ზედმეტად ემოციური და ცოტათი იმპულსური მსახიობის გულახდილი ინტერვიუ - გზაპრესი

ზედმეტად ემოციური და ცოტათი იმპულსური მსახიობის გულახდილი ინტერვიუ

"თესეა" ჩემი სიყვარულია, ნინიკოს როლზე მუშაობამ დიდი გამოცდილება დამიგროვა", - ამბობს სერიალის მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ანიკო ცეცხლაძე. როგორი დედაა რეალურ ცხოვრებაში, როგორ მოიქცეოდა, თავად პერსონაჟის მსგავს სიტუაციაში რომ მოხვედრილიყო, როგორი განცდები აქვს ყოველი პრემიერის წინ, რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე და როგორ პოულობს გამოსავალს დაძაბული მდგომარეობიდან? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1985 წლის 6 თებერვალი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ჩოგბურთელი. სპორტის ამ სახეობაზე ძალიან ცოტა ხანი დავდიოდი. შემდეგ მოდელობა მინდოდა, მაგრამ საბოლოოდ მსახიობი გამოვედი. ბავშვობაში სულ გამოგონილ პერსონაჟებს ვთამაშობდი, თუმცა, სკოლა რომ დავასრულე, სხვა არჩევანი გავაკეთე. პირველი პროფესიით მთარგმნელი რეფერანტი ვარ (გერმანული ენის). სწავლის პროცესში მივხვდი, რომ "სხვაგან" ვიყავი და მოულოდნელად თეატრალურში ჩავაბარე.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მძიმე ხასიათი მაქვს. ვფიქრობ, ეს შთაბეჭდილება ჩემი ცვალებადი ხასიათის გამო ექმნებათ. ნაცნობებისგან, ახლობლებისგან კარგი რამეც ხშირად მესმის და ეგეც ვთქვა (იცინის)?.. ამბობენ, რომ ცუდი ადამიანი არა ვარ.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...თეატრალურში ჩაბარება იყო.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ჩემს მეუღლეს. იმ საქმეში, რომელსაც ვაკეთებ, მისი თანადგომა ყველაზე მნიშვნელოვანია.

- ბედნიერი ვარ, რომ...

GzaPress

- ...ცოცხალი და ჯანმრთელი გახლავართ, რომ საყვარელი ადამიანების გვერდით ვარ.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...უკეთესი გავხდე, რაღაც ახალი გავაკეთო. ჩემში პიროვნული განვითარების სურვილი ყოველთვის არსებობს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...საკუთარ თავში ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსასვლელ ძალას ვპოულობ. ეს გზა ხან რთულია, ხან - მარტივი, მაგრამ ფეხზე მყარად დგომას მაინც ვახერხებ.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ხშირად ბევრს ვფიქრობ იმაზე, გარშემო მყოფი ადამიანები ჩემზე რას ფიქრობენ. ამ ბევრი ფიქრის შედეგად თითქოს ვიზღუდები, არ მინდა, ვინმეს ვაწყენინო. ეს ოჯახის წევრებს არ ეხება.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...პერიოდულად ვიხსენებ, უფრო სწორად, საჭირო დროს თავს მახსენებს, მაგრამ ცუდად არ მოქმედებს. ამ შეცდომებს გამოცდილებას უფრო ვუწოდებ, სწორედ მათ გამაძლიერეს.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ის, რომ არაფერიც არ ვიცი. არავინ იცის, როდის რას გააკეთებს, ხვალ რა იქნება.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი ნათელია. მომავალი მაინც ბუნდოვანია, არც ამ შემთხვევაში ვიცით, ხვალ რა იქნება.

- ვიბნევი...

- ...უცხო სიტუაციაში თითქოს არც ვიბნევი, მაგრამ მერე ვხვდები, რომ დაბნეული ვიყავი.

- ვნანობ...

- ...რომ ბევრ დროს ვფლანგავ. კარგი იქნება, უფრო ნაყოფიერად თუ გამოვიყენებ.

- ვრისკავ...

- ...არ ვიცი, რამდენად ხშირად ვრისკავ. ძალიან ფრთხილი ვარ, მაგრამ არის მომენტები, როცა ძალიან გაბედული ვხდები. საკუთარ თავს კი არ ვაიძულებ, ეს თავისთავად ხდება.

- საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავ...

- ...რაც დრო გადის, ასეთი რამ უფრო ნაკლებად ხდება. ძალიან მაღიზიანებენ უხეში ადამიანები, რომლებიც ხშირად უზრდელობენ და თავს ზედმეტის უფლებას აძლევენ, რასაც მე არ მივცემდი. დიდი იმედი მაქვს, ახლა საკუთარ თავზე კონტროლს ასეთი ადამიანებიც ვერ დამაკარგვინებენ.

- ყოველთვის მრცხვენია...

- ...როცა რაღაცას სწორად ვერ ვაკეთებ, როცა რაღაც მეშლება და არ გამომდის.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...დასაქმებული, ჩემი საქმით დაკავებული.

- მეზარება...

- ...როცა რაღაცისთვის ვემზადები. მაგალითად, არ მიყვარს პრემიერის დღე; ის საათები, სანამ სცენაზე გასვლის დრო დადგება. ვერ ვისვენებ, "არაფერში ვწერივარ", თავი ჰაერში მგონია. გადაღების დაწყებამდეც ასე ვარ, მინდა მალე დავიწყო თამაში.

- ჩვევად მაქვს, სცენაზე ყოველი გასვლის წინ...

- ...განმარტოებული ჩუმად ვარ, საკუთარი თავის მობილიზებას ვახდენ.

