"დღეს ეკრანიდან ქართული სიტყვა აღარ ისმის, ეს საშინელებაა" - გზაპრესი

"დღეს ეკრანიდან ქართული სიტყვა აღარ ისმის, ეს საშინელებაა"

"ჩემო ძვირფასებო, ეს ვარსკვლავი კი არ არის, ეს არის სიცოცხლის ხანგრძლივობა, ეს არის სასწაული იმისა, რომ არსებობ ამ ქვეყანაზე, რომ ხარ ამ საზოგადოების წევრი. ღმერთო, მამაზეციერო, ეს შეკრება ყოფილიყოს სიმბოლო იმისა, რომ ერთმანეთს პატივი ვცეთ..." - ეს სიტყვები დავით სოკოლოვმა მთაწმინდის პარკში, სატელევიზიო ანძის მიმდებარედ, საკუთარი ვარსკვლავის გახსნის დღეს წარმოთქვა...

- ბატონო დავით, ვარსკვლავის გახსნას გილოცავთ! მიამბეთ, როგორი იყო თქვენი ემოცია, როდესაც ეს ამბავი პირველად გითხრეს?

- უღრმესი მადლობა თქვენ, რომ გახსოვართ და მოსალოცად დამირეკეთ. პირველად რომ მითხრეს, თქვენი ვარსკვლავის გახსნა 4 თებერვალს იქნებაო, ძალიან ავღელდი. ვარსკვლავები, ჩემთან ერთად ეკრანზე მყოფ სხვა ადამიანებსაც გაუხსნეს, მაგრამ ამისთვის რატომღაც მზად არ ვიყავი, ცოტათი დავიბენი. მითხრეს, უკვე ყველაფერი მოგვარებულიაო. ყველას მადლიერი ვარ, ვინც ამ საქმეში მონაწილეობა მიიღო. ახლა ლია მიქაძე გვყავს ცუდად და მაგას ვდარდობ, განვიცდი, გული მტკივა. ჯულიეტა ვაშაყმაძემ ახლახან დაგვტოვა, ეჰ!.. ჩვენ მიკროფონთან, ეკრანზე, ერთად იმდენი რამ გვაქვს გადატანილი, ჩამოთვლა და ყველაფრის გახსენება ცოტათი ძნელია. თავს მოდუნების უფლებას არასდროს ვაძლევდით, მომართული ვიყავით იმისთვის, რომ მუდამ ფორმაში ვყოფილიყავით, არავის ეთქვა საყვედური. ბევრი სირთულე დავძლიეთ. წარმოიდგინეთ, თბილისში საბჭოთა კავშირში რიგით მესამე ტელევიზია გაიხსნა და ბევრს წარმოდგენა არ ჰქონდა, იქ რა ხდებოდა, საერთოდ რა იყო ტელევიზია. ადვილი არ იყო, თუმცა - არც შეუძლებელი. ვფიქრობ, ჩვენ ყველა გამოწვევა დავძლიეთ.

- მხოლოდ დასძლიეთ? თქვენ ისტორია შექმენით!

- წლებმა როგორც უნდა იქროლონ, რამდენი დროც უნდა გავიდეს, ის საოცარი დღეები, რაც გამოვიარე, არასდროს წაიშლება, ის ყოველთვის იქნება ჩემს მეხსიერებაში, ჩემს გულში, თვალში და მანამდე იქნება, სანამ ამ ქვეყანაზე ვიარსებებ.

GzaPress

- ვარსკვლავის გახსნისას გული აგიჩუყდათ. ცხოვრებაში ასეთი სიხარულის ცრემლები ხშირად გქონდათ?

- ყველა ამბავს განსხვავებული ემოცია ახლავს. შეამჩნიეთ, ხომ? ცრემლიანი თვალები რომ არ გამომეჩინა, თვალებზე ხელები ავიფარე.

დავით სოკოლოვთან პირველი ინტერვიუ მაშინ ჩავწერე, როდესაც ჰოსპისში ცხოვრობდა. მოგეხსენებათ, მას კუთვნილი ბინა 1991 წელს მომხდარი სამოქალაქო დაპირისპირების დროს დაუწვეს და როგორც დაზარალებულს, სახელმწიფოსგან კომპენსაცია ეკუთვნოდა. მას შემდეგ არაერთი ხელისუფლება გამოიცვალა, ბატონმა დავითმაც არაერთ მმართველს მიმართა თხოვნით, მისი პრობლემა მოეგვარებინა, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

შარშან ოქტომბერში, ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ, სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ბატონი დავითი ამბობდა, რომ ამ პრობლემის მოგვარებაში კახა კალაძე დაეხმარა.

