"ჩემი პირადი დრამა ზუსტად ესაა"
font-large font-small
"ჩემი პირადი დრამა ზუსტად ესაა"
რატომ კითხულობდა მაკა შალიკაშვილი ნეკროლოგებს და პოლიტიკურ განცხადებებს ხმამაღლა?

მსახიობი მაკა შალიკაშვილი "ფეისბუკის" პირად გვერდზე პერიოდულად ვიდეოებს აქვეყნებს, რომლებშიც ლექსებს კითხულობს. ხმამაღლა კითხვა ბავშვობიდან უყვარს. მიაჩნია, რომ "მშობლებმა შვილებს წიგნის კითხვა უნდა ურჩიონ და საჭიროების შემთხვევაში - ცოტათი დააძალონ კიდეც, რათა ბავშვებმა ის დიდი სიამოვნება არ მოიკლონ, რასაც ლიტერატურული ნაწარმოების შესაბამის ასაკში წაკითხვისას მიიღებენ".


- ჩემს ცხოვრებაში წიგნს ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ჩემს ოჯახს დიდი ბიბლიოთეკა ჰქონდა. კვირა ისე არ გავიდოდა, მამას რაიმე ახალი წიგნი არ მოეტანა. ძალიან უყვარს კითხვა. ბავშვისთვის მშობელი ყველაზე კარგი მაგალითია. წიგნების კითხვა ალბათ იმიტომ შემიყვარდა, რომ სახლში ისეთ ადამიანებს ვხედავდი, რომლებიც კითხულობდნენ. პაპაჩემი ამბის მხატვრულად მოყოლის ნიჭით გამოირჩეოდა. ღამით მისი მოყოლილი ზღაპრების ფონზე ვიძინებდით. მიმაჩნია, რომ ბავშვის გაზრდა-აღზრდაში ზღაპრები უმნიშვნელოვანესი და აუცილებელია.
- პირველად რომელი ლიტერატურული ნაწარმოები წაიკითხეთ დამოუკიდებლად?
- ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ "შვლის ნუკრის ნაამბობმა" ჩემზე ძლიერ იმოქმედა. კითხვისას მეტირებოდა, ნაწარმოების დასაწყისის წაკითხვისთანავე მაჟრიალებდა... 90-იან წლებში ჩვენს სოფელში ხშირად ელექტროენერგია არ მოგვეწოდებოდა. წიგნებს ლამპის შუქზე ვკითხულობდი. ის დრო ახლაც მენატრება. ადამიანს კარგ მოგონებად ეს რომ გაქვს, საოცარია, არა? ლამპის შუქი, გაჭირვება და წიგნი... მაგალითად, იცი, ლექსების წიგნს როგორ ვკითხულობ? პირველი ლექსიდან - ბოლომდე. როგორც რომანის შუა ნაწილის წაკითხვა არ შეიძლება, ასევეა ლექსების კრებულიც: ბოლო ლექსი პირველი ვერ იქნება. ამაზე კრებულის შემდგენელმა ხომ იმუშავა, არა?!
- ლექსების კითხვა ბავშვობიდანვე გიყვართ?
- კი. საერთოდ, ყველაფრის ხმამაღლა წაკითხვა მიყვარს. ბავშვობაში ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებულ ნეკროლოგებს, პოლიტიკურ განცხადებებს, სტატიებს ხმამაღლა ვკითხულობდი. ამ ჩვევასაც თავისი ამბავი აქვს: დედაჩემს ამბის გადმოცემის კარგი უნარი ჰქონდა. სუსტი მხედველობის გამო, პაპაჩემი დედას სთხოვდა, გაზეთიდან ინფორმაცია მისთვის ხმამაღლა წაეკითხა. დედაც აიღებდა გაზეთს და ოჯახს ხმამაღლა უკითხავდა. ასე იგებდნენ, ქვეყანაზე რა ხდებოდა... ჟურნალ-გაზეთები ჩვენს სახლში ყოველთვის იყო - გამოწერილი გვქონდა და უსაყვარლეს ფოსტალიონ თამარა ბაბოს მოჰქონდა ხოლმე (იღიმის)...
- განსაკუთრებულად რომელი პოეტის შემოქმედება გიზიდავთ?
