"პანდემიის წყვილი ვართ" - გზაპრესი

"პანდემიის წყვილი ვართ"

მსახიობ თამარ ტყემალაძეს რუბრიკისთვის "შთაბეჭდილებები" სასაუბროდ რომ დავუკავშირდი, მითხრა, ახლახან მე და ჩემი მეუღლე ახალ ბინაში გადავედით, მისი მოწყობის პროცესში ვარ და ამ შთაბეჭდილებების ქვეშ გახლავარო. დიალოგიც სწორედ ამ სიახლითა და დაოჯახების ამბით დავიწყეთ.

- მე და ჩემი მეუღლე გახლავართ პანდემიის წყვილი, ჩვენი ქორწილი სწორედ შუა პანდემიისას შედგა. ჯვარი ტაძარში დავიწერეთ და ეს დღე კოჯრის ტყეში აღვნიშნეთ. გვყავდა ათი სტუმარი და მეთერთმეტე ფოტოგრაფი - ჩავაწყვეთ (იღიმის). ჩემი მეუღლე გახლავთ დავით ჟღენტი. ის მოზარდ მაყურებელთა თეატრში გავიცანი, სადაც მეც ვმუშაობ. დათოს სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული. როგორც მსახიობს, მოსინჯული აქვს ბედი სხვადასხვა ფილმსა და სერიალში, ახლა კი თეატრში ბილეთებს უკეთებს რეალიზაციას. მე და დათო სამი თვე ვიყავით შეყვარებულები და უცბად დაიწყო პანდემია. იმ დროს მე ყვარელში ჩავრჩი, სადაც დედას ჩავაკითხე და ქალაქები რომ ჩაიკეტა, თბილისში დაბრუნება ვეღარ შევძელი. იყო სატელეფონო საუბრები, მიმოწერები, წერილები. ერთ დღესაც, საქალაქთაშორისო მოძრაობა რომ აღდგა, ჩემმა მომავალმა მეუღლემ 11 მაისს მოახერხა და ყვარელში ჩამომაკითხა. 20-ში საცხოვრებლად ერთად გადავედით.

- ახალი ბინის მოწყობის პროცესი როგორ წარიმართა?

- კედლების შავი ფერი თეთრმა შეცვალა, მერე გაფერადდა და სულ რამდენიმე დღის წინ, ახალ ბინაში გადავედით. აქ ბევრი რამ ჩვენი ხელით არის გაკეთებული და ზოგს ნივთს რესტავრაციაც თავად გავუკეთეთ. ჯერ დალაგება-მოწყობის პროცესში ვართ, ცოტა არეულობაში, მაგრამ ძალიან ბედნიერები (იღიმის).

- თამარ, ამ სასიამოვნო რეალობიდან დროებით წარსულში დაგაბრუნებთ. ბავშვობიდან დღემდე გამოყოლილი ყველაზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება რომ გაიხსენოთ, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი კუთხით...

- ჩვენ 90-იანი წლების ბავშვები ვართ. მამა დილის 5 საათზე წავიდა აფხაზეთის ომში. დედამ და ჩემმა ძმებმა გავაცილეთ. გასვლამდე მხრებზე შემოსმული ვყავდი და ვხედავდი, რომ უზარმაზარ მთვარეს დღესავით ჰქონდა განათებული გარემო. პატარა ვიყავი და მთელი სიცხადით ვერ ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა, მაგრამ დედის შეწუხებული სახის მიხედვით ვხვდებოდი, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო. მას შემდეგ წლები გავიდა და როცა ცაზე დიდ, სავსე მთვარეს ვხედავ, სულ ის ემოცია მახსენდება, თუ როგორ ვაცილებდით მამას ომში და მე ისევ მინდა მის მხრებზე ვიჯდე.

- მშვიდობით დაბრუნდა?

- დიახ, მშვიდობით დაბრუნდა... იმავე პერიოდიდან ყველაზე მძიმე შთაბეჭდილებად მომყვება რიგების, ტალონების დრო. მაშინ ავტობუსი, ტროლეიბუსი და ტრამვაი დადიოდა. მახსოვს უადგილობის გამო ამ ტრანსპორტზე ზოგი გარედან იყო ჩამოკიდებული. ამდენი ხალხი ერთად შეჭეჭყილი ჩემთვის ყოველთვის მძიმე ასოციაციას იწვევს და ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია რომ ირევა, სულ იმ ადამიანების გაწამებული სახეები და ყოფა მიდგას თვალწინ. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა, მაგრამ ჩემი აზრით, 90-იანი წლების ეპიზოდები პერიოდულად დღემდე გვახსენებს თავს. ახლა შუქი რომ ქრება, წინასწარ ვიღებთ ამის შესახებ შეტყობინებას. არც მისი მოსვლა აკვირვებს და ახარებს ვინმეს ისე, როგორც ეს მაშინ ხდებოდა - დიდი ხმაური და შეძახილები რომ მოჰყვებოდა ამ ამბავს. კარგია, რომ ახლა ბავშვებს ასეთი რაღაცები აღარ უხარიათ (იღიმის). თუმცა, ხშირად, როდესაც ყველაფერი ისე კარგად არ მიდის, როგორც საჭიროა, პარალელს ვავლებ წარსულის სირთულეებთან - ეს პრობლემების გადალახვაში მეხმარება.

