რომა ქერქაძის "სერიოზული" და "არასერიოზული" როლები - გზაპრესი

რომა ქერქაძის "სერიოზული" და "არასერიოზული" როლები

"დაკარგულია ის დღე, როდესაც არ ვიცინით", - ამბობდა გენიალური ჩარლი ჩაპლინი. სწორედ ასე ფიქრობს მსახიობი რომან ქერქაძე, რომელიც მთელმა საქართველომ "იუმორინას" კონცერტებით გაიცნო, თუმცა, მანამდეც არაერთი საინტერესო სახე ჰქონდა შექმნილი. მსახიობი ამბობს, რომ ქართული იუმორი ამოუწურავია და მისი პერსონაჟები სწორედ ამ წიაღიდან მოდის.

- მგონია, რომ ადამიანი ორი რამის გარეშე ვერ იარსებებს - ეს ორი რამ სიყვარული და იუმორია. ჩვენი სამშობლოს ყველა კუთხის მკვიდრებს თავისებური, განსაკუთრებული იუმორი აქვთ. მე თვითონ, გურიაში - ოზურგეთის რაიონის სოფელ ბაილეთში დავიბადე და გავიზარდე. მადლობა ღმერთს, ისეთ გარემოში ვიზრდებოდი, სადაც ნოდარ დუმბაძის გმირებივით კეთილი და ენაკვიმატი ადამიანები ცხოვრობდნენ.

- ესე იგი, თქვენი პერსონაჟები რეალურ ცხოვრებაშიც არსებობენ?

- რა თქმა უნდა. ვინც "კომედი არხს" ხშირად უყურებს, იქ რამდენიმე წელია გადის გადაცემა - "ანეკდოტების რვეული". მე გურულების 5-6 ტიპაჟი მყავს შერჩეული და რომ მეკითხებიან, ეს ვინააო? ვპასუხობ - ზოგი ჩემი მეზობელია, ზოგი - ნათესავი ან - ახლობელი, ამიტომ, ყველას თავისი პროტოტიპი და სახასიათო შტრიხები აქვს-მეთქი.

რაც შეეხება გარემოს, სადაც ვიზრდებოდი: ჩემი ბავშვობიდან ყველაზე ნათლად მახსენდება კაცი, რომელიც ჩვენი სოფლის კოლორიტი იყო - ახლა რომ ვფიქრობ, მის დასახასიათებლად სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ. სახელიც უცნაური და სახუმარო ჰქონდა - ერევანა ერქვა და გვარად ჩხარტიშვილი იყო. ისეთ რაღაცას იტყოდა ან გააკეთებდა, რომ მერე მის კვიმატ სიტყვა-პასუხსა და საქციელზე მთელი სოფელი იცინოდა. ერთხელ, დგას ჩვენი ერევანა ქუჩაში, უზარმაზარ სატვირთო მანქანაზეა მიყრდნობილი, ადრე "სამასვალს" რომ ეძახდნენ. მივიდა გამვლელი, რომელსაც ხელში ბენზინის ჭურჭელი - ე.წ. კანისტრა ეკავა და სთხოვა: ძამა, მანქანაში საწვავი გამომელია და გეხვეწები, ერთი ლიტრა ბენზინი გადმომისხიო. მიდი და გადმოასხიო, - უთხრა ერევანამ. მივიდა მგზავრი და ცოტა გადმოისხა. ცოტა ხანში უკან დაბრუნდა და ისევ სთხოვა: ძამა, შორი გზაი მაქ გასავლელი და პატარას კიდო დავამატებო.

- დაამატე ბიძია, მანქანა მაგერააო.

დაამატა და ისევ მობრუნდა: რომ გავავსო აი "კანისტრა", ხომ შეიძლებაო?

- აგერაა, ბიძია, "სამასვალი" და გაავსე, მარა თუ მაგის პატრონმა მოგვისწრო, მეც ყოფას მიტირებს და შენც ზედ მიგაყოლებსო.

ჩვენს სოფელში 82 წლის კაცმა ტყემლის ხეზე თავი ჩამოიხრჩო. ცოტა ხანი რომ გავიდა, მივიდა ერევანა, მისი სიძე გარეთ გამოიყვანა და უთხრა:

- გეხვეწები, იმ ტყემლის ხის კვირტი გამატანეო.

