"ყველა ტალანტი ჩვენ გადმოგვეცემა ზეციდან, ანუ ღმერთისგან" - გზაპრესი

"ყველა ტალანტი ჩვენ გადმოგვეცემა ზეციდან, ანუ ღმერთისგან"

ქართული თეატრის დღეს, საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ ელენე ყიფშიძის სახელობის ჯილდო ახმეტელის თეატრის მსახიობს - მარინა ხარჩილავას გადასცა. ის ახმეტელის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელია, რომელიც დღემდე ამავე თეატრში მუშაობს. მეღვინე პაპის, გიმნაზიადამთავრებული დიასახლისი ბებიის, ეკონომისტი მამისა და ექიმი-ინფექციონისტი დედის ოჯახში, კითხვის კულტი ყოფილა; ბავშვობიდან აზიარეს "ვეფხისტყაოსანს" და სხვა ლიტერატურას. მადლიერია სკოლის პედაგოგების: ალექსანდრე ჯაფარიძისა და ეთერ ქუთათელაძის, რომლებმაც ქართული ლიტერატურა, ისტორია, მხატვრული კითხვა და ზოგადად, თავისუფალი აზროვნება შეაყვარეს და დიდი გავლენა იქონიეს მის პროფესიულ არჩევანზეც. აქტიურ რეჟიმში წერს ლექსებს, აქვს პროზაული ნაწარმოებებიც და როგორც ყველა თეატრალი, ისიც პანდემიის დასასრულს ელის, რომ კოლეგებთან ერთად მშობლიურ სცენას დაუბრუნდეს.

- ქალბატონო მარინა, წლების განმავლობაში ბევრ რეჟისორთან მოგიწიათ თანამშრომლობამ, თუმცა, ვინ არიან ის რეჟისორები, ვისთან მუშაობასაც თქვენ ოცნებად თვლით?

- თემურ ჩხეიძესთან მუშაობა ყველა მსახიობის ოცნებაა და მათ შორის მეც ერთ-ერთი გახლავართ. ალექსანდრე ქანთარიასთან ბევრ სპექტაკლზე მიმუშავია და დღესაც ვითამაშებდი მასთან. კინომსახიობთა თეატრში ლალი კეკელიძემ მიმიწვია. ის გასულია ამ ქვეყნიდან. ცოცხალი რომ იყოს, მის დადგმებშიც სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას. ასევე დავასახელებ გოჩა კაპანაძეს და კიდევ ბევრ რეჟისორს, რადგან მრავალფეროვნება მსახიობს ავითარებს და ეს საინტერესოა.

- ელენე ყოფშიძის სახელობის ჯილდო, რომელიმე კონკრეტული სპექტაკლის გამო მოგენიჭათ?

- ჩვენ თეატრში დაიდგა ოთარ ქათამაძის (ის მსახიობია და ბათუმში მოღვაწეობს) "აივანი", რომელშიც არის პერსონაჟი ფერმონია, ურთულესი როლია. თეატრალებს ძალიან მოეწონათ და კარგი შეფასებები დაიწერა. ამ სპექტაკლზე თეატრმცოდნე მერაბ გეგიამ, ჟურნალში "თეატრი", გამოაქვეყნა მასალა: "მარინა ხარჩილავას და მერაბ გეგიას საუბარი ერთი როლის გარშემო". სამწუხაროდ, დღეს ისიც გასულია - 75 წლის ასაკში გამოგვეცალა ხელიდან. სტატიაში მერაბ გეგია იხსენებს ჩემს პირველ როლებს, მთელ ჩემს პროფესიულ გზას და ასრულებს საუბარს "აივნით". მან საკმაოდ მაღალი შეფასება მისცა ჩემს ნამუშევარს. ამის შემდეგ სპექტაკლს ბევრი დაესწრო როგორც თეატრალური საზოგადოებიდან, ისე სხვა პროფესონალები. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ხანგრძლივი და ნაყოფიერი პროფესიული გზის გამო და ასევე, ჩემი აზრით, ალბათ სპექტაკლში "აივანი" შესრულებული როლისთვისაც, თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმში გადაწყდა, რომ ჩემთვის არაჩვეულებრივი ქალბატონის - ელენე ყოფშიძის სახელობის ჯილდო გადმოეცათ.

- გილოცავთ და წარმატებას გისურვებთ. საუბრის დასასრულს გკითხავთ, ქალბატონ ლალი კეკელიძესა და მერაბ გეგიაზე ამბობთ "გასულია" და არა "გარდაცვლილი", რატომ იყენებთ ამ სიტყვას?

- მთელი ცხოვრება, ჩემს პროფესიასთან ერთად, მაინტერესებს სახვითი ხელოვნება და მედიცინა. ორივე სფეროში საკმაოდ კარგი ცოდნა მაქვს მიღებული. ჩემს საქმიანობაზე მეტად და ზოგადად, ამქვეყნად ყველაფერზე მეტად მაინტერესებს უფლისკენ სავალი გზები. სწორედ აქ წავაწყდი სიტყვას "გავიდა", რაც ძალიან მომწონს და იმას გულისხმობს, რომ სული უკვდავია, მხოლოდ სხეული გავიდა. მეორედ მოსვლის ჟამს, როცა უფალი მიგვიხმობს, გასულები აღვდგებით. აქვე გეტყვით, როცა ელენე ყოფშიძის სახელობის ჯილდო გადმომცეს, დაახლოებთ ასეთი სიტყვები ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: ქრისტე ღმერთს დიდება, ყველა ტალანტი ჩვენ გადმოგვეცემა ზეციდან, ანუ ღმერთისგან და თუ როგორ გავამრავლეთ, რამდენად შევძელით, ამაში ჩვენი წვლილი დიდია, მაგრამ უფლის დახმარების გარეშე, ჩვენს ნიჭს ვერ გავამრავლებდით. უფალმა უნდა დაინახოს, რომ ვიღვწით და აუცილებლად დაგვეხმარება. ამჯერად მსოფლიოში პანდემიაა და ყველას ძალიან გვენატრება თეატრი, მაყურებელთან ცოცხალი კონტაქტი და ურთიერთობები ჩემს პირად მოძღვართან, სქიმარქიმანდრიტ გრიგოლ აბაშიძესთან, რომლის ქადაგებებიც ძალიან მომენატრა.

ყველაზე მეტად მიყვარს ღმერთი, დედა ღვთისმშობელი, წმინდა სამება და ქრისტე ღმერთის უძლეველი მხედრობა. აუცილებლად მინდა ვახსენო მამა ნიკოლოზ მაქარაშვილი, მამა გაბრიელის სულიერი შვილი და ერთადერთი მემკვიდრე. დღეს თუ რამ შემიძლია და ცოცხალი ვარ, მისი წყალობით. მეც გასული უნდა ვიყო და მან მომაბრუნა ამქვეყნად. ის არის უდიდესი წმინდანი. როცა ამას ვამბობ, ცინიკურ სახეს იღებენ. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ საკმაოდ კარგი განათლება მაქვს საიმისოდ, რომ სიტუაციაში ვერკვეოდე და ფანატიკოსი არ ვიყო. შესანიშნავად ვუწყი რამხელა წმინდანთან მაქვს საქმე, რომელსაც ებრძვიან. ესაა მარადიული ბრძოლა თეთრებსა და შავებს შორის, და ეს ახლა ძალიან გამწვავებულია. თუ თქვენ რამე არ გემუქრებათ, მინდა ეს აუცილებლად დაწეროთ, სიამოვნებით ვაწერ ხელს!

ანა კალანდაძე