გია ბუღაძე: "ვიცი, რაც ამოძრავებთ - ეს ბიძინას ფულებია" - გზაპრესი

გია ბუღაძე: "ვიცი, რაც ამოძრავებთ - ეს ბიძინას ფულებია"

"მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტიკურ პარტიას, თავი დაანებონ პარტიულ ინტერესებს და დებატების ცენტრში მოათავსონ ქვეყნის მოქალაქეები, პატივი სცენ მათ ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა საქართველოში ვიზიტის გახანგრძლივების შესახებ გააკეთა განცხადება. ქალბატონმა კრამონმა მხარი დაუჭირა დანიელსონის გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ ევროპარლამენტი მზად არის სრულად ჩაერთოს მედიაციის მცდელობაში, თითოეული მხარის პოლიტიკურ პარტიებთან. ცნობილი მხატვარი გია ბუღაძე გვესაუბრება, როგორ აღიქვამს პოლიტიკური სპექტრის გაჯიუტებას და მოსალოდნელ საფრთხეებს, რაც ევროპარლამენტარების ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტით იმედგაცურებას შეიძლება მოჰყვეს.

- ძალიან გაჯიუტდა ხელისუფლება. როგორც ჩანს, ძალაუფლების დაკარგვის ეშინია, ბევრი შეჭამეს და ახლა პასუხისგება იოლი არ იქნება. მესმის მათი შიშის, მაგრამ მაინც წარმოუდგენლად მიმაჩნია, როგორ შეუძლიათ პირადი, მერკანტილური მიზნების გამო ქვეყანა ამხელა საფრთხის წინაშე დააყენონ. იმის წარმოდგენაც კი არ მინდა, რომ ერთ დღეს ევროპელებმა და ამერიკელებმა ჩვენზე ხელი ჩაიქნიონ და აგრესორი რუსეთის წინაშე მარტო დაგვტოვონ. ერთ კვირაში სრულად დავკარგავთ სუვერენიტეტს. მე არ ვიცი, ეს გააზრებული არ აქვს "ქართულ ოცნებას" თუ ყველაფერიც ძალიან კარგად იცის და მიზანმიმართულად ცდილობს ქვეყნის დასავლური ორბიტიდან რუსეთისკენ შეტრიალებას.

- პასუხისმგებლობას მხოლოდ მმართველ გუნდს აკისრებთ?

- დიახ, თუნდაც იმიტომ, რომ მას მეტი ძალაუფლება და რესურსი აქვს პროცესების სამართავად. ნახეთ, საზოგადოების პოლარიზებასაც ვინ უწყობს ხელს, ხელისუფლებასთან დაკავშირებული პრივილეგირებული ჯგუფები, ვითომდა ელიტის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ სიძულვილის ენით შუღლი გააღვივონ და ადამიანები ერთმანეთს წაჰკიდონ. მათ ნაწილს ვიცნობ, ზოგი ჩემი კურსელია, ზოგი კლასელი, ზოგი მეგობრის მეგობარი და ვიცი, რაც ამოძრავებთ - ეს ბიძინას ფულებია: ზოგს პენსია აქვს დანიშნული, ზოგს სტიპენდია, ზოგი რაღაც პროექტშია ჩართული, ზოგს უბრალოდ, საჩუქრად ეძლევა... მუქთა ფულს არიან შეჩვეულები და რაში აწყობთ ამ წყაროს გაქრობა? ამათ იდეოლოგია ხომ არ ალაპარაკებთ, არც იდეალები აქვთ. დღეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებსაც და მათ მხარდამჭერ ელიტასაც ერთი გამაერთიანებელი რამ აქვთ და ეს ერთი რამ ფულია, სხვა არაფერი. გამსახურდიას ჰქონდა იდეალი, თქვენ წარმოიდგინეთ, ედუარდ შევარდნაძესა და მიხეილ სააკაშვილსაც, ამათ კი არაფერი გააჩნიათ. პატარა ამბიციაც არა აქვთ, რომ ვინმე მათ პოლიტიკოსად მიიჩნევდეს. ფულის მონების ხელშია დღეს ქვეყანა. იმედი მაქვს, ისევ დასავლელი პარტნიორები გამოგვიყვანენ ამ რთული სიტუაციიდან.

GzaPress

- ობიექტურობისთვის რომ ვთქვათ, არიან საზოგადოების რიგითი წარმომადგენლები, რომლებიც არც ხელისუფლებასთან არიან დაახლოებული, არც ელიტას წარმოადგენენ, მაგრამ კრიტიკულად არიან ოპოზიციის მიმართ განწყობილი.

- მათი განწყობის მთავარი მიზეზი შიშია. სამსახურის, შემწეობის, იმ მწირი ხელფასის დაკარგვის შიში, რასაც ჯერ კიდევ იღებენ. ხალხს რაც მეტად გააღარიბებ, მით მეტად ხდება დამოკიდებული შენზე. ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა; დაამშია, გააღატაკა და ახლა ორი ლუკმის გადაგდების მოლოდინში თავის ჭკუაზე აცეკვებს. დღეს ქვეყანაში მდიდრების კასტა და მათი მონები მივიღეთ. ასეთი არასდროს არაფერი ყოფილა. მეც არ მინდა სააკაშვილის ხელისუფლების დაბრუნება, წარსული საბოლოოდ უნდა ჩაჰბარდეს ძველ დროს, ახალი კოალიციური მთავრობა მინდა და არა დიქტატორული რეჟიმი. მგონია, დასავლეთიც ასე ხედავს. დემოკრატიული მთავრობა და სტაბილური გარემო სჭირდება ევროპასა და ამერიკას საქართველოში. რუსეთივით გათიშე და იბატონეს პრინციპით კი არ მოქმედებს... რუსეთი ყოველთვის ჩვენი ხალხის ერთმანეთზე წაკიდებით ითბობდა ხელს. აქ რომ წყალს აამღვრევდა, იმით აგვარებდა თავის საქმეებს. დასავლეთი პირიქით არის: კავკასიაში თავის პარტნიორად დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი და სტაბილური ქვეყანა სჭირდება. ძალიან ემთხვევა ჩვენი ინტერესები ერთმანეთს და ცუდია, რომ ეს ბევრს ჯერ კიდევ არ ესმის; ბევრს ესმის, მაგრამ სწორედ დემოკრატიული და ეკონომიკურად ძლიერი საქართველო არ აძლევს ხელს. ნახეთ, როგორ დამდიდრდნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, აქ ხომ აიშენეს სასახლეები, ახლა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იშენებენ. თითო ბინის ფულით საათებს ყიდულობენ. თან ჩვენ დაგვძახიან, ყველაფერი კარგად არის, ოპოზიცია და ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალება წარმოაჩენს ყველაფერს მუქ ფერებშიო. მაძღარი რომ მშიერს დასძახის, რა ღორულად ჭამო, ისეა ამათი საქმე. მიადგნენ და ბოლომდე გაიტანეს ქვეყნის ბიუჯეტი. მე თუ მკითხავთ, დღეს მე კორუფციონერობასა და სამშობლოს მოღალატეს შორის ტოლობის ნიშანს ვსვამ. ასეთ ღარიბ, გატანჯულ, დამშეულ ქვეყანაში ფულის მოპარვა მძიმე დანაშაულია. მშიერ ბავშვებსა და მოხუცებს პირიდან ლუკმას როგორ უნდა აცლიდე?!

- გინდათ თქვათ, რომ საზოგადოება, რომელმაც დემოკრატიის პრინციპების დარღვევა არ აპატია "ნაციონალურ მოძრაობას", ახლა ამ ყველაფერს ეგუება?

- როგორც ჩანს, ესენი უფრო საშიშები არიან. დღეს უფრო შეშინებულია და დამფრთხალი ხალხი, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს იყო. ნახეთ, რა ხდება ქვეყანაში. არის ერთი ოჯახის კულტი, ყველა და ყველაფერი ამ ოჯახს ემსახურება, ადამიანიდან დაწყებული, ინსტიტუციებით დამთავრებული. სახელმწიფო დაცვის სამსახურების ხელმძღვანელები ურჩებთან ამ ოჯახის თინეიჯერი ბიჭის თითის აქნევაზე დარბიან. მე იმის მეშინია, ყველა მოაზროვნე, ნიჭიერი და თავმოყვარე ადამიანი არ გაიქცეს ქვეყნიდან და გამდიდრებულ თაღლითებსა და მათ მონებს არ დარჩეთ საქართველო. ირაკლი კობახიძემ რა უნამუსოდ მოიტყუა, ხელდამშვიდებული მიდის პრემიერი ბრიუსელშიო; ხელდამშვენებული კი არა, როგორც ერთმა ანალიტიკოსმა თქვა, "ბუსკვერცხებით" წავიდა ეგ.

- რა მოლოდინი გაქვთ, როგორ დამთავრდება ევროპარლამენტარების მისია?

- მრჩება შთაბეჭდილება, "ქართული ოცნების" "ბიჭებს" კულუარებში მაგრად ამუშავებენ. დარწმუნებული ვარ, პოლიტპატიმრების გამოშვებასაც სთხოვენ და ვადამდელი არჩევნების ჩატარებასაც. ძალიან უცნაური, ქუჩური მორალი აქვთ. ფიქრობენ, რომ ერთი თუ დათმეს, მერე სახელი გაუტყდებათ. ადრე თუ გვიან, მაინც მოუწევთ დათმობა. შარლ მიშელის და დანიელსონის ვიზიტებმა, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებებმა დამარწმუნა, რომ საქართველო სჭირდება ევროპას. ერთხანს მეგონა, რომ აღარავის ვჭირდებოდით და საშინელმა შიშმა შემიპყრო. ახლა კი გაირკვა, რომ დასავლეთი ჩვენს დათმობას არ პირებს და ეს მე ძალიან დიდ იმედს მაძლევს.

ხათუნა ბახტურიძე