდოდი-მეთქი. მაინტერესებს, როგორ ტარდება. თუ მეც ვერ დავინტერესდი და ვერ გავიგე, ბავშვმა როგორ უნდა გაიგოს?

- ახლა ხომ გაქვთ შესაძლებლობა, მონიტორთან ახლოს იყოთ და ონლაინგაკვეთილის მსვლელობას თვალყური ადევნოთ?

- კი, ბატონო. გაკვეთილი ძალიან უინტერესოდ მიმდინარეობს. პირადად მე, ამ გაკვეთილზე დასწრების სურვილი არ მექნებოდა, ვერც გავიგებდი, გამაწვალებდა... ამიტომაც წვალობენ ბავშვები: ცოტა დრო აქვთ, ერთმანეთს ვერ ხედავენ... პედაგოგები სწავლის შედეგზე კი არა, გეგმის შესრულებაზე არიან ორიენტირებული. კლასში ყველა ბავშვი ერთნაირი ხომ არ არის? ზოგი ახსნილს გვიან იგებს, ზოგი - უცბად. სკოლებში ხშირად დავდივარ და მასწავლებლებს სულ ამას ვეუბნები: ყველა ადამიანში არის მზე, ოღონდ - მიეცით საშუალება, რომ ანათოს. დამიჯერეთ, თითოეული თქვენი მოსწავლე გენიოსია-მეთქი. ბავშვში ინდივიდს ნუ დააკნინებთ, მათ მიერ წარმოთქმულ ყველაზე სულელურ აზრსაც მოეჭიდეთ, ხალხო, სრული თავისუფლება მიეცით. თავისუფლებაში ისინი ბევრად მეტს შეიმეცნებენ, შექმნიან და განავითარებენ, ვიდრე რაღაც გეგმაში...

GzaPress- "ტელესკოლაზე" რას გვეტყვით, იყენებენ თქვენი შვილები?