- ცხოვრების განმავლობაში ვხვდებით ისეთ ადამიანებსაც, ვინც გამორჩეულად გვამახსოვრდება. ვისზე შეგიძლია თქვა: "ადამიანი, რომელიც არასდროს დამავიწყდება?"

- ასეთი ბევრია. ზოგჯერ შეიძლება ადამიანისგან უნებურად ისეთი ფრაზა მოისმინო, მთელი ცხოვრება გაგყვეს. არ აქვს მნიშვნელობა, ის შენი სფეროს წარმომადგენელია თუ არა, შეიძლება გლეხი კაცისგან ისეთი გენიალური სიტყვები მოისმინო, ხშირად გახსენდებოდეს და ფიქრობდე, მის სულზე, რომანტიკულობასა და გულწრფელობაზე. ასეთი "ნამდვილი" ადამიანებისგან წამოსული სიტყვები ყოველთვის დიდ ძალას გაძლევს. მშობლებისა და გარემოცვის გარდა, არსებობენ ისეთი ადამიანები, ვინც დიდი როლი ითამაშეს ჩემს ცხოვრებაში და ერთ-ერთი ასეთია ჩემი პედაგოგი - დიმა ხვთისიაშვილი. არ შემიძლია ის არ ვახსენო. ბატონ დიმას არც რამე განსაკუთრებული გაუკეთებია იმ განცდისთვის, რაც მის მიმართ მაქვს, არც რამე მითითებები მოუცია, უბრალოდ, ეს ყველაფერი თავისთავად, მუდმივი თანადგომით მოხდა. დღეს უკვე შემიძლია ასეთ ადამიანად დავასახელო ჩემი მეუღლე. მასთან ერთად სულ სხვა ეტაპი დაიწყო.

- გადავინაცვლოთ წიგნებით, ფილმებითა და სპექტაკლებით მიღებულ განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებზე...

- ბავშვობაში იმ გოგოზე, რომელიც ახტაჯანაა და ბიჭებთან ერთად იზრდება, რა წიგნს უნდა მოეხდინა გავლენა, თუ არა "პეპი გრძელიწინდას"?! მაშინვე პარალელი გავავლე ჩემს თავთან. ეს დიდი ფეიერვერკი იყო. ძალიან ძნელია იმ ბავშვური ემოციის გადმოცემა, რაც ამ წიგნის კითხვისას და შემდეგში პეპიზე გადაღებული ფილმის ყურებისას მივიღე. რაც შეეხება წიგნებისადმი ჩემს დღევანდელ დამოკიდებულებას, გამორჩეული ნაწარმოები აღარ მაქვს და აღარც ის განცდა, რაც კითხვის დროს სხვა სამყაროში "გადაგისვრის". დღეს უბრალოდ, წაკითხულს ანალიზს ვუკეთებ. ფილმიც ბევრია ისეთი, რომელიც ჩვენზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, დროდადრო კადრები და ფრაზები გახსენდება. მათ შორის ქართული ფილმებიდანაც. ამ შემთხვევაში გამოვარჩევ გოგი გვახარიას საავტორო გადაცემის - "ფსიქოს" ფარგლებში წარმოდგენილ ფილმებს, ჩემთვის ყოველთვის გამორჩეულად საინტერესო იყო როგორც კლასიკოსი რეჟისორების ფილმები, ისე მათი გარჩევის პროცესი. შეიძლება ითქვას, ამან ჩემი გემოვნება განსაზღვრა და დღეს მიჭირს, მარტივი ფაბულით, გაყიდვადი, ჰოლივუდური სცენარით შექმნილი ფილმების ყურება, რომლის განვითარება თუ ფინალი წინასწარ იცი.

რაც შეეხება სპექტაკლებს, ისევ წარსულში "დავბრუნდები", რადგან შთაბეჭდილებებს დრო განსაზღვრავს და წლების გასვლის შემდეგ აფასებ, რა დაგრჩა მეხსიერებაში. მოკლედ, მეოთხე კურსის სტუდენტი რომ ვიყავი, იმ პერიოდში რუსთაველის თეატრის რემონტი დასრულდა. რამაზ ჩხიკვაძის ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებთ, უნდა წარმოედგინათ "კავკასიური ცარცის წრე". ვინაიდან სტუდენტი ყოველთვის უფულოა და მეც იმ თანხას ვერ გადავიხდიდი, რაც ბილეთი ღირდა, ვარსკვლავის გახსნის დღეს წარმოდგენაზე დასწრებას ვერ ვახერხებდი. უცბად, გავრცელდა ხმა, რომ გენერალური რეპეტიცია იმართებოდა და ყველანი უნივერსიტეტიდან რუსთაველის თეატრში გავიქეცით. საოცრება მოხდა, შეგვიშვეს და რამდენიმე წუთში დარბაზი სხვადასხვა ასაკის ადამიანებით გაივსო. ალბათ ასეთ სურათს არავინ ელოდა. ბატონი რობერტი სცენაზე გამოვიდა და თქვა, ამ ვითარებაში რთულია სპექტაკლი გაჩერებებით ვითამაშოთ, ამიტომ თქვენთვის სრული სახით წარმოვადგენთო. ასეც მოხდა. სპექტაკლი დაიწყო და ეს იყო ნამდვილი თეატრი, ის განცდა არასოდეს დამავიწყდება.

GzaPress

- სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში სტუმრობიდან მიღებულ შთაბეჭდილებს შორის, თქვენთვის რომელია გამორჩეული?

- არ ვყოფილვარ და დიდი სიამოვნებით მოვხვდებოდი ინდოეთში. საერთოდ, მიყვარს მოგზაურობა, ადამიანების, წესების, კულტურის გაცნობა. გასტროლებს შორის კი ჩემთვის საინტერესოდ გასახსენებელია ალბანეთი. იქ სპექტაკლი "აურზაური არაფრის გამო" წარმოვადგინეთ ბუტრინტში, რომლის ამფითეატრი ჭაობის გარშემო იყო გაშენებული. როგორც ამბობენ, ტროას დაცემის შემდეგ, გადარჩენილი ხალხის ნაწილი ამ ადგილას წამოვიდა და ბუტრინტი სწორედ მათი გაშენებულია. მიუხედავად გაუსაძლისი სიცხისა, იმ ადგილას ყოფნა და თამაში ჩემთვის გამორჩეულ მოგონებად დარჩება.

- ყველაზე შთამბეჭდავი საჩუქარი...

- ნებისმიერი საჩუქრის გადმოცემის მომენტი შთამბეჭდავია. თან, როცა არ ელოდები, ეს განსაკუთრებით სასიხარულოა და იბადრები.

- მეუღლისგან ასეთი გამორჩეული რა ყოფილა?

- ორი-სამი დღე ისე არ გავა, რამე არ მაჩუქოს, მაგრამ ამ შემთხვევაში, შეყვარებულობის პერიოდს გავიხსენებ. შინ ერთი ნახატი ჰქონდა, რომელიც ძალიან მოსწონდა. წინასწარ გამაფრთხილა, რასაც აპირებდა და თან ისიც მითხრა, რომ ნახატის უკან წარწერას გააკეთებდა. რომ წავიკითხე, ჩემთვის მოულოდნელი იყო ის სიტყვები, რაც იქ დამხვდა. ეს ნახატი სულ თან დაგვაქვს და ახალ ბინაშიც მოვიტანეთ.

- დაბოლოს, ადამიანები ყოველდღიურად რომ ვიწერდეთ შთაბეჭდილებებს, დაახლოებით ისე, როგორც ეს დღიურის წარმოებისას ხდება, ვის ნაწერებს წაიკითხავდით სიამოვნებით?

- სიამოვნებით წავიკითხავდი კვენტინ ტარანტინოს დღიურს. ჩემთვის განსაკუთრებით ის პერიოდი იქნებოდა საინტერესო, როცა ფილმს იღებს. ვფიქრობ, მომეწონებოდა და გავერთობოდი. ასევე, გავეცნობოდი ვოლანდის დღიურს, მიხეილ ბულგაკოვის პერსონაჟის რომანიდან "ოსტატი და მარგარიტა"... ახლა რომ დავფიქრდი, ბევრი ადამიანის დღიურის წაკითხვის სურვილი გამიჩნდა. ერთია, თუ როგორ იქცევა ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორად წარმოაჩენს თავს ხალხში და მეორეა, როგორია სინამდვილეში, იქ, სადაც გულწრფელად წერს თავის განცდებს. როგორც წესი, ადამიანების შესახებ გარკვეული აზრი იქმნება, გვესმის: ნიჭიერია, უნიჭოა, გენიალურია და ა.შ. სწორედ მათ დღიურებს გავეცნობოდი განსაკუთრებული ინტერესით, ვისაც ასეთი იარლიყი აქვს მიწებებული, მათ შორის ჩემს გარემოცვაშიც.

ანა კალანდაძე