"ადამიანის გულისტკენაზე ორიენტირებული არ ვარ" - გზაპრესი

"ადამიანის გულისტკენაზე ორიენტირებული არ ვარ"

"ინსტაგრამი" ერთადერთი სოციალური ქსელია, სადაც ცირა კობიაშვილის პოვნა შეგიძლიათ. ახალგაზრდა მომღერალს მიაჩნია, რომ "ფეისბუკზე" გარკვეული თაობის წარმომადგენლები, ვისთვისაც ახალგაზრდების ჩაცმის სტილი, მოსაზრება მიუღებელია, ზედმეტად კრიტიკული კომენტარების წერით ნეგატიურ გარემოს ქმნიან. ამიტომ მომღერალმა "ინსტაგრამს" შეაფარა თავი...

- პირველად შორეულ ბავშვობაში, "მაისფეისზე" დავრეგისტრირდი, შემდეგ - "ფეისბუკზე". მერე, როცა უკვე ხალხმა გამიცნო, გადავწყვიტე, "ინსტაგრამის" პლატფორმაზე გადავსულიყავი, რადგან "ფეისბუკი" ზედმეტად ბევრ დროს მაკარგვინებდა. სოციალურ ქსელში ადამიანებს მეტი საშუალება აქვთ, რომ ერთმანეთთან კონტაქტი დაამყარონ, მოგწერონ... "ფეისბუკზე" ბევრი "პოსტი", კომენტარი ქვეყნდება, უფრო მასშტაბური ქსელია... "ინსტაგრამს" თავი შევაფარე. მგონი, 2015 წლიდან "ფეისბუკზე" ჩემი ანგარიში საერთოდ გავაუქმე. ოფიციალურად მხოლოდ "ინსტაგრამზე" ვარ დარეგისტრირებული, რადგან მინდა, ნეგატიურ ინფორმაციას თავი ავარიდო. მიმაჩნია, რომ "ფეისბუკზე" მეტი უარყოფითი ინფორმაციაა, ვიდრე "ინსტაგრამზე". "ფეისბუკს" მხოლოდ იმისთვის ვიყენებ, რომ საქმის კურსში ვიყო, ქვეყანაზე რა ხდება. ინფორმაციის მისაღებად ხანდახან შევდივარ, ოღონდ - არა ჩემი გვარ-სახელით. სხვა "ექაუნთი" მაქვს, რომლითაც მხოლოდ ტელევიზიების ოფიციალური გვერდები გამოვიწერე.

- ვინმემ იცის, "ფეისბუკზე" რა სახელით ხარ დარეგისტრირებული?

- არა, არა. "ფეისბუკზე" კონტაქტი არავისთან მაქვს. ვისაც ჩემთან დაკავშირება სურს ან ტელეფონის ნომერზე მირეკავს, ან - "ინსტაგრამზე" მწერს, "ფეისბუკზე" ჩემი ანგარიშის შესახებ არავინ იცის.

- რადგან "ფეისბუკზე" მხოლოდ ტელევიზიების ოფიციალური გვერდები გაქვს გამოწერილი, შენი სიახლეების ზოლი სასიამოვნო არ იქნება - უამრავი ნეგატიური ინფორმაცია ვრცელდება...

- კი, მაგრამ არა პირადად ჩემ შესახებ. უბრალოდ, ქვეყანაში რა ხდება, თვალყურს ვადევნებ.

- "ფეისბუკზე" შენი ინკოგნიტო ანგარიშიდან რამე "პოსტი" თუ მოგწონებია, სადმე კომენტარი დაგიწერია?

- არა, არა, საერთოდ არაფერი. უბრალოდ, თუ ტელევიზორთან წვდომა არ მაქვს, მესიჯი მომდის, "ფეისბუკზე" შევდივარ და გარკვეულ ინფორმაციას ვეცნობი.

- შენი გვარ-სახელი "დაგიგუგლავს"?

