ანა მჭედლიძის პირველი უცნაური სიყვარული, გამოუხატავი ემოციები და მონატრება - გზაპრესი

ანა მჭედლიძის პირველი უცნაური სიყვარული, გამოუხატავი ემოციები და მონატრება

"ვიცი, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები "ცხელ გულზე" არ უნდა მივიღო, ამას ყოველთვის ვახერხებ", - ამბობს მსახიობი ანა მჭედლიძე. რისი ეშინია ყველაზე მეტად, ვინ ენატრება, რას უფრთხილდება, რის გამო იღებს საყვედურებს და რას უწოდებს ის "ბედისწერას"? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1992 წლის 27 აგვისტო.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მომღერალი და ფოსტალიონი. ფოსტალიონობა იმიტომ მინდოდა, რომ სახლების დათვალიერება მიყვარს და ვფიქრობდი, ეს პროფესია ამის შესაძლებლობას მომცემდა.

- ჩემზე ამბობენ...

- ...(ფიქრობს) რას ამბობენ? არც დავკვირვებივარ, ხასიათის რა თვისებაზე ახდენენ ხოლმე ხაზგასმას. უმეტეს შემთხვევაში, მესმის, რომ მეგობრული ვარ.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...დიდად არც არაფერს შევცვლიდი, ყოველ შემთხვევაში, მნიშვნელოვან ცვლილებებს არ შევიტანდი.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...იყო თეატრალურში ჩაბარება. ფოსტალიონობის შემდეგ (იცინის) მომინდა, მსახიობი გავმხდარიყავი.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ოჯახის წევრები და მეგობრები კარგად მყავს.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ვუყურო ფილმებს, ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

- ფილმი, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა...

- ...არის რეჟისორ ჯუზეპე ტორნატორეს "ახალი კინოთეატრი პარადიზო". დღემდე უძვირფასეს ფილმად რჩება, მისი ნახვისას, მთელი საათი ვტიროდი. ემოციურად ძალიან ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. ფილმებზე ტირილი მჩვევია.

- ფილმი, რომელშიც სიამოვნებით ვითამაშებდი...

GzaPress

- ...არაერთია, იმდენად ბევრი ფილმი მომწონს და მიყვარს, ახლა ერთ-ერთის დასახელება მიჭირს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...პასუხისმგებლობის გრძნობაა.

- თვისება, რომელიც არ მომწონს ჩემში და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ბევრი გამოსასწორებელი თვისება მაქვს, მაგრამ ამ თვისებებთან ერთად ცხოვრებას მივეჩვიე. არ მომწონს, რომ დეტალებზე ორიენტირებული ვარ, ეს მაწვალებს, დამღლელიც არის. ხშირად ისეთ წვრილმანებზე ვფიქრობ, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის არაა, ეს ფიქრები მაგიჟებს.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ვნანობ, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ ის შეცდომა უკვე წარსულია, განვლილი ეტაპია, მან რაღაც მასწავლა. უკვე დაშვებული შეცდომების გამეორებასაც არ გამოვრიცხავ.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...რომ შეცდომას ყველა უშვებს. ხშირად საჭიროა, საკუთარ თავს ეს დაშვებული შეცდომები ვაპატიოთ.

- პატიება შემიძლია...

- ...ადვილად არ ვბრაზდები, ადვილად არ მწყინს ადამიანებისგან, ბევრი რამ გულთან ახლოს არ მიმაქვს. ძალიან ცუდი რაღაც უნდა მოხდეს, რომ ჩემზე იმოქმედოს. ასეთ შემთხვევაში, პატიება მიჭირს, დავიწყებას ვერ ვახერხებ.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება, ოპტიმისტი ვარ.

- ვიბნევი...

- ...საკმაოდ ხშირად, როგორც ჩვეულებრივ ყოველდღიურობაში, ასევე - გადასაღებ მოედანზე.

- ვნანობ...

- ...ისეთი წვრილმანი რამეების გამო, სათქმელადაც რომ არ ღირს. ზოგჯერ ადამიანს ველაპარაკები და, ჩემი ინტონაციის გამოც კი ვნანობ.

- ამ წუთში ძალიან მინდა...

- ...ისეთ ეპოქაში ვცხოვრობდეთ, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში კორონა არ არსებობდეს.

- მეზარება...

- ...ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საქმის კეთება სიამოვნებას მანიჭებს. ერთადერთი, რაც არასდროს მბეზრდება და არ მეზარება, შინ ყოფნაა. ეს არის ადგილი, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ.

- სიყვარული ეს...

- ...არის დამოკიდებულება, ამოუხსნელი მიზიდულობა.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...იმ ადამიანისადმი გრძნობას ვერ გამოვხატავდი. ჩემი პირველი სიყვარული ფეხბურთელი მესი იყო. მისი მაისური და ფოტოები მქონდა.

- ახლა შეყვარებული...