- რად გინდა, ერევანა, კვირტიო? - ჰკითხა გაკვირვებულმა მასპინძელმა.

- რად მინდა და აგერ, ჩემი სიმამრის ეზოში დავრგავ, იქნება იმანაც მეისაზროს და თავი ჩამეიკიდოსო.

კიდევ ერთი კოლორიტი გვყავდა - რეზო აფხაზავა. იმასაც დიდი მანქანა ჰყავდა, რომლითაც რეისებზე დადიოდა. მაკვანეთში ცხოვრობდა და ერთ, არცთუ ისე ბედნიერ დღეს, მაკვანეთიდან წამოსულმა ლიხაური გამოიარა, ავარია მოუვიდა და ჩვენი მეზობლის ღორს მანქანა დააჯახა. დილა იყო, გადმოხტა ოჯახის პატრონი და ჩხუბი ატეხა: აგი ღორი ამ დღეებში უნდა დამეკლა და კალანდობა გადამეტანაო.

რეზო აფხაზავამ უთხრა: სანამ აი ღორი მომკვდარა, გამუუსვი დანა მუცელში, კარგად ვიქეიფოთ, რამდენიცაა ავწონოთ და ზუსტად მაგხელას ხვალე დილას, ოზურგეთიდან ამოგიყვანო.

დაზარალებული დათანხმდა. ღორი დაკლეს და ერთი კარგად, მამა-პაპურად მოულხინეს. მანამდე ღორი აწონეს და ნახეს, რომ სულ 40 კილოგრამს იწონიდა.

წამოვიდა რეზო მეორე დღეს ბაზარში, ბევრი ეძება, მაგრამ 40-50-კილოიანი ღორი ვერსად იპოვა. სამაგიეროდ, 100-კილოიანი ნახა, იყიდა და მიუყვანა. ეს კაცი სიხარულით გაგიჟდა, მეორე დღესაც სუფრა გაშალა და გაჩაღდა ქეიფი. ახალშეძენილი, 100-კილოიანი ღორის პატრონი ეკითხება:

- რეზოია, ხვალ შენ რა დროს ჩამეივლი მანქანით?

- რეიზა მეკითხებიო? - გაუკვირდა რეზოს.

- ხვალ ჩემს თალიკიას გადმოვდენი გზაზე და შენ იმფერი კაი ბიჭი ხარ, ამაზე ორჯერ უკეთეს ქალს მომიყვან სახლშიო.

შემოქმედში ერთი ბესოიე ცხოვრობდა. ტანდაბალი კაცი იყო და ძალიან მორწმუნე გახლდათ. მთელი ცხოვრება შემოქმედის ეკლესიაში დადიოდა, კომუნისტების პერიოდიდან მოყოლებული, წირვა-ლოცვა არ გაუცდენია. ერთხელ, მოძღვართან მივიდა და სთხოვა: მამაო, შესასვლელ კართან წმინდა გიორგის ხატი რომ კიდია, ერთი მტკაველით დაბლა რომ ჩამოკიდოთ, რა მოხდებაო? მამაო გაგიჟდა, ეს ხატი ისტორიულად სულ ამ ადგილზე იყო და ხელს რაში გიშლისო?

- მამაო, 65 წლის კაცი ვარ, მთელი ცხოვრება ამ ეკლესიაში დავდივარ და გველეშაპს კლანჭებს ვუკოცნი, იქნება, ცხენამდე მაინც მივაღწიო და მის ფლოქვებს ვაკოცოო.

- ალბათ, გურული ანეკდოტებიც ყოველდღიური ცხოვრებიდან მოდის.

- გეთანხმებით. უკვე გითხარით, რომ ჩემი პერსონაჟებიც ასე იქმნება: ერთი ნაცნობის მიმიკას გადმოვიღებ, მეორის - ლაპარაკს ან - მანერებს, ცოტა მსახიობურ უნარსაც დავამატებ და მგონი, კარგი ხუმრობა გამოდის. რამდენიმე ანეკდოტს მოგიყვებით, რომელიც სინამდვილეში მოხდა და მერე ხალხში გავრცელდა: გურული ავადმყოფობდა და ექიმთან მივიდა. გასინჯა ექიმმა და რამდენიმე წამალი გამოუწერა, თან გააფრთხილა: ამ წამალს დილას, ჭამის მერე დალევ, მეორეს - შუადღეზე, საღამოსაც, ჭამამდეც დალევ წამალს და ჭამის მერეც დააყოლებო. უსმინა, უსმინა გურულმა და უთხრა:

- მაგდენს რომ ვერ ვჭამ, ძამა, იმიტომ ვარ ავად, თუ არა, მაგდენს რომ ვჭამდე, ასე გლახათ კი არ ვიქნებოდიო!

