როგორ იშოვა მეორეკლასელმა მარტა ბარამიძემ 500 ლარი და... - გზაპრესი

როგორ იშოვა მეორეკლასელმა მარტა ბარამიძემ 500 ლარი და...

მარტა ბარამიძემ ფულის საჭიროება ადრეული ასაკიდანვე გააცნობიერა. ჯერ ისევ არასრულწლოვანი გახლდათ, როცა ბათუმში საკუთარი კომპანია შექმნა. ამჟამად, მარტა ტელერუბრიკას უძღვება და ასევე, კულინარიული გადაცემის პროდიუსერიც გახლავთ... მშრომელ გოგონას, რომელიც ფართო საზოგადოებამ "მასტერშეფიდან" გაიცნო, შემდეგ კი - "ჩემი ცოლის დაქალებშიც" გამოჩნდა, თავისი მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების მკითხველისთვის გაზიარება ვთხოვეთ...

- ფულის მნიშვნელობა და საჭიროება ბავშვობაში გავაცნობიერე, როცა სასწავლო წლის დაწყების წინ, სკოლის ფორმა, წიგნები, რვეულები და სხვა სასკოლო ნივთები მჭირდებოდა, რომელთა შეძენის საშუალება არ მქონდა. მერე ძირითადად, სხვის მიერ უკვე გამოყენებული წიგნების, ჩანთის, სასკოლო ფორმის მოძიება მიწევდა. მივხვდი, რა მაგარი იქნებოდა, ფული მქონოდა და ყველაფერი ახალი მეყიდა.

- შემოსავლის საკუთარი წყაროს ძებნა როდის დაიწყე?

- ჯერ კიდევ მეორე კლასში ვიყავი. ზუსტად ახალი სასწავლო წელი იწყებოდა და ვფიქრობდი, ფული როგორ მეშოვა. ჯართის შეგროვება დავიწყე. გულმოდგინედ ვაგროვებდი. თუ სადმე რკინის პატარა ნაჭერი ეგდო, ჩემთვის ის უკვე ფული გახლდათ. მახსოვს, 1 კილო ჯართის ჩაბარება 20 თეთრი ღირდა. იმდენი შევაგროვე, რომ ხუთასზე მეტი ლარი ავიღე. ჯართის ჩასაბარებელ პუნქტში ტომრები მე და ჩემმა მეგობარმა მივიტანეთ, დიდი ურიკით (რომელიც 2 ლარად ვიქირავე). ადგილზე მისულებს ღიპიანი კაცები დაგვხვდნენ. ორმა ბავშვმა ამდენი ჯართი რომ მივიტანეთ, ცოტათი ალმაცერად შემოგვხედეს - რამე ხომ არ მოიპარესო? მერე, როცა ნახეს, რაც გვქონდა შეგროვებული, შოკში ჩავარდნენ (იცინის)...

- რაში გამოიყენე მიღებული თანხა?

- პირველ რიგში, ვიყიდე სკოლის ფორმა, წიგნები, რვეულები... თუ ვინმეს დახმარება სჭირდებოდა, ცოტ-ცოტა ფული მივეცი. სახლში ბევრი საჭმელი მივიტანე. მერე გარკვეული თანხის გადადებაც მოვახერხე, რომელსაც მთელი წელი ვიზოგავდი, რათა სკოლის ბუფეტში ყოველდღე 20-თეთრიანი "პონჩიკი" თუ "პერაშკი" მეჭამა.

- შენს გამზრდელ მშობლებს როგორი რეაქცია ჰქონდათ?

- არანაირი, რადგან დიდად არც კითხულობდნენ, საიდან რა "მოდიოდა და მიდიოდა"... ჩემს ერთ-ერთ კლასელს შინ ვალდებულება ჰქონდა, რომ სკოლიდან დაბრუნებულს სახლი დაელაგებინა (მისი მშობლები მუშაობდნენ). სახლის დალაგება ისე ეზარებოდა, რომ კანფეტების სანაცვლოდ, სახლს მე ვულაგებდი. ასეთი "ბარტერი" გვქონდა (იცინის).

- პროფესია როგორ აირჩიე?

- ბავშვობაში მსახიობობა მსურდა. სპექტაკლებს სულ ვესწრებოდი. რეჟისორებს ვეუბნებოდი, რომ თეატრალურში ჩაბარება მინდოდა და ვთხოვდი, რეპეტიციებს დამასწარით-მეთქი. მსახიობებს რომ ვეუბნებოდი, - მეც თეატრალურში ჩაბარებას ვაპირებ-მეთქი, თავზე ხელს გადამისვამდნენ (მათ შორის, ქალბატონი მარინა კახიანიც) და მპასუხობდნენ, - შვილო, არ გინდა. წადი, რამე ნორმალური პროფესია აირჩიე, არ იცი, ჩვენი ცხოვრება როგორიაო (იღიმის)... საბოლოოდ, როცა ეროვნული გამოცდების დრო დადგა, 1 თვე ძალიან კარგ პედაგოგთან ქართულ ენასა და ლიტერატურაში ვემზადებოდი. დავმეგობრდით კიდეც და დღემდე ახლო მეგობრები ვართ. მას რომ ვუყურებდი, თავის საქმეს როგორ კარგად აკეთებდა, თავისი ცოდნითაც და ფინანსური თვალსაზრისითაც საუკეთესო დონეზე იყო, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაბარება გადავწყვიტე. ასეც მოვიქეცი... ცოტათი "პროტესტანტი" სტუდენტი გახლდით: უნივერსიტეტში რაც არ მომწონდა, ხმამაღლა ვამბობდი, რის გამოც ლექციებიდანაც მაგდებდნენ... ბათუმში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლის დასრულების მერე, თბილისში ჩამოვედი, ტელევიზიაში მუშაობა დავიწყე... შემდეგ პოლიტიკური პარტიის პიარის მიმართულებით ვმუშაობდი. ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში პიარსა და მარკეტინგს ვსწავლობდი...

GzaPress

- რეპეტიტორისთვის საჭირო თანხა საკუთარი შემოსავლიდან გაიღე?

- კი. იმ პერიოდში აჭარის უმაღლეს საბჭოში ვმუშაობდი, როგორც მიწვეული სპეციალისტი. მანამდეც ბევრგან ვმუშაობდი, მაგალითად - სარეკლამო სააგენტოში. ასევე, დებატების ტექნიკასთან დაკავშირებით, ქედაში, ხელვაჩაურში, ხულოსა და შუახევში, სკოლის მოსწავლეებს ლექციებს ვუკითხავდი... ჩემი პატარ-პატარა შემოსავალი მქონდა... რეპეტიტორთან მცირე თანხა მქონდა გადასახდელი. თან, მეცადინეობისას ისე დავახლოვდით, რომ ბოლოს ფულს არც მართმევდა...

- თავად სკოლის მოსწავლე სხვებს ლექციებს როგორ უკითხავდი?

- ბათუმში, ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ტენდერი გამოაცხადა. ამბის გასაგებად მივედი. შევიტყვე, რომ სჭირდებოდათ ადამიანი, ვინც კვირაში რამდენიმე დღე, აჭარის რეგიონებში ივლიდა და ბავშვებს ლექციებს წაუკითხავდა. წამოვედი, დებატების ტექნიკა კომპიუტერით ვისწავლე, შემდეგ კონკურსზე მივედი და როგორც ჩანს, მოვიგე (იცინის)...

- შენი პირველი ოფიციალური სამსახური რა იყო?

- ერთ-ერთი მობილური კავშირის კომპანიაში სამუშაოდ არაოფიციალური სამსახურიდან მივედი: სარეკლამო ბანერების ყიდვა შევთავაზე. ჩემი პრეზენტაცია წარვადგინე... იმ საღამოსვე დამირეკეს, - ჩვენთან გაყიდვების სფეროში მუშაობა ხომ არ გინდაო (იცინის)? დავთანხმდი... გარდა ამისა, კომპანიაში პრომო გოგონების მომსახურება სჭირდებოდათ და აღმოჩნდა, რომ ბათუმში ეს პრობლემა იყო. დავფიქრდი და გადავწყვიტე: რადგან ასეთი კომპანია არ არსებობს, თავად შევქმნი-მეთქი. არასრულწლოვანი ნოტარიუსთან მივედი. აღმოვაჩინე, რომ ნოტარიუსს პოლიტიკაზე საუბარი უყვარდა. ლაპარაკი გავუბი და ჩემი "ინდმეწარმე" ისე გააფორმა, ასაკისთვის არც ჩაუხედავს (იცინის)... კასტინგზე დაახლოებით 2000 გოგო დავიბარე. ამისთვის ბათუმის უნივერსიტეტს დიდი დარბაზის დათმობა ვთხოვე. გასაუბრება ჩავატარე... მოკლედ, დაახლოებით 300 გოგოსგან გუნდი შევკარი. გარდა იმისა, რომ მობილური კავშირის კომპანიაში ვმუშაობდი, პლუს, ეს კომპანია ჩემგან პრომო გოგონების მომსახურებას ქირაობდა, ანუ ორმაგი შემოსავალი მქონდა. შემდეგ, ამ მომსახურების მიღების სურვილი სხვა კომპანიებსაც გაუჩნდათ...

- მუშაობისას უსამართლობის მსხვერპლი გამხდარხარ?

- კი, მაგრამ იმ კომპანიას არ დავასახელებ. ვიდრე იქ მუშაობას დავიწყებდი, ჩემამდე, იმავე პოზიციაზე ბიჭი მუშაობდა, რომელიც ამბობდა, რომ საქმეს მასზე მაგრად ვაკეთებდი. ასევე, მთელი სტაფი აღიარებდა - აქამდე სად იყავი? გვეშველაო. აღმოვაჩინე, რომ იმ ბიჭს ჩემზე მეტი ხელფასი ჰქონდა. დირექტორთან შევედი და ვკითხე, - იმას მეტი ხელფასი რატომ ჰქონდა-მეთქი? - ოჰ, ის ბიჭი იყოო, - მიპასუხა. - კარგი. თუ მომავალ თვეში ჩემი ხელფასი მინიმუმ ორჯერ არ გაიზრდება, სასამართლოში შევხვდებით-მეთქი, - ვუთხარი (იცინის).

- ასეთმა მიდგომამ შედეგი გამოიღო?

- რა თქმა უნდა, რადგან მსგავს საკითხზე დავა არ აწყობდათ, ეს აშკარა დისკრიმინაციაა სქესობრივი კუთხით და ამ საქმეს ნებისმიერ სასამართლოში მოიგებ.

- რომელ სფეროში მუშაობისას გრძნობ თავს კომფორტულად?

- ტელევიზიაში, სამზარეულოში და გაყიდვების სფეროში, რადგან იცი, როგორი ტიპის ადამიანი ვარ? რაღაც რომ არ გამოდის, ბოლომდე "ვაწვები"! გაყიდვების სფეროში ზუსტად ასეთი ხასიათი უნდა გქონდეს. როგორც ჟურნალისტებს ეუბნებიან, - კარს თუ არ გიღებენ, ფანჯრიდან გადაძვერიო, გაყიდვებშიც იგივე სისტემა მუშაობს: თუ კარს არ გაგიღებენ, ფანჯრიდან უნდა შეძვრე და პროდუქტი აყიდვინო...

- პოლიტიკურ პარტიაში მუშაობა როგორ დაიწყე?

- "ჯიდიესზე" სიტუაცია რომ შეიცვალა, წამოვედი (შემდეგ, მალევე "დაიხურა"). თან, ტელევიზიაში მუშაობის გამო, საავადმყოფოში მოვხვდი: გადაღება გვქონდა - ჯარში გაგვიშვეს, ჯარისკაცის ცხოვრებით უნდა გვეცხოვრა. აღმოჩნდა, რომ მხატვარმა ზამთრის კი არა, საზაფხულო ფორმები გაგვატანა. ყინვაში დილის 4 საათზე ავდექი, ვირბინე... რასაც ჯარისკაცი აკეთებს, ყველაფრის გაკეთება ზაფხულის ფორმაში გამოწყობილს მომიხდა (თებერვალში). იქიდან დაბრუნებულმა, რამდენიმე დღეში თავი ცუდად ვიგრძენი. ერთ დღესაც შუა ინტერვიუ მივატოვე - ძალიან ცუდად ვარ-მეთქი... დილით კანკალით გავიღვიძე. "სასწრაფო" გამოვიძახე, საავადმყოფოში გადამიყვანეს. მწვავე ტკივილი მქონდა. ისე ვკანკალებდი, ჭიქას ხელში ვერ ვიჭერდი. ტკივილები მორფით გამიყუჩეს - სხვა გზა არ იყო. აღმოჩნდა, რომ ექიმისთვის რამდენიმე წუთით გვიან რომ მიმემართა, მოვკვდებოდი... მერე მივხვდი, ტელევიზიაში დაბრუნება აღარ მინდოდა, რადგან რთული რეჟიმი იყო, ადამიანურად ვერ ვცხოვრობდი... ჩემი შეყვარებული "გირჩში" მუშაობდა. მისგან გავიგე, რომ სურდათ პიროვნება, ვინც პიარს გაუძღვებოდა. გასაუბრებაზე მივედი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, სამსახურში ამიყვანეს...

- თავის დროზე ბათუმიდან თბილისში საცხოვრებლად გადმოსვლა რატომ გადაწყვიტე?

- თბილისში იმის სწავლას ვაპირებდი, რაც "გირჩში" მუშაობის პერიოდში ვისწავლე. თბილისში გადმოსვლამდე, ერთ-ერთ კაფეში ბარმენად ვმუშაობდი (ეს სეზონზე კარგი, შემოსავლიანი სამსახურია). მერე მეგობრისგან გავიგე, რომ ტელევიზიაში კასტინგი ტარდებოდა - წამყვანი სჭირდებოდათ. თბილისში ჩამოვედი, კასტინგი გავიარე, სადაც სამეცნიერო თემებზე გაკვრით ვსაუბრობდით. უცებ ერთ-ერთმა პროდიუსერმა მითხრა: ვიცი, შენი ადგილი სად არისო! გადაცემა "ჯიდიპედიის" ოთახში შემიყვანა, სადაც სხვადასხვა სფეროს შესახებ სიუჟეტებს ამზადებდნენ. გარკვეული ვადა მომცეს, რომ თემა შემერჩია... სწორედ ახლახან იმ პროდიუსერმა დილის გადაცემაში მუშაობის დაწყება მომილოცა. მომწერა - მახსოვს, ძალიან ლამაზი, გარუჯული, ქერათმიანი გოგო შემოხვედი. გკითხე, სიუჟეტს რა თემაზე მოამზადებ-მეთქი და როცა მიპასუხე, - ოქროს კვეთის შესახებო, გაოცებისგან ლამის ყბა ჩამომივარდა. მაშინ მივხვდი, ვინ იყავიო (იცინის)...

- შენი პროფესიული მიზანი რა არის?

- როცა მეკითხებიან, შენი პროფესია რა არისო? ვერ ვპასუხობ, რადგან ჩემი პროფესია ყოველთვის ის არის, რაც იმ წუთში მიყვარს... რატომღაც, ცხოვრებაში ისე მიმართლებს, რომ ყოველთვის იმ საქმეს ვკიდებ ხელს, რაც მომწონს. იძულებითი მუშაობა არ დამჭირვებია.

ეთო ყორღანაშვილი