- ...არ ვარ. ვერც იმას გეტყვი, ჩემ გვერდით როგორი მამაკაცი წარმომიდგენია. ადრე რომ ტიპაჟები მომწონდა, ახლა ისეთებისადმი ინტერესი აღარ მაქვს. არავინ იცის, ხვალ რა მოხდება, ყველაფერი ამ ცხოვრებაში თავისთავად და ხშირად, მოულოდნელადაც ხდება.

- ეკრანზე გამოჩენის შემდეგ თაყვანისმცემლების...

- ...რაოდენობა იზრდება, სოციალურ ქსელში მწერენ, მაგრამ სერიოზული ურთიერთობა არავისთან მქონია.

- ვრისკავ...

- ...ძალიან იშვიათად. რისკზე წასვლამდე სავარაუდო ვარიანტებს წარმოვიდგენ და იმდენს ვფიქრობ, მერე გარისკვა აღარც გამომდის.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ოჯახის წევრები არიან. რაც მათ ეხება, ჩემთვის ყველა და ყველაფერი სისუსტეა.

- ბოლოს ვიტირე...

- ...დღეს, ფილმის ყურებისას.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ძალიან მრცხვენია, უხერხულობის განცდა მაქვს.

- მეშინია...

- ...სიკვდილის, არასწორად გადადგმული ნაბიჯების, ახლობლებთან ახლოს არყოფნის...

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...დაგვიანების გამო, პერიოდულად არაპუნქტუალურობა მძლევს ხოლმე.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...ბევრ რამეს, ასე შეიძლება უკეთესი გავმხდარიყავი, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩემი თავი ისეთი მომწონს, ისეთი მივიღე, როგორიც ვარ და არაფრის შეცვლის სურვილი აღარ მაქვს.

- ვუფრთხილდები...

- ...ურთიერთობებს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...გერმანული ენა. სკოლაში ვსწავლობდი, მაგრამ საკმარისი დრო არ დავუთმე და დღეს ვნანობ.

- ვიტყუები...

- ...იშვიათად, ბოროტი ტყუილი არასდროს მითქვამს.

- ყოველთვის მრცხვენია...

- ...საკუთარი აზრის საჯაროდ გამოთქმის. კონკრეტულ საკითხზე აზრი მეცვლება ხოლმე და ვიცი, ჩემი ნათქვამი, გარკვეული პერიოდის შემდეგ, აღარ მომეწონება.

- თავისუფლება არის...

- ...ძალიან კარგი რამ, მაგრამ ადამიანები ბოლომდე თავისუფლები ვერ ვართ. თითოეულ ჩვენგანს გვაკისრია ვალდებულებები, პასუხისმგებლობები, რაც გარკვეულწილად გვზღუდავს.

- ინტუიცია...

- ...კარგად მაქვს განვითარებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმისას, ჩემს წინათგრძნობებს ყურს ყოველთვის ვუგდებ.

- როცა მარტო ვარ...

- ...ეს მდგომარეობა ძალიან მიყვარს, თავს კარგად ვგრძნობ.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ბევრს ვიმოგზაურებდი, მსოფლიოს შემოვივლიდი. ბევრ კარგ და კეთილ საქმეს გავაკეთებდი. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, სადმე წყალში, ლამაზ კუნძულზე კაფე მქონოდა.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...ისეთ ქმედებას არაფრით ჩავიდენ, რომელიც ჩემს ქვეყანას ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებს.

GzaPress

- საკუთარ თავზე კონტროლი...

- ...არასდროს დამიკარგავს. მსგავსი შემთხვევა ერთხელაც არ მქონია. საკუთარი თავი ამ მდგომარეობაში ვერც წარმომიდგენია. ვიცი, გადაწყვეტილებები "ცხელ გულზე" არ უნდა მივიღო, ნებისმიერ შემთხვევაში, ცივი გონებით უნდა ვიმოქმედო და ამას ყოველთვის ვახერხებ. ვფიქრობ, ეს ჩემი ყველაზე კარგი და საჭირო თვისებაა.

- მაკვირვებს...

- ...ეს სამყარო, ამოუხსნელი, შეუცნობელი...

- ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...სერიალმა "მეგობრები".

- მენატრება...

- ...ბებო, რომელიც 7 წლის წინ გარდამეცვალა.

- ბედისწერის...

- ...არსებობის მჯერა. ადამიანები, რომლებიც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე გვხვდებიან, გარკვეულ მოვლენებთან ან ჩემს ნაბიჯებთან არიან კავშირში. რაღაც რომ არ მომხდარიყო, იქ რომ არ მივსულიყავი, იმ ადამიანს ვერც გავიცნობდი, ამ კავშირებს "ბედისწერას" ვარქმევ.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...საკუთარ თავში ვპოულობ ძალას, დავმშვიდდე. ამ დროს ხან მარტო ყოფნა მშველის, ხან - მეგობრებთან ურთიერთობა.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ვეცადოთ, ვიყოთ მეტად ლაღები!

თამუნა კვინიკაძე