"ამბობენ, რომ ვარ ჯიუტი, მხიარული და უცნაური" - გზაპრესი

"ამბობენ, რომ ვარ ჯიუტი, მხიარული და უცნაური"

"სერიალში "იდეალური დედა" მოხვედრა მარტივი არ იყო, სამი ტური გავიარე", - ამბობს ნუცას როლის შემსრულებელი თეკლა სულაქველიძე. რატომ ეწინააღმდეგებოდა მსახიობი დედა, აერჩია მისი პროფესია, რა მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარ ხასიათში, არის თუ არა შეყვარებული, რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე და ვინ ენატრება ყველაზე მეტად? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...2000 წლის 23 მარტი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი, ეს მხოლოდ დედაჩემის (თეკლას დედა რუსთაველის თეატრის მსახიობი მანანა აბრამიშვილი გახლავთ) გავლენის შედეგი არ იყო. როდესაც წიგნს ვკითხულობდი, სულ პერსონაჟებზე ვფიქრობდი, ამბავი საკუთარ თავზე გადმომქონდა, ნაწარმოების ფინალს ჩემებურ განვითარებას ვუძებნიდი. როცა არჩევნის დრო დადგა, დედა ჩემი მსახიობობის წინააღმდეგი წავიდა. საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩავაბარე. ერთი წელი ვისწავლე, მაგრამ დიდი თხოვნით და ხვეწნით, მაინც თეატრალურში გადმოვედი, დედაჩემისგან ერთი შანსი მივიღე. მისი მთავარი არგუმენტი იყო, შენ არ გაქვს ისეთი ხასიათი, რომ ამ პროფესიაში იყო წარმატებულიო. მეუბნებოდა, რომ ძალიან რთულია, მუდმივად დაძაბულ რეჟიმში მომიწევს ცხოვრება, ოჯახისთვის დრო არ მექნება და ა.შ. მთხოვა, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, კარგად დავფიქრებულიყავი. გადაწყვეტილება გააზრებულად მივიღე და ეს სფერო იმაზე გაცილებით საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე ვიცოდი და წარმომედგინა. ახლა ზუსტად ვიცი, სწორი არჩევანი გავაკეთე.

- სერიალში იდეალური დედა...

- ...მოხვედრა მარტივი არ იყო, სამი ტური გავიარე, მესამე ტურის შემდეგ გადაწყდა, ჩემი და სანდროს წყვილს უნდა გვეთამაშა.

- ჩემი პირველი დღე გადასაღებ მოედანზე...

- ...ალბათ არასდროს დამავიწყდება. ვიყავი ძალიან ბედნიერი, მაგრამ საშინლად ვღელავდი. არ მინდოდა, გადაღებული კადრები მენახა, ვფიქრობდი, რომ ხელოვნური ვიქნებოდი, ჩემი თავი არ მომეწონებოდა. ამ დაძაბულობამ რამდენიმე გადაღების შემდეგ გამიარა. უკვე კადრებსაც ვნახულობ და მომწონს. აქამდე კამერასთან მუშაობის გამოცდილება საერთოდ არ მქონდა. დედისგან შენიშვნებს ველოდებოდი, ჩემ მიმართ ძალიან კრიტიკულია, მაგრამ მითხრა, რომ მოეწონა, ამ როლში ბუნებრივი და ლაღი ვარ. მირჩევს, რაღაცებს უბრალოდ ნუ ამბობ, პერსონაჟის ხასიათი წინ წამოსწიეო, ამ რჩევას, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებ.

GzaPress

- ჩემზე ამბობენ...

- ...ოჯახის წევრებისთვის ვარ ჯიუტი. მეგობრები ამბობენ, რომ გახლავართ მხიარული და უცხოები ამბობენ, რომ უცნაური ვარ. ხასიათი ხშირად მეცვლება.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...დედას. როდესაც თეატრალურში სწავლის გაგრძელებაზე დავითანხმე, რატომღაც ისე მოხდა, რომ ვეღარ მოვემზადე. არადა, გამოცდებზე უნდა გავსულიყავი. თავად მეხმარებოდა, გამოცდილებას მიზიარებდა. დღემდე ასეა, სულ მარიგებს, სწორ რჩევებს მაძლევს და ვითვალისწინებ.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ეს პროფესია ავირჩიე.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...სხვებს დავეხმარო.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...მარტივად არ ვნებდები, მებრძოლი ხასიათი მაქვს.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ზარმაცი ვარ, ზოგჯერ ჯიუტიც და ეს არ მომწონს.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ვნანობ.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...რომ არ ვიყო ყველასთან უშუალო და გულუბრყვილო.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ადამიანი ნამდვილად მიყვარს.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ცოტათი მეშინია, რადგან მაქვს განცდა, რომ თავდაჯერებულობა მაკლია. შინაგანად კი მწამს, წარმატებული ვიქნები. ბავშვობიდან მჯეროდა, რომ მსახიობი ვიქნებოდი. რატომღაც ვამბობდი, ხალხი აუცილებლად გამიცნობს-მეთქი. მინდა თუ არა, საზოგადოების ყურადღებას ყოველთვის ვიპყრობ.

- ვიბნევი...

- ...როცა რაღაც არ ვიცი, როცა ვინმე მომეწონება და დაფარვას ვცდილობ. ვიბნევი, როცა ვიტყუები და ტყუილში მიჭერენ, ძალიან ცუდი მატყუარა ვარ. ამ დროს თამაში არ შემიძლია. როცა თამაშობ, ძალიან მართალი უნდა იყო და მე როცა ვიტყუები, მართალი ვერ ვარ.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...ამერიკაში. ძალიან ამბიციურად თუ არ გამომივა, მინდა გარკვეული პერიოდის შემდეგ, პროფესიული განვითარებისთვის ამ ქვეყანაში წავიდე. ამერიკა ამ მხრივ გაცილებით კარგია, ვიდრე - ევროპა.

- თავისუფლება...

- ...რა არის, ამაზე ხშირად მიფიქრია. თავისუფლება "რაც მინდა იმას გავაკეთებ" არ არის. თავისუფალი მაშინ ხარ, როცა გაქვს უნარი, შენი ქცევა აკონტროლო და საკუთარ თავს გარკვეული აკრძალვებიც დაუწესო.

- დღე, რომელსაც ჩემი ცხოვრებიდან ამოვშლიდი...

- ...ასეთი დღე არაერთია.

- სიყვარული ეს...

- ...არც გრძნობაა, არც შეგრძნება, არც შეჩვევა - არ ვიცი, რა არის, რაღაც ამოუხსნელია. სიყვარულისთვის დავიბადეთ. ამ ქვეყნიდან უსიყვარულოდ თუ წავალთ, ჩავთვალოთ, რომ არც გვიცხოვრია.

GzaPress- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ვიყავი ძალიან ჰაეროვანი, მოფარფატე, ყოველთვის კარგზე ვფიქრობდი, სულ ღრუბლებში დავფრინავდი, მაშინ 18 წლის ვიყავი.

- ახლა შეყვარებული...

- ...არ ვარ, პროფესიულ განვითარებაზე ვარ გადართული.

- სასურველი მამაკაცი...

- ...უნდა იყოს პრინციპული, ქცევის წესები იცოდეს, ყველას ხიბლავდეს, მამაკაცური იყოს, დამოუკიდებელი, ძლიერი. აუცილებლად უნდა იყოს განათლებული, მეგობრული და იუმორის შეგრძნება ჰქონდეს. ვიზუალურად როგორი? შავგვრემანი თუ იქნება, უკეთესია. თვალის ფერს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, საინტერესო, შინაარსიანი და ღრმა თვალები ჰქონდეს. მაღალი უნდა იყოს, თავად მაღალი ვარ და ჩემზე დაბალი არ მომეწონება, არც ძალიან გამხდარი და არც მსუქანი არ უნდა იყოს. მთავარი მაინც შინაგანი სამყაროა. მრავალფეროვანი და თავგადასავლების მოყვარული ადამიანები მომწონს.

- ამ თემაზე დედასთან...

- ...თავისუფლად ლაპარაკი შემიძლია, ბოლო დროს განსაკუთრებით დავმეგობრდით. ვინმე თუ მომეწონება, პირველად დედას ვეტყვი.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტეა...

- ...ის, რომ თავდაჯერებულობა მაკლია.

- ბოლოს ვიტირე...

- ...ძალიან ემოციური ვარ და ხშირად მეტირება. გუშინ "პატარების დიდი შოუ" ვნახე და პატარა ნიჭიერ ბავშვებზე ამეტირა.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ძალიან მრცხვენია. ეს კომფორტული მდგომარეობა არ არის.

- მეშინია...

- ...სიმაღლის, ღია სივრცის. ზღვაში ღრმად ვერ შევდივარ, მისი უსასრულობა მაშინებს. ჰო, კიდევ წარუმატებლობის მეშინია.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...რომ ვარ ხისტი, წინდაუხედავი და გულთან ყველაფერი ახლოს მიმაქვს.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...ახლა არაფერსაც არ შევცვლიდი, თუმცა თინეიჯერობის წლებში, ათას სისულელეს ვფიქრობდი.

- ვუფრთხილდები...

- ...ჩემი ოჯახის წევრებს და მეგობრებს.

- ვამაყობ...

- ...დედაჩემით.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...და ვერ გავითავისე, ბებია ამდენ საქმეს როგორ ასწრებს? ოჯახში ერთად ბევრი ვცხოვრობთ, ის მუდამ ახერხებს ისეთი კერძების მომზადებას, რომ ყველანი კმაყოფილები ვიყოთ. ალბათ ვერასდროს შევძლებ, მისი მსგავსი დიასახლისი ვიყო.

- ვრისკავ...

- ...როცა დარწმუნებული ვარ, რომ გამოვა.

- როცა მარტო ვარ...

- ...რომელიმე პერსონაჟზე ვფიქრობ, განვასახიერებ, ჟურნალისტებს ინტერვიუებს ვაძლევ. ბავშვობაშიც ეს ჩვევა მქონდა, სარკის წინ ვჯდებოდი და ჩემი ცხოვრების შესახებ ვყვებოდი: როგორ ჩავაბარე თეატრალურში, როგორი ვარ, როგორ ვთამაშობ... სხვათა შორის, პრესაში ეს ჩემი პირველი ინტერვიუა.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ბევრ ადამიანს დავეხმარებოდი. ქველმოქმედება, ეს ყველაზე სასიამოვნო საქმეა.

- მენატრება...

- ...ჩემი გამზრდელი ბებო, რომელიც ზესტაფონში ცხოვრობს. კიდევ თავისუფალი და უკომპლექსო თეკლა მენატრება, რომელსაც ქვეყანაზე არაფერი ადარდებდა. ასეთი 10-დან 15 წლამდე ასაკში ვიყავი. მერე ჩემმა ვარდისფერმა სათვალემ ფერი იცვალა. ახლა თითქოს ისევ ფერადდება.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...საუკეთესო წამალია ლაპარაკი ჩემს მეგობართან, მუსიკის მოსმენა და ცეკვა.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...დედამ მითხრა, ჩვენს პროფესიაში ან პირველი უნდა იყო, ან საერთოდ არ უნდა იყოო. ყოველთვის ეცადე იყო ბავშვი, ისეთი, როგორიც წლების წინ იყავი, ლაღი, გულწრფელი, მერე ყველაფერი გამოგივაო.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ძალიან ნუ გამიბრაზდებით, ჩვენი აზრები ერთმანეთს თუ არ დაემთხვა, დღეს ასე ვფიქრობ, ხვალ შეიძლება აზრი შემეცვალოს. ყველანი მიზანდასახულები, ლაღები და ბედნიერები ვიყოთ!

თამუნა კვინიკაძე