"დაყვავებითა და სიყვარულით უნდა ვაკეთოთ ყველაფერი" - გზაპრესი

"დაყვავებითა და სიყვარულით უნდა ვაკეთოთ ყველაფერი"

მსახიობი მაკა შალიკაშვილი ძალიან საინტერესო და ემოციური მოსაუბრეა. მისი ცხოვრების მთავარი აფორიზმია "ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია". თვლის, რომ ქართველი და უცხოელი მწერლების ნაწარმოებები, გამონათქვამები, ლექსები ხშირად უნდა გავახსენოთ მკითხველს და რომ ეს რუბრიკა ამისთვის კარგი გზაა.

- "იმ წრეს, სადაც ბავშვი პირველ ხანიდანვე ტრიალებს, დიდი გავლენა აქვს მთელს ადამიანის მერმისზედ" (ილია ჭავჭავაძე).

- სხვანაირად წარმოუდგენელია. ბავშვის მომავალზე ნამდვილად დიდი გავლენა აქვს წრეს, სადაც იზრდება. ბევრი რამ მახსოვს, რასაც მშობლები მასწავლიდნენ, მაგრამ ყველაზე მეტად ის, რომ მაკა არის ძალიან იღბლიანი. ამან ხელი შემიწყო მებრძოლა და მიმეღწია მეტისთვის. ამ სიტყვებმა თითქოს ძალა შემმატა. დედისა და მამის ნათქვამი სიტყვა ბავშვზე ძალიან მოქმედებს. როდესაც მას ესმის, რომ კარგია, ნიჭიერია, ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული და ყველაფერი გამოუვა, იჯერებს. მაკა იცხოვრებს, მაკა ამას შეძლებს - ასეთმა დამოკიდებულებამ განაპირობა ბევრი რამ, თუმცა, ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა დიდობაში. მამამ იცის, დედას არაფერი გაუჭირდება, რადგან მაკა არსებობს, დედამ - პირიქით; მეგობარმა იცის, რომ სადაც მაკაა, იქ ყველაფერი მოგვარდება და ა.შ. მერე რაღაცნაირად გავალდებულებენ კიდეც ადამიანები, რომ შენ ყველაფერი გესმის და ყველას უნდა გაუგო, ყველას უნდა აპატიო. მეც მივსულვარ პატიებისთვის და - პასუხი?.. - მიხვდი, რომ დამნაშავე ხარ? ხომ გეუბნებოდიო?! ასეთია ადამიანის ბუნება - ვერ ხვდება, თვითონაც თუ არის დამნაშავე.

- "ეგოიზმის ყველაზე სრულყოფილ ფორმას დედის სიყვარული ჰქვია" (ზიადელი).

- გეტყვით, რა ცუდია დედური ეგოიზმი და რატომ შეიძლება ამან შვილი დაღუპოს. ეს ძალიან მტკივნეული თემაა ჩემთვის. დედა განიცდის და ტირის, ვთქვათ, იმიტომ, რომ მისი შვილი ნარკოდამოკიდებულია. ზოგჯერ ვერც ხვდება, რა დააშავა თვითონ ან ოჯახის სხვა წევრმა; ვერ ხვდება, რომ ზედმეტმა სიყვარულმა შეიძლება უარყოფით შედეგამდე მიგვიყვანოს. ჯერ მარტო რამდენი ოჯახია დანგრეული დედის ეგოისტობის გამო. ვცდილობ, ეგოისტურად არ მიყვარდეს ჩემი შვილი და მას ჰქონდეს შესაძლებლობა აირჩიოს ის, რაც და ვინც თვითონ უნდა და არა ის, რაც მე მომწონს. ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ ჩაერიო მის ცხოვრებაში და უთხრა, რაც გინდა, ის ქენიო, მთლად "მიშვებაც" არ მომწონს. ეგოიზმი გვერდით უნდა გადავდოთ და შვილებს ვუყუროთ, როგორც დამოუკიდებელ ადამიანებს. ჩემმა შვილმა რამდენჯერმე მითხრა, თვითონ გადავწყვეტო. გულწრფელად გითხრათ, დემოკრატიული აღზრდა - როგორც ბავშვს უნდა, ყველაფერი ისე უნდა იყოს, მაინცდამაინც არ მომწონს... ხშირად მიწევს მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით და შევსწრებივარ, ახალგაზრდები, სკამზე გადაწოლილ-გადაშხლართულები, ტელეფონს რომ ჩასცქერიან და ადგილს არ უთმობენ უფროსს. რა ვქნა, ასეთი საქციელი არ მომწონს. შე უზრდელო, აეთრიე და მე დამსვიო, - ზოგჯერ ასეც მიმართავენ ახალგაზრდებს და არც ეს მგონია სწორი საქციელი. ამ სიტყვების შემდეგ არ ადგება, მხოლოდ აგრესიას გამოიწვევ მასში. აბა, უთხარი ტკბილად და თბილად, - ბებო, იქნებ ადგილი დამითმო, შენს გახარებასო. დარწმუნებული ვარ, წამოხტება. მხოლოდ და მხოლოდ დაყვავებით, სიყვარულით უნდა ვაკეთოთ ყველაფერი.

