"როდესაც ადამიანი გიღალატებს, იქ დამთავრებულია ყველაფერი" - გზაპრესი

"როდესაც ადამიანი გიღალატებს, იქ დამთავრებულია ყველაფერი"

სალომე გოგიაშვილისთვის პანდემიის პერიოდს უშედეგოდ არ ჩაუვლია - როგორც მითხრა, მალე გავა ეთერში მისი გადაცემა, მაგრამ სად და როდის, ჯერჯერობით არ ამხელს.

- "როდესაც ირგვლივ ყველაფერი საოცარია და გაოცებას არაფერი იწვევს, ეს არის კიდეც ბავშვობა" (ანტუან დე რივაროლი).

- მხოლოდ ბავშვობაში გაქვს ეს ემოცია, ყველაფერი სხვაგვარად რომ გიხარია. რაც უფრო იზრდები, იმდენი პრობლემა გემატება, რომ ემოცია ნელდება. თუმცა, მე მაქვს ერთი ასეთი თვისება - ღმერთს ყოველთვის მადლობას ვუხდი იმისთვის, რაც მაქვს. სულ ვფიქრობ, მე რომ არაფრად მივიჩნევ, ვიღაცისთვის იქნებ ეს სანატრელიც კი იყოს-მეთქი. როგორ შეიძლება, უმადური იყო, როცა გაქვს სახლ-კარი, არ ხარ მშიერი და ჯანმრთელად გყავს ყველა?! ჩემს მეგობრებსაც სულ ვეუბნები, რომ არასდროს იყვნენ უკმაყოფილოები იმით, რაც აქვთ, პირიქით: თუ უფრო მეტს მივაღწევ, ამას რა სჯობს, მაგრამ როდესაც ცოტა მაქვს, არც ეს არ მაგდებს სასოწარკვეთილებაში. ასეთ სიტუაციაში მუდმივად ვფიქრობ გამოსავალზე და არ მესმის იმ ადამიანების, ამის გამო დეპრესიაში რომ არიან.

- "ახალგაზრდობა ნაკლია, რომელიც მალე გადის" (იოჰან ვოლფგანგ გოეთე).

- გააჩნია, როგორი განწყობა გაქვს. თუ სულით ახალგაზრდა ხარ, სიცოცხლის ბოლომდე ასეთივე რჩები. ხომ გინახავთ ახალგაზრდა მოხუცები, დაბერებულ-დაღვინებული ტიპები, რომ ვერ მიხვდები, რამხელები არიან? ასაკი მათემატიკაა ჩემთვის, რამდენი წლისაც უნდა იყო, მაინც იმხელა ხარ, როგორი შინაგანი მდგომარეობაც გაქვს.

- "ერთადერთი გზა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა არის – ჭამო ის, რაც არ გიყვარს, დალიო ის, რაც არ მოგწონს და აკეთო ის, რაც არ გინდა" (მარკ ტვენი).

- 100%-ით ვეთანხმები, თუმცა აქ არის ერთი რამ - მე მყავდა ახლობელი ქალბატონი, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა. როდესაც ჩვენთან მოდიოდა სტუმრად და ხედავდა, რასაც მივირთმევდით, პირჯვარს გადაისახავდა ხოლმე და გაიძახოდა, ღმერთო, ჯანმრთელად ამყოფე ესენი, რაებს ჭამენო!.. თვითონ არაფერს აკარებდა პირს, რაც ნატურალური არ იყო. ვარჯიშობდა კიდეც, მაგრამ ისე მოხდა, რომ სიმსივნე აღმოაჩნდა. რაც გიწერია, ალბათ ვერ ასცდები. ამიტომაც, იცხოვრე ისე, რომ შეირგო ყოველი დღე. მე არ ვაკონტროლებ ასეთ რამეებს. ვაკეთებ იმას, რაც არ შეიძლება, ფეხით არ დავდივარ, ვჭამ სურვილისამებრ, მაგრამ ვარ ძალიან ბედნიერი.

