"ბარბარიკამ" სერიალიდან უხმაუროდ წასვლა გადაწყვიტა - გზაპრესი

"ბარბარიკამ" სერიალიდან უხმაუროდ წასვლა გადაწყვიტა

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" თაკო კორინთელის გამოჩენას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ამჯერად "ბარბარიკამ" სერიალიდან უხმაუროდ წასვლა გადაწყვიტა - ტელეწამყვანად მუშაობა არჩია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია რატომ არ გამოქვეყნდა, თაკო თავად გვეტყვის...

- თაკო, პირველად როდის და რომელ სოციალურ ქსელში დარეგისტრირდი?

- დაახლოებით 11 წლის წინ, ერთ-ერთ საიტზე დავრეგისტრირდი, სადაც მომხმარებელი უბრალოდ ფოტოებს ტვირთავდა. მიმოწერა და მსგავსი რაღაცები არ ყოფილა. შემდეგ ინტერნეტსივრცეში "ფეისბუკიც" გამოჩნდა...

- "ფეისბუკზე" რა მიზნით დარეგისტრირდი?

- მაშინ არც ვიცოდით, რა როგორ იყო. უბრალოდ, რამდენიმე ჩემს მეგობარს ჰქონდა გვერდი და ვიცოდით, რომ მესიჯების გაგზავნაც შეიძლებოდა. დავრეგისტრირდით, მიწერ-მოწერა გვქონდა... მერე უკვე სხვა მასშტაბებზეც გადავედით - მივხვდით, ამ ქსელში სხვა ინფორმაციების მოპოვებაც შეიძლებოდა, მაგალითად შეგვეძლო, ბევრი, დიდი ხნის უნახავი მეგობრის ფოტოები გვენახა, ამ ადამიანებს დავკონტაქტებოდით და ა.შ.

- დღეს ყველაზე აქტიურად რომელ სოციალურ ქსელს იყენებ?

- "ფეისბუკსა" და "ინსტაგრამს" ყოველდღიურად ვიყენებ - ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილივით გახდა. ძალიან დამოკიდებული ვარ, რაც ალბათ, არც ისე კარგია...

- ამ ქსელებში რა ტიპის ინფორმაციას აქვეყნებ?

- არ მინდა, ნეგატიური ინფორმაცია გამოვაქვეყნო, მაგრამ ზოგს ხალხის გვერდით დგომა სჭირდება. ასევე, ჩვენი ოთხფეხა მეგობრები იკარგებიან ან რაღაც სჭირდებათ... სოციალურ ქსელებში ჩვენი ჩართულობით ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია - ის მხოლოდ გასართობად და მიწერ-მოწერისთვის არ არის. "ფეისბუკზე", ჩემს პირად გვერდზეც ხშირად ვაზიარებ ინფორმაციას იმ ადამიანებისა თუ ჩვენი ოთხფეხა მეგობრების შესახებ, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ... "ინსტაგრამზეც" დაახლოებით ასე ვიქცევი. უბრალოდ, იქ ინფორმაციას "სთორებში" ვაქვეყნებ. ბევრი თავადაც მწერს - ჩემს ახლობელს დახმარება სჭირდება და იქნებ ამის შესახებ თქვენს გვერდზე "დადოთ", რომ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოსო... ასეც ვიქცევი, რომ ინფორმაცია ხალხის ყურამდე მივიდეს.

- სოციალურ ქსელში კამათში თუ ჩაბმულხარ?

- სოციალურ ქსელში პოლემიკა ყოველთვის არის. ვკითხულობ, მაგრამ ვცდილობ, ასეთ მარაზმში არ ჩავერიო. ასეთ ამბებში თავის გამოჩენა არ მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პოზიცია მაქვს და ბევრჯერ მინახავს, რომ პოლემიკაში შესული ადამიანი, რომელიც "თავს იგიჟებს" და რაღაცებს ამტკიცებს, ჩემი აზრით, მართალი არ არის და ვიცი, სიმართლე როგორ დავუმტკიცო, მაგრამ ვცდილობ, ასეთ ამბებში არ გავეხვიო, - აზრი მაინც არ აქვს.

- სიახლეების ზოლში შენს ყურადღებას რა სახის ინფორმაცია იქცევს?

- აბსოლუტურად ყველაფერი, კონკრეტულს ვერ გეტყვი. მაგალითად, თუ 2 დღეში სალონში ფრჩხილების "გაკეთებას" ვგეგმავ, ინფორმაციასაც ამ თემასთან დაკავშირებით ვათვალიერებ: ვინ როგორ "გაიკეთა" ფრჩხილი, როგორი დიზაინი მინდა და ა.შ. მოკლედ, გააჩნია, რა სახის ინფორმაცია მჭირდება.

- უცნობი ადამიანები როგორ შეტყობინებებს გიგზავნიან?

- ბევრი მწერს. მოგეხსენებათ, ყველას თავისი სამყარო აქვს... ბევრ უცნაურ მესიჯსაც ვიღებ, სასიამოვნოსაც, უსიამოვნოსაც... ძირითადად ვცდილობ, არ ვუპასუხო, რადგან "ზედმეტი რაღაცები" არ მიყვარს. თუ ისეთი შეტყობინება მომწერეს, რომ ასე ვთქვათ, გულზე მომხვდა და კომპლიმენტია, შეიძლება უბრალოდ მადლობა გადავუხადო. ისე კი, აბსოლუტურად ყველაფერს ვკითხულობ.

- უცნაურს რას გწერენ?

- ზოგი მართლა ისეთ არაადეკვატურ მესიჯს მწერს, რომ უბრალოდ, ვზივარ და ვფიქრობ, - ეს ადამიანი ნორმალურია თუ არა-მეთქი?.. მაგალითად, მწერენ - ძალიან გთხოვ, შენი ნომერი და მისამართი მითხარი, უნდა მოვიდე და ახლავე ცოლად მოგიყვანოო (იცინის)...

- შენს საქმროს როგორი რეაქცია აქვს, როცა ასეთ მესიჯებს გწერენ?

- თავადაც კითხულობს და ამ ყველაფერზე ერთად ვხალისობთ, რა თქმა უნდა.

- თუ ცდილობ, რომ "ინსტაგრამზე" ბევრი "გამომწერი" გყავდეს? ბევრისთვის "ინფლუენსერობა" შემოსავლის წყაროა.

- "ინფლუენსერობა" ტრენდული გახდა. ამას ბევრი პლუსი აქვს. ფინანსურადაც შემოსავლიანია. პირადად მე, არ დავინტერესებულვარ, ამისთვის არც მეცალა. დაახლოებით 17 ათასი "გამომწერი" მყავს, მაგრამ არ "დამიბუსტავს", ფული არ გადამიხდია - თავისთავად დაგროვდა, თუმცა იმ ადამიანებს მივესალმები, ვინც ამ მხრივ აქტიურობენ. ჩემს შემთხვევაში, ვიფიქრე, რომ ვისაც უნდა, ჩემი "გამომწერი" იყოს, საკუთარი სურვილით იყოს, ნაყიდი არ მინდა-მეთქი (იღიმის). ამას უხეშად არ ვამბობ. უბრალოდ, საჭიროდ არ მივიჩნიე, ამაში დრო დამეხარჯა. შეიძლება ოდესმე ამაზეც დავფიქრდე...

- ამჟამად რას საქმიანობ?

- ტელევიზიაში დაბრუნებაზე დიდხანს ვფიქრობდი: გარდა იმისა, რომ სერიალში ვმონაწილეობდი, მსურდა, ტელევიზიაში ჩემი პროფესიითაც დავბრუნებულიყავი. 5-წლიანი პროფესიული პაუზა მქონდა. ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე, დილის გადაცემის წამყვანობას დავთანხმებოდი.

- შეიძლება, ამის გამო სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ვეღარ გიხილოთ?

- ტელეარხიც (სადაც "ჩემი ცოლის დაქალები" გადის), შემოქმედებითი გუნდიც ძალიან მიყვარს. მათთან მუშაობა კომფორტული იყო, მათთან ერთად გატარებული წლები - ძალიან კარგი. უბრალოდ, ასე მოხდა, რომ სერიალს "გამოვეთიშე", ცოტა თუ დიდი ხნით - არ ვიცი, მაგრამ ამ ეტაპზე სერიალში აღარ ვიქნები...

- ანუ შეიძლება, ისევ მარიშკა ჯავახაძემ ჩაგანაცვლოს? სერიალის შემოქმედებითი გუნდი საქმის კურსშია, რომ "პოსტივიზე" ტელეწამყვანად მუშაობა დაიწყე?

- კი, რა თქმა უნდა, საქმის კურსშია. მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მიყვარს ისინი და დიდ პატივს ვცემ. მათ ყოველთვის საქმის კურსში ვაყენებდი. ახლაც ასე მოვიქეცი. ჩემი პერსონაჟის - ბარბარიკას "ხაზს" რაც შეეხება, ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდება: საერთოდ, გაგრძელდება თუ არა ან თუ გაგრძელდება, ვინ იქნება როლში.

GzaPress

- არჩევნის საჭიროების შემთხვევაში, ტელეწამყვანობას აირჩევდი, როგორც მივხვდი, არა?

- ჰო. მსახიობობაც, რაც ჩემი პროფესია არ ყოფილა, ძალიან მომწონდა და მიმაჩნია, რომ ასე თუ ისე, ფეხი ავუწყვე, თუმცა ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ჩემი პროფესიით უნდა ვიმუშაო.

- სერიალში შენს პერსონაჟთან დაკავშირებულ კომენტარებს სოციალურ ქსელში თუ ეცნობოდი და ეხმაურებოდი?

- თავდაპირველად, როცა სერიალში მივედი, ალბათ ყველამ იცის, რომ დიდი ამბავი ატყდა. იმ პერიოდში ყველა კომენტარს სათითაოდ ვკითხულობდი: დადებითიც იყო, უარყოფითიც და ძალიან ცუდიც, მაგრამ საბედნიეროდ, დადებითი ჭარბობდა, ცუდი კომენტარები "გადაფარული" იყო (იღიმის)... ყველაფერს ვკითხულობდი, თუმცა დისკუსიაში არასოდეს ჩავრთულვარ.

- პირად ინფორმაციას, თუნდაც სამსახურთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში არ აზიარებ. მაგალითად, არ დაგიწერია, რომ ტელეწამყვანად მუშაობა დაიწყე. უბრალოდ, ფოტო ატვირთე, რომლითაც თუ ადამიანს გადაცემა არ უნახავს, ვერ მიხვდება, სად არის გადაღებული.

- ზუსტად ეს მინდოდა (იცინის). არ მსურდა, ამ ამბავს გამოხმაურება მოჰყოლოდა... ჩემმა მეგობარმა დილის გადაცემის პოსტი ჩემს გვერდზე გააზიარა, თორემ მანამდე არავინ არაფერი იცოდა (იცინის).

- სოციალურ ქსელში ვინმე "დაგიბლოკავს"?

- კი, რა თქმა უნდა: უაზროდ რომ გწერენ და გაწუხებენ, - გთხოვ, მომწერე, სად ხარ, როგორ ხარ? რა ლამაზი ხარო... მერე უკვე "ფეისბუკზე" დარეკვას ცდილობენ... უცხო ადამიანებს არც ვპასუხობ. თან, როცა საქმეს ვაკეთებ, ამ დროს კი უცხო განუწყვეტლივ მირეკავს, ის უნდა "დავბლოკო", სხვა გზას არ მიტოვებს. ამიტომ, ამის გაკეთება პერიოდულად მიწევს ხოლმე. სამწუხაროდ, "დაბლოკილთა" სიაში ბევრი მყავს (იცინის).

- ინტერნეტნაცნობობა რეალურ ურთიერთობაში გადაზრდილა?

- მაგალითად, რამდენიმე გოგო, რომლებიც საქართველოში არ არიან, ინტერნეტით გავიცანი. მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ისე ვმეგობრობთ, თითქოს მთელი ცხოვრება ვდაქალობდით. პირადად დღემდე არ მინახავს, მაგრამ კარგი მეგობრები ვართ: ერთმანეთს ყველაფერს ვუზიარებთ, რჩევებს ვაძლევთ... ასე რომ, ვერ ვიტყვი, სოციალურ ქსელში არავინ გამიცნია-მეთქი (იღიმის).

- როგორი ონლაინიმიჯი გაქვს, ყურადღებას აქცევ?

- რა თქმა უნდა, ჩემთვის იმიჯი მნიშვნელოვანი და აუცილებელიც კია. ამაზე არ ვმუშაობ - მოდი, ამას ასე ვიტყვი, რომ ასეთი იმიჯი მქონდეს-მეთქი, - მაგრამ ყურადღებას ყოველთვის ვაქცევ, რომ რაღაც არასწორი არ "გაიპაროს" (იღიმის). საერთოდ, ყველაფერს თვალს ვადევნებ, რაც ჩემ გარშემო ხდება და მით უმეტეს - რაც მე მეხება, მაგრამ ბევრს არ ვლაპარაკობ.

- საკუთარი გვარ-სახელი "დაგიგუგლავს"?

- თავდაპირველად, როცა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" მოვხვდი, ეთერში ჯერ ანონსი არ იყო გასული, რომ უცებ ისეთი ამბავი ატყდა, შემეშინდა: ჟურნალისტები მირეკავდნენ, - აბა, ახალი ბარბარიკა მოდის, რა ხდებაო?.. ჩემი ტელეფონი გადახურდა და გაითიშა. მაშინ მივხვდი, რომ რაღაცაში ამოვყავი თავი, ოღონდ ისე დავიბენი, რომ არ ვიცოდი, ეს კარგი იყო თუ ცუდი. საბოლოოდ მივხვდი, რომ ძალიან კარგ ამბავში ვიყავი, მაგრამ უცბად საოცარი პანიკა ატყდა. რაღაცნაირად, ის დღეები გადავაგორე... რამდენიმე დღის შემდეგ, აზრზე მოსვლა რომ დავიწყე, მახსოვს, ჩემი სახელი და გვარი "დავგუგლე", რომ გამეგო, ჩემ შესახებ სად რა დაიწერა. ბევრმა ინტერნეტპორტალმა ისეთი ინტერვიუ თუ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რაც რეალურად, ჩემგან არ აუღიათ. თავდაპირველად გავბრაზდი, მაგრამ შემდეგ "დავიკიდე" (იცინის).

- ინტერნეტის გარეშე გაძლება რამდენ ხანს შეგიძლია?

- ინტერნეტდამოკიდებული ვარ, რადგან მეც და ჩემს საქმროსაც ჩვენი საქმეები გვაქვს: ის თავის სამსახურშია, მე - ჩემსაში. ინტერნეტი კარგი საშუალებაა, რომ ერთმანეთს ფოტოები, ვიდეოები გავუგზავნოთ, ინფორმაცია გავცვალოთ... როცა ჩემი საყვარელი ადამიანის გვერდით ვარ, ტელეფონი საერთოდ არ მახსენდება, რადგან ერთად კარგად ვერთობით, სხვადასხვა ადგილას დავდივართ...

ეთო ყორღანაშვილი