ჯანო იზორიას მოურჩენელი ტკივილი და ოპტიმიზმის საიდუმლო - გზაპრესი

ჯანო იზორიას მოურჩენელი ტკივილი და ოპტიმიზმის საიდუმლო

მსახიობი ჯანო იზორია სცენიდან ხალისიანი, უზრუნველი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ გულით ძალიან დიდ ტკივილს ატარებს: ყველაზე მძიმე მისთვის მშობლიური აფხაზეთის მონატრებაა.

- საქართველოს ყველა კუთხეს გამორჩეული სილამაზე და კოლორიტი აქვს, მაგრამ აფხაზეთი სულ სხვაა. სამურზაყანო ჩემთვის მოურჩენელი ტკივილია. ეს ის მხარეა, სადაც ყველაზე ლამაზი, ნათელი დღეები მაქვს გატარებული. გალში, სოფელ ოტობაიაში დავიბადე, ძირითადად კი ფოთში ვიზრდებოდი, ბაღი და სკოლაც იქ დავამთავრე. მამიდები, დეიდები, მთელი ნათესაობა ფოთში მყავს, მაგრამ ჩემი ბავშვობა მაინც აფხაზეთია. ყოველ ზაფხულს და დღესასწაულებს გალში ვატარებდი. ჩემი მშობლები ზაფხულობით ახლაც იქ მიდიან და თითქმის 7-8 თვის განმავლობაში რჩებიან, ოღონდ, თუ ამის საშუალება აქვთ, რადგან საზღვარი როცა იკეტება, ვეღარ ბრუნდებიან. აფხაზეთი არ არის მხოლოდ პალმები და ქვიშაზე ყავა, იქ ხალხიც ძალიან თბილი და შრომისმოყვარეა. ამის დასტური ის არის, რომ ომის შემდეგ უმეტესობამ ცხოვრება ნულიდან დაიწყო და ხელახლა ააწყო. აფხაზეთი ჩემთვის, როგორც ყველა ქართველისთვის, მოუშუშებელი ჭრილობაა. ჩემი აზრით, სანამ აფხაზეთი და სამაჩაბლო არ დაგვიბრუნდება, ბედნიერები ვერ ვიქნებით. მე სანახევროდ ფოთში ვარ გაზრდილი, ფოთისთვის ყველაფერს დავთმობ და წარმომიდგენია, ვინც იქაურია, რა მდგომარეობაშია.

- რა გახსოვთ აფხაზეთიდან?

- 10-11 წლის ვიყავი, როცა აფხაზეთი დავკარგეთ. გაგრა საერთოდ არ მახსენდება, უფრო - სოხუმი, ოჩამჩირე და ილორის ტაძარი მახსოვს. პატარა ვიყავი, ილორში რომ წამიყვანეს. ვხედავდი, ხალხი მუხლზე დაჩოქილი როგორ ადიოდა ტაძარში, ზოგს ჯაჭვები ეკეთა, ზოგს მტრედები ჰყავდა მოყვანილი, შესაწირი მოჰყავდათ და ფანდურებზე უკრავდნენ... მოკლედ, ეს იყო წარმართული და საეკლესიო წესების საინტერესო სინთეზი. ჩემი სოფლის ცენტრში ყველაფერი იყიდებოდა, ლუდითა და ტკბილეულით დაწყებული, ლამაზი ტანსაცმლით დამთავრებული. სულ სხვა გემო ჰქონდა "პეპსი-კოლას", რომელსაც სოხუმში ასხამდნენ და ბავშვებს ძალიან გვიყვარდა. ძნელია ამ მონატრების სიტყვით გადმოცემა, ამიტომ ხშირად დუმილს ვამჯობინებ, მაგრამ ასე მგონია: აფხაზეთი და სამაჩაბლო არ უნდა დავივიწყოთ, თორემ თაობები გაიზრდებიან და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ჩვენი მიწა-წყალი ვეღარ დავიბრუნოთ! ჩემი ფესვი და ძირი, ჩემი სამურზაყანო ყოველთვის თავისკენ მეძახის. შეიძლება ბაზრობაზე გავიდე და ისეთი სუნი მეცეს ან ისეთი რამ დავინახო, რაც იქაურობას უეცრად მახსენებს. ზოგჯერ მსგავსი პეიზაჟი დამინახავს და ცრემლი მომრევია - უცებ ჩემი აფხაზეთი გამხსენებია.

GzaPress

- თქვენს თბილისურ ცხოვრებაზეც გვიამბეთ. ვიცით, რომ თქვენი მეუღლე თელაველია. კახელმა და მეგრელმა როგორ გაუგეთ ერთმანეთს?

- ჩემი მომავალი მეუღლე ჩემს აფხაზ მეგობრებთან - ქეცბაიებთან გავიცანი. ოთხი დაა და ოთხივე ძალიან კარგი გოგოა, ზემო გალიდან არიან და ტაბიძის ქუჩაზე რესტორანი აქვთ. ვმეგობრობდით და სოხუმის თეატრში რეპეტიციები რომ მქონდა, მათთან ხშირად დავდიოდი. იქ ყავას ვწრუპავდით, ვლაპარაკობდით და სწორედ ამ გოგოების დაქალი აღმოჩნდა ჩემი გვანცია - გვანცა ბადურაშვილი - ჩემი მეუღლე. ერთხელ, გოგოები შეიკრიბნენ და მეც იქ აღმოვჩნდი. გვანცას მაშინვე ყურადღება მივაქციე: მას მზესავით ლამაზი, ხუჭუჭა თმა აქვს და ამის გამო თავიდანვე მზეხუჭუჭა დავარქვი. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მის თმაში მზე იყო ჩახვეული. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. მე პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი მყავს. ცოტა დაბნეული ვიყავი, არ ვიცოდი, როგორ გამიგებდა, მაგრამ ერთმანეთი ჩვენი წარსულით მივიღეთ, ახლა კი საერთო მომავალი გვინდა. რა თქმა უნდა, ჩვენს ურთიერთობაში ავი ენებიც ჩაერივნენ, ამ ყველაფერს შეეძლო ხელი შეეშალა ჩვენი ურთიერთობისთვის, მაგრამ რადგან არ შეუშალა, ესე იგი, ასე იყო საჭირო. მოკლედ, კახელისა და მეგრელის წყვილი საკმაოდ მტკიცე აღმოჩნდა.

- ამბობენ, განსხვავებული ხალხი ერთმანეთს იზიდავსო. ერთმანეთს ჰგავხართ თუ პირიქით, განსხვავებული ხასიათები გაქვთ?

- ორივენი თავისებურად ემოციურები ვართ. რაღაცით ერთმანეთს ვგავართ, რაღაცით - არა და ასეც უნდა იყოს. მერე და მერე ადამიანი აღმოსაჩენი რომ გაგიხდება, ეს უფრო საინტერესო და კარგია. ჩვენ საკმარისი დრო გვქონდა იმისათვის, რომ ერთმანეთი გაგვეცნო. სხვათა შორის, კახეთი ძალიან მიყვარს, იქაურობაზე ვგიჟდები. სანამ გვანცას გავიცნობდი, მანამდეც ამას ვამბობდი, მერე კი ამაში უფრო დავრწმუნდი.

- გურჯაანელებთან თქვენც დაძაბული ურთიერთობა გაქვთ?

- გურჯაანელებთან ფანტასტიკური ურთიერთობა მაქვს. მათი კონფლიქტი უფრო ხუმრობის და იუმორის თემაა. ჯერჯერობით არც ერთ გურჯაანელსა და თელაველს არ ვიცნობ, რომელსაც ეს ამბავი გაუსერიოზულებია. ქართველები ერთნი ვართ, მაგრამ მაინც ბევრ რამეში გვაქვს უთანხმოება, აბა, კიდევ გაყოფა და გახლეჩა გვინდა?!.

- ყურადღებიანი მამა ხართ?

- ფანტასტიკური გოგონას მამა ვარ: 5 წლის ევა-გაბრიელა მყავს. ძალიან მოსიყვარულე ბავშვია, რომელსაც კარგად ზრდიან. მინდა დავამშვიდო ბოროტი ენები, რომ მე და ევას წამითაც არ მიგვიტოვებია ერთმანეთი. რაც უფრო იზრდება, ჩვენი ურთიერთობა უფრო მჭიდრო ხდება. ასე იქნება მომავალშიც, მას და-ძმებიც ეყოლება და ყველანი ბედნიერები ვიქნებით. ჩვენ მოვახერხეთ და ცივილიზებული, კარგი ურთიერთობა შევინარჩუნეთ. ვიცი შემთხვევები, როცა განქორწინების შემდეგ დედა ყოფილ მეუღლეს შვილებს არ აჩვენებს. მადლობა ღმერთს, შვილის ნახვა ყოველთვის შემიძლია!

- თქვენი აზრით, რატომ იშლება ამდენი ოჯახი საქართველოში?

