"არასწორი მიდგომების გამო, სკოლაში სიარული შემაზიზღეს" - გზაპრესი

"არასწორი მიდგომების გამო, სკოლაში სიარული შემაზიზღეს"

სახელი, გვარი: ნუკა კვალიაშვილი.

ასაკი: 28 წლის.

პროფესია: მომღერალი, მუსიკოსი.

ამჟამინდელი საქმიანობა: "კოვიდის პატიმარი".

ცხოვრების დევიზი: "გვიყვარდეს ერთმანეთი სუფთა გულითა და გონებით".

- ნუკა, როცა სარკეში იყურები, ვის ხედავ?

- ძლიერ ქალს, ძლიერ დედას, კარგ შვილს და უღალატო მეგობარს.

- დღის განმავლობაში, ყველაზე ხშირად ვის ესაუბრები?

- საკუთარ თავს (გონებაში): ჩემი ცნობიერი და ქვეცნობიერი სულ კომუნიკაციაშია. ამის გარდა, ყველაზე ხშირად შვილებთან ვსაუბრობ, რადგან მათთან ყველაზე მეტ დროს ვატარებ.

- რომელი მავნე ჩვევის დაძლევას ცდილობ?

- აღარ ვცდილობ, დავძლიე: შევეშვი სიგარეტს, ალკოჰოლს. ძალიან ძლიერი ნებისყოფა მაქვს - ერთხელ თუ ვიტყვი, რომ რაღაცას გავაკეთებ, აუცილებლად გავაკეთებ. გამოწვევების მოყვარული ვარ: რაც უფრო რთული გამოწვევაა, საკუთარი "მე" მით უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს.

- საკუთარი პიროვნული თვისებებიდან, ყველაზე მეტად რა გეამაყება?

- სამართლიანობა. მაშინაც კი სამართლიანი ვარ, როცა სიტუაციაში შიში ფიგურირებს.

- როგორ ფიქრობ, ადამიანი ნამდვილ სახეს როდის, როგორ სიტუაციაში ავლენს?

- როდესაც მატერიალურ საკითხს ეხება საქმე. ჩემ გარშემო ბევრჯერ ვნახე სიტუაცია, როდესაც ფულის გამო მეგობრებს ერთმანეთი დაუკარგავთ. მადლობა ღმერთს, მსგავსი პრობლემები არასოდეს შემქმნია. ძალიან არამატერიალისტი ვარ - "ქაღალდი" ადამიანზე წინ არასოდეს დამიყენებია და არც დავაყენებ.

- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდი?

- რასაც ვისურვებდი, უკვე გამოვიმუშავე და მაქვს. ეს ჩემია და ამაზე არ ვსაუბრობ... გარდა ამისა, დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურებდი დროში (იღიმის)...

- სკოლაში როგორი მოსწავლე იყავი?

- არ მოგატყუებთ: ძალიან ცუდი, საშინელი მოსწავლე ვიყავი, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ასე მინდოდა? არასწორი მიდგომების გამო, სკოლაში სიარული შემაზიზღეს. რაც უნდა იყოს, მასწავლებელმა ბავშვი ცუდად არ უნდა ამოიჩემო.

- ბოლოს გულწრფელი ბოდიში ვის და რის გამო მოუხადე?

- ბოდიში საკუთარ თავს მოვუხადე და პატიება ვთხოვე, რომ ამდენი სირთულე "გაატარა" და მაინც "ჩემს თავთან" დარჩა უღალატო - ამდენი რამ აიტანა, ამდენი გადალახა და სულ გვერდით მედგა...

- ადამიანის პირადად გაცნობისას, შენს ყურადღებას პირველად რა იქცევს?

- ინტელექტი, საუბარი და რეალური სახე, თამაშის გარეშე.

- საღამოს 9 საათის შემდეგ, რას აკეთებ ხოლმე?

- 10 საათზე ბავშვებს ვაძინებ. შემდეგ დღის განმავლობაში შექმნილი არეულობის მილაგებას ვიწყებ. პერფექციონისტი ვარ - სიბინძურე და არეულობა დისკომფორტს მიქმნის.

- მილიონი დოლარი რომ მიიღო, ამ თანხას როგორ გაანაწილებდი, შენს ცხოვრებას როგორ წარმართავდი?

- აუცილებლად ბიზნესგეგმას შევიმუშავებდი, თუ რაში იქნებოდა პროდუქტიული ამ ფულის "ჩადება" და "დატრიალება" ისე, რომ უფრო მეტი შემოსავალი მოეტანა. როცა უკვე შემოსავალი გაქვს, უამრავი კარგი საქმის კეთებაა შესაძლებელი. ჩემი მთავარი მიზანია, ქველმოქმედი ვიყო და აუცილებლად ვიქნები.

- ყველაზე ხანგრძლივად შვილებს რა პერიოდით განშორებიხარ?

- როდესაც საგურამოში, დედამ 10 დღით დასასვენებლად წაიყვანა. მაშინაც ვერ მოვითმინე და მეხუთე დღეს "ავადექი", რომ ორივე მენახა.

- როგორ ფიქრობ, სიყვარული ფსიქიკური აშლილობაა?

- არა, ასე ნამდვილად არ ვფიქრობ. სიყვარულია ის მთავარი გრძნობა, რაც კაცობრიობას აკლია; სიყვარულია ის მნიშვნელოვანი ნაწილი, რითიც უნდა ვარსებობდეთ, მაგრამ დეფიციტშია... როგორ შეიძლება, სიყვარული ფსიქიკური აშლილობა იყოს? აშლილობაა სიძულვილი, ბოღმა, შური...

- შესაძლებელია, ადამიანი მეორე ნახევრის გარეშე ბედნიერი იყოს?

- ეგ ინდივიდუალურია: ყველა ინდივიდია ინდივიდუალური შეხედულებებით... ყველაფერი შესაძლებელია. გააჩნია, კონკრეტულ პიროვნებას რა აბედნიერებს და რა უნდა...

- შემოქმედებითი თვალსაზრისით, შენი ცხოვრების რომელი პერიოდი იყო ყველაზე ნაყოფიერი?

- გააჩნია, "ნაყოფიერს" რა კონტექსტში გულისხმობთ: ფსიქოლოგიურად, მენტალურად, მორალურად, ფიზიკურად ახლაც ძალიან ნაყოფიერი პერიოდი მაქვს და მანამდეც ასე იყო... ფინანსურად ნაყოფიერი პერიოდი დღეს ვის აქვს? ასევე, მეც არ მაქვს.

- ცხოვრებაში შენს ქმედებებს რა მთავარი ღირებულება განსაზღვრავს?

- სამართლიანობა, პირდაპირობა, უღალატობა, პასუხისმგებლობა, ერთგულება.

ეთო ყორღანაშვილი