- "ქალის დიდი მოთხოვნილებაა, ვინმეს უყვარდეს, ვიდრე ვინმე უყვარდეს" (ზიგმუნდ ფროიდი).

- სასიამოვნოა, როცა ვიღაცას ძალიან მოსწონხარ, უყვარხარ და გაფასებს. ორმხრივი თუა გრძნობა, ეს განსაკუთრებით სასიამოვნოა. როდესაც მიყვარს, რომანტიკული ვარ. მიყვარს სიურპრიზები, სითბო. იმ მომენტზე, როდესაც გიყვარს და უყვარხარ, ვგიჟდები და ბოლომდე ვეფლობი გრძნობებში. იმავეს მოვითხოვ მეორე მხარისგანაც, სხვანაირად გამორიცხულია, იმხელა ენერგეტიკას გავცემ.

- "ზურგში დანას სწორედ ისეთი ადამიანი ჩაგცემს, რომლისთვისაც მზად ხარ, საფრთხის შემთხვევაში მკერდი მიუშვირო" (ელჩინ საფარლი).

- რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე არ არის. როდესაც ადამიანი გიღალატებს, მეგობარი იქნება თუ ქმარი, იქ დამთავრებულია ყველაფერი - რა ვქნა, არაფრით შემიძლია ღალატის პატიება. ოჯახი კიდევ სხვა რამეა. ვიცი ბევრი მაგალითი, როცა ქმარი ღალატობს, მაგრამ წყვილი მაინც ერთადაა. წინასწარ არავინ ვიცით, როგორ მოვიქცევით, ვაპატიებთ თუ არა. ყველას თავისი ცხოვრება აქვს. შეიძლება თქვა, არ ვაპატიებო, მაგრამ რაღაცებზე თვალი დახუჭო.

GzaPress

- "სუსტი არასდროს პატიობს, პატიება ძლიერის თვისებაა!" (მაჰათმა განდი).

- ეს ჩემს ხასიათში ნამდვილად ზის, ძალიან მიჭირს პატიება. ჩემმა მეგობრებმა იციან, სად გადის ზღვარი, რომლის იქითაც ვერ შევძლებ პატიებას. კამათის დონეზე ადამიანი არასდროს დამიკარგავს.

- "ორი რამ ავსებს ჩემს სულს საკვირველებით: ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემ ზემოთ და მორალური კანონი ჩემში" (კანტი).

- ვარსკვლავები ნამდვილად არ მაოცებს, მაკვირვებს ადამიანებში უმადურობის გრძნობა, რაც დიდი დოზით შეიმჩნევა დღეს. ეს უფრო ნათლად დაგვანახვა სოციალურმა ქსელებმა, რადგან ყველას მიეცა საშუალება წეროს ის, რასაც ფიქრობს. ადრე თუ არ შეგვეძლო, სათქმელი ერთმანეთისთვის პირში გვეთქვა, ახლა შეგვიძლია. იქ ბევრ ისეთ რამეს წაიკითხავთ, რაც ადამიანების ამ ნაკლზე მიუთითებს.

- "რევოლუცია არის წარმატებული ძალისხმევა, ცუდი ხელისუფლება უარესით შეიცვალოს" (ოსკარ უაილდი).

