"ხშირად, გულგრილობა კლავს ნიჭს, ერთმანეთს ნაკლებად ვაფასებთ"
font-large font-small
"ხშირად, გულგრილობა კლავს ნიჭს, ერთმანეთს ნაკლებად ვაფასებთ"
დავით კვირცხალია ქართველ ქალებსა და მისი თაობის ღირსეულ წარმომადგენლებზე

რუსთაველის სახელობის თეატრის დასის წევრს, მსახიობ დავით კვირცხალიას ამჯერად მისი თაობის წარმომადგენლებზე სასაუბროდ დავუკავშირდი. იმდენად საინტერესოდ წარიმართა ინტერვიუ, რომ არ შემიძლია, ახლაც არ ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა არ გადავუხადო მსახიობს, რომელიც ფიქრობს, რომ წარსულს კი არ უნდა მივტიროთ, არამედ მომავალზე ვიფიქროთ და ყველა თაობის ადამიანი ერთნაირად დავაფასოთ.

- ჩემი თაობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიბადა. იმ პერიოდში არ იყო დალხენილი ცხოვრება, ბევრი ბავშვი უმამოდ იზრდებოდა, რადგან ოჯახის უფროსები გადასახლებულები იყვნენ. საკუთარ რელიგიაზეც კი არ შეგვეძლო ჩვენ ლაპარაკი, აკრძალული გვქონდა ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ... მერე შეიცვალა ყველაფერი და დღეს ჩუმად კი არა, ხალხი მდინარეებში ინათლება, ნათლობის ცერემონია პომპეზური გახდა და ეს ხომ ვიღაც დიდი ადამიანის დამსახურებაა, რომელმაც მოახერხა, რომ ხალხს მისცემოდა შესაძლებლობა, საკუთარ სარწმუნოებაზე ხმამაღლა ესაუბრა.
- თუმცა, ახლაც ბევრი მისტირის საბჭოთა დროს...
- კი, საბჭოთა კავშირი ბევრს ენატრება და იხსენებენ რაღაცებს, კარგი დრო იყოო, ყველაფერი ბევრად იაფი ღირდაო. კაცო, იაფი იყო, მაგრამ არ იშოვებოდა და რას იყიდდი? ფოტოებს დებენ, თბილისური ამარკორდიო და, სურათზე ერთი მანქანა ჩანს მთელ ქუჩაზე. კარგია ეს? ჰაერი და სივრცე ენატრებათ ალბათ... ყველა დროს აქვს თავისი კარგი და ცუდი მხარეები. ძველი დრო მხოლოდ იმიტომ არ უნდა მოგვწონდეს, რომ მაშინ ახალგაზრდები ვიყავით. ახალგაზრდობაში მეც კარგი ბავშვი გახლდით, მშვენივრად ვსწავლობდი, დედ-მამა მყავდა და არაფრის მეშინოდა - ეს, რა თქმა უნდა, კარგი იყო ჩემთვის, მაგრამ იმას რომ მივტიროთ, თვითმფრინავის ბილეთი 37 მანეთი ღირდაო, ეს არ მომწონს. იმას რატომ არ ამბობთ, ახლა ჩვენი ფული და ჩვენი თვითმფრინავი რომ გვაქვს?! მოდი, დავანებოთ თავი წარსულზე წუწუნს და მომავალზე ვიზრუნოთ.
- შეგიძლიათ თქვენი თაობის გამორჩეული პერსონები დამისახელოთ?
- მხოლოდ ჩემი პროფესიის წარმომადგენლებზე შემიძლია თამამად ვილაპარაკო: უნიჭიერესი ზურა ყიფშიძე, მურმან ჯინორია, მარი ჯანაშია, ნანი ჩიქვინიძე, მანანა გამცემლიძე და ა.შ. რომელი ერთი დავასახელო? ამ ადამიანებმა თავისი მოკრძალებული, მომხიბვლელი შრომით შექმნეს რაღაც სიმაღლეები, რომელიც ამკობს და ამშვენებს მათ ბიოგრაფიას. ჩემს თაობაში ნამდვილად ფასობდა განათლებაც და შრომაც.
- როგორი ურთიერთობა იყო უფროს-უმცროსებს შორის?
- ყველანაირი, როგორც ახლაა. იყო მორიდება და მოკრძალება, "ამოვარდნილობა" და ზნედაცემულობაც... სკოლა ხომ ჭრელია. დაირეკება შესვენების ზარი და ზოგი მასწავლებლის გასვლას არც ელოდება, ისე გაანგრევს ფეხით კარს, ზოგი კი წიგნს არ უშვებს ხელიდან და მომდევნო გაკვეთილისთვის ემზადება - ასეთები იყვნენ ყოველთვის და ასე იქნება მუდამ. დროს და თაობას, ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არა აქვს...
