"იმერლებმა - დიდი "კასტინგი" გამატარეს" - გზაპრესი

"იმერლებმა - დიდი "კასტინგი" გამატარეს"

მსახიობი დავით ბეკოშვილი მთელმა საქართველომ "იუმორინის" კონცერტებით გაიცნო. მისი პერსონაჟი, მამედა მაყურებელმა თბილად მიიღო, "დამტვრეულ" ქართულზეც ყველას გულიანად გვეცინებოდა... დათო ბეკოშვილი ხალისიანი და უშუალო ადამიანია. ამბობს, რომ ქართულ-ოსურ ოჯახში გაიზარდა და ბედნიერი, ლაღი ბავშვობა ჰქონდა. რამდენიმე თვის წინ დაოჯახდა.

- დათო, სად გაიცანით მომავალი მეუღლე?

- ჩემი მეუღლე - მარიამ ცხელიშვილი თოჯინების თეატრში გავიცანი. ის ამ თეატრის პიარ-მენეჯერია, მე კი - მსახიობი. ის დღე ძალიან კარგად მახსოვს: 2019 წლის 16 თებერვალი იყო. როგორც კი დავინახე, პირველსავე შეხვედრიდან გულში ჩამივარდა. მანამდე არავინ მყვარებია და საკუთარ მაგალითზე დავრწმუნდი, რომ ერთი ნახვით შეყვარება თურმე ხდება. მერე თანდათან ურთიერთობა ავაწყვეთ და აგვისტოში დავქორწინდით. ამბობენ, 2020 ცუდი წელი იყოო, მაგრამ ჩემთვის გასული წელი ყველაზე სამახსოვრო და ბედნიერი აღმოჩნდა. მანამდე, ერთიმეორის მიყოლებით შემეძინა დისშვილი და ძმისშვილი, აგვისტოში კი მე და მარიამი დავქორწინდით. ოჯახი ქრისტეს ასაკში შევქმენი - 33 წლის ვიყავი. სხვათა შორის, 2020 წელს ავტომობილის მართვის მოწმობაც ავიღე, რაშიც ჩემი მეუღლე დამეხმარა. ჩემი პერსონაჟისგან განსხვავებით, დახმარება და ქრთამი არ დამჭირვებია - გამოცდა პირველსავე ცდაზე ჩავაბარე.

- პირველ რიგში, რით მოგხიბლათ მომავალმა მეუღლემ?

- ალბათ, თავისი შინაგანი და გარეგნული თვისებებით. ჩემი მეუღლე წარმოშობით იმერელია - სიმონეთიდან. ძალიან კარგად ლაპარაკობს ფრანგულად და ინგლისურად, კარგა ხანს სწავლობდა სტრასბურგში და მერე საქართველოში დაბრუნდა. რაც ყველაზე მთავარია, საერთო ღირებულებები და ინტერესები გვაქვს, ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია ოჯახის შექმნისთვის. ერთმანეთს კარგად გავუგეთ და უსიტყვოდ გვესმის, რის გამოც, ძალიან ბედნიერი ვარ. სხვა მსახიობების მსგავსად, გასული წელი ჩემთვისაც რთული იყო: კონცერტები, გადაღებები - ყველაფერი, რაც დაგეგმილი მქონდა, ჩაიშალა, სამაგიეროდ, პირად ცხოვრებას მივხედე. ჩემთვის ოჯახის ცნება მნიშვნელოვანია. ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც ერთმანეთი უყვარდათ და აფასებდნენ. დედა მთიული მყავს, მამა - წარმოშობით ოსია, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, რომ ძალიან თბილი და კარგი ოჯახი შეექმნათ. ოჯახში ოსურად არ ვლაპარაკობდით, მაგრამ ჩემი წარმოშობა არასოდეს დამიმალავს. თეთრიწყაროში დავიბადე და გავიზარდე. სკოლაც იქ დავამთავრე და უმცროს და-ძმასთან ერთად, ბედნიერი ბავშვობა გავატარე.

GzaPress

- მარიამი როგორ მიიღეს თქვენმა ახლობლებმა?

- ძალიან კარგად მიიღეს, ამაში მას იმერული სიდარბაისლე და თავდაჭერილობა დაეხმარა, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, მე მიმიღეს იმერლებმა - დიდი "კასტინგი" გამატარეს და ამასობაში, იმერული კილოც პირწმინდად ავითვისე. ახლა ერთი იმერელი პერსონაჟიც უნდა შევქმნა და ვიფიქრებ, რომ ამხელა "გამოცდა" ტყუილად არ გამივლია. ეს - ხუმრობით, მაგრამ მართლა მიხარია, რომ ისეთი ოჯახი შევქმენი, რომელზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი... მე და მარიამმა "კოვიდიც" ერთად გადავიტანეთ. საბედნიეროდ, გართულებები არ გვქონია და ვირუსი სახლის პირობებში მოვიხადეთ. არაჩვეულებრივი ექიმები გვყავდა, რომლებმაც დიდი პატივი გვცეს და ყველანაირად დაგვეხმარნენ.

- მსახიობობა როდის გადაწყვიტეთ?

- მეხუთე კლასში ქართული ენის მასწავლებელმა კინოში წაგვიყვანა და "იავნანამ რა ჰქმნა" გვაჩვენა. ეს ფილმი პირველად რომ ვნახე, მივხვდი, მართლა საოცარი, ჯადოსნური სამყარო იყო. მერე უკვე სასკოლო სპექტაკლებში დავიწყე თამაში და ამ პროფესიას სულ სხვა თვალით შევხედე. მანამდე მსახიობი ჩვენს ოჯახში არ ყოფილა და ეს ნაპერწკალი ნელ-ნელა გაღვივდა. ბოლოს მივხვდი, ეს ჩემი საქმე იქნებოდა. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, ქუჩაში რომ გავივლიდი, ყველას სახეზე ღიმილი გაჩენილიყო და მიხარია, რომ ეს ოცნება ავისრულე: ქუჩაში რომ მხედავენ, ყველა მიღიმის, ჩემთან ერთად ფოტოებს იღებენ და თბილად მხვდებიან, რაც ძალიან მახარებს. თოჯინების თეატრში მუშაობას და ბავშვებთან ურთიერთობასაც საოცარი სიხარული მოაქვს.

- მამედას სახე როგორ შექმენით?

- თეთრიწყაროში ბევრი ეროვნებისა და კუთხის წარმომადგენელი ცხოვრობს. მარნეული იქვე, ახლოსაა და აზერბაიჯანელებთან ურთიერთობა ხშირად მიწევდა. ყურადღებით ვაკვირდებოდი და მათი ლაპარაკი კარგად დავამუღამე. მერე უკვე ვაჯავრებდი და ჩემს პაროდიებზე ხალისობდნენ. მე და ჩემს განუყრელ მეგობარს - რომა ქერქაძეს ასე მოგვივიდა იდეა, მამედას სახე შემექმნა და "იუმორინის" სცენაზე ერთად გამოვსულიყავით. ბავშვობიდან მქონდა მოწიწება იმ დიდი ვარსკვლავების მიმართ, რომლებიც "იუმორინის" კონცერტებში მონაწილეობდნენ. მომწონდა მათი ხალასი იუმორი, ქართული ტრადიციის, ქართული სულის პატივისცემა... ასე მივედით მე და რომა ბატონ ჯემალთან, ჩვენი ნომერი ვაჩვენეთ, ყველას მოეწონა, მერე რაღაც კორექტივებიც შეიტანეს და საბოლოო ჯამში, მგონი, კარგი იუმორისტული ნომერი გამოგვივიდა. ცოტა რისკის ფაქტორი იყო, რომ აზერბაიჯანელებს ჩემი პერსონაჟი საწყენად არ მიეღოთ, მაგრამ მიხარია, რომ ასე არ მოხდა. პირიქით, მამხნევებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ჩემი პერსონაჟი ძალიან მოსწონდათ. თუ გახსოვთ, იქ მამედა "ფამიდორზე" ასეთ სიტყვებს ამბობს: "აქ რამ მოგიყვანა, შე დალოცვილო, შენა! შე ბარაქიანო, შენა! შე ორლარნახავრიანო, შენა!" ჰოდა, აზერები ხშირად მეხუმრებოდნენ: შენ ის არა ხარ, ბიჭო, ორლარნახავრიანიო?.. საერთოდ, ხუმრობა სხვაა და დაცინვა - სხვა, როცა ადამიანს ეხუმრები და ამას უბოროტოდ, სიყვარულით აკეთებ, ის ამას აუცილებლად გაიგებს.

- სვანებსაც კარგად ჰბაძავთ და მათი კილოც ბავშვობიდან აითვისეთ?

- სხვათა შორის, თეთრიწყაროში სვანებიც ცხოვრობენ. ბევრი სვანი მეგობარი მყავდა და მათი კილო ისე მქონდა ათვისებული, რომ "კომედი არხზე" მაიზერის პერსონაჟის შესრულება საერთოდ არ გამჭირვებია. კიდევ კარგი, ჩემი პერსონაჟი სვანებმაც კარგად მიიღეს, რადგან მათთან ხუმრობა ნამდვილად არ ღირს. იცით, როგორ მივხვდი, რომ ეს პერსონაჟი გამომივიდა? - მცხეთაში, სვეტიცხოველში ვიყავი, სანთელი უნდა მეყიდა და მესანთლე სვანი აღმოჩნდა. ყურადღებით შემომხედა და მითხრა: საერთოდ, არ მიყვარს, სვანებს რომ აღადავებენ, მაგრამ შენ ისე კარგად გამოგდის, გისმენ და არ ვბრაზდებიო. აიღო და ერთი ბღუჯა სანთელი მაჩუქა. ის სანთლები გადარჩენისთვის დავანთე (იცინის)! ახლა ვხუმრობ, სვანების პაროდიაზე ლიცენზიაც მაქვს აღებული და კურთხევაც-მეთქი. სვანი სიდედრი მყავს, გვარად - ზურაბიანი, რომელსაც შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს და კიდევ: მამა პავლე ზურაბიანმაც მომცა კურთხევა, რომ შემიძლია სვანებს გავაჯავრო. კიდევ, სვანი ნათლული მყავს...

- თქვენი დაკვირვებით, საქართველოს რომელი კუთხის იუმორია გამორჩეული?

- ყველა კუთხეს თავისი პეწი აქვს, მაგრამ გურულებს მაინც სულ სხვანაირი, კვიმატი ენა აქვთ. ჩემი უახლოესი მეგობარი - რომა ქერქაძეც გურულია. მიხარია, რომ მისი სახით ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანი მყავს გვერდით. ამბობენ, გურულები ფიცხები არიანო, მაგრამ ჩემთვის ეს კუთხე სისხარტესთან და ენაკვიმატობასთან ასოცირდება. აბა, როგორია, სტუმრად ჩასულს რომ გეტყვიან, - ძამა, შენ ახლა ნასწავლი პაპიროსი გექნება ჯიბეში და მომეცი, თუ კაცი ხარო: თურმე "ნასწავლს" ფილტრიან სიგარეტს ეძახიან. მე და რომას ერთი კი არა, ათი ფუთი მარილი გვაქვს ერთად ნაჭამი. ყველაფერს "უპატრონოდ", დიდი შრომითა და ჯაფით მივაღწიეთ და რაც მთავარია, ბავშვობის ოცნება ავისრულეთ - მსახიობები გავხდით. ნათესავებიც გავხდით: მე მისი შვილის ნათლია ვარ. ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის და ჩვენი დუეტიც ალბათ ამიტომ გამოდის კარგი.

GzaPress

- თუ გახსოვთ გამორჩეული ეპიზოდი თქვენი მეგობრობიდან?

- ერთხელ მე და რომა მანქანით მივდიოდით. საჭესთან ის იჯდა, ძალიან ვჩქარობდით და ეტყობა, რაღაც შეეშალა. პატრულმა გაგვაჩერა. გადავიდა რომა მანქანიდან და ეკიპაჟმა მაშინვე იცნო. მე რომ მივედი, შენ ის არა ხარ - სვანი მაიზერიო?.. თურმე, ერთ-ერთი მათგანი სვანი ყოფილა... გვითხრეს: ბიჭებო, თქვენ ისე გვაცინებთ, რომ ამ ერთხელ გაპატიებთ და ჯარიმას არ გამოგიწერთო. ასეთ დროს უფრო ვაფასებ ჩემს პროფესიას... თქვენმა შეკითხვამ კიდევ ერთი ამბავი გამახსენა: რამდენიმე წლის წინ, კოსტა ხეთაგუროვის და დიმიტრი ყიფიანის მეგობრობის საღამო იყო. მე და რომა ამ საღამოზე ერთად მოვხვდით. საღამოს ორჯონიკიძიდან ჩამოსული ოსებიც ესწრებოდნენ და აქაურებიც. აღმოჩნდა, რომ ქართულ არხებს იქაც უყურებენ და ორივეს კარგად გვიცნობენ. მეც და რომაც, სიტყვით გამოვედით. ვთქვი, რომ მეც ოსი ვარ, აქ დაბადებული და გაზრდილი, რომ ქართველებთან ერთი სიყვარული გვაქვს, რომ ერთი სისხლი და ხორცი ვართ. გაუხარდათ, რომ ჩემი წარმოშობა არ დავმალე. ბევრი ამას მალავს, მაგრამ მე ყოველთვის მახსოვს, სად დავიბადე, გავიზარდე და საიდან მოვდივარ. 1990-იან წლებში, როცა დაძაბულობა იყო, ჩემს ბიძაშვილ-მამიდაშვილობაში ერთი პატარა უსიამოვნებაც კი არ მომხდარა ეთნიკურ ნიადაგზე. სამწუხაროა, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ძალიან ცუდად ერევა ჩვენს ურთიერთობაში და ცუდ გავლენას ახდენს.

- დაბოლოს, თქვენი აზრით, რა აკლია დღეს ყველაზე მეტად ჩვენს მოსახლეობას?

- ალბათ, მეტი პოზიტივი და დადებითი ემოციები. ყოველდღიურად უამრავი ნეგატიური ინფორმაციის მოსმენა გვიწევს, რაც გულს ამძიმებს. რთული სიტუაციაა, მაგრამ ვცდილობ, ბედს არ შევურიგდე. მსახიობისთვის ყველაზე დიდი ჯილდო მაყურებლის აპლოდისმენტებია და როცა ეს აღარ გესმის, ცუდია!

ხათუნა ჩიგოგიძე