- "რა საჭიროა ცხოვრება, თუ არ ცდილობ სხვისი ყოფის შემსუბუქებას?!" (თომას ელიოტი).

- კარგი სიტყვებია, არანაირი აზრი შენს ყოფას არა აქვს, თუ არ ცხოვრობ იმისთვის, რომ სხვებს შეუმსუბუქო ყოფა. ადრე ვწუწუნებდი, ვამბობდი საყვედურს ჩემი ყოფის გამო. ყოველდღიურობა რთულია. ამას წინათ მკითხეს, თუ წაგირთმევიათ ვინმესთვის როლი და პირიქით, ვინმეს თუ წაურთმევია თქვენთვისო? ადრე შეიძლება ხდებოდა მსგავსი რამ, დღეს რაღაა წასართმევი - ან მე რა უნდა წავართვა სხვას, ან სხვებმა რა უნდა წამართვან? ცოტა არ იყოს, მრცხვენია, ადამიანებს ველაპარაკო იმაზე, როგორ და რა მიჭირს, მით უმეტეს დღეს, როცა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დავდივართ. აი, ხომ ხედავთ, რა მოხდა ამ დღეებში, - ახალგაზრდა ქალმა გაიკეთა ვაქცინა და 2 წამში დამთავრდა მისი სიცოცხლე. სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი არაფერია, ამიტომაც ჯობს, ერთმანეთზე ვიზრუნოთ.

GzaPress

- "მოთმინება ისეთი უნარია, რომელიც მაშინ ამოიწურება, როცა ყველაზე მეტად არის საჭირო" (უილიამსი).

- რთულია მოთმინების გამომუშავება. სწავლობ მოთმინებას, სხვა გზა არ გაქვს. რომ ვთქვა, არ მოვითმენ-მეთქი, რას მოვიგებ? ბევრჯერ არ მომითმენია, გამწყდარა ძაფი და გადავსებულა ფიალა, მაგრამ - აზრი?.. თუმცა, არის შემთხვევები, როცა არ უნდა მოითმინო, უნდა თქვა.

- "ფული არ გაგაბედნიერებთ. მე 50 მილიონი მაქვს და ზუსტად ისეთივე ბედნიერი ვარ, როგორიც მაშინ, როცა 48 მილიონი მქონდა" (არნოლდ შვარცენეგერი).

- ერთხელ რეპეტიციაზე ლევან წულაძემ თქვა, ნივთმოყვარე ადამიანის არ მესმისო და მკითხა, მაგალითად, ძალიან გინდა ჩექმა, ვერ ყიდულობ, მაგრამ ყველაფერი გააკეთე და ბოლოს მაინც იყიდე, - აი, მერე რაო?!. მაშინ რაღაცნაირად შემძრა ამ ნათქვამმა. მართლაც, იყიდე ძვირად ღირებული მანქანა, რა იცვლება ამით? დიდი არაფერი, ბედნიერება სულ სხვა რამეშია.

