ქართული ფილმის საერთაშორისო წარმატება - გზაპრესი

ქართული ფილმის საერთაშორისო წარმატება

5 მარტს ბერლინის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულების გამოვლენამდე რამდენიმე წუთით ადრე, კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციამ (ფიპრესი) თავისი რჩეული ფილმები 4 სექციაში დაასახელა. მთავარ კონკურსში ფიპრესის ჯილდო ალექსანდრე კობერიძის ფილმს - "რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?" გადაეცა. ფილმს გავლენიანმა საერთაშორისო გამოცემებმა დადებითი რეცენზიები მიუძღვნეს.

მთავარ როლებს გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე (ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში) და ვახტანგ ფანჩულიძე ასრულებენ. ფილმი ქართულ-გერმანული კოპროდუქციაა. მას უკვე უწოდეს ნამდვილი საჩუქარი კინომოყვარულებისთვის.

გიორგი ბოჭორიშვილი, მსახიობი:

- როდესაც ფესტივალის მთავარ კონკურსში ფილმის ჩვენება გადაწყდა, ეს უკვე გამარჯვება იყო. როგორც გავიგე, ჩვენების შემდეგ ძალიან კომპეტენტურმა საერთაშორისო გამოცემებმა შესანიშნავი რეცენზიები დაწერეს, ამან კი გამიჩინა მოლოდინი, რომ ჯილდოს ავიღებდით, ამიტომ აღარ გამკვირვებია.

- ეს ფილმი რაზეა?

- გოგოსა და ბიჭის სიყვარულის ამბავზეა, მაგრამ რომანტიკულ დრამას ვერ დავარქმევ. ძალიან მოკლედ გეტყვი, გოგო და ბიჭი ერთ დღეს ერთმანეთს გაიცნობენ, შეუყვარდებათ. მეორე დღეს სრულიად სხვა გარეგნობით იღვიძებენ და ერთმანეთს კარგავენ.

GzaPress

- რა უცნაური ჩანაფიქრია.

- საქმეც ამაშია, ამითაა საინტერესო.

- მერე ძიების პროცესია?

- რა თქმა უნდა, ისინი ერთმანეთს ეძებენ.

- გადაღებები სად იყო?

- მთელი ფილმი ქუთაისში გადავიღეთ. რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე ჩემი ბავშვობის მეგობარია, მასთან მუშაობა არ გამჭირვებია, ერთად გავიზარდეთ და მასზე რა უნდა ვთქვა, არც ვიცი. ჩვენ ძალიან დიდი ხანი ვამბობდით, რომ ეს ფილმი უნდა გადაგვეღო.

- დაჯილდოება ზაფხულისთვის იგეგმება, გამგზავრებას აპირებთ?

- ვაპირებთ, მთავარია, პანდემიამ არ შეგვიშალოს ხელი.

- შემოქმედებით საქმიანობაში სხვა რა სიახლე გაქვთ?

- "ჩემი ცოლის დაქალების" გადაღებები უკვე დაიწყო. ამასთანავე, 2 ფილმში ვარ დაკავებული, რომელთა გადაღებებიც მალე დაიწყება. ასე რომ, აქტიური შემოქმედებითი პერიოდი მაქვს. ამ ახალ შემოთავაზებებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ.

- ქართულ ფილმებზეა ლაპარაკი?

- დიახ, ორივე ფილმი ქართულია.

GzaPress

ანა ქარსელაძე, მთავარი როლის შემსრულებელი:

- პროფესიით მსახიობი არ ვარ, ხელოვნებათმცოდნე გახლავართ. სოციალური ქსელიდან გავიგე, რომ კასტინგი ტარდებოდა. კინო იმდენად მიყვარს, ვიფიქრე, რატომაც არა? მივალ, ბედს ვცდი-მეთქი. მით უმეტეს კასტინგიც და გადაღებაც ჩემს მშობლიურ ქალაქში ხდებოდა. კინოსთან ეს ჩემი პირველი შეხება იყო. დაახლოებით ორი კვირის შედეგ დამირეკეს.

- როგორი იყო რეაქცია, როდესაც გითხრეს, რომ ერთ-ერთ მთავარ როლზე დაგამტკიცეს?

- თავიდან ვერც კი გავიაზრე, ვფიქრობდი, როგორ უნდა მეთამაშა. ფილმის გადაღება რომ დაიწყო და ამ პროცესში ჩავერთე, ისეთი კარგი და თითქოს ნაცნობი გარემო იყო, თავი ძალიან კომფორტულად ვიგრძენი.

- გამოცდილება რომ არ გქონდათ, თამაში არ გაგიძნელდათ?

- არა, არანაირი დაბრკოლება და შებოჭილობა არ მქონია. ყველანი ერთმანეთს ვეხმარებოდით, რომ ეს პროცესი ყველასთვის მარტივი და სასიამოვნო ყოფილიყო. ჩემი პარტნიორები გიორგი ბოჭორიშვილი და ვახტანგ ფანჩულიძე იყვნენ. გადაღებები სხვადასხვა ლოკაციაზე გვქონდა, მათ შორის თეთრ ხიდზეც.გადაღებება 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

- სანამ ფილმში გადაგიღებდნენ, რას საქმიანობდით?

- გადაღებამდე სტუდენტი ვიყავი, პარალელურად წიგნის ერთ-ერთ მაღაზიაში ვმუშაობდი, შემდეგ გერმანიაში წავედი, ახალი დაბრუნებული ვარ.

- ამ ფილმზე რას იტყვით?

- ეს ფილმი ერთი ნახვით სიყვარულზეა. ჩემი და გიორგი ბოჭორიშვილის პერსონაჟები საკუთარი თავის და ერთმანეთის ძიებაში ვართ.

- ფინალი როგორია?

- კეთილი დასასრული აქვს. ეს ფილმი არის სითბოზე, სიყვარულზე, სიკეთეზე...

- ასეთ წარმატებას ელოდით?

- როდესაც ფილმში ჩემი გადაღება გადაწყდა, ამ რეჟისორს არც კი ვიცნობდი, მისი პირველი ფილმი "ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული" ვნახე, მივხვდი, რომ სრულიად განსხვავებული ხედვა ჰქონდა და მასთან თანამშრომლობა საინტერესო იქნებოდა. ეს წარმატება მთლად მოულოდნელიც არ ყოფილა.

- სახელწოდებაზე რას გვეტყვით?

- "რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?" - პოეტური ნათქვამია. თავად ფილმის სიუჟეტიც პოეტურად ვითარდება. მიხარია, რომ ფილმის აღიარება ისეთი კომპეტენტური ადამიანებისგან მოხდა, როგორიც…ფიპრესის წარმომადგენლები არიან.

- გიორგი ბოჭორიშვილი როგორი პარტნიორი აღმოჩნდა?

- მას ეკრანიდან ვიცნობდი, მისი როლებიც ნანახი მქონდა. გიორგი კარგი ადამიანია, მეგობრული, მუშაობის პროცესი გამიმარტივა.

GzaPress

- მომავალში ამ მიმართულებით მუშაობას აპირებთ?

- ეს ის საქმეა, რომელმაც დიდი სიამოვნება მომანიჭა. შემოთავაზებას გააჩნია, კარგი და მისაღები წინადადების შემთხვევაში, უკან არ დავიხევ.

ალექსანდრე კობერიძე არა მხოლოდ რეჟისორი, ფილმის სცენარის ავტორიც გახლავთ. ეს მისი სადიპლომო ნამუშევარია. კობერიძის სადებიუტო ფილმმა "ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული" საერთაშორისო ასპარეზზე არაერთი ჯილდო მიიღო. ის საუკეთესო პირველ ფილმად აღიარეს. ალექსანდრე 2 სრულმეტრაჟიანი და 4 მოკლემეტრაჟიანი ფილმის ავტორია.

- ფილმის იდეა წლების წინ დაიბადა, მუშაობის დროს, როგორც სხვა იდეები იბადება. შეიძლება ითქვას, ეს ფილმი ზღაპარია. როგორც ქართულ, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ხალხთა ზღაპრებს ვკითხულობდი და იდეაც მაშინ გამიჩნდა.

- ფილმში მაგიური ელემენტების შეტანა გიზიდავთ?

- დიახ, თავიდანვე გადავწყვიტე, ფილმში მაგიური ელემენტები შემეტანა. ვფიქრობ, ჩემი შემდეგი ფილმშიც რაღაც ამდაგვარი იქნება. ეს ფილმი ჩემი სადიპლომო ნამუშევარია. რადგან ქართულ-გერმანული კოპროდუქციაა, გადაღებებზე უცხოელი ოპერატორები მყავდა, ისინი სტუდენტები იყვნენ.

- ფილმში მხოლოდ ქართველი მსახიობების გადაღება რატომ გადაწყვიტეთ?

- იმიტომ, რომ მოქმედება ქუთაისში ხდება.

- გადასაღებად ეს ქალაქი რატომ ან რა ნიშნით აარჩიეთ?

- ქუთაისი ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქია, მას დიდი წარსული აქვს, აქ ბევრი კარგი ფილმია გადაღებული, ეს გარკვეული პასუხისმგებლობაც იყო. რადგან ამ ქალაქს სათანადოდ არ ვიცნობდი, იქ გადავსახლდი - სანამ გადაღებებს დავიწყებდი, 1 წელი ქუთაისში ვცხოვრობდი.

- როგორ ფიქრობთ, ქუთაისი რით არის გამორჩეული, რა ემოცია დაგიტოვათ?

- ბევრმა არ იცის, ეს ქალაქი როგორი ცოცხალია. მიუხედავად ბევრი პრობლემისა, იქ მცხოვრებლებმა კარგად იციან ცხოვრების გემო, ღირსეული ადამიანები არიან.

- ფილმს "რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?" ჰქვია, თუმცა სახელწოდების ბევრი სამუშაო ვარიანტი გქონდათ. ერთ-ერთი "ხმელი ფოთოლი" იყო...

- დიახ, რამდენიმე ვარიანტს განვიხილავდით, სახელი გვიან დავარქვით. ფილმში მოქმედება ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატის დროს ხდება. ერთ-ერთი ფეხბურთელი თავისებურად აღნიშნავს თავის გოლებს, ის ყოველთვის ზემოთ იყურება, ცისკენ. ამაზე დავფიქრდით, ამას ხომ ხანდახან ყველა აკეთებს, ზოგჯერ სიხარულისას, ზოგჯერ მოწყენილობისას.

- თქვენ რას ხედავთ, როცა ცას უყურებთ?

- არ ვიცი, ძალიან რთული შეკითხვაა.

- პასუხი ყველა ადამიანს ალბათ განწყობისა და სიტუაციის მიხედვით ეცვლება, არა?

- შესაძლოა. ხშირ შემთხვევაში შეიძლება, ძალიან პირადულიც იყოს.

- ფილმის მუსიკა ვის ეკუთვნის?

- მუსიკის დიდი ნაწილის ავტორი ჩემი ძმა, გიორგი კობერიძე გახლავთ. ერთად დიდი ხანი ვიმუშავეთ, მერე ჩავწერეთ. მუსიკა ფილმის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა.

- გერმანიაში თქვენი ფილმები ყოველთვის მოწონებას იმსახურებს. პირველი ფილმი "ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული" ახლო წარსულში, მრავალი პრიზის მფლობელი გახდა.

- ამ ფილმის მსოფლიო პრემიერა გერმანიაში კინოკრიტიკოსთა კვირეულის ფარგლებში გაიმართა, შემდეგ მარსელის საერთაშორისო ფესტივალზე იყო ჩვენება. ფილმმა არაერთი პრემია აიღო, ასევე პრიზი საუკეთესო პირველი ფილმისთვის.

- თქვენი ახალი ნამუშევრის საქართველოში ჩვენება როდის იგეგმება?

- თუ ყველაფერი კარგად იქნება და პანდემია ხელს არ შეგვიშლის, თბილისის პრემიერა კინოფესტივალზე იქნება. ეს ფესტივალი დეკემბრის თვეში იმართება.

P.S. 1993 წლის შემდეგ, ალექსანდრე კობერიძის ეს ნამუშევარი პირველი ქართული ფილმია, რომელიც ბერლინის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. თემურ ბაბლუანის ფილმის "უძინართა მზე" შემდეგ, მთავარ კონკურსში სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმი არ შერჩეულა.

ჟურნალ "გზის" რედაქცია ფილმის რეჟისორს, მსახიობებსა და შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს მიღწეულ წარმატებას გილოცავთ!

თამუნა კვინიკაძე