"ავად ვარ, 20 წელზე მეტი ბინას ველოდით, ყურად არავინ იღო ჩემი მცდელობები. ამან ჩემი მეუღლე შეიწირა და მგონი, მეც ვეწირებოდი. 20 წლის განმავლობაში ყურადღება არავინ მომაქცია. კახა კალაძე რომ მოვიდა თანამდებობაზე, მასთანაც ვცადე, შევედი სალაპარაკოდ და საუბარიც ვერ მოვასწარი, ისე გადაწყვიტა ჩემი საქმე, რამდენიმე საათში და ძალიან გამიკვირდა... ღმერთმა კარგად ამყოფოს... როცა რამდენიმე კლინიკა გამოვიცვალე, იქაც მაქცევდა ყურადღებას..."

- ბატონო დავით, ახალ ბინაში როგორ ცხოვრობთ?

- ბედნიერი ვარ, რომ ქალაქის მერმა პრობლემა ვაჟკაცურად მოაგვარა. აქ ჩემს შვილიშვილთან ერთად ვცხოვრობ.

- როდესაც წარსულს იხსენებთ, განვლილი წლებიდან ყველაზე მეტად რა გენატრებათ?

- ყველაზე გასახსენებელი და დასამახსოვრებელი ის პერიოდი იყო, როცა ეკრანზე პირველად გამოვჩნდი. ჩემი პირველი გამოსვლა რომ ვნახე, უკაცრავად ნათქვამია და, ლამის "დავუსტვინე" (იცინის). ჩვენ სხვა სტანდარტები გვქონდა. რა სკამი და მაგიდა, რაზეა ლაპარაკი, ეკრანზე ისე ვინ გაგვიშვებდა, ფეხზე არ ვმდგარიყავით, სტუმრები ჩვენ გვერდით არ ყოფილიყვნენ.

- ეს კარგი იყო თუ ცუდი?

- რა თქმა უნდა, კარგი იყო. სულ მზად ვიყავით იმისთვის, რაც უნდა გაგვეკეთებინა და როგორ შევხვედროდით მაყურებელს.

- სინანული რის გამო გაქვთ?

- სინანული?.. არაფრის გამო არ მაქვს. თეატრალური ინსტიტუტი რომ დავასრულე, უკვე მზად ვიყავი იმისთვის, რომ რადიოში უნდა მემუშავა. კონკურსი ტარდებოდა, გავედი და რადიოს თანამშრომლად ამიყვანეს. ტელევიზიაზე მაშინ ლაპარაკი არ იყო. ინსტიტუტში რომ ვსწავლობდი, იქ მეტყველების პედაგოგები მყავდა. ერთ-ერთი მათგანი ბაბულია ნიკოლაიშვილი გახლდათ. მუშაობა რადიოში რომ დავიწყე, იქაც ქალბატონი ბაბულია დამხვდა. კვირაში ორჯერ მეტყველებაში გვავარჯიშებდა. ჩვენი თავმოყვარეობა არ უნდა შელახულიყო, მაყურებლის წინაშე მოუმზადებელი არასდროს უნდა გავსულიყავით, პასუხისმგებლობას ვგრძნობდით მათ წინაშე და ახალ ცხოვრებას ასე ნელ-ნელა ვეჩვეოდით. იმ საქმეს, რომელიც ავირჩიე, ცხოვრება მივუძღვენი.

- იმ უამრავი ეთერიდან, რომელიც გქონდათ, გამორჩეულად რომელიმე თუ დაგამახსოვრდათ?

- ასე უეცრად არ მახსენდება, მაგრამ გონებაში ჩამრჩა ის, რომ ჩემდამი მსმენელი და მაყურებელი ძალიან თბილად იყო განწყობილი. ქუჩაში რომ მხვდებოდნენ, მელაპარაკებოდნენ, - იცით, ეს რამდენად მნიშვნელოვანი იყო?!

GzaPress

- თქვენთვის ეს რას ნიშნავდა?

- ეს იყო იმის დასტური, რომ ჩემს სიცოცხლეს აზრი ჰქონდა; ჩემი პროფესიის არჩევას აზრი ჰქონდა.

- ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც თქვენს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშეს?

- ისევ ბაბულია ნიკოლაიშვილს ვახსენებ. ტელეწამყვანი, რომელიც ქართულად არ მეტყველებს, - მისი ფასი "კაპიკია". მაყურებელს შენ უნდა ასწავლო, გააგებინო, რას ნიშნავს ჩვენი მშობლიური ენა. ქართველმა კაცმა უნდა იცოდეს, როგორ დაალაგოს წინადადება, ამაზე აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ.

- თქვენს ახალგაზრდა კოლეგებზე რას იტყვით, მათ მეტყველებაზე, ქცევის კულტურაზე? როგორია თქვენი თვალით დანახული თანამედროვე ტელეჟურნალისტიკა?

- ჟურნალისტიკის ის ფორმა, რომელიც ახლაა დამკვიდრებული, იმდენად ფესვგადგმულია, ხანდახან ვფიქრობ, იქნებ მე ვცდები? იქნებ ასე უნდა ხდებოდეს? მესმის, ხუმრობაც საჭიროა, ზოგჯერ ენის მოჩლექაც, მაგრამ შენს ენას პატივი უნდა სცე, ქართული სიტყვა სხვა ენის სიტყვებში არ უნდა აგერიოს, ეს განა ასე რთულად დასაცავია?! უპირატესობას სხვა ენებს რატომ ანიჭებენ? დღეს ეკრანიდან მოსმენილი ყოველი მესამე სიტყვა უცხოურია, ეს საშინელებაა, ქართული ენა აღარ ისმის.

- ახალგაზრდა კოლეგებს რას ურჩევთ?

- იმას კი ნუ ცდილობენ და სწავლობენ, უცხო ენიდან რა აიღონ, - უცხოელებს ასწავლონ ქართული ენა, რომლის მაგვარიც მსოფლიოში არ მეგულება. ქართული ენის ღირსებას ნუ აუფასურებენ. ახალგაზრდებს ვეუბნები ხოლმე, ამ წინადადების თქმა ასე უკეთესია, ასე უნდა დალაგდეს, მაგრამ ეს მხოლოდ რჩევაა, ძალას ვერავის დავატან, რომ ისე იმეტყველონ, როგორც ვურჩევ.

- ეკრანიდან დიდი დოზით მოდის აგრესია. ამაზე, როგორც მაყურებელი, რას იტყვით? შემაწუხებელი არ არის?

- შემაწუხებელი კი არა და, გულისამრევია, - უკაცრავად ამ პასუხისთვის, - მაგრამ რა უნდა ქნა? გამოდის ამდენი ახალგაზრდა მუშტების ქნევით, ქვების სროლით და რას ითხოვენ? რას ბჟუტურობენ? სასწაულია. გამოდის ვიღაც და იმ აკრძალვებს აპროტესტებს, რომლებიც პანდემიის გამო დაუშვეს. რა უნდა ქნას სახელმწიფომ, ყველა თავის ნებაზე მიუშვას?!.

- საინფორმაციო გადაცემების წამყვანებიდან თქვენთვის რომელიმე სახე გამორჩეულად საინტერესო თუ არის?

- ვერ ვხედავ ისეთ ადამიანს, ვისაც შეიძლება მიჰბაძო.

- ამდენი წლის შემდეგ, ამ გადასახედიდან, როგორ ფიქრობთ - ცხოვრებაში მთავარი რა არის?

- ცხოვრებაში მთავარია ადგილი, რომელსაც შენ, ადამიანი იკავებ. რა გზასაც შენ ადგახარ, უნდა იყო დარწმუნებული, რომ ის მართალი, საჭირო და აუცილებელი გზაა მხოლოდ შენთვის კი არა, გარშემო მყოფთათვისაც. ინგლისური ენის ცოდნა არ არის მთავარი, ამაზე მნიშვნელოვანია, მშობლიურ ენას რამდენად პატივს სცემ, როგორ გამოთქვამ ქართულ სიტყვებს და სხვას სწორად მეტყველებას ასწავლი.

- გმადლობთ ინტერვიუსთვის. ჯანმრთელობას გისურვებთ!

- გმადლობთ. სხვა დროს, სურვილი თუ გექნებათ, მუდამ მზად ვიქნები თქვენთან შესახვედრად!

თამუნა კვინიკაძე