- ყველა თაობაში იყვნენ სილამაზით გამორჩეული ქალები. ვინ მიიჩნეოდა თქვენს დროს სილამაზის ეტალონად.
- საქართველოში ეს კითხვა არ უნდა დაისვას, რადგან ქართველი ქალები ყოველთვის გამორჩეულები იყვნენ თავიანთი ბანოვანებით, ნიჭიერებით და სილამაზით. სტერეოტიპია, თითქოს ლამაზი ქალი არ შეიძლება იყოს ნიჭიერი. როგორ გეკადრებათ, აბა, ვინ იყო ნატო ვაჩნაძე, ლია ელიავა, ვერიკო ანჯაფარიძე? ნიჭი აკლდათ თუ სილამაზე? სესილია თაყაიშვილი ხომ ლამაზიც გახლდათ, ნიჭიერიც და საბოლოოდ - ყველას ბებიაც? ვისზე ნაკლებია ქალბატონი ანა კალანდაძე, თუნდაც თავისი პოეზიით?! ჩემი თაობის წარმომადგენელი იყო ლიკა ქავჟარაძე. ყველაფერი ჰქონდა ღვთით მომადლებული: სილამაზე, სმენა, პლასტიკა... ლიკასნაირი ფენომენი რომ გაჩენილიყო ამერიკაში, იქ აუცილებლად გვერდით ეყოლებოდა მასზე შეყვარებული სცენარისტი, რომელიც მხოლოდ მისთვის დაწერდა სცენარებს და უამრავი როლი ექნებოდა ნათამაშები. იქ ადამიანს აძლევენ შანსს, საკუთარი თავი ბოლომდე წარმოაჩინოს. ყველამ უნდა იგრძნოს, რომ ტყუილად არ მოსულა ამ ქვეყანაზე. აქ კი ხშირად, გულგრილობა კლავს ნიჭს, ერთმანეთს ნაკლებად ვაფასებთ. აბა, ახლა როგორი ახალგაზრდები, ბავშვები გვყავს? შეხედეთ, ამ პატარა საქართველოში უმეტესობა მღერის, ცეკვავს - ნიჭის ზეიმია და როგორ შეიძლება, მათ ყურადღება არ მიაქციო, ხელი არ შეუწყო?
- ბევრი ასაკოვნისგან მსმენია, ახლანდელები უწიგნურები არიან და ზედმეტი თავისუფლება უზრდელობაში გადასდითო...
- ასეთები ხომ ყველა თაობაში იყვნენ... რატომღაც, ადრე კლიშე იყო, დამცინავად, ირონიით უნდა შეეხედათ ბიჭისთვის, რომელიც რაღაც მიზეზით არ მოსწონდათ და ასეთებს "დედიკოს ბიჭს" ეძახდნენ. ეს არასდროს მომწონდა. ჩემს ბავშვობაში მოზარდებს რცხვენოდათ გაემხილათ თავიანთი სურვილები, რადგან ამის გამო შესაძლოა, დაცინვის ობიექტები გამხდარიყვნენ. ხმამაღლა ყველა ამბობდა, რომ სურდა გამოსულიყო იურისტი, ექიმი, ისტორიკოსი ან რაღაც ამდაგვარი. უამრავ ფულს ხარჯავდნენ მშობლები, რომ ვთქვათ, ექიმი გამხდარიყო მათი შვილი. მართლაც, დიდებული პროფესიაა, მაგრამ ბავშვს არ ეკითხებოდნენ, უნდოდა თუ არა, შესაბამისი ნიჭი ჰქონდა თუ არა. იცით, დედაჩემსაც უნდოდა, თეთრი ხალათი მცმოდა, მაგრამ როცა დავინახე, ვიღაცას ვენაში ნემსი გაუკეთეს, გული წამივიდა, ე.ი. არ გამოვიდოდა ექიმი ჩემგან...
მოვუწოდებ 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს, ახალი თაობის განსჯის ნაცვლად, მოდი, დავფიქრდეთ და გავიხსენოთ ყველა ის ნიჭიერი ხალხი, რომელიც გვეამაყება - ამით ჩვენც ვისიამოვნებთ და თან, პატივს მივაგებთ სახელოვან ადამიანებს.
GzaPress
- რა ითვლებოდა თქვენს ბავშვობაში ღირსეულ და უღირს საქციელად?
