მანანა ნაჭყებიას კულინარიული და ცხოვრებისეული რეცეპტები - გზაპრესი

მანანა ნაჭყებიას კულინარიული და ცხოვრებისეული რეცეპტები

მანანა ნაჭყებიას ჩვენი საზოგადოება ცხარე პოლიტიკური პროცესებიდან და არანაკლებ ცხარე დებატებიდან იცნობს. ბევრისთვის ალბათ ძნელი წარმოსადგენია, რომ საქმიანი, ელეგანტური ქალის იმიჯის მიღმა მოსიყვარულე დედა და საუკეთესო დიასახლისი "იმალება". ვფიქრობთ, ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ, ქალბატონ მანანას ჩვენი მკითხველი სულ სხვა თვალით დაინახავს.

- რამდენად რთულია ოჯახისა და პოლიტიკის ერთმანეთთან შეთავსება?

- ურთულესია იყო დედა, ოჯახის დიასახლისი და ამავდროულად, კარგად აკეთო საქმე, რომელიც გიყვარს. თუმცა, ქალში ყველაზე საყურადღებო თვისებაა ის, რომ ოჯახისა და კარიერის შეხამებას მშვენივრად ახერხებს. მან იცის, რას ნიშნავს ზრუნვა შვილებზე, ქმარზე, ნათესავებზე და ამავე დროს, პასუხისმგებლობა სამსახურში. თუ ორივე ერთდროულად არ გამოგდის, მაშინ უმჯობესია, ერთ-ერთი დათმო.

საქმიანი ქალისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ოჯახი ხელს როგორ შეუწყობს. თუ მეუღლე მიიჩნევს, რომ ქალის საქმე მხოლოდ ოჯახია, თუ კატეგორიულად მოითხოვს, რომ შინ დროზე დაბრუნდე, სადილი დროზე გქონდეს და მან ოჯახის საქმეში წვლილი საერთოდ არ უნდა შეიტანოს, მაშინ კარიერაში არაფერი გამოგივა. საბედნიეროდ, მე მყავდა მეუღლე, რომელიც ყველანაირად მიწყობდა ხელს და როცა ორი შვილის გაჩენის შემდეგ, მთელი 6 წლით სახლში ჩავჯექი, მომკიდა ხელი და სამსახურში წამიყვანა. მაქეზებდა: არ უნდა იჯდე სახლში, საზოგადოებრივ ასპარეზზე უნდა იყოო. დაიჟინა, მაღაზიებში წამიყვანა, ჩამაცვა, დამახურა და იმ ადამიანებთან მიმიყვანა, ვინც ჩემი შესაძლებლობები კარგად იცოდნენ.

- მაშინ პოლიტიკაში ჯერ კიდევ არ იყავით?

- არა, მუშაობა თბილისის მერიაში დავიწყე - 1995 წელს. ქალაქის მერი იმ დროს ნიკო ლეკიშვილი იყო, რომელსაც ბევრ რამეს ვუმადლი ცხოვრებაში. ვაფასებ მის პიროვნულ თვისებებს და გარშემო მყოფთა მიმართ დამოკიდებულებას. ამ ადამიანმა დიდი გავლენა იქონია ჩემზე და როცა სახელმწიფო მინისტრად გადავიდა, მის აპარატში გადავედი. შემდეგ უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩამოყალიბდა და ასე, თანდათან განვითარდა ჩემი კარიერა.

- პირველად რა თვისებებმა მოგხიბლათ მომავალ მეუღლეში?

- ჩემი მეუღლე - თემურ დუშუაშვილი ძალიან კარგი პიროვნება იყო. ერთმანეთი სამსახურში გავიცანით. 2-3 წელიწადს ვიცნობდით ერთმანეთს და მერე დავქორწინდით. პირველად მასთან საერთო საქმემ და სამსახურმა დამაახლოვა, მერე კი - ფეხბურთმა. არ გაგიკვირდეთ, ფეხბურთი ორივეს ძალიან გვიყვარდა. მაშინ თბილისის "დინამო" ზენიტში იყო, ყველანი გატაცებულები ვიყავით და მატჩებზე ერთად დავდიოდით. ამ გატაცებამ, საერთო ინტერესებმა და ემოციებმა დიდი როლი შეასრულა ჩვენს ურთიერთობაში. მისი იშვიათი თვისებების წყალობით, 30 წელი ერთად გავატარეთ. ის არ ფიქრობდა, რომ ოჯახში კაცისა და ქალის საქმე სხვადასხვაა, რომ ქმარი ცოლს არ უნდა დაეხმაროს... ყველაზე მეტად კი ის მომეწონა, რომ სიურპრიზების მოწყობა უყვარდა. რა მახსენდება ყველაზე კარგად მისი სიურპრიზებიდან?.. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავით ცოლ-ქმარი. გერმანიაში წავედი ტურისტული საგზურით და რომ ჩამოვედი, მთელ კედელზე გაკრული უზარმაზარი ნახატი დამხვდა, რომელიც ქსოვილზე იყო შესრულებული. ნახატზე ჩანდა მატარებელი, რომელსაც ეწერა "თბილისი-ბერლინი" და იქვე მოჩანდა ბატი, რომელსაც მხარზე ტურისტული ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული. ჩანთას ეწერა - "რუსო ტურისტო". საერთოდ, დაბნეული ადამიანი ვარ და ჩემი მომავალი მეუღლე ხუმრობით "ბატ ტასიკოს" მეძახდა. რასაკვირველია, მივხვდი, რომ ეს ნახატი მე მეძღვნებოდა. ჩემს დაბრუნებამდე წასულა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის მხატვარ მალხაზ ციცქიშვილისთვის უთხოვია - ასეთი სურათი დამიხატეო. უცნაური, მოულოდნელი სიურპრიზების მოწყობა უყვარდა. ერთხელ, დილით სასეირნოდ გავედით, უცბად ვინატრე: ახლა სიამოვნებით დავლევდი ყავას ბათუმში-მეთქი. აზრზე რომ მოვედი, უკვე მცხეთის გზაზე ვიყავით. მზად იყო, ჩემი ერთი სიტყვის გამო ბათუმში წავსულიყავით.