- ამ მხრივ, მირჩევნია, ჩემი გვარ-სახელი "ფეისბუკის" საძიებო ველში ჩავწერო ხოლმე, თუმცა "X-ფაქტორში" მონაწილეობისას, როცა ჩემ შესახებ ინფორმაციას ბევრი პორტალი აქვეყნებდა, "გუგლში" "ვსერჩავდი", რომ ერთიანად მენახა, ვინ რას წერდა... რადგან "ფეისბუკი" გაუქმებული მაქვს, ამ ქსელის საძიებო ველში ჩემი გვარ-სახელის ჩაწერასაც თავს ვარიდებ, მაგრამ ხანდახან მაინც ვერ ვითმენ და როცა მცალია, ზედაპირულად თვალს გადავავლებ ხოლმე (ძირითადად - როცა რომელიმე ტელეგადაცემა სტუმრად მიწვევს ან ჩემ შესახებ პოსტი ქვეყნდება). 1-2 არაადეკვატურ კომენტარს რომ წავიკითხავ, "ფეისბუკიდან" მაშინვე გამოვდივარ და "ინსტაგრამზე" შევდივარ.

GzaPress

- როგორ ფიქრობ, როგორი ონლაინრეპუტაცია გაქვს?

- საერთოდ, არ მეგულება პოპულარული ადამიანი, ვის შესახებაც 100%-ით კარგს წერენ. სამწუხაროა, რომ საზოგადოების ნაწილმა არაპოზიტიური განწყობა ვერ დასძლია. ჩემთვისაც არსებობს ისეთი რაღაცები, რაც არ მომწონს, მაგრამ კომენტარები საჯაროდ არასოდეს დამიწერია, რადგან არ ვიცი, ჩემს კომენტარს რა მოჰყვება. ზოგი ადამიანი ძალიან ემოციურია. არასოდეს ვარ ორიენტირებული, რომ ვინმეს გული ვატკინო... მიმაჩნია, რომ წინა წლებთან შედარებით, ჩემ მიმართ საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება შეცვლილია. ალბათ იმიტომ, რომ ტელეეკრანზე ხშირად ვერ მხედავენ, "ფეისბუკზე" ანგარიშიც გავაუქმე, აღარ ვაქტიურობ... სიტუაცია ამიტომ მიწყნარდა (იღიმის). ვერ ვიტყვი, რომ ჩემ მიმართ ახლა ძალიან უარყოფით კომენტარებს წერენ, თუმცა, საოცარი კომენტარების ავტორები მაინც არსებობენ, რაც სასაცილოდ არ მყოფნის. წინათ განვიცდიდი, მაგრამ ახლა ვხვდები, ისეთ რაღაცებს წერენ, რაც სიმართლეს საერთოდ არ შეესაბამება.

- მაგალითად?

- მაგალითად, ეს კომენტარი გუშინ ვნახე და გამეცინა: ჩემ შესახებ ვიღაც წერდა - ძალიან სასიამოვნო გოგონაა, თუმცა გადაცემა "ნიჭიერიდან" უარყოფითად მახსოვსო... რეალურად, ხალხმა იმ პროექტის სახელიც არ იცის, რომელშიც ვმონაწილეობდი - სოციალურ ქსელში ბუნდოვნად გაგებულ ამბავს წერენ... საბოლოო ჯამში, არ მიმაჩნია, რომ ცუდი ონლაინრეპუტაცია მაქვს. ალბათ - 50/50-ზეა. რომ ვთქვა, ცუდი რეპუტაცია მაქვს-მეთქი, იმ ხალხმა რა დააშავა, ვინც ჩემ მიმართ დადებითადაა განწყობილი?..

- ცირა, "ინსტაგრამზე" გამოსაქვეყნებელ პოსტებს სპეციალურად გეგმავ ხოლმე?

- "პოსტებს" ისეთ დონეზე არ ვარჩევ, როგორც ამას ბლოგერები აკეთებენ, ვისთვისაც "ინსტაგრამი" სამუშაოა, თუმცა მეტ-ნაკლებად მაინც ვცდილობ, რაღაცნაირად, თემატური "პოსტები" გამოვაქვეყნო.

- როგორ ფიქრობ, "ინსტაგრამზე" ხალხი უმეტესად, დადებით კომენტარებს რატომ წერს?

