ალექსანდრა პაიჭაძის ახალი გამოწვევა - გზაპრესი

ალექსანდრა პაიჭაძის ახალი გამოწვევა

ძალიან მალე "ფორმულას" ეთერში გადაცემას "ყვითელი ყუთი" მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე წაიყვანს. ამბობს, რომ მისთვის ეს ახალი გამოწვევაა და "კომედი ჯგუფთან" თანამშრომლობის გადაწყვეტილება ამიტომ მიიღო. რას ამბობენ მასზე ოჯახის წევრები, რა დროს კარგავს კონტროლს საკუთარ თავზე, არის თუ არა შეყვარებული და რა აყენებს ყოველთვის კარგ ხასიათზე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1990 წლის 8 დეკემბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მომღერალი. წლების განმავლობაში ვმღეროდი, კლიპებს ვიღებდი, ამ სიმღერებით ვმოგზაურობდი; მინდოდა, ცხოვრება ასე გამეგრძლებინა, ვარსკვლავი ვყოფილიყავი. ვარსკვლავების ცხოვრების სტილი ყოველთვის მომწონდა, მაგრამ თინეიჯერობის წლებში, ამ საქმეს შევეშვი და ქართულ ცეკვას გავყევი, რომელიც აბიტურიენტობის დროს დავივიწყე. სწავლა უმაღლეს სასწავლებელში დავიწყე და დროებით სამსახურებთან, მოდელობასთან ერთად ნელ-ნელა ვვითარდებოდი.

- ჩემზე ამბობენ...

- ...გიჟიაო. ზოგიერთ შემთხვევაში ის, რაც ჩემთვის ნორმაა, ოჯახის წევრებისთვის ნორმა არ არის.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ვერ ვიტყვი, რომ მნიშვნელოვან ცვლილებებს შევიტანდი. ამ გადმოსახედიდან, ჩემი თავი პიროვნულად ძალიან მომწონს, ეს კი იმის დამსახურებაა, რაც გავიარე.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...იყო, როცა უმაღლეს სასწავლებელში მისაღებ გამოცდებზე, მათემატიკაში უმაღლესი შეფასება მივიღე. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემთვის საოცარი ამბავი.

- ყოველთვის მრცხვენია...…

- ...გუშინ საჭესთან ისე მოვიქეცი, მერე ჩემი საქციელის გამო ძალიან შემრცხვა. უსამართლობას ვერ ვიტან, ამ დროს ჩვეულებრივი "ცხოველი" ვხდები. გუშინ ჩემ წინ ჯიპი მიდიოდა, მძღოლმა მანქანიდან სიგარეტი გადმოაგდო. ჟესტიკულაციით მივახვედრე, მასზე რაც გავიფიქრე. ხომ შეიძლებოდა, ამაზე რეაქცია საერთოდ არ მქონოდა ან მქონოდა და არ გამომეხატა?!

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...საღ გონებაზე ვარ და გარკვეული მაქვს, რა მსურს.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ჩემზე ჭკვიან ადამიანებს მოვუსმინო. მათი "ლექციები" სულ მაინტერესებს, ასეთი ადამიანები ანალიტიკურ აზროვნებაში მეხმარებიან, მათ გამოცდილებას ვითვალისწინებ.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ემპათია (უნარი გაგებულ იქნას სხვა ადამიანთა ქცევა და დამოკიდებულება), ამავდროულად კარგი მსმენელი ვარ.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...გულმავიწყობა, გაფანტული გონება და ცუდი მეხსიერება მაქვს.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ცხოვრება. არც ვიცი, ბევრი შეცდომა მაქვს თუ არა დაშვებული, ამაზე ზუსტი პასუხი წლების შემდეგ უფრო მეცოდინება. ამ ცხოვრებაში ხომ ყველა მოვლენა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ზოგჯერ ქცევას, რომელიც შეიძლება იმ წუთში მიზანშეწონილი არ არის, კარგი უკუკავშირი მოჰყვება. სად დავუშვი შეცდომა და სად არა? - ამას ალბათ სიკვდილის წინ მივხვდები.

- თავისუფლება არის...

- ...საკუთარი თავის სიყვარულიდან გამომდინარე, საკუთარი სურვილების ყურის დაგდება და ცხოვრებაში რეალიზება. ამ ბოლო დროს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, ვგრძნობ, ჩემი გული და გონება ერთმანეთთან თანხვედრაშია. წლების წინ, უმეტეს შემთხვევაში, ერთმანეთისგან გამიჯნული იყვნენ.

- როცა მარტო ვარ...…

- ...თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ბოლო დროს გამიტაცა აუდიოწიგნებმა, პრაქტიკულია.

- სიყვარული ეს...

