"უამრავ კასტინგზე ვარ დაწუნებული" - გზაპრესი

"უამრავ კასტინგზე ვარ დაწუნებული"

ჰიპ-ჰოპის მოცეკვავე ანი ჯავახი პოპულარობის ზენიტშია, რაც განსაკუთრებულად სოციალურ ქსელებში იგრძნობა. აღმოჩნდა, რომ ვიდრე ჰიპ-ჰოპის სფეროში აღიარებდნენ, ბევრ კასტინგზე დაიწუნეს, მაგალითად - იმის გამო, რომ რამდენიმე სანტიმეტრით მაღალი არ იყო ან უფრო მეტად წვრილი წელი არ ჰქონდა...

- ვერ გეტყვი, საკუთარი მომხიბვლელობა როდის გავაცნობიერე: ალბათ, ამას ყოველდღე სხვადასხვანაირად აღვიქვამ. პატარა ასაკიდანვე ჩემი თავი სულ მომწონდა. მორცხვი, რომელსაც თავდაჯერება აკლდა, არ ვყოფილვარ - მიზანდასახული გახლდით... რავი, ჩემი თავით უკმაყოფილო არ ვარ (იცინის).

"წითელი თმა ჩემი "ფიშკაა"

- ბუნებრივად ყავისფერი თმა მაქვს, რომელიც მზეზე სულ მიქერავდებოდა. ხუჭუჭა მქონდა. მერე უცებ, ტვინში რაღაც გადამიტრიალდა და 16 წლისამ წითლად შევიღებე. 6 წელია, ამ ფერს ვატარებ. ერთხელ ისევ ყავისფერი მომინდა და გადავიღებე, რამაც თმის სტრუქტურა ძალიან გამიფუჭა და მას შემდეგ აღარ მეხვევა. ახლა უკვე დახვევას ცდილობს - ტალღები მაქვს, რის გამოც სიხარულისგან ჭკუაზე არ ვარ! ძირითადად, გასწორებულ თმას ვატარებ, რადგან ასე უფრო "დალაგებული" ვარცხნილობა მიჩანს, მაგრამ როცა გაბურძგნილი ვარ, ეგეც მიყვარს (იცინის).

- თმას როგორ უვლი?

- როცა ვინმე მეუბნება, - თმის შეღებვა მინდაო, წინასწარ ვაფრთხილებ, რომ მართლა რთული მოსავლელია, რადგან თვეში ერთხელ ღებვა სჭირდება, ყოველ მეორე კვირას კი - ტონირება. პლუს, ბევრი პროცედურა უნდა შეაშველო, რაც დიდ თანხებს უკავშირდება. მე ის პლუსი მაქვს, რომ იმ ბრენდის სახე ვარ, რომლის საღებავითაც თმას ვიღებავ. ჩემი თმის იდეალურად მოვლას ბრენდის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.

- თმის ფერის, ვარცხნილობის შეცვლის სურვილი გიჩნდება ხოლმე?

- დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს თმას ბუნებრივ ფერს აუცილებლად დავუბრუნებ, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ გავაკეთებ, როცა 100%-ით დარწმუნებული ვიქნები, რომ წითელი ფერი აღარ მენდომება, რადგან ჩემი თმის ამჟამინდელი ფერის შეცვლა ურთულეს პროცედურასთან ასოცირდება.

- თმის ფერის შეცვლასთან დაკავშირებით, ის აზრიც ხომ არ გაბრკოლებს, რომ საზოგადოება ამ იმიჯით - წითელთმიან გოგონად გიცნობს?

- კი, პირველი მიზეზი ეგ არის. ყველა წითელი თმით მიცნობს, ყველა მიჩვეულია. ასე ვთქვათ, წითელი ჩემი "ფიშკაა". შესაბამისად, უკვე ბევრი ადამიანი უარყოფითად მიიღებს ჩემი თმის ფერის ცვლილებას. თავს მაქსიმალურად ამიტომაც ვიკავებ.

GzaPress

"სტუდიაში მაკიაჟით ყოფნა დიდი დისკომფორტია"

- სახის კანს უმარტივესად ვუვლი - საღამოს დამატენიანებელ კრემს თუ წავისვამ და თვეში ერთხელ, კოსმეტოლოგთან კანის დამატენიანებელი პროცედურის ჩასატარებლად თუ მივალ... ყოველდღიურად მაკიაჟს არ ვიკეთებ, მით უმეტეს, ჩემი სამუშაო სფეროს გამო, მთელი დღე სტუდიაში ყოფნა მიწევს. სტუდიაში მაკიაჟით ყოფნა დიდი დისკომფოტი და ჩემთვის წარმოუდგენელი ფაქტია. მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიღებები", თუ სადმე მივდივარ, მაშინაც - ამას ისეთი ადამიანები უზრუნველყოფენ, რომ აღარ მჭირდება თავად ვიტანჯო (იცინის).

