რატომ ვერ ძლებს ნუგზარ ერგემლიძე უცხოეთში - გზაპრესი

რატომ ვერ ძლებს ნუგზარ ერგემლიძე უცხოეთში

ნუგზარ ერგემლიძეს, ბევრი როგორც მუსიკოსს, ისე იცნობს. ზოგი ალბათ გეტყვით, რომ ის პოლიტიკოსის ამპლუაში გაიცნო... ყველამ არ იცის, რომ გარდა ამ ყველაფრისა, ის ორიგინალური ნახატების, ლექსებისა და მოთხრობების ავტორიცაა. ბატონ ნუგზარს ბევრი საინტერესო ამბავი აქვს მოსაყოლი.

- ამ ინტერვიუს ზურაბ დოიჯაშვილის გახსენებით დავიწყებ, რომელიც ასე უდროოდ გამოგვეცალა ხელიდან! ზურას საოცარი, განუმეორებელი იუმორის გრძნობა ჰქონდა და ჩვენს გასტროლებს თუ კონცერტებს ძალიან ახალისებდა. კარგად ჰბაძავდა აზერბაიჯანელებს და სიმღერაც კი ჰქონდა, რომელსაც "იახში დეი" დაარქვა - "იახში დეი" ქართულად "კარგ დღეს" ნიშნავს. იმიტაციის იშვიათი ნიჭით იყო დაჯილდოებული და მის ხუმრობებზე შეუძლებელი იყო, არ გაგეცინა. ზურა პოლიტიკოსებსაც ჰბაძავდა: ელცინის, ჩერნენკოს, კუჩმას - ვინ იცის, ვის პაროდიებს აღარ აკეთებდა და მის ხუმრობებზე ყველანი გულიანად ვიცინოდით. კარზე ზარს დარეკავდა, გაიხედავდი და მუხლებზე იდგა, სახლში ასე შემოდიოდა ხოლმე. უბოროტო, ბავშვური და ამავე დროს, გამორჩეული იუმორი ჰქონდა. ბოლო ხანებში ხშირად ვსაუბრობდით ტელეფონით და გული მტკიოდა, რომ ეს კაცი ნელ-ნელა, ჩემ თვალწინ დნებოდა. ზურასთან და ისრაელთან ბევრი საინტერესო თავგადასავალი მაკავშირებს.

ასე მგონია, ის ყველას უყვარდა. მახსოვს, როგორ მოეწონა ჩემი სიმღერა - "შალომ ლეჰაიმ" და მითხრა, - ეს მე უნდა ვიმღეროო. ისრაელში ჩავწერეთ - 2000 წელს და ამ სიმღერით ბევრჯერ გამოვედით. უამრავი საინტერესო შეხვედრა და არაჩვეულებრივი კონცერტი გვქონდა. ერთხელ, ქალაქ ხაიფაში კონცერტი უნდა გაგვემართა. ხაიფასთან ახლოს რომ ვიყავით, იქვე, ქალაქთან ორი ავტობუსი აფეთქდა. მახსოვს, როგორ შემომიტრიალდა ზურა და მითხრა: ალბათ კონცერტი გადაიდება ჩემო ნუგზარ და უკან დაბრუნება მოგვიწევსო. ამ დროს შემოვიდა ჩვენი პროდიუსერი და გვითხრა, რომ კონცერტი უნდა გაგვემართა: ისრაელი ის ქვეყანა არ არის, ორი ავტობუსის აფეთქების გამო გლოვა გამოვაცხადოთ, პირიქით, მტრის ჯიბრზე ახლა უნდა ვიმღეროთ და ვიმხიარულოთო. ორივეს ძალიან გაგვიკვირდა, მაგრამ სცენაზე მაინც გავედით. ზურას განსაკუთრებული სითბოთი შეხვდნენ და ეს კონცერტიც ჩემი მეხსიერებიდან დღემდე არ ამოდის.

- კიდევ რომელი კონცერტი გახსენდებათ ყველაზე მკაფიოდ?

- 1992 წელს ბერლინში წავედით. თბილისი მაშინ ჩაბნელებული იყო - მთელ ქვეყანაში უშუქობა და გაჭირვება სუფევდა. ოდესიდან გემით წავედით. ამ გემზე რუსებიც იყვნენ, ლატვიელებიც და უკრაინელებიც. მთელი თურქეთი, საბერძნეთი, ესპანეთი შემოვიარეთ. ერთი-ორჯერ ისეთ ღელვაში მოვყევით, არც გვეგონა, გემიდან ცოცხლები თუ ჩამოვიდოდით. ეს იყო პატარა საბჭოთა გემი, რომლის კაპიტნებს სანაპიროს თანხის გადახდა არ სურდათ და არსად ჩერდებოდნენ. ერთხელ, ცხრაბალიან შტურმში მოვყევით მე, ზურაბ კობეშავიძე, მერაბ სეფაშვილი და ირაკლი მენთეშაშვილი. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდით, რომ იქიდან ცოცხლები ჩამოვსულიყავით, აღარც კონცერტი გვახსოვდა და არც სხვა რამ. ასე, ვაი-ვიშით ჩავედით ეგვიპტეში. ეს მართლაც სასწაული ქვეყანაა, რომლის ნახვა მარტო პირამიდების გამო ღირს. უყურებ და მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობ: ნეტავი, ამხელა ქვები ამ სიმაღლეზე რა ხელმა აზიდა, ვინ აზიდა... ეგვიპტე ხომ საოცრებაა, მაგრამ სტამბოლშიც საკმაოდ უცნაური ამბავი გადაგვხდა. ამ კრუიზის დროს, ირაკლი მენთეშაშვილს წამოღებული ჰქონდა აკორდეონი, რომელიც ბებიამ მეოთხე კლასში აჩუქა. კონცერტის შემდეგ რომ ვიკრიბებოდით, ირაკლი აიღებდა ამ აკორდეონს, თვითონაც უკრავდა და ჩვენც გვახალისებდა. ჩავედით სტამბოლში და ირაკლის ვუთხარი, წამოიღე შენი აკორდეონი, აქ თურმე უყვართ და იქნებ, ვინმემ იყიდოს-მეთქი. ჩავედით, გავიარეთ, გამოვიარეთ და ვხედავთ, ვიღაც ულვაშიანი კაცი დგას და რუსულად გვეძახის. აკორდეონს რამდენად ყიდითო? - გვკითხა. მერე კი გვთხოვა, დაუკარითო. ირაკლიმ დაუკრა და რა დაუკრა... ამოიღო უცნობმა 200 დოლარი და მისცა. 200 დოლარი მაშინ 500 ათასი მანეთი იყო და თბილისში გახარებულები წამოვედით. აქ, ერთ-ერთ საკომისიო მაღაზიაში სულ სხვა რამის საყიდლად შევედი და ვხედავ - ზუსტად ისეთი აკორდეონი დევს და 6.000 მანეთი აწერია. უცებ გამიელვა, რომ ეს აკორდეონი უნდა მეყიდა. ვურეკავ ირაკლის და გადავწყვიტეთ, ორივეს გვეყიდა და როცა სტამბოლში ჩავიდოდით, მოგება თანაბრად გაგვეყო. მოკლედ, შევიძინეთ ეს 6-ათასლარიანი ინსტრუმენტი და მომდევნო კრუიზს დაველოდეთ, ერთ თვეში უნდა წავსულიყავით. ამასობაში, სხვებმაც გაიგეს, რომ ირაკლიმ თავისი აკორდეონი 200 დოლარად გაყიდა და აეროპორტში რომ მივედით, თვალებს არ დავუჯერეთ: ხელში ყველას თითო აკორდეონი ეჭირა. ჯგუფში, გარდა მომღერლებისა, სხვებიც იყვნენ. ოდესაში ეწერა, რომ აკორდეონის გატანა არ შეიძლება. მოკლედ, ვხედავთ, რომ ჩაგვივარდა "ბიზნესი" და ბუბა კიკაბიძეს ვთხოვეთ: კონსტანტინოვიჩ, ბატონო ბუბა, ამათ ყველას უყვარხარ, მიდი მებაჟეებთან და უთხარი, რომ შენი ანსამბლით საგასტროლოდ მიდიხარ, იქნებ, გაგვატარონო. მებაჟეები გადაირივნენ, რომ დაინახეს: 1992 წელს ბუბა კიკაბიძეს მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში იცნობდნენ და უყვარდათ. მოკლედ, ყველა აკორდეონი მისი ხათრით გაგვატანეს. ჩავედით სტამბოლში და მიგვაქვს ეს ჩვენი აკორდეონი, რომელიც ძალიან მძიმეა და თრევა გვიჭირს, არავინ ყიდულობს. მაშინ გავიგეთ, რომ თურქები აკორდეონზე არ უკრავენ და 200 დოლარად იქვე, მშვენიერ ელექტროაკორდეონს იყიდდი. უნდა გამოვიდეთ "ოქროს ბაზრიდან" და წინ ის ულვაშა კაცი არ დაგვხვდა? ისევ დაგვიძახა, ჩაი დაგვალევინა, ირაკლის 3-4 ნაწარმოები დააკვრევინა და გვითხრა: ის 200 დოლარი უკან უნდა დამიბრუნოთო. დიდხანს ვარწმუნებდით: არ გრცხვენია? - სტუმრები ვართ, ამსიმძიმე აკორდეონი უკან როგორ წავიღოთ-მეთქი. ბოლოს ხელი ჩაიქნია და შეგვეშვა. გემზე რომ ავედით, თავისი აკორდეონი თითქმის ყველას უკან მოჰქონდა.