- ჩემთვის უღირსობა იყო, რომ ვაჟა-ფშაველას საჭმლის ფული არ ჰქონდა. როცა ასეთი გენიოსი გყავს, უნდა დააფასო, ეთაყვანო. ვაჟა-ფშაველა უბრალო მოვლენა არ იყო. ის ზეკაცი გახლდათ, რომელიც ისე აზროვნებდა, როგორც არავინ. შეიძლება ილია ჭავჭავაძეს ესროლო? - არადა, მერე ალბათ ასეთი გულგრილი ხალხიც მოუწოდებდა რაღაცებისკენ მომავალ თაობებს... რთული თემაა, რასაც მეკითხებით. აბა, მაქვს უფლება, ჩემს შვილიშვილს ვუთხრა, ადე, წადი და ივარჯიშე-მეთქი, როცა ხედავს, რომ მე თვითონ არ ვვარჯიშობ? მაგალითი თავად უნდა მივცეთ უმცროსებს. საბედნიეროდ, ყოველ დროს ჰყავს მაგალითის მიმცემი, ღირსეული ადამიანი, რომლებიც თავს სწირავდნენ ქვეყნისა და ხალხის გამო - ასეთებს უნდა ვაფასებდეთ, ვაწინაურებდეთ და არა "ჩამშვებებს".
- რას ნიშნავდა მოზარდი ბიჭებისთვის "ქუჩის ინსტიტუტი"?
- იცით, რა, ძლიერ ადამიანს (მხოლოდ ფიზიკურ სიძლიერეს არ ვგულისხმობ) დამხმარე "ზურგები" და მოგონილი ინსტიტუტები არ სჭირდება. ძლიერი ადამიანი ყველაფერში ძლიერია! არ ვამბობ, რომ ქუჩაში დგომა არ შეიძლება, რომ იქ ყველაფერ ცუდს ისწავლი, მაგრამ არც "ქუჩის ინსტიტუტის" გაცემული დიპლომი მინახავს რატომღაც. ეს საოცნებო სამყარო არასდროს ყოფილა ჩემთვის. მე უფრო ის ბიჭი მომწონდა, რომელიც ჩუმად მიდიოდა ქუჩაში და ნოტების რვეულს სადმე მალავდა, რომ არ დაეცინათ. ნოტებს ქუჩაში ვერ ისწავლი!.. საბედნიეროდ, ახლა დამოკიდებულება შეიცვალა... ქუჩაში მუსიკოსებს რომ ვხედავ, მათ მიმართ დიდი სიმპათიით ვიმსჭვალები. ისინი ხომ იქაც შრომობენ და არ მაქვს უფლება, მათ გვერდით გულგრილად ჩავუარო. შემიძლია დავდგე, მოვუსმინო. კალამი ვისაც უჭრის, ის ამ ადამიანებზე შესანიშნავ ნოველასაც დაწერს...
- ალბათ ჩხუბს არაერთხელ შესწრებიხართ და შესაძლოა, თავადაც ბევრჯერ ჩარეულხართ. ასეთ დროს იარაღის გამოყენება ცუდ ტონად მიიჩნეოდა?
- ყველა საუკუნეში იყენებდნენ იარაღს. ჩვენ რომ გვინდა წარმოვაჩინოთ, ყველაფერი ასეთი იდეალური ვერ იქნება. მაგალითად, გავიხსენოთ პუშკინის დუელი. ფილოსოფოსები გამოდიან და ზოგი დანტესს ამართლებს დღემდე, ზოგი პუშკინს იცავს... არადა, ამდენი ხნის მერე მტყუან-მართლის გარჩევა კი არა, ის თქვი, ადამიანო, ეს ფაქტი მოგწონს თუ არა?.. ილია ჭავჭავაძეს ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების მეტი ხომ არაფერი უკეთებია და როგორი შეთქმულება მოუწყვეს! ისიც იარაღით არ მოკლეს? მერე ისინიც ამტკიცებდნენ ალბათ, იარაღით არ უნდა იარო ქუჩაში, ცუდი ტონიაო. როგორ, ჩოხა რომ ეცვათ, ქართველები იარაღს არ დაატარებდნენ? დამბაჩა და სატევარი ყველას ჰქონდა, ზოგი ლეკურ ხმალსაც არ იშორებდა...