ოზურგეთში, ბაზრის წინ ახალგაზრდა კაცს გული წაუვიდა და ძირს დავარდა. მიესია ხალხი, ზოგი წყალს ასხამს, ზოგი წამალს ასმევს, ზოგი სულს უბერავს, მოვარდა "სასწრაფო", ჩასვეს და საავადმყოფოში გააქანეს და დააწვინეს. ელოდა ეს კაცი ნახევარ საათს, ორმოც წუთს, ერთ საათს, მაგრამ არც ექიმი ჩანს და არც - ექთანი, მეორე საათი რომ დაიწყო და მის ამბავს კაციშვილი აღარ კითხულობდა, დაუძახა ექთანს და შეეხვეწა:

- შენი ჭირიმე, წამიყვანეთ და საიდანაც მომათრიეთ, იქინე დამაგდეთო. ექთანმა გაკვირვებისგან თვალები რომ დააჭყიტა, უთხრა: ორი საათია ამ პალატაში ვაგდივარ და ყურადღებას არავინ მაქცევს, ქუჩაში წყალი მაინც მომასხეს და წამალი დამალევიეს მადლიანმა ადამიანებმაო.

კიდევ ერთი ანეკდოტი მომწონს გამორჩეულად: გურული ყიდის ლობიოს. მივიდა ერთი კლიენტი და ეუბნება: გურული ლობიო მინდა ძამა და არ დამღუპო, სხვა კუთხეში მოწეული არ გამატანოო.

- მართლა გურულია, ძამა, აი ლობიო და შენი გულისთვის თავზე ყაბალახს ვერ დავახურავ და კრიმანჭულს ვერ ვამღერებო, - უპასუხა გაბრაზებულმა ლობიოს "ქომაგმა".

GzaPress

ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ გურულები თავის თავზეც ხუმრობენ... ერთმა გურულმა ოქროს თევზი დაიჭირა და უთხრა: მეტს არაფერს მოგთხოვ, ოღონდ, ხიდი გადამიჭიმე ჩოხატაურიდან ნიუ-იორკამდე და გაგიშვებო.

- მაგი არარეალური ნატვრაა, რაცხა უფრო რეალური მითხარიო, - შეეხვეწა ოქროს თევზი.

- მაშინ გურულებს ჭკუა მოგვიმატეო.

დაფიქრდა ოქროს თევზი და უპასუხა: ხიდის სიგანე მითხარი, რამხელა უნდა იყოსო...

გურული კაცი კახეთში ქელეხის სუფრაზე მოხვდა, ხედავს აქეთ ხაშლამა ალაგია, იქით - მწვადი, კარგად მოულხინა და ბოლოს თქვა: მიცვალებულს გურიაში რა უნდა, ძამა, მკვდარი მარტო კახეთში უნდა იყოსო.

- საქართველოს სხვა კუთხეებზე რას გვეტყვით?

- განუმეორებელი იუმორი აქვთ სამეგრელოსა და იმერეთში. მათი ანეკდოტებიც განსაკუთრებულია, მაგრამ მე ჩემს რჩეულებზე გიამბობთ:

მეგრელი ქალს "აბამს".

- ქალბატონო ვინმეს თქვენთვის უთქვამს რა ძალიან ლამაზი ხართ?

- არა.

- ხოხ, რა გულახდილები შეგხვედრიან სულ, - უპასუხა მეგრელმა.

იმერეთში ახალგაზრდა ქალი გაჩერებაზე დგას და ავტობუსს ელოდება. ჭიჭიკიამ დაინახა და გოგონას გასძახა:

- მე მელოდები შენე?

- ავტობუსი ხარ შენე?! - უპასუხა ქალმა.

აღმოსავლეთ საქართველოში კახელების იუმორია განთქმული და მეც ძალიან მომწონს.

მარო მიხოს ეკითხება: - მიხო, ვნება რა არიო? - რა არის და მიტუას ცოლ მაყვალას რომ დავინახავ, შავხედავ და მამინდება, ვნება სწორედ ეგ არიო. - აბა, მე რომ მის ქმარ შავხედო და მამინდეს, ესეც ვნება იქნებაო? - აბა, შენ დედაკაცო, ვნებას და უწესობას ერთმანეთში ნუ აურევო? - გაუბრაზდა მიხო ცოლს.

მარო ექიმთან იყო და უკან დაბრუნებული ამბობს: ექიმმა ასე მითხრა, წონაში დასაკლებად ყველაზე კარგი წამალი ან სექსია, ან - ფეხით სიარულიო. მიხომ ჰკითხა, - დედაკაცო, სად ცხოვრობს ეგ ექიმიო?

- თელავში, - უპასუხა ცოლმა.

- ჰოდა, ბარემ გზას დაადექ, გურჯაანიდან თელავამდე არც ისე დიდი გზააო.

კახელი ღვინოზე ამბობს: რამდენი მოვლა სჭირდება ამ დალოცვილს, უნდა შეწამლო, გაფურჩქნო, მიწა დაამუშაოო...

- აბა, ძამა, გურულები ღვინოს ნამეტანი იოლად ვაყენებთ - ღვთიური წესი გვაქვს: როგორც ღმერთმა წყალი ღვინოდ აქცია, ჩვენც მას ვბაძავთ და ერთი კილო ადესისგან 300 ლიტრი ღვინო გამოგვყავსო.

ბოლოს კი, აუცილებლად უნდა ვახსენოთ სვანები, რომლებსაც სპეციფიკური, ყველასგან განსხვავებული ხუმრობები აქვთ:

სვანი ზის კავკასიონის უმაღლეს მწვერვალზე და წიგნს კითხულობს. ჰკითხეს – აქ რატომ კითხულობო?

– უმაღლესი განათლება უნდა მივიღო! - უპასუხა სვანმა.

სვანს მამა მოუკვდა. ირტყამს თავში ხელებს და ერთ ამბავშია. ამ დროს ტელეფონმა დარეკა, ცოტა ხანს უსმინა, უსმინა სვანმა და უარესად წაიშინა თავში ხელები.

- რა მოხდა? - ჰკითხა იქვე მდგომმა ძმაკაცმა.

- ახლა მართლა დავიღუპე! - თურმე ჩემს ძმასაც მოჰკვდომია მამა და ახლა გამიმხილაო...

- დაბოლოს, იუმორისტული როლების შესრულება უფრო რთულია, თუ - სერიოზული პერსონაჟების შექმნა?

- თეატრალურ უნივერსიტეტში, დრამის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, რომელიც მე და ჩემმა მეგობარმა - დათო ბეკოშვილმა 2009 წელს დავასრულეთ. ჩვენი ლექტორები სულ გვეუბნებოდნენ, რომ ყველა როლს თავისი სირთულე ახლავს. დათოსთან ერთად, ბევრი იუმორისტული პერსონაჟის შექმნა მომიხდა, მაგრამ სერიოზული როლებიც მიზიდავს. ისედაც, მსახიობი მაშინ ხარ, როცა სულ სხვა პიროვნების თამაში შეგიძლია, როცა სხვა ადამიანის ტყავს ირგებ, თითქოს, სხვის სხეულში უნდა ჩასახლდე. სწორედ ასე მოვიქეცი, როცა გოგა ხაინდრავამ "ჰეროკრატია" გადაიღო. ამ ფილმში გლდანის ციხის უფროსის როლი მერგო. მისი ხასიათი ჩემთვის სრულიად უცხო იყო, მაგრამ მგონი, შევძელი. სრულიად განსხვავებული სახეების შექმნა მიწევს თეატრში. მე და დათო ბეკოშვილი თოჯინების თეატრშიც ვთამაშობთ და სხვა თეატრებთანაც ვთანამშრომლობთ. ჩემთვის, როგორც ყველა მსახიობისთვის, "სერიოზული" და "არასერიოზული" როლები არ არსებობს.

ხათუნა ჩიგოგიძე