- ...კარგი რამეა. ამ სამყაროში ჰარმონიულად არსებობის პირველი კომპონენტია. ჩემთვის "შეყვარებულობა" მაშინ დაიწყო, როცა საკუთარი თავი შევიყვარე. მერე სხვა ადამიანების სიყვარულიც სხვა ხარისხში ავიდა. მივხვდი, რამხელა ძალაა ამ სამყაროში, რომელსაც შეუძლია, შენკენ ყველა და ყველაფერი კეთილშობილურად შემოატრიალოს.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ეს ამბავი თინეიჯერობის წლებში იყო. ერთი კარგი ბიჭი შემიყვარდა. გრძნობას დაუფარავად, კომპლექსების გარეშე გამოვხატავდი. მხოლოდ მამამ არ იცოდა ეს ამბავი და არც ვიცი, ასე რატომ მოხდა, დედამ დაუმალა და მერე ათას რამეს იგონებდა, მისთვის სათქმელად, სად ვიყავი და რას ვაკეთებდი. ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, არ დავუმალავდი. სიყვარულთან ერთად ჩემში მოვიდა განცდა, რომ ვიყავი დიდი გოგო, ვიყავი საჭირო და ძვირფასი ადამიანი. იმ ასაკში ამ ყველაფრის გააზრება მნიშვნელოვანი იყო.

- ჩემი პირველი სიყვარული დასრულდა...

- ...ბევრი ტრაგიკული ამბავი მაქვს ცხოვრებაში და ეს ერთ-ერთი მთავარია. ამ ადამიანმა სიკვდილს თვალებში ჩახედა და ერთი წელი იბრძოდა, რომ გადარჩენილიყო. შემდეგ ის დაბრუნდა საქართველოში და ჩვენ ერთმანეთს - უკვე სხვადასხვა ადამიანი შევხვდით. მერე დიდი ხანი მქონდა ტკივილი, მაგრამ გადავიტანე. ის ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობს, ყველა ოცნება აიხდინა.

- ახლა შეყვარებული...…

- ...ვარ და თან, ძალიან ბედნიერი.

- ამ ურთიერთობას ოფიციალური სახე...…

- ...შეიძლება მივცე. ამ თემაზე საჯაროდ ლაპარაკი დიდად არ მიყვარს, თვალის ცემა იცის (იცინის). ეს ადამიანი სელებრითი არ არის, მხოლოდ თავის წრეში იცნობენ, ბიზნესმენია.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...…

- ...მზემ. რაც უნდა მჭირდეს, ჩემს ფანჯარასთან მზის სხივები თუ აღწევს, ეგრევე კარგი განწყობა მეუფლება.

- მენატრება...

- ...მამა.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...რატომ აღარ გადმომირეკე? - ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ მახსენდება, რომ დავპირდი, - შევჭამ და გადმოგირეკავ-მეთქი.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...ხელში ავიყვანდი საკუთარ თავს და კარგად ვივარჯიშებდი, ამ მხრივ ძალიან გაზარმაცებული ვარ. პანდემიის პერიოდში აქტიურად ვვარჯიშობდი, მას შემდეგ, რაც კორონა შემხვდა, მოდუნებული ვარ.

- ვუფრთხილდები...

- ...ჩემი შვილის ფსიქიკას. უკვე დიდი ბიჭია, ოქტომბერში 10 წლის ხდება.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ესპანური ენა. ამ ბოლო დროს გონებრივი და ფიზიკური აქტივობის პარიოდი არ მაქვს, სხვა ამბებზე ვარ გადართული.

- ვიტყუები...

- ...იშვიათად. ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ტყუილი ვიღაცას სასიკეთოდ გამოადგება. შეიძლება დიალოგში ადამიანს რაღაც იმიტომ მოვატყუო, რომ მეტი სტიმული მივცე.

- საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავ...…

- ...როცა უსამართლობას ვაწყდები. თუ ვხედავ, ვინმეს ჩაგრავენ, შემიძლია, დანის პირზე გავიარო, ხანჯლიან კაცთან მივიდე.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...არ ვითამაშებ პორნოგრაფიაში, არ ვუღალატებ ჩემს მთავარ ღირებულებებს. საკუთარი თავის და სურვილის წინააღმდეგ არასდროს წავალ, დანარჩენი წვრილმანებია.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...დიდი ხანია ეგ განცდა არ მქონია. უკვე ყველანაირ სტრესულ სიტუაციას მსუბუქად აღვიქვამ და ძალიან აღარ განვიცდი. ადრე რასაც სტრესულ სიტუაციას ვარქმევდი, დღეს ის ჩვეულებრივი ამბავია. როცა პრობლემას ემოციას მოხსნი, აღიქვამ უბრალო საკითხად, რომელსაც მერე მარტივად აგვარებ. პესიმისტურ და ნეგატიურ ემოციას არავითარ შემთხვევაში არ უნდა აჰყვე. ამ მიდგომით, არ არსებობს სიტუაცია, რომლიდანაც საკუთარ თავს 7 წუთში არ გამოვაძვრენ.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...დარიგება არა, მაგრამ სულ მახსოვს ჩემი პირველი შეყვარებულის სიტყვები. ის ძალიან ჭკვიანი ბიჭი იყო, ბევრი რამ "გამომაყოლა". ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. ახლა რომ ვუკვირდები, ცოტათი ეგოცენტრული და ნარცისი იყო. ერთხელ მითხრა, როცა სავარძელში ჯდები, იქამდე იწრიალე, სანამ კომფორტულად არ მოკალათდებიო. სულ მახსოვს და ლამის ყველა სავარძელში ჩაჯდომისას მახსენდება.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ვიყოთ მეტად ლაღები, პოზიტიურები, ამ მოჭარბებული ნეგატივის ფონზე, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია!

თამუნა კვინიკაძე