- ალბათ იმიტომ, რომ "ინსტაგრამზე" ნაკლები ხალხია დარეგისტრირებული. თან, "ფეისბუკზე" ბევრი თაობის ადამიანია. შესაბამისად, შეიძლება კონკრეტული თაობისთვის სიმღერა, ახალგაზრდების ჩაცმის სტილი ან აზრი გამაღიზიანებელი იყოს. მერე, სწორედ ეს ადამიანები ქმნიან ნეგატიურ გარემოს - ძალიან კრიტიკულ კომენტარებს წერენ... "ინსტაგრამზე" უფრო სხვა კატეგორიის ხალხია დარეგისტრირებული. რადგან "ფეისბუკი" უფრო მასშტაბურია, კომენტარებიც, სტატუსებიც ჭრელია. "ინსტაგრამზე" სტატუსებსაც არ წერ მომხმარებელი - მხოლოდ ფოტოებს აქვეყნებ. თან, ინფორმაციის გაფილტვრის ბევრი საშუალება გაქვს, რომ "მობულინგე" ადამიანებს თავი აარიდო.

- ვირტუალური ურთიერთობა რეალურში გადაზრდილა?

- ახლა ხალხს ვირტუალურად უფრო ვეკონტაქტები, ვიდრე რეალურად. თან, ეს ცუდია, რადგან რეალობის შეგრძნება დაკარგული გვაქვს. ხშირად მეგობრების ნახვას ვერც ვახერხებთ. იცით, ეს რატომ ხდება? როცა ადამიანი წელიწად-ნახევარია, არ გინახავს, მაგრამ 24 საათი "ინსტაგრამზეა", მის "სთორებს" ხედავ, ავტომატურად გგონია, რომ მასთან ურთიერთობ და თითქოს მონატრების გრძნობაც აღარ გაქვს. ამ სიტუაციაში კარგი ის არის, რომ ადამიანები ერთმანეთთან კონტაქტს ბოლომდე არ ვკარგავთ და მაინც ვიცით, ჩვენი ახლობლები რას აკეთებენ ხოლმე... რა თქმა უნდა, ინტერნეტით ბევრი მეგობარი შემიძენია. ჩემი აზრით, "ინსტაგრამზე" "ფოლოვერებს" დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ბევრი გულშემატკივარი, საჭირო და საინტერესო ადამიანი გავიცანი. მათთან ვთანამშრომლობ კიდეც და რეალურ ცხოვრებაში, ჩვენი ურთიერთობა მეგობრობაშიც გადაზრდილა.

- "ინსტაგრამი" შენთვის შემოსავლის წყაროც არის?

- დიდად - არა, თუმცა ბარტერული შეთავაზებები, ჩვენი შესაძლებლობების "გაცვლა" ხდება ხოლმე. როცა საქმე ფოტოსესიას ეხება და რაღაც უფრო მასშტაბურს ითხოვენ, ამ შემთხვევაში, თანხას მთავაზობენ...

- ამჟამად რას საქმიანობ?

- პანდემიის გამო, რა თქმა უნდა, რეპეტიციები შეჩერებული გვაქვს. არც ერთი მომღერალი დასაქმებული არ ვართ. ახლახან მე და ჩემს ბენდს ტელევიზიაში ერთი გამოსვლა გვქონდა. ვიდრე ჩვენი სამუშაო სივრცეები გაიხსნება, მანამდე ეკრანისთვის მუშაობას ვაპირებთ. ველოდებით, მუშაობა როდის განახლდება და მაყურებლებს პირისპირ შევხვდებით... შემდეგ (ალბათ, გაზაფხულის მიწურულს) ისევ თურქეთში გამგზავრებას, იქ სიმღერის ჩაწერას და კონცერტის ჩატარებას ვაპირებ, ახალი პროექტები იგეგმება... გეგმები გვაქვს, მაგრამ მათი განხორციელების ზუსტ დროს ვერ ვასახელებ - კორონავირუსის გამო, შეიძლება გაუგებრობები მოხდეს, "მესამე ტალღა" დაიწყოს...

ეთო ყორღანაშვილი