"იმ ღამეს და დილითაც ცუდად ვიყავი - მივხვდი, რაღაც შეიცვალა..." - გზაპრესი

"იმ ღამეს და დილითაც ცუდად ვიყავი - მივხვდი, რაღაც შეიცვალა..."

ახლახან მსახიობმა ანა ჯავახიშვილმა კორონავირუსი გადაიტანა. თავს კარგად გრძნობს. მალე თეატრალურ უნივერსიტეტში რეპეტიციები განახლდება. ახალგაზრდა მსახიობი სპექტაკლის პრემიერისთვის ემზადება...

როგორც ანამ გვითხრა, ერთხელ სცადა, წიგნის ელექტრონული ვერსია მობილური ტელეფონით წაეკითხა, მაგრამ მისთვის ეს არც ისე მოხერხებული აღმოჩნდა, როგორც ეგონა. ამიტომ კვლავ ლიტერატურული ნაწარმოებების კითხვის "ტრადიციულ" მეთოდს დაუბრუნდა...

- ჩემს ცხოვრებაში წიგნს საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს. ჩემი პროფესიის გამოც ხშირად ვკითხულობ სცენარებს, პიესებს... იყო პერიოდი, როცა წიგნის კითხვა დიდად არ მიტაცებდა, მაგრამ 13-14 წლიდან უფრო შევიყვარე, აქტიურად ვკითხულობ.

- მიზეზი რა იყო, რის გამოც წიგნების კითხვა შეგიყვარდათ?

- თავდაპირველად, როცა პატარა ვიყავი, ალბათ მაძალებდნენ, აუცილებლად წაიკითხეო. საერთოდ, მგონი, კითხვის სიყვარული ოჯახიდან "მოდის", რადგან ოჯახში ყოველთვის ყველა კითხულობდა ჟურნალს, გაზეთს, წიგნს... კითხვა მეც ჩვევად მექცა.

- გახსოვთ პირველად რომელი წიგნი წაიკითხეთ სიამოვნებით, დაძალების გარეშე?

- მახსოვს, "უცნობი ქალის წერილი" წავიკითხე. თან, მაშინ გარდატეხის ასაკი მქონდა. ამ ნაწარმოებმა ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა... მერე, აბიტურიენტობისას საკითხავმა მასალამ მოიმატა, რადგან თეატრალურ უნივერსიტეტში რომ ვაბარებდი, მომზადებული უნდა ვყოფილიყავი... სტუდენტობისას კითხვისთვის საკმაო დრო დამრჩა...

- რომელიმე ლიტერატურული პერსონაჟის განსახიერება განსაკუთრებულად თუ გინდათ?

- ერთი როლი, რომლის შესრულებაც მინდოდა, ანა ფრანკი იყო. ეს სურვილი ავიხდინე: თეატრალურ უნივერსიტეტში, სადიპლომო სპექტაკლში ვითამაშე. "ანა ფრანკის დღიური" დაახლოებით, 15 წლისამ წავიკითხე. ამ წიგნის მიხედვით დადგმული სპექტაკლის შესახებ მესმოდა, ფილმიც ხშირად გადაღებულა... ამიტომ გონებაში ჩარჩენილი მქონდა, რომ "განსახიერებადი" პერსონაჟი იყო... ანა ფრანკის როლი მოვირგე, მაგრამ მსახიობს ყოველთვის გრჩება განცდა, რომ უკეთესად შეასრულებდი, თუმცა ამ როლის შესრულება მაინც მარტივი იყო: ასაკიც ხელს მიწყობდა და რეჟისორიც დაგვეხმარა: გიორგი შალუტაშვილს ეს სპექტაკლი უკვე დადგმული ჰქონდა. უბრალოდ, სპექტაკლში ახალი ჯგუფი შევედით უკვე გამზადებულ სპექტაკლში... მეორე პერსონაჟი, რომლის განსახიერებაც მინდა, ოღონდ - მიმაჩნია, რომ ჩემთვის ეს ჯერ ადრეა, ლედი მაკბეტია ("მაკბეტიდან"). სათამაშოდ ძალიან საინტერესო როლია.

- საკუთარ თავს რომელიმე ლიტერატურულ პერსონაჟს განსაკუთრებულად ხომ არ ამსგავსებთ?

- ამაზე ხშირად მიფიქრია, მაგრამ მკვეთრი მსგავსება არ დამინახავს. რა თქმა უნდა, გარკვეული საერთო თვისებების პოვნა ყველა პერსონაჟთან შეიძლება, მაგრამ ისეთი განცდა არ გამჩენია, რომ მეფიქრა, - ეს მე ვარ, ჩემ შესახებ წერია-მეთქი...

- ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციებიდან თქვენს ყურადღებას რომელი იპყრობს?

- ეკრანიზაციებს ყოველთვის მივესალმები, მაგრამ ხშირად, ისეთი კარგი არ არის, როგორიც ლიტერატურული ნაწარმოებია. ეს შექმნილი საზოგადო აზრია, რომელსაც ნაწილობრივ, მეც ვეთანხმები. ალბათ, ყველაზე კარგი ეკრანიზაციაა "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა". ძალიან მომწონს! მიუხედავად იმისა, რომ ფილმში საერთოდ სხვა ამბავია აღწერილი, წიგნში კი - სხვა, კინონამუშევარი წიგნს ნამდვილად უტოლდება.

- პოეზია თქვენთვის საინტერესოა?

- კი. უფრო მოზრდილ ასაკში - აბიტურიენტობისას და პირველ-მეორე კურსზე შევიყვარე. ახსნის სტილის გამო, ბავშვებს სკოლაში პოეზიას უფრო აძულებენ, ვიდრე აყვარებენ. როცა თეატრალური უნივერსიტეტის გამოცდებისთვის ვემზადებოდი, პროგრამა ითვალისწინებდა, პროზაული ნაწარმოებიც მოგვემზადებინა და ლექსიც. სტუდენტობისას ლექსებს მეტყველების ლექციებზეც ხშირად ვკითხულობდი. ამიტომ პოეზია სხვანაირად გავიაზრე... ქართველებს საყვარელი პოეტების დასახელება არ გვიჭირს: გალაკტიონი, ბარათაშვილი... ბევრი კარგი პოეტია, მაგრამ ეს ორი - მწვერვალზე დგას.

GzaPress

- მშობლიურის გარდა, ყველაზე მეტად, რომელი ქვეყნის ლიტერატურა მოგწონთ?

- ჩემთვის რუსული ლიტერატურა დღემდე პირველ ადგილზეა. აღმოჩნდა, რომ ჩემი საყვარელი ნაწარმოებები რუს მწერლებს ეკუთვნით: დოსტოევსკი, ბულგაკოვი, ტოლსტოი - სამივე მომწონს. მათი ნაწარმოებების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. მგონია, რომ ძალიან "ღრმა" ლიტერატურაა და პერსონაჟებიც უნივერსალურები არიან.

- ქართულის გარდა, ლიტერატურულ ნაწარმოებებს რომელ ენაზე კითხულობთ?

- რუსულად, მაგრამ ოდნავ მეტი დრო მჭირდება, ვიდრე ქართულად კითხვისას. ვცდილობ, ინგლისურ ენაზე დაწერილი ნაწარმოებიც "ორიგინალში" წავიკითხო.

- ნათარგმნი და ორიგინალი შეგიდარებიათ?

- კი. სხვათა შორის, ინგლისურიდან თარგმანი (თუნდაც - შექსპირის ნაწარმოებები) უფრო კარგი და მისაღებია, ვიდრე რუსულიდან, რადგან რუსულიდან თარგმნილის კითხვისას "ყური ცუდად იჭრება", თუნდაც - რუსული გვარ-სახელების გამო. ამიტომ, რუსულიდან ქართულ ენაზე ნათარგმნი ორიგინალისთვის რომ შემიდარებია, დიდი სხვაობა შემინიშნავს, ხოლო ინგლისურიდან ქართულად ნათარგმნის კითხვისას, დიდი სხვაობა არაა - ჩემთვის ეს უფრო მისაღებია...