- მის დროს ალბათ ასე იყო, თუმცა დღეს ბევრი რამ შეიცვალა. ხალხს აქვს შესაძლებლობა, გააპროტესტოს, რაც არ მოსწონს. გეტყვით, ჩემთვის რა შეიცვალა - უდანაშაულო ხალხს უდანაშაულოდ რომ აღარ სჯიან! თუნდაც ციხის კადრები რომ გავიხსენოთ, მაშინ ძალიან ვინერვიულე, მიუხედავად იმისა, რომ იქ ჩემიანი არავინ ყოფილა, მადლობა ღმერთს ამისთვის. ისეთი შოკირებული ვიყავი, რომ მგონია, მარტო ამის აღმოსაფხვრელად ღირდა ახალი ხელისუფლების მოსვლა. თანაც, ჩვენ არ გვინახავს ყველაფერი... ვფიქრობ, საჯაროდ უნდა ეჩვენებინათ, რათა საზოგადოებისთვის, მათი მხარდამჭერებისთვის ცხადი გამხდარიყო ყველაფერი. ჩემი პოზიციის გამო ბევრი ჭორი გავიგე, ვინ იგონებს, არ ვიცი. ბიძინა ივანიშვილმა სახლი უყიდაო... ერთი პერიოდი პრობლემები რომ მქონდა, მაშინ მართლაც ძალიან დამეხმარა მათი ოჯახი, მაგრამ სახლი არავის უყიდია ჩემთვის. ჯერ ერთი, ბიძინა ივანიშვილი მამას უახლოესი მეგობარია და რატომ უკვირთ?!. სხვა რამდენი ეხმარება ძმაკაცებისა და მეგობრების შვილებს. თქვენი მეგობრის შვილს რომ გაუჭირდეს, ხომ გაუმართავთ ხელს? მე, მაგალითად, უცხო ადამიანებს დავხმარებივარ, ამაში უჩვეულო არაფერია.

- "ადამიანის ხასიათს ყველაზე უკეთ ამჟღავნებს მისი მოქმედება გადამწყვეტ წუთებში" (შტეფან ცვაიგი).

- როდესაც ბრაზდები, ალბათ ყველაზე მეტად ამჟღავნებ შენს ხასიათს, ემოცია ჭარბია ამ დროს და ვერ აკონტროლებ. სწორი ყოფილა, რომ ამბობენ, გასაჭირში უფრო იცნობა ადამიანი, ვიდრე ლხინშიო. ეს გამოთქმაც რაღაც ამდაგვარია. გაბრაზებული გამოვდივარ წონასწორობიდან, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ არ ვიცი, რას ვაკეთებ.

- "ქალები არიან პრობლემების დიდი ნაკრები, რომლებიც ყველას გვიყვარს" (ერნესტ ჰემინგუეი).

- ფემინისტი ქალები რას უზამდნენ ამ სიტყვებისთვის, ხომ წარმოგიდგენიათ? ჩაქოლავდნენ. ისე, რატომ ქალები? ვითომ მამაკაცები არ ქმნიან პრობლემებს? ქალმა შეიძლება ბევრი იწუწუნოს და პრობლემებიც შეგიქმნას, მაგრამ კაცი რომ შეგიქმნის, არა მგონია, შენ იმდენი შეძლო (იცინის).

- "მამაკაცები სამყაროს ყველაზე ლამაზი მეორეხარისხოვანი არსებები არიან" (კრისტი ჰეფნერი).

- მეორეხარისხოვნების რა გითხრათ, მაგრამ მამაკაცებისთვის პირველია ჯერ თავიდათავი, მერე სხვა დანარჩენი, ასე ვფიქრობ.

- "თუ კაცი ქალს ერთხელ შეეხება ფიზიკურად, ის ყოველთვის გაიმეორებს ამას" (ხალხური).

- კაცი რომ ქალს ხელს დაარტყამს, ჩემი აზრით, იქ ყველაფერი უნდა დამთავრდეს. იმის მოლოდინი, რომ ოდესმე გამოსწორდება, არ უნდა გქონდეს, თუმცა ესეც ინდივიდუალურია, სხვის მაგივრად ვერ ილაპარაკებ. ვიღაცას ალბათ სხვა გზა არა აქვს და ალბათ ამიტომ ითმენს...

- "შეგიძლიათ ჰკითხოთ ქალს, თუ რატომ ტირის, მაგრამ არასოდეს ჰკითხოთ, თუ რა ატირებდა, რადგან ის უკვე აღარ ახსოვს" (ალექსანდრე დიუმა).

