"ხანდახან ახლაც მავიწყდება და სარკეში ჩახედვისას გული მისკდება..." - გზაპრესი

"ხანდახან ახლაც მავიწყდება და სარკეში ჩახედვისას გული მისკდება..."

მუქკულულებიანმა მსახიობმა - ნინა ლორთქიფანიძემ ახლახან ვარცხნილობა რადიკალურად შეიცვალა, თმა გადაიპარსა. მსახიობმა გაგვიმხილა, რომ ახალი იმიჯი მისთვისაც დამაბნეველი აღმოჩნდა...

- პატარა ასაკში "გოგოშკური" რაღაცები - მაკიაჟი, გარეგნობაზე ზრუნვა არ მიყვარდა. ცოტათი "ბიჭური" ვიყავი, მანქანებით ვთამაშობდი... ახლა გარეგნობას მეტ ყურადღებას ვაქცევ, რა თქმა უნდა.

- გარდატეხის ასაკში, მოზარდებს საკუთარი გარეგნობა არ მოსწონთ. შენს შემთხვევაში როგორ იყო?

- ახლა რომ ვიხსენებ და ფოტოებს ვუყურებ, საერთოდ, ცხვირი "სხვაგან" მქონდა, ჩემი სახე სასწაულ მდგომარეობაში იყო (იცინის)... იმ პერიოდში ამას ვერ ვხვდებოდი - საკუთარი თავით კმაყოფილი გახლდით, მაგრამ მოზარდობისას ხასიათი შემეცვალა.

- ამჟამად შენი ვარცხნილობის რადიკალური ცვლილება რამ განაპირობა?

- საერთოდ, იმიჯის შეცვლა მიყვარს - ერთი და იგივე ვარცხნილობა მბეზრდება. თმას სულ ვიღებავდი, ხან - წითლად, ხან - ლურჯად, ხან - ვიჭრიდი. ბოლო თვეში ავიჩემე, რომ თმის გადაპარსვა მინდოდა. ვფიქრობდი, ვყოყმანობდი, მერე კი უცებ, სპონტანურად, დედაჩემთან მივედი - გადამპარსე-მეთქი და გადამპარსა. რატომღაც სულ მეგონა, რომ მომიხდებოდა. გავრისკე, რა... რომ არ მომხდენოდა, ალბათ რამეს მოვიფიქრებდი (იცინის). უბრალოდ, მაინტერესებდა.

GzaPress- გარშემო მყოფებს როგორი რეაქცია ჰქონდათ?

- რა თქმა უნდა, "რაღაცნაირი" მესიჯებიც მივიღე, ოღონდ ჩემი მეგობრებისგან კი არა, უცხო ხალხისგან. ზოგი ისეთ კითხვას მისვამდა, ვერ ვხვდებოდი, რა მეპასუხა. ხომ შეიძლება, ადამიანმა მოგწეროს, - უი, რა ცუდია, როგორ არ გიხდებაო?! ამას გავიგებ, მაგრამ, - უი, რატომ გადაიპარსე? არადა, რა კარგი თმა გქონდაო! - ასეთი მესიჯი გაუგებარია. ამ შეკითხვაზე ეს პასუხი მაქვს: თმა არის და ისევ ამოვა... ჩემთვის ძვირფასი ადამიანებისთვის კარგი ვარ, სხვები ნაკლებად მაინტერესებს.

- შენმა რჩეულმა როგორ მიიღო შენი ასეთი რადიკალური ცვლილება?

- იცოდა, რომ ეს მინდოდა და ვაპირებდი. თავადაც მეუბნებოდა, - გადაიპარსე, რატომაც არაო?! დადებითი რეაქცია ჰქონდა, მოეწონა კიდეც... მაინც დიდი ცვლილებაა, დამაბნეველია... ჩემთვისაც დამაბნეველი იყო. ხანდახან ახლაც მავიწყდება, რომ ვარცხნილობა ასე რადიკალურად შევიცვალე და სარკეში ჩახედვისას გული მისკდება.

- ქალები ასეთ ექსპერიმენტებს ხშირად მაშინ მიმართავენ, როცა სტრესში, დეპრესიაში არიან. შენს გადაწყვეტილებაზეც რაიმემ ხომ არ მოახდინა ზეგავლენა, თუნდაც - პანდემიის პერიოდმა?

- არა, მსგავსი არაფერი ყოფილა. ახლახან კიდევ გავიგე, რომ ზოგი ქალი თავზე თმას პროტესტის გამო იპარსავს. მაგალითად, ფემინისტები თურმე იმიტომ იპარსავენ, რომ ქალსაც შეუძლია ბიჭური ვარცხნილობა ჰქონდეს... პირადად მე, არც ერთი მსგავსი განზრახვა არ მქონია. უბრალოდ, ხასიათის "ამბავია": ახლა ისეთ ხასიათზე ვარ, რომ გადაპარსული თავი მინდა, მაგრამ უცებ ისეთ ხასიათზე რომ დავდგე - გრძელი თმა მომინდეს, რა უნდა ვქნა, არ ვიცი. ცოტათი უცნაური, ხშირად ცვალებადი ხასიათი მაქვს.

- თავის მოვლა გამარტივდა, არა?

- კი, ძალიან კმაყოფილი ვარ, 5 წუთიც არ სჭირდება.

- ვარცხნილობის ცვლილებამ ჩაცმის სტილზეც მოახდინა ზეგავლენა?

- კი. რატომღაც, "როლინგები" (მაღალყელიანი მაისურები) არასოდეს მიყვარდა, ახლა სულ სვიტერი მაცვია, ძალიან მომწონს.

- ბუნებრივად როგორი ფერის, სტრუქტურის თმა გაქვს?

- ძალიან ხვეული, მუქი ყავისფერი თმა მაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემმა ექსპერიმენტებმა (უთოთი თმის გასწორება, შეღებვა...) თმა ძალიან გამიფუჭა, დამიწვა... ცუდ მდგომარეობაში მქონდა. ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო, რომ გადავიპარსე, რადგან ის ლამაზი კულულები აღარ ჩანდა, რაც ადრე მქონდა, - გაფუჭებული თმა იყო. შეიძლება შორიდან ან ეკრანზე ვიღაცას ვერ შეემჩნია, მაგრამ მე რომ ვხედავდი, დიდად არ მსიამოვნებდა.

- ვარცხნილობის ცვლილებამ ხასიათზეც ხომ არ მოახდინა ზეგავლენა?

- მაინც, მართლა დიდი ცვლილებაა. გადაპარსვის პროცესში უცებ ცუდად გავხდი - ვაიმე, რას ვაკეთებ, აღარ მინდა-მეთქი, - მაგრამ მერე ვიფიქრე, - უკანდასახევი გზა აღარ არის; ახლა წუწუნი რომ დავიწყო, რას შევცვლი-მეთქი?.. ეს ვარცხნილობა მეც მომწონს, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ შევეჩვიე... თან, ახლა რომ ვინანო, აზრი აღარ აქვს.

- სხვა მხრივ, გარეგნობაზე როგორ ზრუნავ?

- გარკვეული დოზით, სახის კანზე ყველამ უნდა იზრუნოს, მაგრამ ისეთი პროფესია ავირჩიე, რომ კანის მოვლა ძალიან საჭიროა: სპექტაკლი იქნება თუ ფილმის გადაღება, მსახიობებს სულ გრიმის გაკეთება გვიწევს. მერე, გრიმი თუ არ მოიშორე, მართლა საშინელება ხდება... სახის მოვლის რამდენიმე წესი ვიცი, რომლებსაც ვიცავ: შანსი არ არის, მაკიაჟით დავიძინო; ასევე, წყალი არა მხოლოდ სახის კანისთვის, არამედ მთელი ორგანიზმისთვის ძალიან კარგია. ჯანსაღად კვებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ვცდილობ, გაზიანი სასმელების მიღებას მოვერიდო... სახის კანის მოსავლელად, დილა-საღამოს ხანგრძლივი რუტინა არ მაქვს - განსაკუთრებულს არაფერს არ ვაკეთებ...

- სხეულის კარგი ფორმის შესანარჩუნებლად ვარჯიშობ?

- კიდევ კარგი, პანდემიას ეგ პლუსიც ვუპოვე - ვარჯიში გამახსენა. მთელი ცხოვრება ცეკვაზე დავდიოდი. 6 წლის ასაკიდან მოყოლებული, დიდხანს ვვარჯიშობდი. უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, ვარჯიშის დრო აღარ მქონდა. ახლა ვცდილობ, ისევ ფორმაში ჩავდგე. ვარჯიში, ჯანსაღად ცხოვრება კარგ ხასიათზე მაყენებს. დავაკვირდი: როცა ცხოვრების ჯანსაღი რეჟიმი არ მაქვს, სულ ცუდ ხასიათზე ვარ, ყველაფერზე ნერვები მეშლება... მოკლედ, ჯანსაღად ცხოვრება ხასიათზეც დადებითად მოქმედებს.

- ზედმეტი წონის პრობლემა შეგქმნია?

- მსუქანი არასდროს ვყოფილვარ. ჩემი მაქსიმალური წონა 59 კგ იყო. ისე, 47-49 კილოს ვიწონი. უნივერსიტეტში გამოცდებს რომ ვაბარებდი, რატომღაც, წონაში ძალიან მოვიმატე. მერე, სტუდენტობისას, ისეთი რეჟიმი მქონდა, რომ დიეტა არ დამიცავს, - თავისთავად დავიკელი. ცოტა არ იყოს, უშნოდ გამხდარი ვიყავი. მერე ისევ მოვიმატე და მივხვდი, დიეტის დაცვა საჭირო იყო. დიეტას ვერ ვიცავდი, მაგრამ ერთი თვის წინ, ორი კვირის განმავლობაში ძალიან ჯანსაღად ვცხოვრობდი: დილაობით 7 საათზე ვიღვიძებდი, დავრბოდი, მერე ვვარჯიშობდი... დიეტასაც ვიცავდი, რომელსაც სხვათა შორის, ძალიან კარგი შედეგი ჰქონდა.

- სამკაულსა და აქსესუარებზე რას გვეტყვი?

- ყველანაირი სამკაული მიყვარს: ბეჭდები, საყურეები, ყელსაბამები... გადაჭარბებული დოზით ყველაფერს ერთად რომ იკეთებენ, არ მომწონს. მაგალითად, თუ საყურე მიკეთია, ვცდილობ, სადა ყელსაბამი შევარჩიო, რომ ძალიან არ გადავაჭარბო.

- პანდემიის პერიოდში, სამკაულის ტარებას ექიმები რეკომენდაციას არ უწევენ...

- ხშირად ვერსადაც ვერ გავდივარ. ამიტომ ამ ფაქტმა, რომ სამკაულს ვერ ვიყენებ, დიდად არ შემაწუხა (იცინის).

- მაკიაჟის კეთება მოგწონს?

- თუ სპექტაკლს და გადაღებას არ ჩავთვლით, მაკიაჟს არ ვიკეთებ. ტონალურ კრემსაც არასოდეს ვისვამ. მხოლოდ პუდრს და ტუჩის კონტურს ოდნავ თუ წავისვამ. მაკიაჟის გაკეთება მიყვარს, როცა მაგალითად, დაბადების დღის წვეულებაზე მივდივარ. ასე უფრო ეფექტურია - ხანდახან რომ "გამოანათებ", ვიდრე როცა ყოველდღე მაღალი დონის მაკიაჟი გაქვს.

GzaPress

- შენს გარდერობში ძირითადად, როგორი სამოსია?

- შავი ფერის. სტილს რაც შეეხება, ყველანაირი მაქვს, - სპორტულიც და კლასიკურიც. ორივე სტილზე ვგიჟდები, ისე მომწონს! გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ და სად მივდივარ...

- ტატუები, პირსინგები გაქვს?

- კი. ორი ტატუ (ხელსა და ფეხზე, კოჭთან) მაქვს. ცოტა ხნის წინ, ცხვირზე პირსინგიც გავიკეთე, მაგრამ მომბეზრდა და მოვიხსენი. ტატუს რაც შეეხება, ვცდილობ, პატარ-პატარა ზომის და ისეთ ადგილას გავიკეთო, რომ დიდად არ ჩანდეს, - ჩემს პროფესიაში ხელი რომ არ შემიშალოს და საჭიროების შემთხვევაში, იოლი დასაფარი იყოს.

- შეგიძლია გვითხრა, შენს ტატუებს რა სიმბოლური დატვირთვა აქვს?

- პირველი ტატუ 15 წლისამ მალულად გავიკეთე (დედა უფლებას არ მაძლევდა) - Dო ორ Dიე დავიწერე. თითქოს სტიმული მჭირდებოდა, რომ არ დავნებებულიყავი. სხვათა შორის, როცა ეს ტატუ გამხსენებია, ჩემთვის სტიმული მართლაც ბევრჯერ მოუცია... მამაჩემი მხატვარი გახლდათ - ძალიან ლამაზი სურათები აქვს დახატული. ერთ-ერთ მათგანზე, პატარა ზომის გულზე ბავშვობიდანვე ვგიჟდებოდი, ისე მომწონდა და მინდოდა, ტატუდ დამეხატა. რამდენიმე თვის წინ ასეც მოვიქეცი. ძალიან ლამაზია, ჩემთვის ბევრ რამესთან ასოცირდება...

- როგორ ფიქრობ, ასე ვთქვათ, "სტილის შეგრძნება" გაქვს? შენს საერთო ვიზუალში ინდივიდუალიზმი იგრძნობა?

- ალბათ კი. ბევრი ცდილობს, ვიღაცას მიჰბაძოს, ვიღაცის მსგავსად ჩაიცვას. ასეთ ადამიანს ძალიან ეტყობა, რომ სტილი "თავისი" არ არის. მაგალითად, ქუჩაში გავდივარ და - ყველა ერთნაირია, რადგან რაღაც "მოდაში შემოვა" და ყველას ეგ უნდა. ზოგს უხდება, ზოგს - არა, მაგრამ რადგან მოდურად მიიჩნევა, მაინც უნდათ, რომ ეცვათ. ჩემთვის ეს მიუღებელია. საკუთარი თავის შესახებ როგორ ვთქვა, არ ვიცი, მაგრამ ბევრისგან გამიგონია, რომ საკუთარი სტილი მაქვს. თავადაც ასე მგონია. არასოდეს ვცდილობ, ვინმესგან განვსხვავდებოდე, ორიგინალურად მეცვას და ა.შ. მსგავსი რაღაცები ბავშვობაში მახასიათებდა, ახლა - აღარ. ვცდილობ, ის ჩავიცვა, რაც მიხდება და მომწონს, და არა ის, რაც მოდურია...

ეთო ყორღანაშვილი