GzaPress

- გამოდის, გაგიმართლათ, ასეთ ადამიანს რომ შეხვდით.

- ნამდვილად გამიმართლა - ეს იყო ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ვენდობოდი; ყოველთვის ვუზიარებდი, თუ რაიმე პრობლემა მქონდა და მის რჩევასაც ყოველთვის ვითვალისწინებდი. 4 წლის წინ, სრულიად მოულოდნელად, გულის შეტევით დაიღუპა: ჩვენი ძაღლი იპოდრომზე გავასეირნეთ და რომ დავბრუნდით, მითხრა, გული მაქვს ცუდადო. წნევა გავუზომე და მაშინვე სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ, მაგრამ უკვე გვიანი იყო... ახლა უფრო კარგად ვხვდები, რა კარგი პიროვნება გახლდათ. სულ ამბობდა: ღმერთმა დამიფაროს, ჩემზე ადრე წახვიდეო. დარწმუნებული იყო, შვილებს ფეხზე დავაყენებდი და ვფიქრობ, ეს შევძელი: ორი შვილი მყავს, ორივეს თავისი საქმე აქვს და რაც მთავარია, ორივე უსაზღვროდ მოსიყვარულე ადამიანია, სიკეთის კეთება არ ჰბეზრდებათ. ეს დიდი ძალისხმევისა და შრომის ფასად შევძელი: როცა დატვირთული პერიოდი მქონდა, 4-5 საათზე მეტხანს არ ვიძინებდი. არასდროს მყოლია დამხმარე, რომელიც ჩემს ნაცვლად სადილს გააკეთებდა ან სხვა საქმეში შემეშველებოდა. სანამ დედა ცოცხალი იყო, შვილების აღზრდაში ისიც მეხმარებოდა და მეუღლეც, მაგრამ ძირითადი ტვირთი მაინც ჩემზე გადადიოდა, - დედას ტვირთს ბოლომდე ვერავინ შეუმსუბუქებს.

- თქვენს შვილებზეც მოგვიყევით...

- ორი შვილი მყავს: რუსკა და ანა. ორივეს საკმაოდ თავისუფლად ვზრდიდი, მაგრამ ერთადერთი, რის გამოც შეიძლება გავწყრომოდი, მეცადინეობა იყო. თავიდან, მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, მეც ვიჯექი და ვცდილობდი, მათთვის წიგნი შემეყვარებინა. თანდათან შეიყვარეს კითხვა, მეცადინეობა. მიმაჩნია, რომ თავისი ასაკისთვის ორივე საკმაოდ წარმატებულია: უფროსმა - ანამ უნივერსიტეტი დაამთავრა, კარგად იცის უცხო ენები, კომპიუტერი, საკმაოდ განათლებული და გემოვნებიანია. უმცროსი - რუსკა ექიმი-ანესთეზიოლოგია და მეუღლესთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს. იქ მას პატივს სცემენ, ანგარიშს უწევენ და საკმაო წარმატებით იკვალავს გზას ამ უცხო ქვეყანაში. ქმარი ქართველი ჰყავს - ზურაბ ორაგველიძე. მე-7 კლასიდან უყვარდათ ერთმანეთი და რუსკა გერმანიაში რომ წავიდა, სულ მალე ისიც გაჰყვა. ხელი ფრანკფურტში მოაწერეს, ჯერჯერობით შვილი არ ჰყავთ. ადრე ბევრს მიაჩნდა, რომ ქალის საქმეში მამაკაცი არ უნდა ჩარეულიყო. მიხარია, რომ ამას თანამედროვე ახალგაზრდები გონივრულად მიუდგნენ. მაგ., ჩემი უმცროსი ქალიშვილი და მისი მეუღლე საქმეს თანაბრად ინაწილებენ - როცა ერთი სახლს ალაგებს, მეორე ჭურჭელს რეცხავს ან - პირიქით. ეს ჩემს სიძეს სულაც არ ეთაკილება. არ მომწონს, რომ ზოგიერთი ქალი მეუღლეზე ძალიან არის დამოკიდებული. ეს ცუდია, რადგან არ ვიცით, ცხოვრება ვის რას მოუტანს.