- ბავშვობიდან პირველი, ვისი შემოქმედებაც მომწონდა, გალაკტიონ ტაბიძე იყო, ასევე - მუხრან მაჭავარიანი: "მე ისეთ ქართველს რა ვუთხა,/ რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,/ ვინც ვერ ახერხებს ქართულად,/ წერას, კითხვას და ლაპარაკს..." მშობლიური ენა არ უნდა დავკარგოთ ქართველებმა... ბავშვობიდანვე მომწონდა ვაჟა-ფშაველას შემოქმედება: "ხარს ვგევარ ნაიალაღარს/ რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ,/ ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე,/ მძინარეც ამას ვდუდუნებ..." პატრიოტული ლექსები უმნიშვნელოვანესი იყო. მომწონდა ირაკლი აბაშიძის ("ხმა კატამონთან"), იოსებ ნონეშვილის, გოგლა ლეონიძის, იაკობ გოგებაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის ლექსები. სხვათა შორის, სკოლაში რუსულ ლიტერატურაშიც სულ "ხუთები" მყავდა, რადგან ლექსებს რუსულად კარგად ვსწავლობდი... საერთოდ, როცა მასწავლებელი გაკვეთილს გვიხსნიდა და ლექსს ამბობდა, სახლში ვთამაშობდი: ვცდილობდი, ლექსი ისე მეთქვა, როგორც ამას მასწავლებელი აკეთებდა... ჩემი ცხოვრება თეატრალური დეტალებით იყო გაჯერებული... მინდა ვაჟა-ფშაველას ჩემი ნაზი თაყვანისცემა "გავუკეთო" და მისი ლექსი ხმამაღლა, საჯაროდ წავიკითხო. ყველაფერს მომზადება სჭირდება, მათ შორის - ლექსის თქმასაც. ყოფილა შემთხვევა, კონკრეტული პოეტის ლექსი ბევრჯერ წამიკითხავს, მაგრამ ამის ხმამაღლა გაკეთება ვერ გამიბედავს. გარკვეული დროის შემდეგ, როცა ამისთვის შინაგანად მზად ვყოფილვარ, ხმამაღლაც წამიკითხავს. ახლა ველოლიავები "მეეტლეს". იქნებ გავბედო და წავიკითხო. ისეთი ლექსების წაკითხვა რთულია, რომლებსაც საზოგადოება ბუმბერაზი მკითხველებისგან (გურამ საღარაძე, გოგი ხარაბაძე, მურმან ჯინორია...) უკვე იცნობს... ძალიან მიყვარს ტერენტი გრანელის, ადამ ახალაძის (არქიმანდრიტი მამა ადამი), შოთა ნიშნიანიძის, მუხრან მაჭავარიანის, ტიციან ტაბიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, პაოლო იაშვილის, მიშა ქვლივიძის, ნიკო გომელაურის, ვახტანგ ღლონტის, რეზო ესაძის, ემზარ კვიტაიშვილის, ესმა ონიანის ლექსები.
GzaPress
- რომელიმე ლიტერატურული პერსონაჟის სცენაზე ან კინოში განსახიერება განსაკუთრებულად ხომ არ გინდათ?
- ძალიან მინდა ოთარაანთ ქვრივი განვასახიერო. მაგალითად, ახლახან ნანა ჯანელიძესთან ვიყავი - ფილმზე მუშაობას ასრულებს და ერთ-ერთი პერსონაჟი უნდა გამეხმოვანებინა. მითხრა, - წარმოიდგინე, ოთარაანთ ქვრივი როგორ იტყოდა - მშრალი, ძლიერი, დაბალი, მისთვის დამახასიათებელი ხმით და ისე თქვიო. ქალბატონმა ნანამ ისე აღმიწერა, რომ ჩემი სურვილი კიდევ უფრო გააღვივა. მიხარია, რომ ოთარაანთ ქვრივს პატარა შტრიხით მაინც შევეხეთ - ამ პერსონაჟის ხასიათის თვისებას, ასე ვთქვათ, "მხარი გავკარი". ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი იყო.