- არა, სამწუხაროდ, არ აინტერესებთ. იმიტომ კი არა, რომ ცუდია. საერთოდ, ტელევიზორი არ აინტერესებთ. ინგლისურენოვან დოკუმენტურ ფილმებს უყურებენ - ალბათ, ინფორმაციას იქ უფრო საინტერესოდ აწვდიან. ჩემმა მეორეკლასელმა შვილმა მათემატიკა ინგლისურად უფრო კარგად იცის, ვიდრე ქართულად. ეს პრობლემაა: ქართული ენა და ლიტერატურა აღარ უნდათ. მიზეზი ისაა, რომ ინგლისურ ენაზე ინფორმაცია საინტერესოდაა გადმოცემული - მულტფილმებით, მიუზიკლებით... ბავშვმა ერთხელ მითხრა: - სულელი უნდა იყო, რომ ვერ გაიგო, ინგლისურად ისე გიხსნიანო. მერე, ქართულენოვან სახელმძღვანელოში ჩაიხედავ და აღარ გაინტერესებს, ინფორმაციას ისე რთულად გაწვდიან... სამწუხაროდ, უსერიოზულესი პრობლემა გვაქვს, რომლის სათავე ჩვენში, თითოეულ ადამიანშია: მენტალობა, სიღარიბე, მონობიდან გამოუსვლელობა... განა ვინმეს ვაკნინებ?! ამ ყველაფრის წინააღმდეგ მეც ვიბრძვი. სკოლის მოსწავლე გახლდით, როცა 9 აპრილის ტრაგედია მოხდა. ყელსახვევი (პიონერის. - ავტ.) დავხიე, ანუ მაშინ ჩემი ცხოვრების გარკვეული ნაწილი "გადავხიე", რომელმაც გული ძალიან მატკინა და იქ დავასრულე... საკუთარ თავში დღესაც ვებრძვი იმ მენტალობას, რომელიც რაღაცნაირად ჩაინერგა. პირველ რიგში, საკუთარი თავის უკეთესობისკენ ცვლილება მინდა. მომავალ თაობას, ჩემს შვილებს, მათ მეგობრებს ვაკვირდები, მათი აზროვნება მაინტერესებს... მსოფლიოში საინტერესო რაღაცები ხდება, ჩვენ კი ამ დროს ერთმანეთს "კარტოფილზე გაყიდულებს" ვეძახით... ვიცი, რთული სიტუაციაა, რუსეთის იმპერია გვებრძვის თავისი საცეცებით. დღემდე საბჭოთა კავშირიდან გამოყოლილი კომპლექსები, არასწორი წარმოდგენები და შეხედულებები გვაქვს. განვითარება, პროგრესულთან ადაპტირება ამიტომაც გვიჭირს. მერე, ისევ უკან დაბრუნებას ვცდილობთ, რადგან თითქოს ასე უფრო კომფორტულია. კომფორტი რა არის, ბნელში ყოფნა? ლუკმაპურით მინიმალურით დაკმაყოფილება? ილია ჭავჭავაძე გვეუბნებოდა: - განათლდი, ერო, რადგან მტერი ხმლით აღარ მოდის, მთავარი იარაღი ჭკუაა და ჭკუა დაახვედრეთო. განათლება უმთავრესია. როგორც კი ეს პრობლემა მოგვარდება, ვეღარ მოგერევიან. განათლებული ადამიანი დაცული იქნები და ადვილად ვეღარ მოგატყუებენ... ჭკვიანი ახალგაზრდები საქართველოდან რატომ გარბიან? მიზეზი ისაა, რომ აქ განვითარების პერსპექტივას ვერ ხედავენ. 17 წლის რომ ვიყო, სასწავლებლად აუცილებლად საზღვარგარეთ წავიდოდი. აქ პერსპექტივა არ არის... მაგალითად, თეატრალური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები მებრალებიან: უნივერსიტეტში სწავლას ამთავრებენ, მაგრამ მერე?.. უნივერსიტეტი სტუდენტს დიდ ცოდნას ვერ გაძლევს, მხოლოდ საკუთარი ინტუიციის და უნარების იმედად ხარ. სად უნდა დასაქმდე, რა უნდა გააკეთო? არაფერი გიწყობს ხელს, რომ განვითარდე, პირიქით... სულ "მონანიება" მახსენდება, - მაინც დაგაბნელებო!.. აი, ამ დღეში ვართ, ერთმანეთს სულ ვაბნელებთ. ვიღაც ნიჭიერი თავის უნარებს გამოასხივებს თუ არა, მაშინვე გვინდა, ჩავქოლოთ - როგორ შეიძლება, შენ ჩემზე უკეთესი იყოო?! ერთმანეთის წარმატება არ გვიხარია თუ რა შური და ღვარძლი გვაქვს, ამ ქიშპობიდან რატომ ვერ გამოვედით? ჩვენს საზოგადოებას 2 უკიდურესობა ახასიათებს: ან უკიდეგანო აგრესიაში გადავვარდებით, ან - ისეთ საოცარ სიკეთეს და სიყვარულს წავაწყდებით, გიკვირს - ეს 2 რამ ერთ სივრცეში როგორ არსებობსო? სამწუხაროდ, სიკეთე ნაკლებად ჩანს, ნეგატივი უფრო "ყვირის". ვისურვებდი, მეტი სიკეთე, სიყვარული გავამჟღავნოთ, ერთმანეთს გვერდით დავუდგეთ და გავიაზროთ: დღეს პური თუ მაქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარგად ვარ, რადგან ზუსტად ვიცი, ჩემს ქვეყანაში უამრავი მშიერი ბავშვია... ჩემი პროფესია ამ ყველაფრის ემოციურად "ამოლაგებაში" მეხმარებოდა, ვიხარჯებოდი. ერთგვარი თერაპია იყო... ახლა ამის დახარჯვის საშუალება რომ არ მაქვს, შეიძლება დავჯდე და ფიქრისგან ცრემლი წამომივიდეს... ვისაც ცრემლი აღარ აქვს, ემოცია აღარ შერჩა, ის ადამიანი ძალიან ცუდ სიტუაციაშია... ყველას დიდ სიყვარულს ვუსურვებ, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, უკეთესი მომავლისთვის გავერთიანდეთ, მაგარი სახელმწიფო ავაშენოთ - ამისთვის საჭირო რესურსი (გონიერება, უნარები...) არსებობს. ეს ჩვენი გასაკეთებელია და უნდა გავაკეთოთ...

ეთო ყორღანაშვილი