- რატომ ხდება ეს, მეც არ ვიცი. ეგ რომ ვიცოდე, რისი ბრალია, რაღა მიჭირს?! ამბობენ, კარგია, როცა ცოლ-ქმარი ერთ საქმეს ემსახურებაო. ჩემი პირველი მეუღლე მსახიობი იყო, მაგრამ საერთო საქმე სულაც არ ყოფილა გადამწყვეტი. მსახიობობა რთული პროფესიაა და წყვილი შეიძლება დააშოროს კიდეც... ალბათ, ოჯახის შექმნამდე მთავარია, არავის დაუჯერო. თავად უნდა გადაწყვიტო, როგორ მოიქცე და მერე, თუნდაც არ გაგიმართლოს, ყველაფერს შენს თავს დააბრალებ. დღეს თითქოს განქორწინება პრობლემა აღარ არის, მაგრამ არა მგონია, ცოლების ან ქმრების სიმრავლე კარგი იყოს. ოჯახის დანგრევაც გასახარი და საბედნიერო სულაც არ არის.

GzaPress

- ყველას გვახსოვს "ცეკვავენ ვარსკვლავები", სადაც თავი გამოიჩინეთ. რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანია ასეთი პროექტები მსახიობისთვის?

- მსგავსი პროექტები ჩვენთვის ბევრს ნიშნავს, რადგან მსახიობს რაც უფრო მეტი ადამიანი იცნობს, მით უკეთესია. ადრე მსახიობებს კინოში იღებდნენ და მათ ყველა იცნობდა. დღეს ეს სფერო გაჩერებულია, ამიტომ ხალხი ასეთი პროექტებით გვიცნობს. ამან მეც ბევრი გულშემატკივარი შემძინა. "ცეკვავენ ვარსკვლავები", "ტიფლისი" და სხვა სერიალები რომ არ ყოფილიყო, მართლა ბევრი რამ დამაკლდებოდა. "ტიფლისზე" ახლაც მეკითხებიან, როდის გაგრძელდებაო? ეს სერიალი კარგად მიიღო საზოგადოებამ. იყო კრიტიკა, პრეტენზიები, რადგან იქ ქართველების მანკიერი მხარეც იყო ნაჩვენები და დადებითიც, მაგრამ ფაქტია, ეს პროექტიც სახალხო გახდა. დღეს ჩვენს ქვეყანაში არის ხალხი, ვინც ამ პროექტებით მიხსენებს, მაგრამ არის ვიღაც, ვისაც გიორგი ოვაშვილის "გაღმა ნაპირით" ვახსენდები, - ეს ბუნებრივიცაა.

- ამბობენ, მსახიობობა პროფესია კი არა, დიაგნოზიაო... როგორია მსახიობის ბედი დღევანდელ საქართველოში?

- ჩემი მეგობრების მაგალითზე გეტყვით: თეატრალური ინსტიტუტი რომ დავამთავრეთ, ერთეულებს გაუმართლათ, რადგან იღბალს ამ პროფესიაში დიდი მნიშვნელობა აქვს. ბევრი ქუჩაში დარჩა და ამის გამო მართლა გული მტკივა. კულტურა და ხელოვნება ჩვენს ქვეყანაში პრიორიტეტი არ არის და ბევრი ტალანტი იკარგება. ჩემი ნაცნობებიდან ზოგიერთი ამ საქმეს სულ შეეშვა, ზოგმა ქვეყანა დატოვა, ახლა უცხოეთშია და სხვა საქმეს ეწევა. ამ ხალხს მიხედვა და ყურადღება სჭირდება. ყველა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ხომ ვერ მოხვდება? ზოგიერთ მსახიობს შესაძლოა, ცეკვა სულ არ ეხერხებოდეს, მაგრამ თეატრში ფანტასტიკური როლები ჰქონდეს შექმნილი.

- დაბოლოს, რომელ თეატრში ხართ ახლა და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

- ახლა ფოთისა და სოხუმის თეატრებში ვარ. ასევე მაქვს ბედნიერება და ცხინვალის თეატრშიც მიმიწვიეს. დიდი იმედი მაქვს, რომ პანდემიის შემდეგ კიდევ ბევრ კარგ სპექტაკლში ვითამაშებ. მომავლის იმედს არ ვკარგავ, რადგან იმ თაობის შვილი ვარ, რომელმაც ბნელი 90-იანები გამოიარა. იმ დროს ხომ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ოდესმე ჩვენთან კოპიტნარი-ბარსელონას რეისი იქნებოდა ან პარიზი-თბილისის, ბერლინი-ქუთაისის თვითმფრინავი იფრენდა! ცხოვრება წინ მიდის და ყველაფერი იცვლება, ამიტომ ვცდილობ, მხოლოდ უკეთესზე ვიფიქრო და ჩემს საყვარელ ხალხსაც ამისკენ მოვუწოდებ. ჩვენი ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა და ნეგატიური, უარყოფითი განწყობით არ უნდა მოვიწამლოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე