"ჩემი გული დაკავებულია" - გზაპრესი

"ჩემი გული დაკავებულია"

ახალგაზრდა მომღერალი მარიამ შენგელია ახლახან კიდევ ერთ მუსიკალურ პროექტში - "ვოისი" გამოჩნდა და ოთხივე მენტორი მოხიბლა, შემდეგ კი "ბრმა კასტინზე" მისი პერფორმანსი "ვოისის" გლობალურ ვიდეოშიც მოხვდა, კვირის საუკეთესო ნომრებს შორის...

"როცა სცენაზე დავდექი, გავიაზრე, რომ მომხიბვლელი უნდა ვყოფილიყავი"

- მართალია, ჯერ 18 წლის ვარ, მაგრამ სცენა "მოითხოვს", ჩემს ასაკთან შედარებით, "უფროსი" ვიყო: თითქოს საბავშვო ბაღის მერე უცებ გავიზარდე (იცინის). ალბათ, როცა სცენაზე დავდექი, გავიაზრე, რომ მომხიბვლელი უნდა ვყოფილიყავი. მაშინ 15 წლის გახლდით, "X-ფაქტორში" ვმონაწილეობდი. ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად წარვდექი და მივხვდი, გარეგნობას ყოველთვის და ყველგან დიდი მნიშვნელობა აქვს.

"ყოველდღიური მაკიაჟი ჩემი სტილი არ არის"

- ცხოვრების ისეთი სტილი მაქვს, რომ მაგალითად, გადაღება თითქმის ყოველდღე მიწევს. მაკიაჟის დამოუკიდებლად გაკეთება ისე "დავამუღამე", ყოველ დეტალს ისე ვაკვირდები, რომ უკვე პროფესიონალის დახმარების გარეშეც კარგად ვახერხებ. 1-2 წლის წინ, მაკიაჟს ყოველდღე ვიკეთებდი, ძალიან მომწონდა. ახლა დიდად აღარ მინდა - ყოველდღიური მაკიაჟი ჩემი სტილი არ არის.

"უნებისყოფო ადამიანი ვარ"

- ასეთი აღნაგობა გენებით მერგო. ისეთი უნებისყოფო ვარ, დიეტა რომ მჭირდებოდეს, ვერასოდეს დავიცავდი, არ შემიძლია. 49 კგ-ს ვიწონი (სიმაღლე - 175 სმ). ახლა, რადგან მუსიკალურ პროექტში ვმონაწილეობ, ცხოვრების აქტიური სტილი მაქვს. შეიძლება, დღეში ერთხელაც არ ვჭამო - ზოგჯერ ჭამა მავიწყდება ხოლმე. ჩემი მაქსიმალური წონა 58 კგ იყო (წლების წინ).

"პირველად ადამიანის გარეგნობას აკვირდებიან..."

- სამოსს დიდ ყურადღებას ვაქცევ. ალბათ, ეს "წიკია": მაგალითად, ეკრანისთვის ერთი და იგივე სამოსის ჩაცმა არ შემიძლია. სულ ვამბობ, - ვიზუალი უმნიშვნელოვანესია: პირველად ადამიანის გარეგნობას აკვირდებიან, შემდეგ კი - შესაძლებლობებს. ყოველდღიურად სპორტული, თავისუფალი სტილის სამოსის მორგება მიყვარს, სცენაზე კი - გააჩნია, როგორ სიმღერას ვასრულებ. ფერებიდან მუქი მწვანე და ცისფერი ძალიან მიყვარს, ჩემი თვალების ფერს უხდება... სამკაულებიდან მხოლოდ ყელსაბამები და პატარა ზომის სამაჯურები მიყვარს. რატომღაც, საყურეები არ მომწონს.

GzaPress

ვარცხნილობა, თმის ფერი...

- ყოველთვის გრძელ თმას ვატარებდი, მაგრამ მომბეზრდა და ახლა მოკლე ვარცხნილობა მაქვს. შეღებილი თმაც მქონია, მაგრამ მივხვდი, ბუნებრივი უკეთესია. ვიცი, თმის ყოველდღე დაბანა არ შეიძლება, მაგრამ მაინც ვიბან. ბუნებრივად კარგი ხარისხის თმა მაქვს - განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება.

"საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე"

- ამჟამად "ვოისში" ვმონაწილეობ და კონსერვატორიაში ჩაბარებისთვისაც ვმეცადინეობ. ასევე, "ევროვიზიისთვის" ვემზადები, თორნიკე ყიფიანთან ერთად (ბექ-ვოკალისტი ვარ). ბევრი საქმე მაქვს, ქაოსია... კმაყოფილი ვარ... წინათ 2 პროექტში - "X-ფაქტორი" და "საქართველოს ვარსკვლავი" - ვმონაწილეობდი, "ვოისი" სხვა პლატფორმაა. თან, ახალი გამოწვევაა, რადგან პანდემიის გამო ხომ ყველანი "ძალიან გავჩერდით", არა? სცენა მომენატრა. რა თქმა უნდა, გამარჯვებისთვის ვიბრძვი...

- ფიქრობ, რომ "ვოისის" "ბრმა კასტინგზე", როცა სიმღერა დაიწყე, მენტორები მიხვდნენ, ვინ იყავი?

- არა მგონია. მაქსიმალურად ვეცადე, განსაკუთრებული ნომერი ყოფილიყო და მგონი, გამოვიდა. პირველივე ბგერაზე ოთხივე მენტორი შემოტრიალდა. ძალიან გამიხარდა!..

- ვის გუნდში მოხვედრას გეგმავდი?

- კასტინგის წინადღეს ოთხივეზე ვიფიქრე, მაგრამ ყველაფერს კონკრეტულ სიტუაციაში, სცენაზე დგომისას წყვეტ ადამიანი, წინასწარ როგორც უნდა იფიქრო... სტეფანემაც ყველაფერი გააკეთა, რომ მასთან წავსულიყავი. მართლა ყოველდღე ვრწმუნდები, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე, რადგან არ არსებობს რეპეტიცია, რომელზეც სტეფანე რჩევებს არ გვაძლევს. მაქსიმალურად გვემეგობრება. მართლა საუკეთესო მენტორია.

- შენი ნომერი "ვოისის" გლობალურ ვიდეოში მოხვდა. ამ ამბავს როგორ შეხვდი?

- ჩემთვის ეს შოკი იყო! თან, ჩემი ფოტო "ვოისის" "ჰაილაითების" მთავარ ფოტოზე იყო. სიხარულისგან ლამის გავგიჟდი...

"პროექტებში ჩემი მონაწილეობა მამის ინიციატივა იყო"

- ოჯახში მე, ჩემი ძმა, დედ-მამა ვართ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ოჯახის მხარდაჭერის გარეშე, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, მხარში მიდგანან, განსაკუთრებით - მამაჩემი. პროექტებში ჩემი მონაწილეობა მისი ინიციატივა იყო. ჩემ გარდა, ოჯახში არავინ მღერის. ჩემი ძმა ჯერჯერობით ფეხბურთელია... ორივე მშობელთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. დედა ასაკით ძალიან პატარაა - 35 წლის გახლავთ. ფაქტობრივად, ჩემი დაქალია. ხანდახან დედად ვერ აღვიქვამ... ვიცი, ჩემს მშობლებს რა არ მოეწონებათ. ამიტომ ვცდილობ, ყველაფერი ისე გავაკეთო, რომ გავახარო. შესაბამისად, მათგან შენიშვნას იშვიათად ვიღებ.

განტვირთვის საუკეთესო საშუალება

- ჩემს სამეგობროში ყველანი მუსიკალური სფეროს წარმომადგენლები არიან. ერთად ვერთობით. ახლა ბაკურიანში ვისვენებ, მეგობრებთან ერთად. რეალურად, სახლში ყოფნა მაკლია, სულ გარეთ ვარ, საქმეები, რეპეტიციები მაქვს... ამიტომ ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნა ჩემთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.

პირადი ცხოვრება

- ჩემი გული დაკავებულია. პირად ცხოვრებაში ყველაფერი ძალიან კარგად მაქვს. ჩემ გვერდით ნამდვილად ისეთი ადამიანია, რომელიც ყველაფერში მეხმარება. მას ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით რჩევას ვეკითხები და ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას მხარს მიჭერს. ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანია.

- შენი რჩეული ცნობილი ადამიანია?

- აუ, ამ თემაზე ლაპარაკი ამიტომ არ მიყვარს (იცინის). პირად ცხოვრებას მაქსიმალურად ვუფრთხილდები...

ეთო ყორღანაშვილი