- ყოველდღიურად მაკიაჟის რამე დეტალს მაინც არ იკეთებ?

- რეალურად, ძალიან პატარა ზომის წამწამები მაქვს. თუ წამწამები დაგრძელებული არ მაქვს, ამ შემთხვევაში, შეიძლება, ლაინერი წავისვა.

სამკაული, აქსესუარები

- ბეჭდები, საყურეები, ყელსაბამები ძალიან მიყვარს. ყური ბევრგან მაქვს გახვრეტილი. გააჩნია, როგორი სტილის სამოსი მაცვია: თუ კლასიკურად ვიცვამ, ნაზ სამკაულს ვირჩევ, სპორტულ სამოსს კი, სპორტული აქსესუარები უხდება.

"ოჯახის წევრებს არ გახარებიათ, მაგრამ არც ხელი შეუშლიათ"

- 15-16 წლის ვიყავი, როცა პირსინგი და ტატუ გავიკეთე. მიმაჩნია, რომ ჭიპი ყველა ქალს გახვრეტილი უნდა ჰქონდეს - ძალიან მომწონს!.. ტატუს რაც შეეხება, ხელზე ბალერინა მახატია, რადგან რაღაცნაირად, ჭკუა მეკეტებოდა, ისე მომწონდა. ჩემი პირსინგი და ტატუ ოჯახის წევრებს არ გახარებიათ, მაგრამ არც ხელი შეუშლიათ... კიდევ რამდენიმე ტატუ მაქვს, რომლებიც აღარ მინდა - მობეზრების პიკში ვარ! თავად ვინც მომწონს, ვისაც ვუყურებ, თითქმის ყველა სადა გოგოა: არ აქვთ პირსინგები, არც - ტატუები. თან, ჩვენს დროში სვირინგებით ყველა თავს იქცევს. აღარ მომწონს, უკვე მეზედმეტება... "ცარიელი" კანი უფრო მიზიდავს, ვიდრე მოხატული.

სამოსი

- ჩემი პროფესიის გამო, რა თქმა უნდა, თითქმის სულ სპორტულ სამოსში ყოფნა მიწევს, მაგრამ გარეთ გასვლა ყოველთვის გამოპრანჭულს მიყვარს: მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების და კლასიკური სამოსის ჩაცმა მომწონს...

"როცა კასტინგზე მიწუნებდნენ..."

- ჩემი მთავარი საქმიანობა ცეკვის სფერო და ჩემი სტუდიაა, რომლის განვითარება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ასევე, ვსაქმიანობ, როგორც "ინფლუენსერი". ახლა ოჯახის საქმეც დამემატა და პრიორიტეტულიც ეს გახდა.

- შენი გამოცდილების საფუძველზე გვითხარი - ჰიპ-ჰოპის ჟანრში თავის დამკვიდრება მარტივია?

- რთულია, რადგან საქართველოში მოცეკვავეები ცოტანი აღარ ვართ, მაგრამ პირადად მე, თავიდან რაღაც ეტაპი სწორად "დავიჭირე", რაც უმნიშვნელოვანესი იყო და რამაც ამ ჟანრში ჩემი პოპულარობა განაპირობა. ახლა, თუნდაც სოციალურ ქსელებში, ბავშვები ჩემზე ცეკვის გამო გიჟდებიან, მათ ცეკვის გამო ვუყვარვარ. მათგან ძლიერ ენერგიას ვგრძნობ. ეს ყველაფერი, სჭირო დროს საჭირო ადგილზე ყოფნის, გამართლების და ჩემი ბევრი წვალების შედეგიცაა. თან იცი, თავიდანვე როგორი ბავშვი ვიყავი? რაღაცაზე რომ მეტყოდნენ, არ გამოგივაო, წავიდოდი და მართლა "რქებით გადავტრიალდებოდი" ხოლმე. როცა კასტინგზე მიწუნებდნენ, ვფიქრობდი - ვინ დაიწუნეს-მეთქი?!. საკუთარ თავთან მუშაობის შედეგად, იმას მივაღწიე, რაც ახლა გამაჩნია.

- რეალურად, ბევრი დაბრკოლება შეგექმნა? ბევრჯერ დაგიწუნეს კასტინგზე?

- კი, როგორ არა, ეს ძალიან ხშირი იყო. ახლანდელი ახალგაზრდები პირველივე დაბრკოლებაზე ჩერდებიან - აი, აღარ შემიძლია, არავის მოვწონვარო. მე პირიქით ვიყავი - მართლა უამრავ კასტინგზე ვარ დაწუნებული. ძალიან ბევრგან არ მიცეკვია (თუნდაც იმის გამო, რომ 3 სმ-ით მაღალი არ ვარ ან 2 სმ-ით უფრო წვრილი წელი არ მქონდა), სადაც მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა მეცეკვა...

- ფიქრობ, უსამართლოდ მოგექცნენ?

- კი. ხშირად ისეთი გაგიჟებული ვიყავი, რომ ლამის თმას ვიბდღვნიდი - რას ჰქვია, არ ამიყვანეს-მეთქი?!. მაგრამ ამის ხარჯზე, უფრო და უფრო წინ წავედი მერე, ხუთჯერ უკეთეს ადგილებზე ამიყვანეს...

- რთულ პერიოდებში რა გაძლევდა ძალას და მოტივაციას, რომ ბრძოლა არ შეგეწყვიტა?

- გარემო: ოჯახი, სანაცნობო წრე და რა თქმა უნდა, საკუთარი თავი, რადგან მართლა ძალიან "ჟილკიანი" ვარ. ვერ ვხვდებოდი, რაღაცის გამო, რატომ უნდა გავჩერებულიყავი.

GzaPress

"ჩემს ცხოვრებაში ქარდი ბის და კრის ბრაუნის გამოჩენამ დიდი ზეგავლენა მოახდინა"

- ცნობილი პროექტ "ნიჭიერიდან" გავხდი. მაშინ კომპლექსი გამიჩნდა - ხალხი რატომ მიყურებს-მეთქი?!. ისე მიყურებდნენ, ვერ ვხვდებოდი, ჩემ შესახებ კარგს ამბობდნენ თუ ცუდს. ლამის გავგიჟდი. სულ "კაპიუშონით" დავდიოდი, რადგან მეტროში ხალხი მაკვირდებოდა... ამ საკითხზე ძალიან ვნერვიულობდი... შემდეგ პროექტებში სულ ვცეკვავდი. ასე თუ ისე, ხალხი მცნობდა... მერე, ჩემს ცხოვრებაში ქარდი ბის და კრის ბრაუნის გამოჩენამ დიდი ზეგავლენა მოახდინა: სოციალურ ქსელებში ჩემი ვიდეოები თავიანთ გვერდზე გამოაქვეყნეს (ქარდი ბიმ - "ტვიტერზე", კრის ბრაუნმა - "ინსტაგრამზე" და თან, ჩემი გვერდი გამოიწერა). ვინც მიცნობდა თუ არ მიცნობდა, ყველა მწერდა: ვაიმე, შენი ვიდეო სად "დევს", რა მაგარია, როგორ გვიყვარხარ და გვიხარია, რომ ქართველი ხარო!.. შოკში ვიყავი! სიხარულისგან ჰაერში დავფრინავდი, რეზინის ბურთივით დავხტოდი (იცინის)...

"მარადმწვანე სტუდენტი" ვარ"

- მარკეტინგის მიმართულებით ვსწავლობ, მაგრამ სამწუხაროდ, განათლების ბოლომდე მიღებას ვერ ვახერხებ, რადგან სწავლა სტუდიაში მუშაობასთან უკვე შეუთავსებელი აღმოჩნდა. ამიტომ ჯერჯერობით "მარადმწვანე სტუდენტი" ვარ. ვფიქრობ, ამასაც ეშველება - რამეს მოვიფიქრებ, რომ სწავლასაც მივხედო.

- მარკეტინგის შესწავლის სურვილი რატომ გაგიჩნდა?

- ჩემთვის უმაღლესი განათლების მიღება მნიშვნელოვანია. მარკეტინგი ძალიან მიზიდავს. როგორც "ინფლუენსერს", საქმეების წარმართვაში მეხმარება. ამ საკითხში უკეთ გარკვეული რომ ვიყო, უფრო გამიხარდებოდა...

"ოჯახურ სიტუაციას ახლა ვეჩვევით"

- ჩემი ოჯახი უკვე ჩემი მეუღლე - რატი გუნცაძეა. ოჯახურ სიტუაციას ახლა ვეჩვევით. ვსწავლობთ, რა როგორ გავაკეთოთ. შესაბამისად, ამ ეტაპზე, ყველაზე მეტ დროს ოჯახს ვუთმობ. რა თქმა უნდა, ასევე, ჩემი ოჯახია დედა, მამა, ძმა და ცხოველები. ჩემი ძაღლი დედაჩემმა "იშვილა". მიზეზი ის არის, რომ ძაღლს დედაჩემი უფრო მეტად უყვარს, ვიდრე მე. ამიტომ მასთანაა. მე და ჩემს მეუღლეს 2 კატა, თევზები და ჩიტი გვყავს. სახლში ზოოპარკი გვაქვს (იცინის)...

ეთო ყორღანაშვილი