GzaPress

- პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც ხშირად დადიოდით გასტროლებზე. იქაური ამბებიდან რა გახსენდებათ?

- ბევრი რამ მახსენდება: ერთი სიმღერა მქონდა - "ტანია სოკოლოვა", რომელიც რუსებს ძალიან მოსწონდათ და სიამოვნებით უსმენდნენ. უკან რომ მოვდიოდი, მეგობრები მეხუმრებოდნენ, - სად მიდიხარ, ბიჭო, მარტო მოსკოვში 5 მილიონი ტანია სოკოლოვა ცხოვრობსო. ერთ-ერთი წასვლისას, გემზე გავიცანი კომპოზიტორი - გვარად ზიმა, რომელიც ცოლთან ერთად მგზავრობდა. ძალიან პოპულარული არც ერთი ყოფილა - ე.წ. მეორე კლასის მუსიკოსები იყვნენ. მითხრეს, ვახშამზე უნდა დაგპატიჟოთო. უარი არ ვუთხარი და მივედი. ძალიან კარგად გამიმასპინძლდა და მითხრა: ნუგზარ, შენი ორი სიმღერით - "თუკი გესიმზრებით" და "ბაკურიანით" მოსკოვში ბინაც ვიყიდეთ და მანქანაც, თქვენ რა გინდათ რომ გიყიდოთო? რა უნდა მეთქვა? - ხუმრობაში გავატარე და ვუთხარი: ერთი ბოთლი "სმირნოვი" მიყიდე-მეთქი...

1983 წელია, კიევში ჩავედით, 100-100 მანეთი ავკრიბეთ და რესტორანში შევედით. გამოვიდნენ უკრაინელი მომღერლები და ქართულად გვიმღერეს ჩემი "თეთრი გოგო". საოცარი გრძნობა დამეუფლა: ეს არის ბედნიერების "ბუკეტი", რომელსაც ვერანაირი ფული ვერ შეედრება. ჩემი მეუღლე - ანი რომ გავიცანი, მაშინდელ ლენინგრადში - სანქტ-პეტერბურგში წავედით. 1985 წელია, ერთ-ერთ რესტორანში შევედით და დავინახე, რომ ჩემს "ბაკურიანს" უკრავენ. მივიდა ბიძაჩემი და ჩემზე ანიშნა, - ეს ამ ბიჭის სიმღერააო. იმანაც: კარგი რა, ქართველებს გადაჭარბება რატომ გიყვართ, ამის კომპოზიტორი ალბათ ჭაღარა და 70 წლის მაინც იქნებაო. არადა, მაშინ 30-ის ვიყავი.

- ყველაზე დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მაინც რომელი ქვეყნიდან გამოგყვათ?

- საფრანგეთში, გერმანიაში, ამერიკაში - ყველგან ვარ ნამყოფი. ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა მაინც ამერიკაში გამოგვივიდა - პანდემიამდე, 2019 წელს. მე ბოლომდე ვეთანხმები ხალხს, ვინც მიიჩნევს, რომ ამერიკა შთაბეჭდილებების ქვეყანაა. ფილადელფიაში ვიყავით - რესტორანში, რომელსაც "ქართული ფესვები" ჰქვია. მისი მეპატრონე ქართველია - გვარად ოქროკბილაშვილი. მე, ზურა კობეშავიძე და კვაშალი ერთად შევედით. დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ამერიკაში მოღვაწე ქალბატონს - ნინო ჩეხოშვილს, რომელიც მაშინ ნუგზარ კვაშალმა გამაცნო. ჩვენთან საუბრისას თქვა: მე ქართველ მწერლებს ვაფინანსებო. მოკრძალებით ვუთხარი: მეც ვწერ რაღაცებს-მეთქი. დაინტერესდა და იმავე საღამოს, ჩემი 3 მოთხრობა გადავუგზავნე. ამ საუბრის შემდეგ საქართველოში ჩამოვედით და ბათუმში, "ბიბლუსში", სრულიად შემთხვევით ვნახე ჩემი წიგნი "მოამინე". წიგნის ყდაზე ჩემი ნახატია. საოცარი სიხარულის გრძნობა დამეუფლა, რომელიც ყველა შემოქმედი ადამიანისთვის კარგად ნაცნობია.

- თქვენს წიგნს ასეთი სახელი რატომ დაარქვით?

- პატარა რომ ვიყავი, ბებია ხშირად გვეუბნებოდა, რომ ცუდი არაფერი უნდა გვეთქვა: მოამინე კუთხეში დგას და აგისრულებთო, - გვაფრთხილებდა. მოამინე უხილავი ანგელოზია და რაღაცას რომ ამბობ, შეიძლება ჩამოიაროს და გითხრას: "ამინ!" პირველად სწორედ ბებიამ მასწავლა, რომ ცუდი არაფერი უნდა თქვა, უარყოფითი ენერგია კოსმოსში არ უნდა გაუშვა...

- უცხო ქვეყანაში დარჩენაზე არასდროს გიფიქრიათ?

- ვერსად დავრჩი! - იმ ადამიანების კატეგორიას ვეკუთვნი, რომლებიც უცხოეთში თვეზე მეტხანს ვერ ძლებენ. საკუთარ სამშობლოს რაღაც განსაკუთრებული, მისტიკური ძალა აქვს, რომლითაც გიზიდავს და არსად გიშვებს. ზოგს ეს თვისება ნაკლებად აქვს გამოხატული, ზოგს - უფრო მძაფრად. მეც, თბილისი და საქართველო ძალიან მალე მენატრება, ამიტომ მირჩევნია აქ ვიყო და უფრო მეტი ვიშრომო, შენი შრომით ნაშოვნი ლუკმაც უფრო გემრიელია.

- პოპულარული სერიალი - "ჩემი ცოლის დაქალები" განახლდა. გადაღებებს თქვენც შეუერთდებით?

- დიახ, უკვე დამირეკეს და მონაწილეობაზეც დავთანხმდი. მიხარია, რომ ამ სერიალში კატოს როლს ჩემი მეგობრის და ცნობილი მაესტროს - გივი გაჩეჩილაძის ქალიშვილი, ნინო ასრულებს, რომელზეც სულ ვამბობ: ეს მართლა ჩემი შვილია-მეთქი. "კატო" ცხოვრებაშიც ლამაზი და ნიჭიერია, ჩემ თვალწინ გაიზარდა და ძალიან მიყვარს. ასე რომ, წინააღმდეგი არა ვარ, სერიალში მისი "მამა" ვიყო.

ხათუნა ჩიგოგიძე