- რა სისულელეა! ვგიჟდები, რომ მეკითხებიან, რა მატირებს (იცინის). როცა ყურადღებას არ მაქცევენ და მიზეზიც არ აინტერესებთ, ამ დროს უფრო ვბრაზდები. საერთოდ გულჩვილი არ ვარ, იშვიათად ვტირი, თუმცა ფეხმძიმობის და შემდგომ პერიოდში განსაკუთრებით ემოციური ვიყავი.

- "დედობა - შესანიშნავი და ჯადოსნურია, მაგრამ ძალიან დამღლელი" (სკარლეტ იოჰანსონი).

- ნამდვილად არ არის ასე. პირიქით, ყველაზე სასიამოვნო და დაუღლელია, რადგან სიყვარულით აკეთებ ყველაფერს. შვილები ყველაზე დიდი საჩუქარია ღმერთის. ძალიან მკაცრი დედა არ ვარ, ზრდილობა, სიყვარული და პატივისცემა - ეს არის მთავარი, რაც აუცილებლად უნდა ასწავლო მათ, დანარჩენს გარშემო მყოფებისგანაც ისწავლიან. მნიშვნელოვანია, სითბოსა და სიყვარულში გაიზარდოს ბავშვი და ის თვითონაც ისწავლის შავისა და თეთრის გარჩევას.

- "ყველაზე მხიარული ადამიანები ყველაზე სევდიანები არიან" (კონფუცი).

- ამას ხშირად ამბობენ, განსაკუთრებით კომედიური ჟანრის მსახიობებზე. მე პოზიტიური ვარ სახლშიც, ეკრანზეც და მეგობრებთანაც. სევდიანი ვარ მხოლოდ საკუთარ თავთან დარჩენილი, როდესაც ვერავინ მხედავს. სხვებს არასდროს ვახვევ თავზე ჩემს უარყოფით ემოციებს.

- "მხოლოდ ორ რამეს ვინანებთ სიკვდილის წინ – რომ არ გავცემდით ბევრ სიყვარულს და არ ვმოგზაურობდით ბევრს" (მარკ ტვენი).

- ვერ დავეთანხმები. ვიღაცა თბილი ადამიანია და ვიღაცა - ცივი, ერთნაირად ვერ გასცემენ ემოციებს. ზოგს გრძნობების გამოხატვა არ შეუძლია. არც მე მაქვს უნარი, ყველასთვის დიდი სითბო და სიყვარული გავცე. თან, იცით, რა არის? იმდენად შეცვლილები არიან ადამიანები და ისეა ურთიერთობები გაფუჭებული, რომ ხშირად ბევრს გასცემ და სანაცვლოდ იმავეს რომ ვერ იღებ, გული გწყდება. რაც შეეხება მოგზაურობას, ვერ ვიტან ფრენას, ამიტომაც არ მხიბლავს მოგზაურობა.

- "იცოდე, რა არის სამართლიანი, გრძნობდე, რა არის მშვენიერი, გსურდეს, რაც კარგია, - ეს არის გონიერი ცხოვრების მიზანი" (პლატონი).

- ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ რეალობაში ცოტა რთულია. ჩემთვის აუცილებელია ფული (იცინის), ბევრი ფული. რომ ამბობენ, ფულით ვერაფერს იყიდიო, რა სისულელეა, ყველაფერს იყიდი. რაც შეეხება ჯანმრთელობას, უფრო მეტად გააკონტროლებ და მშვიდადაც იქნები, რაკი შენ გარშემო სხვებიც ბედნიერები იქნებიან და შეძლებ მათ დახმარებას. არიან ადამიანები, რომლებიც ფუჭდებიან ბევრი ფულით და არიან ადამიანები, რომლებიც პირიქით, ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ... ვიცი, ამასაც პოლიტიკურ სარჩულს გამოაკერებენ ახლა და იტყვიან, ბიძინა ივანიშვილს გულისხმობსო, თუმცა ის ნამდვილად კარგი მაგალითია, რადგან მაშინაც კი ეხმარებოდა ხალხს, როცა მისი სახელი და გვარიც არავინ იცოდა.

ნინო ჯავახიშვილი