სხვათა შორის, როდესაც თეატრალურ უნივერსიტეტში ვაბარებდი, მანანა ბერიკაშვილთან ვემზადებოდი. მანანამ ოთარ ჭილაძის ნაწარმოებიდან - "ყოველმან ჩემმან მპოვნელმან" - ნაწყვეტი (ანეტას გაუპატიურების სცენა) "მომცა". ტრაგიკულ ეპიზოდს ვკითხულობდი. რეჟისორმა შალვა გაწერელიამ, ვინც შემდეგ თავის ჯგუფში ამიყვანა, ჩემ შესახებ თქვა: აი, ტრაგიკული როლების შემსრულებელი მოვიდა ქართულ თეატრშიო... შემდეგ ცხოვრება ისე წარიმართა, რომ ამ დიდი რეჟისორისა და პედაგოგის ეს შეფასება ჰაერში გამოკიდებულივით დარჩა, მაგრამ მან სწორედ ის დაინახა, რატომაც მინდა ოთარაანთ ქვრივის როლის შესრულება (იღიმის). მაპატიე, მაგრამ "ხმამაღლა" ვიტყვი: მე არავის არ ვგავარ. უამპლუო მსახიობი ვარ. როგორ შეიძლება, მსახიობი მხოლოდ კომედიური ან ტრაგიკული როლების შემსრულებელი იყოს?! იმ როლებს ვასრულებთ, რასაც გვაძლევენ. ჩემი პირადი დრამა ზუსტად ესაა, რომ ამპლუას განმისაზღვრავენ, - მაკა კომედიაში კარგად ითამაშებსო... რატომ?!.
- სამაგიდო წიგნი გაქვთ?
- ახლა სავარძელში, საწერ მაგიდასთან ვზივარ, სადაც წიგნების "მთაა". ყველა ჩემი სამაგიდო წიგნია: მიხაილ ზოშჩენკოს "მზის ამოსვლის წინ" და "გონებისთვის", მანანა ბერიკაშვილის წიგნები (მეტყველებასთან დაკავშირებული), 2016 წელს გამოცემული ალმანახი, რომელშიც ბევრი პოეტის ლექსია შესული, კნუტ ჰამსუნის "მისტერიები", რომელიც ნონა ჩხარტიშვილმა (ჩემმა დედამთილმა) მაჩუქა და ნონა ჩხარტიშვილის მამის - რევაზ ჩხარტიშვილის ლექსების 2 კრებული, რომელიც ბათუმელმა მუსიკოსმა მანანა გაბაიძემ მაჩუქა... ამით ვცხოვრობ: ყოველ დილით ყავას ვსვამ და თან რაღაცას ვკითხულობ. ახლა ვემზადები, რომ 25 თებერვალს კოლაუ ნადირაძის "25 თებერვალი" ტელეეთერში, ნიკა წულუკიძესთან ხმამაღლა წავიკითხო.
- თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან წიგნად რომელს მიიჩნევთ?
- მახსოვს, "ანა კარენინას" კითხვისას ცრემლად ვიღვრებოდი... როცა "ოსტატი და მარგარიტას" ვკითხულობდი, ამ წიგნმა ისეთი ატმოსფერო შემიქმნა, რომ უცებ საშინელი შიში ვიგრძენი და სახლის კარი შევამოწმე - დაკეტილი იყო თუ არა... საშინელი შეგრძნება დამეუფლა, როცა ვაჟა-ფშაველას "ხმელი წიფელი" წავიკითხე. მამა ადამ ახალაძის "ნიკალამ" ჩემზე ძლიერი გავლენა მოახდინა. სხვათა შორის, მერე ერთ-ერთ საღამოზე ხმამაღლაც წავიკითხე. ეს რთული იყო. ლექსების მსგავსად, იქნებ, პროზაული ნაწარმოებების ხმამაღლა კითხვას ისევ მივუბრუნდე, პროზის პოპულარიზაციისთვის... ყველაზე მნიშვნელოვან წიგნად ჩემი ცხოვრების "წიგნს" მივიჩნევ: იმას ვგულისხმობ, რომ რასაც წიგნის კითხვისას, ფილმის ნახვისას თუ ამბად მოსმენისას განიცდი ადამიანი, ეს ყველაფერი შენში აკუმულირდება, - თავად ხდები "წიგნის" გმირი. ასე რომ, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი ცხოვრებისეული "წიგნის დაწერაა"...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"შვილი თავიდანვე ბუნებრივ კვებაზე მყავდა და ინკუბატორიდან სესიებზე მიწევდა სირბილი"
ნატო დუმბაძის გულახდილი ინტერვიუ
"ჯეკოს" რეალური გამოცდილება და ინტერესები
9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ფოტოს ისტორია და მისი პერსონაჟის "ამქვეყნად დაბრუნების" ამბავი
"ჩვენს მერე, ჯარში პრემიებს აძლევდნენ მეგობრის დასმენაზე"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი