რით ამაყობს მანუჩარ მარკოიშვილი
font-large font-small
რით ამაყობს მანუჩარ მარკოიშვილი
სპორტსმენს უკრაინელი მეუღლე ქართული კერძებით ანებივრებს

გასული საუკუნის 90-იანი წლები იდგა. თბილისის ვერის ბაღში კალათბურთელ ვაჟთა გუნდების ეროვნული ჩემპიონატის მატჩი ტარდებოდა. კარგა გვარიანი ჯახი იყო. ტრიბუნაზე ვეტერან "დინამოელთან", პტიცასთან (ვლადიმერ უგრეხელიძესთან) ერთად მოვხვდი. რაღა თქმა უნდა, კალათბურთზე ვსაუბრობდით. დამაინტერესა და ვკითხე: "თქვენი დროის და დღევანდელი საქართველოს ნაკრები რომ შეხვდნენ ერთმანეთს, ვინ გაიმარჯვებდა-მეთქი?" გაეღიმა: რა თქმა უნდა, ჩვენო. ცოტა ხანში კი დასძინა, - თუმცა ისეთი პირი უჩანს, ჩვენი კალათბურთელები უფრო ადრე გავლენ ევროპის ჩემპიონატებზე, ვიდრე ქართველი ფეხბურთელებიო.


გავიდა წლები და ბატონი ვოვას ვარაუდი გამართლდა. ქართულ კალათბურთში მოვიდა ზაზა ფაჩულიას, ვიქტორ სანიკიძის, თორნიკე შენგელიას, ვლადიმერ ბოისას, მანუჩარ მარკოიშვილისა და მათი თანაგუნდელების თაობა, ჰოდა, ჩვენი ეროვნული ნაკრები კონტინენტის ჩემპიონატების ფინალური ტურნირების ბინადარი გახდა. დღეს პრაქტიკულად ყველა მათგანი ჩამოცილდა ქვეყნის მთავარ გუნდს მანუჩარ მარკოიშვილის გარდა, რომელიც ამჟამად ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელია.
მანუ, როგორც მას თანაგუნდელები და გულშემატკივრები ეძახიან, საკალათბურთო ტრადიციების ოჯახიდანაა. მამა, ბატონი ნუგზარი საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელის, შალვა დიასამიძის გუნდში თამაშობდა. სხვათა შორის, იმ გუნდში თამაშობდა ვიქტორ სანიკიძის მამაც, ბატონი ამირანიც და მათ შორის - მეც. მანუს უფროსი ძმა, გიორგიც კარგი კალათბურთელი იყო, მაგრამ ამ ოჯახურ დინასტიაში ყველაზე მაღალ დონეზე მანუჩარმა ითამაშა. თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, შვიდი სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატების მონაწილეა და აქედან ხუთში ოქროს მედლები მოიპოვა. ასეთი შედეგი არც ერთ ქართველ სპორტსმენს არა აქვს სპორტის არც ერთ სახეობაში. მაგრამ მანუჩართან საუბარი არა საკალათბურთო თემით, არამედ ოჯახით დავიწყე, ეს მისი მთავარი მონაპოვარია.
- მანუ, შენი სპორტული კარიერა ახლახან დასრულდა და მან ჩვენ თვალწინ ჩაიარა. მას მეტ-ნაკლებად ყველა იცნობს. ამიტომ მოდი, პირველ რიგში, შენი ოჯახი გამაცანი. ვინ არის შენი მეუღლე, სად გაიცანი, რამდენი შვილი გყავს და ა.შ.
- ჩემი მეუღლე უკრაინელია, კიევში თამაშისას გავიცანი. ყოფილი მხატვრული ტანმოვარჯიშეა. მე რომ გავიცანი, 16 წლის იყო და მოცეკვავეთა ჯგუფში გამოდიოდა. თავიდან გამარჯობა-გაგიმარჯოს დონეზე ვიცნობდი, შემდეგ ინტერნეტით ვუკავშირდებოდით ერთმანეთს, ბოლოს შემიყვარდა და ოჯახიც შევქმენით. ამჟამად არ მუშაობს, დიასახლისია. სამომავლო გეგმები აქვს, მაგრამ ჯერჯერობით ძირითადად ოჯახით არის დაკავებული და მე მიწყობს ხელს კარიერის წარმატებით გასაგრძელებლად. რაც შეეხებათ შვილებს, ორი ქალიშვილი მყავს: 7 და 2 წლის. უფროსი ევროპულ სკოლაში სწავლობს ინგლისურ ენაზე, თუმცა ქართულს გაძლიერებულად ასწავლიან. სახლშიც ვცდილობ ქართულად ველაპარაკო. პატარა ჯერ სახლშია, ბაღში არ დადის და ქართულად ტიტინებს.
- ჩვენი წინაპრები, ოჯახში რომ რძალი შემოვიდოდა, პირველ რიგში, იმას უყურებდნენ, მჭადის გამოცხობა თუ იცოდა. ამ მხრივ როგორ არის საქმე?
- (იცინის) სხვათა შორის, იცის მჭადის გამოცხობა და ძალიან კარგადაც გამოსდის. თუ მოინდომებს, გემრიელ ხაჭაპურსაც აცხობს. ეს, რა თქმა უნდა, მას მერე ისწავლა, რაც დავოჯახდით. საერთოდ, კარგი მზარეულია. ცდილობს, ბავშვებსაც ასიამოვნოს და მეც.
- მშობლებთან ერთად ცხოვრობთ თუ ცალკე?
- ადრე ერთად ვიყავით, მაგრამ უკვე წელიწადია, რაც ცალკე ვართ. ბავშვებს თავად ვზრდით, ძიძა არა გვყავს. ჩემი მშობლები ახალგაზრდები აღარ არიან, ამიტომ ვცდილობთ, არ შევაწუხოთ, მაგრამ ზოგჯერ თუ გვჭირდება, დედაჩემსაც ვთხოვთ დახმარებას. შაბათ-კვირა ვცდილობ, მშობლებთან გავატარო, ბავშვები დამყავს მათთან ან თავად გამოდიან ჩვენთან. მოკლედ, ყველა ერთად ვიკრიბებით.
GzaPress
- ოჯახში ვინ არის მთავარი, ვის აქვს გადამწყვეტი სიტყვა, ვთქვათ, მაცივარი ვიყიდოთ თუ ტელევიზორი?
- მაცივარი მეუღლის პრეროგატივაა, მისთვის უნდა იყოს კომფორტული, ტელევიზორი კი უფრო მე მჭირდება, რომ კალათბურთს ან სხვა რომელიმე სპორტის სახეობას ვუყურო. სამზარეულოც დიასახლისისთვის უნდა მოაწყო, როგორც მას სურს, ისე. მან უნდა იტრიალოს იქ. აი, სკამი სად დავდგა, რომ მოხერხებულად მოვეწყო და ვიმუშაო, ამას უკვე მე ვწყვეტ. საერთოდ, ასეთ საკითხებში ვცდილობ, გავითვალისწინო როგორც მეუღლის, ასევე მშობლების რჩევები.
- შენი პასუხებიდან გამომდინარე, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქართველიცა ხარ და ევროპელიც. ნახევარი ცხოვრება ევროპაში გაატარე და ბუნებრივია, იქაური წეს-ჩვეულებები შენზეც იმოქმედებდა. ამიტომაც უნდა გკითხო, ხასიათი, მენტალიტეტი, ქართველის დაგრჩა თუ უფრო ევროპულისკენ გადაიხარე?
- არც დავფიქრდები, ისე გიპასუხებთ - ქართველის! ქცევა, კულტურა, მანდილოსნისა და ოჯახის კულტი, უფროს-უმცროსის პატივისცემა, ეს ყველაფერი ჩემთვის საამაყოა. ევროპაში ცოტა უფრო სხვანაირად არის მოწყობილი ურთიერთობები, ჩემთვის ის მიუღებელია. თუმცა ვცდილობ, უფრო დემოკრატიულად ვიაზროვნო და ხანდახან რომ გავჯიუტდები, არა მაინცდამაინც ასე უნდა იყოს-მეთქი, ვხვდები, რომ ყველაფერზე ნერვების მოშლა კარგ შედეგს არ გამოიღებს.