ჩემს ახალგაზრდობაში მართალია, არ გვქონდა იარაღი, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეს ცუდი ტონი იყო და კარგ ბიჭს მხოლოდ საკუთარი მუშტის იმედი უნდა ჰქონოდა, არამედ იმიტომ, რომ მონები ვიყავით საბჭოთა კავშირის დროს და იარაღი კი არა, ხომ გეუბნებით, ეკლესიაში სანთლის დანთებაც კი გვეკრძალებოდა... სკოლაშიც უნიფორმებით დავდიოდით. ზოგიერთს ესეც მოსწონდა და დღემდე შენატრიან ძველ დროს - რატომ, იცი? ყველა ერთნაირი იყო, არ ჩანდა განსხვავება ბავშვებს შორის. მე კიდევ, ძალიანაც მომწონს კონკურენტუნარიანი გარემო - ასეთ დროს ყველა მოწადინებულია, სხვაზე მეტი იშრომოს მიზნის მისაღწევად. უფალი დაბადებისთანავე გვაძლევს შანსს, რომელიც უნდა გამოვიყენოთ და არ დავითრგუნოთ იმით, რომ სხვას შეიძლება ჩვენზე მეტი რაღაც აქვს. პირიქით, ამან ჟინი უნდა გაგვიჩინოს, რომ ჩვენც საუკეთესო მივიღოთ ამ ცხოვრებისგან...
GzaPress
- სამეზობლოს ფენომენზე შეგიძლიათ ისაუბროთ?
- დავიბადე აბაშაში, მაგრამ მერე ვცხოვრობდით თბილისში, რადგან მამა აქ საავიაციო ქარხანაში მუშაობდა. ერთხელაც რაღაც აუფეთქდათ, მამამ ჩაყლაპა დიდი დოზით მომწამვლელი ნივთიერება და ურჩიეს, საცხოვრებლად დასავლეთ საქართველოში წასულიყო. ამის შემდეგ სამტრედიაში ჩავედით. მოგვცეს ბინა საერთო საცხოვრებელში, სადაც ცხოვრობდნენ უკრაინელები, რუსები, სომხები და ებრაელები. საოცარი ურთიერთობა გვქონდა მეზობლებს და მათ შვილებთან თუ შვილიშვილებთან დღემდე მაქვს ურთიერთობა. ერთმანეთზე საინტერესო ადამიანები იყვნენ...
- მშობლებზეც მიამბეთ...
- დედა პედაგოგი გახლდათ, წლები საჯარო ბიბლიოთეკის გამგედ მუშაობდა. ჩვენს ოჯახში წიგნს და განათლებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. მამა დაგვიტოვებდა მე და ჩემს ძმას წასაკითხ ლიტერატურას და ვიცოდით, რომ დაახლოებით 10 დღის მერე გამოგვკითხავდა. ამ მეთოდით ბევრ წიგნს გვაზიარა... სამტრედიაში გადასვლიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, მამას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ქარხანაში მუშაობა მიატოვა და სკოლაში შრომის გაკვეთილებს ატარებდა. უნიჭიერესი კაცი იყო. ხაზავდა, ხატავდა, ასლის გაკეთება შეეძლო ერთი ერთში, მღეროდა საუცხოოდ. განათლებული კაცი იყო და ხშირად უწევდა თამადობაც. სულ სტუმრიანობა გვქონდა. ბუნჩულა კაცი იყო და როცა დედა გვეჩხუბებოდა, თვალს ჩაგვიკრავდა ხოლმე, ნუ გეშინიათო. სამწუხაროდ, 64 წლისა გარდაიცვალა...
- დაბოლოს, აუცილებლად უნდა გკითხოთ, მომავალი მეუღლე როგორ გაიცანით?
- მე და ჩემი მეუღლე ბავშვობიდან ვიცნობდით ერთმანეთს, მეზობლები ვიყავით, ერთ სკოლაში ვსწავლობდით.
- ანუ ყოველდღე პაემანი გქონდათ...
- (იცინის) არა, ასე არ იყო. ჩვენ არ გვჭირდებოდა გამუდმებით სიყვარულზე ლაპარაკი, ამას ისედაც სულ ვგრძნობდით. არც არასდროს გვიეჭვიანია ერთმანეთზე. კარგი ურთიერთობა გვქონდა მთელი ცხოვრება და დღემდე ასეა, შეხმატკბილებულად ვართ.
P.S. თავს უფლებას მივცემთ და "გრიშა კაკაჩიას" გულშემატკივრებს შევახსენებთ, რომ სულ მალე ბატონი დავითი და "მისი მეგრელები" სერიალში გამოჩნდებიან.
ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნატო დუმბაძის გულახდილი ინტერვიუ
"ჯეკოს" რეალური გამოცდილება და ინტერესები
9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ფოტოს ისტორია და მისი პერსონაჟის "ამქვეყნად დაბრუნების" ამბავი
"ჩვენს მერე, ჯარში პრემიებს აძლევდნენ მეგობრის დასმენაზე"
ვისგან მიიღო თაკო ჭანუყვაძემ შთამბეჭდავი საჩუქარი
ლევან ყოჩიაშვილის 10-წლიანი "ორმაგი ცხოვრება"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი