"თბილი იყო, ერთგული, გულმართალი..." - გზაპრესი

"თბილი იყო, ერთგული, გულმართალი..."

"უკვე ნახევარი საუკუნეა, რაც ამ ქვეყანას მოვევლინე. შემეძლო, გაცილებით ბევრი რამ გამეკეთებინა და ვერ გავაკეთე. ამას, რა თქმა უნდა, ვნანობ... როცა ადამიანი განსაცდელის წინაშე დგები, ღირებულებების გადაფასებასაც ახდენ. რაც უფრო გვემატება ასაკი, ტაძრისკენ მივდივართ; ბევრი ათეისტი ვიცი, რომელიც მოქცეულა. ეს ცხოვრება ხომ ჩვენთვის, ადამიანებისთვის დროებითი გამოსაცდელი ადგილია და ამიტომაა, სიკვდილს გარდაცვალებას რომ ეძახიან"... ეს ამონარიდია ზურა დოიჯაშვილის ინტერვიუდან, რომელიც მასთან ისრაელში გამგზავრებამდე ჩავწერე. სამწუხაროდ, ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა აღმოჩნდა.

არ ვიცი, ბოლოს რა სინანული ჰქონდა, ნატვრა კი ვიცოდით და ვერ ავუსრულეთ. მისი ამქვეყნიური "გამოცდაც" ასე, მე ვიტყოდი, უიღბლოდ, სამშობლოდან შორს, დასრულდა.

თბილისი ენატრებოდა. რაც დრო გადიოდა, მონატრება მეტად უმძაფრდებოდა. მაშინაც კი, როცა თავს კარგად ვერ გრძნობდა, თურმე აეროპორტში, თბილისიდან პირდაპირი რეისით ჩაფრენილ თვითმფრინავებს ხვდებოდა, ვინმე ნაცნობ ქართველს რომ გადაჰყროდა.

"ორი წლის წინ ჩავფრინდი თელ-ავივში და აეროპორტში შემხვდა. რომ დამინახა, სახე გაუნათდა. საქართველოდან რეისი რომ ჯდება, ეგრევე მოვდივარ, სადაც ბარგი გამოდის ტერმინალზე, რომ ვნახო, ვინ ჩამოვიდაო. ამჯერად შენ გნახეო და პატარა ბავშვს რომ ეფერებიან, ისე მეფერებოდა. არ ვარ კარგადო, მაგრამ მუშაობდა, მენატრება თბილისიო..." - იხსენებს თაკო დოლაბერიძე.

მისი ბედნიერება სიცოცხლის სიყვარული, მეუღლე, შვილები, შვილიშვილები და ქართველად დაბადება იყო. ამბობდა, რომ ჩრდილში ყოფნა უყვარდა, წინა რიგებში დგომას არასდროს ინდომებდა და ამავდროულად აცნობიერებდა, მისი პროფესიის ადამიანისთვის ეს რამდენად "ცუდი" თვისება იყო.

"როცა მარტო ვარ, ჩემ გვერდით გიტარაა, მუსიკას ვუსმენ, სიმღერებს ვწერ, როცა ცუდ ხასიათზე ვარ, მაშინვე ინსტრუმენტთან მივდივარ, კარგ ხასიათზე მყოფიც ასე ვიქცევი. ცხოვრებაც ხომ მაჟორი და მინორია!"

GzaPress

მამუკა ონაშვილი:

- არც კი მახსოვს, ზურა როდის გავიცანი, ერთად იმდენი წელი გავატარეთ, იმ პირველ შეხვედრას ვეღარ ვიხსენებ. 90-იანი წლებიდან მოვდივართ. დღე არ გავიდოდა, ერთმანეთი არ გვენახა. მგონი, ერთად მეტ დროს ვატარებდით, ვიდრე - ოჯახებში. სულ კონცერტებზე ვიყავით, ხან საქართველოში, ხან - ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მე, დოიჯამ, ზურა კობეშავიძემ ტრიო შევკარით, ჩვენ შორის უკვე მეგობრობაზე მეტი იყო, ძმებივით ვიყავით. ახლა ლაპარაკი ძალიან მიჭირს.

- თქვენი დოიჯა როგორი იყო?