- როლი, რომელიც გამორჩეულად მახსოვს...

- ...ასეთი ორი როლია: აღაზა "სტუმარ-მასპინძელში" და ცქნაფა - "გათვლაში". სხვა სპექტაკლებიც ძალიან მიყვარს, მაგრამ ამ როლებმა რაღაც სხვა ემოციები და განცდები შემძინა.

- სერიალი "თესეა"...

- ...ჩემი სიყვარულია (იცინის). ამ სერიალზე მუშაობა დიდი გამოცდილებაა.

- რეალურ ცხოვრებაში, ჩემი პერსონაჟის მსგავს სიტუაციაში რომ მოვხვედრილიყავი...

- ...ალბათ თავადაც ისე მოვიქცეოდი, როგორც ნინიკო იქცევა. არა მგონია, ეს გოგო ცუდად იქცეოდეს. რეალურ ცხოვრებაში როგორი დედა ვარ?.. სამი შვილი მყავს და ხანდახან მაქვს განცდა, რომ მე ვარ მათი შვილი. ჩვეულებრივი დედა ვარ, ხან მკაცრი, ხან - არა. მოსწონთ, უხარიათ და გიჟდებიან, ეკრანზე რომ მხედავენ. მათი შეფასებები ობიექტურია.

GzaPress

- სიყვარული - ეს...

- ...არის განცდა, როცა გიყვარს ადამიანი ისეთი, როგორიც არის. სიყვარული უნდა იყოს უპირობო.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ბაღში დავდიოდი. ვიღაცამ სათამაშო წამართვა და ერთმა ბიჭმა დამიცვა. იმ დღის შემდეგ ის ბიჭი ჩემს შეყვარებულად გამოვაცხადე.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...არის ზედმეტი ემოციურობა და ცოტათი იმპულსურობა.

- ზედმეტი ემოციურობა უსიამოვნების ან პრობლემის შექმნის მიზეზი...

- ...არასდროს გამხდარა, მსგავსი შემთხვევა არ მქონია. ეს უფრო ზედმეტი ფიქრებისა და განცდების მიზეზია.

- ბოლოს ვიტირე...

- ...გუშინ, ჩემი დღიურის წერისას.

- დღიურს ვწერ, როცა...

- ...რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, როცა სათქმელი მიგროვდება. პერიოდულად ჩანაწერებს გადავხედავ ხოლმე. მხოლოდ ჩემთვის ვწერ და საჯაროდ გამოტანას არ ვაპირებ.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...მეუხერხულება და ყოველთვის მგონია, რომ არ ვიმსახურებ. არ მახსენდება შემთხვევა, ქება შემეფერებინოს. ყოველთვის მგონია, რომ დაუმსახურებელია. სულ ვფიქრობ, შეიძლებოდა უკეთესად მეთამაშა. საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს ვარ.

- მეშინია...

- ...თავად შიშების.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ბავშვები, რომ მათ არ ვუსმენ. ზოგჯერ გონება მეფანტება.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...არაფერსაც არ შევცვლიდი, მაგრამ იგივე ხვალ რომ მკითხო, შეიძლება ვთქვა, რომ ბევრ რამეს შევცვლიდი.

- ვუფრთხილდები...

- ...დიდად ვერაფერს ვუფრთხილდები.

- ვამაყობ...

- ...არაფრით არ ვამაყობ.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...რასაც ვიტყვი, ის გავაკეთო.

- ვიტყუები, როცა...

- ...ტყუილი იმდენად არ მიყვარს, არასდროს ვიტყუები. ამ შემთხვევაში უმნიშვნელო, უვნებელ ტყუილს არ ვგულისხმობ.

- თავისუფლება არის...

- ...როდესაც შენს ნებისმიერ ქმედებაზე იღებ პასუხისმგებლობას, როცა დამოუკიდებელი ხარ გადაწყვეტილებების მიღებისას. ხარ "თავის უფალი" - ეს სიტყვა თავის არსს ძალიან კარგად განმარტავს.

- ინტუიცია...

- ...მაქვს კარგად განვითარებული. მნიშვნელოვანი ამბისას წინათგრძნობაც არაერთხელ მქონია და გამართლებულა.

- როცა მარტო ვარ...

- ...ვკითხულობ, მუსიკას ვუსმენ, ვვარჯიშობ, ვფიქრობ... დროს სულ სხვადასხვაგვარად ვატარებ.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ჩემ გარშემო ბევრი ადამიანი კარგად იქნებოდა, ამით კი თავად კმაყოფილი და ბედნიერი ვიქნებოდი.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...კარგმა საცეკვაო მუსიკამ.

- მენატრება...

- ...ბათუმი. ძველი დროის და წარსულის მონატრება ნაკლებად მაქვს.

- მაკვირვებს...

- ...ჩემი თავი - ზოგჯერ ცხოვრების როგორი უმადური ვარ.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...საუკეთესო გამოსავალი არის ვარჯიში, ფეხით სიარული. ფიზიკური აქტივობა საუკეთესო რელაქსია.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ერთხელ მეგობარმა მითხრა, - ეცადე, დამკვირვებელი არ იყო, არაფერი შეაფასოო.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ვეცადოთ და ყველამ ერთად გადავაგოროთ ეს რთული პერიოდი, ერთად გავუძლოთ ამ უცნაურ ყოფას, ამ უცნაურ "კინოსიუჟეტს". ჩვენ ერთმანეთის თანადგომა და ურთიერთობები გადაგვარჩენს!

თამუნა კვინიკაძე

მასალაში გამოყენებულია

დავით სამხარაძის ფოტოები