- "ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობა შეუძლებელია! მათ შორის შეიძლება იყოს ვნება, მტრობა, წყენა, სიყვარული... მეგობრობა კი - არა!" (ოსკარ უაილდი).

- ნაწყენ მამაკაცსა და ქალს შორის მეგობრობის არ მჯერა. მეგობრებად დავრჩეთო, დაშორების შემდეგ რომ ეუბნებიან ხოლმე ერთმანეთს, ეს არ მესმის, თორემ მე მყავს ნამდვილად კარგი მეგობრები, ბიჭები, რომლებთანაც ვძმაკაცობ.

- "ერთი ქალი არასდროს აღიარებს მეორის მშვენიერებას" (გოტფრიდ ლესინგი).

- ძალიან ცდება ლესინგი, მაკა შალიკაშვილს რომ არ იცნობდა, ამის ბრალია (იცინის). მე ყოველთვის ვაღიარებ, როდესაც მომწონს ვინმე. არასდროს მიჭირს კომპლიმენტის თქმა და თვითონაც მსიამოვნებს სხვებისგან. მახსოვს, პირველად ლამაზი ხარო, მითხრეს, როცა წამყვანი ვიყავი. ხშირად ამბობდნენ, ნიჭიერიაო, მაგრამ ლამაზიო, ამ სიტყვით არ მანებივრებდნენ და ყოველთვის მიხაროდა ამის მოსმენა.

- "ქვრივად დარჩენა სჯობია, ზარმაცი კაცის ყოლასა" (ადიღეური აფორიზმი).

- ქმრის სიკვდილი იგულისხმება, ხომ? იყოს ზარმაცი და ცოცხალი, ყოჩაღი გოგო ვარ და ვარჩენ, არ არის პრობლემა. მუშაობას ბავშვობიდან მიჩვეული ვარ. ეს - ხუმრობით, ისე კი, უსაქმური კაცი მაინცდამაინც სანატრელი არ არის. ხშირად ქალებიც აზარმაცებენ კაცებს, მაგალითად, დედები - ვაჟიშვილებს და ამიტომაც იზრდებიან უპასუხისმგებლოები.

- "სიყვარულს ისეთი სათვალე უკეთია, რომლითაც სპილენძი ოქროდ გეჩვენება, სიღარიბე - სიმდიდრედ, ხოლო ცეცხლის ნაპერწკლები - მარგალიტებად" (მიგელ დე სერვანტესი).

- მე აღარაფერი აღარ მეჩვენება ლამაზ ფერებში, საკმაოდ ფართოდ გახელილი თვალებით ვუყურებ და ვხვდები, ვინ რისი პატრონია (იცინის). არც სპილენძი მეჩვენება ოქროდ და არც შავი ზღვა თეთრად. ძნელია ჩემი მოხიბვლა ამ ეტაპზე. მე ვიღებ ისეთს, როგორიც არის, რადგან ასე მაწყობს, მჭირდება, მიღირს. როცა ასეა, იტან ზარმაცსაც და თუ ატანაზეა საქმე, მე თუ მკითხავთ, არც ღირს ურთიერთობა. შეცვლით ვერავის შეცვლი, ჩვენს ასაკში ადამიანები აღარ იცვლებიან.

- "წარმატებულია ქორწინება, როდესაც ქალი ცოტათი ბრმაა, მამაკაცი კი ცოტათი ყრუ" (გორდონ დინი).

- აი, წეღან რასაც ვამბობდი, ეგ ამბავია, - უნდა გიღირდეს, თვალი დაიბრმავო და ყური მოიყრუო. როდესაც სიყვარული ქრება და სიცარიელე ისადგურებს გულში, ამ შემთხვევაში ვეღარ ხუჭავ თვალს და ყველაფერს ლაპარაკობ, აღარ არსებობს მუხრუჭი ანუ სიყვარული. და თუ სიყვარული აღარ არის, ანადგურებ გარშემო ყველაფერს და იზიანებ საკუთარ თავსაც. ომი, ხომ იცით, ყველაფერს ანადგურებს.