- ერთგული კაცი იყო, გულმართალი, კარგი მომღერალი. სადაც უნდა ყოფილიყო, ყველგან თავის დიდ გულს ტოვებდა. ერთ შემთხვევას გავიხსენებ: ხშირად კონცერტის შემდეგ ბანკეტი იმართებოდა. იმ ბანკეტიდან რომ გამოვდიოდით, ზურა გამოსვლას სულ აგვიანებდა. ვეუბნებოდი, იცოდე, გარეთ გელოდები. სანამ ყველას არ დაემშვიდობებოდა, არ გადაკოცნიდა, სანამ ყველას სიყვარულს არ აუხსნიდა, მანამდე არ გამოვიდოდა. ერთხელ დავემუქრე, - ზურა, იცოდე, დაგტოვებ-მეთქი!.. ხომ გახსოვთ, როგორი ჩახრინწული ხმა ჰქონდა. - კი, აბა, დამტოვებო!.. - არ შეშინდა. ერთ დღეს, მორიგი ლოდინის შემდეგ, მანქანა დავქოქე და შორიახლოს დავაყენე. დარბაზიდან ერთი საათის შემდეგ გამოვიდა, გაიხედა, გამოიხედა, ვერ მიპოვა. დამირეკა, - სად ხარო? - სად უნდა ვიყო, წავედი, მანდ აღარ ვარ-მეთქი. გაგიჟდა. მას შემდეგ რომ ვეტყოდი, ზურა, წავედით! - 5 წუთში გამოდიოდა. ერთ საათს აღარ მალოდინებდა.

- ბატონო მამუკა, მისი ინტერვიუდან ერთ ამონარიდს წაგიკითხავთ, სადაც თქვენ გახსენებთ: "როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს, ვცდილობ, საქმით გადავლახო. საკუთარ თავთან ერთად, მეგობრების იმედიც მაქვს. ერთ შემთხვევას გავიხსენებ: ვიდრე ექიმები საოპერაციოდ მამზადებდნენ, მეგობარმა მოძღვარი მომიყვანა. აღსარება ჩავაბარე, ვეზიარე. არ გასულა 5 წუთი და ვიღაც შემოვიდა, ხელში სანტიმეტრი ეჭირა, - ზომები უნდა აგიღოთო. ვერ გავიგე, რისთვის მზომავდნენ. - ასე მალე-მეთქი? - ვიკითხე. ამ სცენას მამუკა ონაშვილი ესწრებოდა და სიცილით კვდებოდა. ახლა ერთი სული აქვს, ჩემი გაზომვის ამბავს თავისებური გაფორმებით, საჯაროდ როდის მოჰყვება". შეგიძლიათ ეს დღე გაიხსენოთ?

- ეს მაშინ იყო, გულზე ოპერაცია რომ გაიკეთა. პალატაში ექიმი შემოვიდა და ვიღაც კაცი შემოჰყვა, რომელსაც კორსეტი უნდა დაემზადებინა და ამისთვის ზურას ზომები სჭირდებოდა. ზურამ რა იცოდა, კორსეტისთვის თუ ზომავდნენ, დაიბნა. ახლა ვეღარ ვიცინი, თორემ ამ ამბავზე მაშინ ძალიან ბევრი ვიხალისეთ, მთელი ამბები მოვაბით. ყურში მისი ხარხარი ჩამესმის, გემრიელი, კარგი იუმორი ჰქონდა. არც კი მჯერა, რომ დოიჯა აღარ მყავს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს მდგომარეობა უიმედო იყო, მაინც რაღაც იმედის ნაპერწკალს ვებღაუჭებოდი.

- ბოლოს როდის ნახეთ?

- 2020 წელი რომ დგებოდა, ისრაელში კონცერტი გვქონდა და მაშინ ვნახე. რომ გაიგო, ჩავედით, 10 წუთში სასტუმროში გაჩნდა. ერთმანეთი დიდი ხნის უნახავები გვყავდა. იქ დიდი ჩახუტება და მოფერება გვქონდა, ერთმანეთს მონატრებულები ვიყავით. საოცარი კაცი იყო, თავის საძმაკაცოსა და თბილისზე უზომოდ შეყვარებული. ძმაკაცების მოკითხვისას, მათი სახელების ხსენებისას, თვალზე ცრემლი ადგებოდა.

- ბოლო შეხვედრისას რა გითხრათ, რაზე გელაპარაკათ?

- ზურა ისრაელში გარკვეული პრობლემის გამო წავიდა, უნდა წასულიყო. ამბობდა, რომ იქ საქმე ისე არ აეწყო, როგორც ეგონა. მისი სული და გული საქართველოში იყო. ნეტავ ჩამოგვეყვანა, მაგრამ ქეთის კლინიკიდან არც ატანდნენ, ფრენას ვერ გადაიტანდა.

GzaPress

ზურა კობეშავიძე:

- მე და ზურა ერთმანეთს მუსიკამ დაგვაკავშირა. კონცერტებზე ვხვდებოდით და ძალიან მალე დავმეგობრდით. თავისი ნიჭით მომხიბლა, და არა მხოლოდ ნიჭით, - პიროვნული თვისებებითაც.

- რითი იყო განსხვავებული, მის ხასიათში გამოკვეთილი რომელი თვისებები იყო?

- ძალიან თბილი და მეგობრული იყო. ყოველთვის და ყველა საქმეში ბოლომდე იხარჯებოდა. თავისი უბანი უყვარდა. ინტერნაციონალურ უბანში ცხოვრობდა, ყველასთან მეგობრობდა, ყველასთან საერთო ენას პოულობდა და მათთან ურთიერთობებზე გიჟდებოდა. დიდთან დიდი იყო, პატარასთან - პატარა. ამბებს საინტერესოდ ჰყვებოდა. ყველა ადამიანში გამორჩეულ ხასიათს იჭერდა. ანეკდოტსაც კი საოცრად არტისტულად ჰყვებოდა. ეს ანეკდოტი უყვარდა: მთვრალი კაცი კედელზეა მიყუდებული, თავი კედლისკენ აქვს. ამ დროს, ვიღაც ქალი ჩამოივლის და ეკითხება:

- უკაცრავად, რომელი საათია?

- ეთი, ეთი ეთი...

- როგორ გავიგო, ბატონო, პირველი საათია?

- ეთი, ეთი...

- რას ამბობთ ბატონო?

- ერთი, შენი დედა...

ამ ანეკდოტს ისე ჰყვებოდა, რამდენჯერაც უნდა მომესმინა, იმდენჯერ მეცინებოდა.

დაუზარელი კაცი იყო. ერთ დღეს ვუთხარი, სოფელში გამყევი, ღვინო მაქვს გადასაღები და დამეხმარე-მეთქი. წამოვიდა. იქ ყველა ბოცას გემო გავუსინჯეთ, მაგრამ არ დავმთვრალვართ, საღამოს თბილისში საქმე გვქონდა. ცოტათი შეზარხოშებულები წამოვედით. გზად პატრულმა გაგვაჩერა. - შენ აქ იყავი, მე გადავალო. გადავიდა და პატრულმა ეგრევე იცნო, - ვა! ზურა, როგორ ხარ? სად იყავიო? - გადასაღებად ვიყავიო. - მართლა? ალბათ კლიპი გადაიღეო? - არა, ღვინის გადასაღებად ვიყავიო. ბევრი ვიცინეთ და ასე მხიარულად დავშორდით ერთმანეთს. ზურას ყველა დიდ პატივს სცემდა.

სანამ ისრაელში წავიდოდა, ჩვენი ახლობლის რესტორანში პატარა სუფრა გავშალეთ, შინაურულად აღვნიშნეთ. თავად მოინდომა, აპარატურა მივიტანოთ, ცოცხლად დავუკრათო. ლამაზი საღამო გამოგვივიდა, გარკვეული ეპიზოდები გადაღებულია და ინტერნეტსივრცეში ხშირად ტრიალებს. უჩა კორძაია ვერ იყო ფორმაში, მაგრამ მაინც მოვიდა, ასევე - მეგობარი პაატა კალანდაძე. დღეს, სამწუხაროდ, არც ერთი აღარაა... ზურა ისრაელში რომ მიდიოდა, აეროპორტში გავაცილე. ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო...

ქალაქელი ბიჭი იყო, ბევრჯერ, მუშაობით დაღლილი, მეგობრის სანახავად წასულა. მივიდოდა, ანეკდოტებს მოუყვებოდა, იმღერებდა... სულ ვეჩხუბებოდი, თავს გაუფრთხილდი-მეთქი. ადამიანებთან ურთიერთობებზე გიჟდებოდა. ყველას უყვარდა, ყველას ჰქონდა სურვილი, ზურა გვერდით ჰყოლოდა.

ისრაელში აეროპორტში მუშაობდა. იქ ერთ-ერთ განყოფილებას ქართველი კაცი განაგებდა. მასაც დაუმეგობრდა. ნაკლებად ამუშავებდნენ, რადგან მისი მდგომარეობა იცოდნენ.

ისრაელში წავიდა, მაგრამ სული და გული აქ დატოვა.

- როცა ელაპარაკებოდით, ამას ხაზგასმით აღნიშნავდა?

- დიახ. მე კი სულ ვამხნევებდი, - რა დაგემართა, ბიჭო, ომში ხომ არ ხარ, გავა ცოტა დრო და ჩამოხვალ-მეთქი. წლების განმავლობაში, საზღვარგარეთ მეც მიცხოვრია და ვიცი, სამშობლოს მონატრების ატანა რამდენად რთულია.

P.S. ჟურნალ "გზის" რედაქცია სამძიმარს უცხადებს ზურა დოიჯაშვილის ოჯახსა და მეგობრებს.

თამუნა კვინიკაძე