- რომელიმე ნაწარმოებს თქვენი მსოფლმხედველობა რადიკალურად თუ შეუცვლია?

- რამდენიმე ნაწარმოებმა (მაგალითად - კაფკას "გარდასახვა") რაღაცებზე ფიქრი სხვაგვარად დამაწყებინა. თუნდაც, დოსტოევსკის "ძმები კარამაზოვები" რომ წავიკითხე, იმ ღამეს და დილითაც ცუდად ვიყავი - მივხვდი, რაღაც შეიცვალა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომელიმე წიგნმა ჩემში რაღაც რადიკალურად შეცვალა და სხვაგვარად ფიქრი დავიწყე-მეთქი. უბრალოდ, ყოფილა შემთხვევები, როცა ლიტერატურული ნაწარმოებების წაკითხვის შემდეგ, სწორი მიმართულება დამინახავს.

- რომელიმე ნაწარმოების წაკითხვა გინანიათ?

- სხვათა შორის, ახლა აენ რენდის "პირველწყაროს" ვკითხულობ, რომელიც საკმაოდ სქელტანიანი წიგნია. ბევრი დრო დამჭირდა, მაგრამ კარანტინში მარტივად წავიკითხე - სხვა გზა არ მქონდა (იცინის). უკვე ბოლოსკენ გავდივარ - კითხვას მალე დავასრულებ და არ ვიცი, ვინანებ თუ არა. ჯერჯერობით ისეთი პირი უჩანს, რომ შეიძლება, ვინანო. მანამდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ ნაწარმოების წაკითხვა მენანა, რადგან თუ ვხვდები, რომ "ვერ მივყვები", კითხვა მიმიტოვებია...

- ეს წიგნი წასაკითხად როგორ შეარჩიეთ და საერთოდ, წასაკითხ ლიტერატურას როგორ არჩევთ ხოლმე?

- ეს წიგნი მაჩუქეს. ნაჩუქარ წიგნებს ყოველთვის ვკითხულობ. მეგობრებმა იციან, რომ წიგნები მიყვარს და ხშირად მჩუქნიან... წასაკითხ წიგნს ძირითადად, თავად ვარჩევ, იმის მიხედვით, თუ რა მაინტერესებს. მაგალითად, ზაფხულში ვუდი ალენის წიგნმა დამაინტერესა... ისე, იმდენი ძველი, კლასიკური ნაწარმოები მაქვს წასაკითხი, რომ არ ვარჩევ - ახლა ესა და ეს წიგნი ბესტსელერია და უნდა წავიკითხო-მეთქი, თუმცა "დიუნის" წაკითხვა მინდა, რომელიც ახლა პოპულარულია... საერთოდ კი ნაწარმოები მისი პოპულარობის გამო არასოდეს წამიკითხავს.

- რთულ პერიოდში რომელიმე ნაწარმოები დაგხმარებიათ?

- კი. კონკრეტული ნაწარმოები არ მახსენდება, მაგრამ საერთოდ, კარგი ლიტერატურის კითხვა დამხმარებია და არა - კონკრეტული წიგნი.

- თანამედროვე ავტორების შემოქმედებას ეცნობით?

- თანამედროვე ავტორების შესახებ რამე სტატიას თუ წავაწყდები, გადავხედავ ხოლმე. ისე, სამწუხაროდ, არ დავინტერესებულვარ. მინდა, ჯერ კლასიკური ნაწარმოებები "ამოვწურო".

- ჟურნალის მკითხველებს რომელი ნაწარმოების წაკითხვას ურჩევთ?

- ერთადერთი, რაც შემიძლია, მკითხველს ვურჩიო, ის არის, რომ ხშირად იკითხონ, არ დაიზარონ. ბევრი კარგი წიგნი არსებობს, რომელიც ცხოვრებაში სწორი ნაბიჯების გადადგმაში გვეხმარება. კლასიკური ნაწარმოებები წაიკითხეთ - ქართულიც და უცხოურიც...

ეთო ყორღანაშვილი