- პოლიტიკოს ქალებს მამაკაცებთან არათანაბარი კონკურენციის ატანა უწევთ. როგორ უძლებდით და უძლებთ ამ კონკურენციას?

- ეს პრობლემა საქართველოში მართლაც არსებობს, რადგან ქალებს არა აქვთ იმხელა უფლებები და ფინანსური რესურსი, რომ კოლეგა-მამაკაცებს კონკურენცია გაუწიონ. ქალის შრომას პოლიტიკაში სერიოზულად იყენებენ, მაგრამ როცა საქმე თანამდებობაზე მიდგება, ქალები უკანა პლანზე გადადიან. მე გამიმართლა, რადგან "ახალ მემარჯვენეებში" მსგავსი რამ არ ხდებოდა, თუმცა, მეც მსმენია, რომ სხვა პარტიებში ეს პრობლემა იდგა და დღესაც არის. დიდი მადლობა უნდა ვუთხრა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებმაც ბევრი რამ გააკეთეს ჩვენს ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მისაღწევად. ასევე, მადლობა უნდა გადავუხადო რუსუდან კერვალიშვილს, რომელიც გენდერულ პრობლემებზე განსაკუთრებული ენთუზიაზმით მუშაობდა. ქალის მონაწილეობა პოლიტიკაში აუცილებელია. პოლიტიკას ქალის ხასიათი და გამოცდილება სჭირდება, რადგან ის, თავისი ბუნებით, უფრო მიმტევებელი და მოქნილია, მამაკაცი - უფრო ხისტი და ამაყი. ამ თვისებების შერწყმა პოლიტიკაში აუცილებელია. ქალს დიპლომატიური ნიჭი ბუნებისგან აქვს მომადლებული, ამიტომაც არის საჭირო კვოტების შემოღება და ხელშეწყობა.

- დაბოლოს, ვიცით, რომ კარგი კულინარი ხართ. რომელია თქვენი "საფირმო" კერძი?

- ძალიან კარგად გამომდის ხაჭაპური, რომელიც ქართული სუფრის მეფეა და დღესასწაულებზე ყოველთვის ვაცხობ. ჩემი "საფირმო" კერძი ელარჯია და მეგობრები ჩემთან რომ მოდიან, მარტო ელარჯის გაკეთებას მთხოვენ... ბოლო წლებში საერთოდ შემეცვალა შეხედულება კულინარიაზე: ადრე ვერ წარმომედგინა, სუფრასთან ე.წ. უბრალო კერძი როგორ მიმეტანა. ჩემი შვილების თაობამ დამარწმუნა, რომ არ არის აუცილებელი, სტუმარს საცივი, ელარჯი და ნიგვზიანი ხარჩო დაახვედრო, - შეიძლება ადამიანები კარტოფილზეც დაპატიჟო, თუ ის სხვანაირად არის შეზავებული, გემრიელია და ტრადიციული შემწვარისგან განსხვავდება. ჩემი ორივე შვილი კარგად ამზადებს და აცხობს, მაგრამ უფროსს ამ საკითხის თანამედროვე გაგება აქვს. სწორედ მისგან ვისწავლე ჩემი საყვარელი კერძი - კარტოფილი როზმარინითა და ნივრით.

კარტოფილი როზმარინით და ნივრით:

ავიღებთ მცირე ზომის რამდენიმე კარტოფილს, კარგად გავრეცხავთ და ჯაგრისით გავასუფთავებთ, რადგან კანიანად უნდა მოვხარშოთ. მოვხარშავთ და მერე ბრტყელი საგნით დავსრესთ ისე, რომ სიმრგვალე დაკარგოს, თუმცა ბოლომდე არ უნდა დავანაწევროთ. ამის შემდეგ კარტოფილს ცხელ ტაფაზე დავაწყობთ, ზეთს დავასხამთ და ჰაერღუმელში შევდგამთ. აუცილებელია, ორივე მხრიდან იწვოდეს - როგორც ზემოდან, ასევე - ქვემოდან. თუკი ასეთი გაზქურა არ გვაქვს, უნდა ამოვატრიალოთ და ორივე მხარეს დავბრაწოთ. ზემოდან მოვაფრქვიოთ როზმარინი და მარილი, ხოლო დაჭყლეტილი ნიორი ყველა კარტოფილს წავუსვათ ყველა მხრიდან. ვისაც ცხიმების არ ეშინია, შეუძლია ზემოდან პატარა კარაქის ნაჭრებიც დაადოს. ამ კერძს ირგვლივ შეიძლება მჟავე კიტრიც შემოუწყოთ, ძალიან უხდება.

ხათუნა ჩიგოგიძე