- "ყოველთვის მოიძებნებიან ისინი, ვინც ტკივილს მოგაყენებენ, მაგრამ არ უნდა დაკარგო რწმენა ადამიანების მიმართ, უბრალოდ, ცოტა ფრთხილად იყავი" (მარკესი).

- ძალიან მიყვარს მარკესი. არ მიყვარს ასკეტი და ადამიანის მოძულე ადამიანები. ვფიქრობ, ყველაზე დიდი გმირობაა, სირთულეებს გაექცე კი არა, პირიქით - ბრძოლის ველზე დარჩე და იცოდე, როგორ დაიცვა თავი. რთულია, მაგრამ სხვანაირად ვერ გადარჩები. ერთ რამეს მივხვდი - ვინც გული მატკინა, ვინც არ დამინდო და ცუდი გამიკეთა, ე.ი. მე მივეცი ამის საშუალება. ამიტომაც გულისტკენა გამიქრა. შენ თუ არ დაიცავი საკუთარი თავი, სხვა არ დაგიცავს, ეს უნდა იცოდე. ყველაზე დიდ ტკივილს მაყენებს, როდესაც მსახიობზე იტყვიან ხოლმე, კომიკური ჟანრის მსახიობია და დრამაში არ გამოდგებაო. ამაზე დიდი შეურაცხყოფა არ არსებობს მსახიობისთვის...

- "ადამიანს ისე არაფერი ამძიმებს, როგორც ცარიელი თავი" (სოლომონ დოდაშვილი).

- რა თქმა უნდა, ცარიელ თავთან ურთიერთობა ჩემთვის არის რთული, თორემ მისთვის ალბათ სულერთია: ის ხომ ვერ გრძნობს საკუთარი თავის სიცარიელეს.

- "რაა სიკვდილი? - ზოგისთვის წამი, ზოგისთვის მთელი ცხოვრება. ზოგი დაბადებიდან გრძნობს თანდაყოლილ სიკვდილს და მანამდე აწვალებს ამის შიში, სანამ სულ-ხორცი არ გაეყრება ერთიმეორეს" (გოდერძი ჩოხელი).

- "მარადიულ უკუნში წუთით გამოიდარა,/ ამ ქვეყანას მოვსულვართ არარაობიდანა./ დავბრუნდებით, გადავალთ არარაობაშივე/ წუთისოფლის სტუმრებო, აბა, რაღა გვაშინებს?" შოთა ნიშნიანიძეს ეკუთვნის ეს საოცარი ლექსი. მამა ადამ ახალაძეს, მოძღვარს, რომელიც საოცარ ლექსებს წერს, შვილი გარდაეცვალა. ჩვენ ხშირად ვკითხულობდით ლექსებს დუეტში. მახსოვს, მიხოს ხსოვნის ერთ საღამოზე ვკითხულობდი მის ლექსს "იქ და აქ", რომელიც არაერთხელ წამიკითხავს სხვა დროსაც. უცებ მივხვდი, რომ ამ ლექსში და არა მარტო მასში, დანახული და ნაწინასწარმეტყველები იყო საკუთარი ბედი, ისიც, რომ შვილი გარდაეცვლებოდა და ისიც, როგორ დარჩებოდა ამ ტკივილთან ერთად. ალბათ, მხოლოდ ჭეშმარიტ პოეტებს, უფალთან ახლოს მყოფ შემოქმედებს შეუძლიათ იგრძნონ და იწინასწარმეტყველონ მომავალი. მთელი ჩვენი ცხოვრება სიკვდილთან მიახლოებისა და მასთან გაშინაურების მცდელობაა.

ნინო ჯავახიშვილი