- იტალიაში წლების განმავლობაში ცხოვრობდი. იქ არაჩვეულებრივი ღვინო აქვთ. დავიჯერო, ქართველ კაცს ხელი არ წაგიცდებოდა ხოლმე ჭიქისაკენ, მით უმეტეს, მამაშენის შვილს? ვიცი, ბატონი ნუგზარი ყოველთვის კარგ ღვინოს აყენებს.
- საერთოდ, არ მიყვარს ბევრის დალევა, მაგრამ ახლა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მეც და ჩემი ძმაც მამას ყოველთვის ვეხმარებით ყურძნის დაწურვასა და ღვინის დაყენებაში. მუდამ ჩართული ვარ ამ პროცესში. ზუსტად ახლახან მითხრა მამამ, გადასაღები გვაქვს ღვინო, რომ კარგად გაიფილტროსო. რაც შეეხება იქაურ ღვინოებს, ევროპაში ვარჯიშის მერე 1-2 ჭიქას სვამენ ბიჭები. თუმცა, მე თავიდან არ მიყვარდა დალევა. კვირაში ერთხელ თუ ვსვამდი, თამაშის შემდეგ ერთ ჭიქას, ისიც, მეორე დღეს ვარჯიში არ უნდა მქონდა. ახლა აქ ცოტა მეტი მომივიდა, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი, რომ ხშირად მიწევს დალევა.
- იტალიელების ღვინოზე რას მეტყვი, წითელი უფრო მოგწონდა თუ თეთრი? ქართულს ჯობია?
- იტალიელებს მართლა დიდებული ღვინოები აქვთ. მე წითელს ვანიჭებდი უპირატესობას. ვახშამზე ძალიან სასიამოვნო დასალევია, თუმცა, საქეიფო არ არის. ჯობია თუ არა ქართულს? ეს ცოტა ძნელი სათქმელია. ჩვენც ბევრი კარგი ღვინო გვაქვს. ამიტომ ვიტყვი, იქაურიც ბევრი მომეწონა და ჩვენებურიც ბევრია სანაქებო.
- სიმართლე გითხრა, იტალიაში ნამყოფი არა ვარ და არც იქაური სპაგეტი თუ პიცა გამისინჯავს. რა ვქნა, მომკალი და ყველაფერს ქართული ხაჭაპური, ჩვენებური ხინკალი მირჩევნია. შენ როგორ შეეგუე შენთვის უცხო სამზარეულოს?
- არც მე დაგიმალავთ, ხაჭაპური მეც მართლა ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით - ოჯახში გამომცხვარი. რაც შეეხება სპაგეტის, ამასაც მალე შევეჩვიე. ეს კერძი იქ სპორტსმენების მენიუშიც ხშირად შედის და მეც მომწონდა. რაც ყველაზე უფრო მიყვარს, იტალიელების სოუსია - მთავარი სწორედ ეს არის, რომელი და როგორი სოუსით არის შერჩეული და შეკაზმული ესა თუ ის კერძი. იტალიელებს უყვართ მრავალფეროვნება და სოუსიც სხვადასხვანაირი აქვთ.
GzaPress
- ვატყობ, ისე გავერთეთ იტალიური ღვინოების ჭაშნიკის გასინჯვითა და იქაური სპაგეტით, რომ კალათბურთი განზე დაგვრჩა. საქართველოსა და იტალიის გარდა, შენ გითამაშია სლოვენიის, გერმანიის, უკრაინის, თურქეთისა და რუსეთის გუნდებში. მითხარი, რა პრინციპით ირჩევდი კლუბებს? შენთვის რა იყო მთავარი, სათამაშო დრო, ფინანსები, კონკრეტული კლუბის ტიტულები თუ კარგი მწვრთნელი?
- თავიდან, როდესაც თბილისიდან ბათუმის "ბასკოში" გადავედი, მაშინ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი და ჩემთვის მთავარი დაოსტატება და ამისათვის საჭირო შესაბამისი პირობები იყო. ბათუმში მართლაც საუკეთესო სათამაშო და საყოფაცხოვრებო პირობები მქონდა, რა თქმა უნდა, საქართველოს დონეზე. მწვრთნელებიც კარგი მყავდა. იქიდან, როდესაც იტალიურ "ბენეტონში" გადავედი, დიდი არჩევანი არც მქონია. ვიცოდი, "ბენეტონი" იტალიის ერთ-ერთი წამყვანი კლუბი იყო და ეს ჩემთვის ნიშნავდა იმას, რომ უფრო მაღალ დონეზე მომიწევდა თამაში და საკუთარი თავის წარმოჩენის მეტი საშუალება მექნებოდა. შემდგომშიც, ამოსავალი წერტილი სწორედ დაოსტატება იყო და მხოლოდ ამის შემდეგ ვაქცევდი ყურადღებას ფინანსურ მხარეს. თუ ვიცოდი, რომ რომელიმე სხვა გუნდში უკეთესი ფინანსური შემოთავაზება მექნებოდა, მაგრამ თამაში ნაკლებად მომიწევდა ან სათანადო კონკურენცია არ იქნებოდა, ასეთ კლუბებს თავს ვარიდებდი. რაღაც პერიოდის შემდეგ, როდესაც უკვე გავიზარდე როგორც კალათბურთელი, უფრო სერიოზული ტიტულების, ჩემპიონთა თასის მოპოვებაც მომინდა და ამ მიზანთანაც ორჯერ ძალიან ახლოს ვიყავი კიდეც, ერთხელ "ბენეტონთან" ერთად და შემდეგ მოსკოვის ცსკა-ს შემადგენლობაში. თუმცა სამწუხაროდ, მიზანს ვერ მივაღწიე.
- ალბათ იცი, პირველად ქართველმა კალათბურთელებმა ჩემპიონთა თასის ფინალში 1960 წელს ითამაშეს. მაშინ თბილისის "დინამოელებმა" რიგელ არმიელებთან დათმეს თასი. სამაგიეროდ, 1962 წლის ფინალში 90:83 დაამარცხეს მადრიდის "რეალი" და საპატიო "ვერცხლის კალათა" თბილისში ჩამოიტანეს. აი, ამის შემდეგ, 2002-2003 წლების სეზონში, შენ პირველი ქართველი კალათბურთელი გახდი, ვინც ითამაშა ევროლიგის ფინალში. გაიხსენე გადამწყვეტი მატჩი ესპანურ "ბარსელონასთან".
- ის ფინალი ბარსელონაში შედგა და 17-ათასიანი სპორტის სასახლე ბუნებრივია, მასპინძლებს გულშემატკივრობდა. მე მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ თამაში დეიან ბოდიროგას წინააღმდეგ მომიხდა. ბოდიროგა ჩემზე გამოცდილი და ტიტულოვანი კალათბურთელი იყო, ევროპის 3-გზისა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი. მახსოვს, მწვრთნელმა რომ თამაშში შემიყვანა, დამარიგა, - ბოდიროგა შენზე მაღალია, უკეთესი კალათბურთელია. თუ ტყორცნის იმიტაციას შეეცდება, არ აუხტე და თუ ზევიდან მაინც ჩაგიგდებს, გული არ დაგწყდეს, იცოდე, ეს ბოდიროგააო. ორჯერ სცადა სერბმა ჩემი მოტყუება, ვერ შეძლო, თუმცა ორჯერვე ჩააგდო და საბოლოოდ, 20 ქულით ფინალის MVP-იც გახდა, მატჩი კი ესპანელებმა 76:65 მოიგეს. მოგვიანებით იმ მატჩის ვიდეოჩანაწერი ვნახე და დავრწმუნდი, რომ ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც მწვრთნელმა დამარიგა, მაგრამ მაინც ძალიან დამწყდა გული, რომ ფინალი წავაგეთ.
- გულშემატკივარი სად როგორია?
- იტალიაში განსაკუთრებული გულშემატკივარია. სავსე ტრიბუნებით, სიმღერებით, ტრანსფარანტებით. მოკლედ, ყველანაირად გვერდში მდგომი. აი, უკრაინასა და მოსკოვში კი ცოტა უცნაურია ტრიბუნები, თითქოს კინოთეატრში მოვიდა მაყურებელიო. იშვიათად, რომ გამოხატონ ემოციები. მე მაინც გამოვყოფდი ჩვენი ნაკრების ქომაგებს თბილისის სპორტის სასახლეში. ისე გვიჭერდნენ მხარს, ვგრძნობდით, მეექვსე მოთამაშე იყო ჩვენთან ერთად მოედანზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ.
- მოდი, ჟურნალისტებზეც გკითხავ. შეადარე ჩვენი და უცხოელი ჟურნალისტები.
- ჩემი პასუხი შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს, მაგრამ მაინც გეტყვით. თქვენი კოლეგები უცხოეთში უფრო მომზადებულები არიან. ყველას არ ეხება, მაგრამ როდესაც ჟურნალისტი ინტერვიუსთვის მოდის და შენ სახელს ან შენი თანაგუნდელის სახელს გეკითხება, ეს ვინ არისო? მე მგონი სულ ცოტა, უხერხულია. შეიძლება უცხოეთში მეტს უხდიან ჟურნალისტებს და ალბათ ასეც არის, მაგრამ ფაქტია, ისინი უფრო მეტს მუშაობენ საკუთარ თავზე, უფრო მეტად ერკვევიან კალათბურთში. ვიმეორებ, ყველაზე ეს არ ითქმის, მე უბრალოდ, შევადარე ერთმანეთს.
- პირადად მე, ვფიქრობ, რომ რამდენიმე ჩვენი კალათბურთელი, აწ უკვე ვეტერანი, ნამდვილად იმსახურებდა გაცილების მატჩის მოწყობას. მაგალითად, ზაზა ფაჩულია, ვიქტორ სანიკიძე, ვლადიმერ ბოისა და მათ შორის მანუჩარ მარკოიშვილი. ამ ბიჭებს ბევრი რამ აქვთ გაკეთებული ქართული კალათბურთისთვის. შენი პოზიცია როგორია?
- მე ასე არ ვიტყოდი, რომ შეიძლება ვინმე დაავალდებულო მოგიწყოს გაცილების მატჩი. სიმართლე გითხრათ, ამაზე არც მიფიქრია და არც გული მწყდება არაფერზე. შემიძლია ევროპიდან ავიღო მაგალითი. იქ ასეთ მატჩებს ძირითადად, თავად კალათბურთელები აწყობენ, თანაგუნდელები. მუხლის ტრავმის გამო, ჩემთვის ადვილი არც იქნება ასეთ მატჩში მონაწილეობა. ამ ტრავმის გამო დავანებე თავი კალათბურთს და ახლა უკვე მხოლოდ ვეტერანებში თუ შევძლებ თამაშს, თუმცა მანამდე ერთი ოპერაცია კიდევ მაქვს გასაკეთებელი.
- ბევრმა ვეტერანმა კალათბურთელმა თავისი საკალათბურთო სკოლა თუ აკადემია ჩამოაყალიბა. შენ არ ფიქრობ სკოლის შექმნას?
- ეს ჩემი დიდი ოცნებაა. ვიცი, სხვებსაც უნდათ, მაგრამ ამას სოლიდური ფინანსები სჭირდება. ჯერ მზად არა ვარ, თან ეს პანდემიაც დაემატა. მომავალში როგორ შევძლებ, ახლა ვერ გეტყვით, იდეა და იმედი კი ნამდვილად მაქვს.
გოგი ფრანგიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჯეკოს" რეალური გამოცდილება და ინტერესები
9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ფოტოს ისტორია და მისი პერსონაჟის "ამქვეყნად დაბრუნების" ამბავი
"ჩვენს მერე, ჯარში პრემიებს აძლევდნენ მეგობრის დასმენაზე"
ვისგან მიიღო თაკო ჭანუყვაძემ შთამბეჭდავი საჩუქარი
ლევან ყოჩიაშვილის 10-წლიანი "ორმაგი ცხოვრება"
"ვცდილობ, ჩემთვის ძვირფასი ადამიანები უსიამოვნებისგან დავიცვა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი