"არავინ თქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში სამსახური არ არის" - გზაპრესი

"არავინ თქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში სამსახური არ არის"

მომღერალმა ვერიკო ტურაშვილმა ფულის საჭიროება ადრეულ ასაკშივე გააცნობიერა. გაუმართლა, რომ პირველივე ჰონორარი სწორედ საყვარელი საქმის შესრულებისთვის მიიღო. მისი შემოსავლის წყარო დღესაც პროფესიული საქმიანობაა, თუმცა ახალი საქმის წამოწყებაც გადაწყვიტა. როგორც ამბობს, შეუძლია, ყოველდღე 3 ბიზნესგეგმა შეიმუშაოს...

- ჩემი ბავშვობა ისეთ პერიოდს (90-იანი წლები) დაემთხვა, რომ ჩემს ოჯახს ფული თავზე საყრელად არ ჰქონდა. შესაბამისად, მგონი, ადრეული ასაკიდანვე გავაცნობიერე, რომ ეს ოხერი ფული რაღაცებისთვის ყველას გვჭირდებოდა. მით უმეტეს, მაშინ ფუფუნებაზე არც ვსაუბრობდით: ქვეყანაში ელემენტარული საცხოვრებელი პირობებიც კი დეფიციტური იყო... არასრულწლოვანი ვიყავი, როცა პირველი ჰონორარი ავიღე, 17 წლისა კი - ჩემი პროფესიით უკვე ჩვეულებრივად ფულს "ვაკეთებდი" (იცინის).

- გახსოვთ, პირველი ჰონორარი რისთვის მიიღეთ, რა თანხას შეადგენდა და რაში გამოიყენეთ?..

- ვიდრე საზოგადოება სოლო მომღერლად გამიცნობდა, მანამდე ჯგუფში - "ფერფლი და ფენიქსი" ვმღეროდი. ჯაზს, სოულს "ვაკეთებდით", რომელიც დღემდე ჩემი საყვარელი ჟანრებია. 13-14 წლისა ამ ჯგუფში ვმუშაობდი. აქტიურად ვრეპეტიციობდით, კონცერტებში ვმონაწილეობდით. შესაბამისად, პირველი ჰონორარიც მაშინ ავიღე. ალბათ, სიმბოლური თანხა იყო... პრინციპში, იმ ჯგუფში ჩამოვყალიბდი ტემბრალურად, ჟანრობრივად... ბევრი რაღაც ვისწავლე იმ მომღერლებისგან, ვინც ჩემთან ერთად მღეროდნენ, საკმაოდ კარგი შემადგენლობა იყო.

- მას შემდეგ, რაც საკუთარი შემოსავალი გაგიჩნდათ, ფინანსური კრიზისი შეგქმნიათ?

- კი, როგორ არა! ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე, ფინანსური კრიზისიც მქონია, მაგრამ არა კარიერული პრობლემების გამო: ცხოვრებისეული ამბები იყო... რა თქმა უნდა, ამაზე "ღიად" ლაპარაკს არ ვაპირებ... პრინციპში, რადგან რაც დავიბადე, ჩვენს ქვეყანაში სტაბილური სიტუაცია არ ყოფილა, შეიძლება ითქვას, რომ პერიოდულად, გარკვეული ფინანსური "გაჭედვები" არის, თუნდაც - ახლა, პანდემიის პერიოდში, პროფესიული პაუზა იყო. შესაბამისად, უფრო მეტი ენერგიის "ჩადება" სხვადასხვა საქმეში მიწევს, რომ სიტუაცია ჩემ მიერ დაგეგმილზე (მაგალითად, ბანკებთან ურთიერთობაზე) უარყოფითად არ აისახოს.

- ფულის გონივრულად ხარჯვა შეგიძლიათ?

- ჩემი აზრით, საკმაოდ პრაქტიკული მხარჯველი ვარ: რაკი მხოლოდ ჩემს საქმიანობაზე ვარ დამოკიდებული (ფინანსურად, ემოციურად...), ვცდილობ, თანხა უაზროდ არ "ვისროლო" ხოლმე. ბევრი პასუხისმგებლობა მაქვს აკიდებული. მაგალითად, ერთ მშვენიერ დღეს სახლის შეცვლა მომინდა და საბანკო სესხები დავიხმარე, რადგან ფულის შეგროვება არ გამომდის და არც არასდროს გამომივა. ამიტომ გარკვეულ ვალდებულებებს წინასწარ ვიღებ, შემდეგ კი მათ სისრულეში მოყვანას ვიწყებ. ჩემი მშობლები და და ჩემზე პრაქტიკულები არიან. მათ მიაჩნიათ, რომ ამ პრინციპით - "საბანი სადამდეც გაგწვდება, იქამდე უნდა დაიფარო" - არ ვმოქმედებ. რა თქმა უნდა, ვცდილობ, ისეთი ხელმომჭირნეც არ ვიყო, რომ შვილებს, საკუთარ თავს ყველაფერი მოვაკლო. სახლში ნამატიც უნდა იყოს და გარკვეულ რაღაცებში, თავი არ შევიზღუდო. მოკლედ, პრაქტიკულობას ვცდილობ. დღეს რაც მაქვს, შემიძლია, დავხარჯო, ოღონდ - ზუსტად ვიცი, ხვალ საიდანღაც რაღაც გამოჩნდება...

- თქვენი შემოსავლის ძირითად ნაწილს რაში ხარჯავთ?

- ბანკებში, სესხის დაფარვაში (იცინის). პერიოდულად, შოპინგსაც ვახერხებ - შოპოჰოლიკი ვარ. უსაქციელობაც კი ჩამიდენია - ფული ბოლომდე დამიხარჯავს. პანდემიის პერიოდში, "შავ პარასკევს" მთელი "ფეისბუკი" კომენტარებით აჭრელებული რომ იყო: - ნახეთ, მოლებში რა ხდებოდა, ეს დეგენერატი ხალხიო, ხომ გახსოვთ? მეც ზუსტად იმ ხალხის მსგავსად მოვიქეცი: 6 წყვილი ფეხსაცმელი ვიყიდე, თან - ექვსივე ჩემთვის და შინ უსირცხვილოდ მოვედი. ლიზას (უფროს ქალიშვილს) ვამშვიდებდი, - დედა, ეს ფეხსაცმელები შენც მოგერგება-მეთქი. მერე მეგობრებთან თავს ვიმართლებდი: არ ვიცი, რა დამემართა, ფასდაკლება იყო-მეთქი...

- სავაჭრო ცენტრში დილიდან მიხვედით, რიგში ჩადექით თუ?..

- არა. მე და ნატაშკა (ჩემი უმცროსი ქალიშვილი) სადღაც ვიყავით. შემდეგ ფეხით ჩამოვიარეთ იმ ქუჩაზე, სადაც ბევრი მაღაზია იყო. შემთხვევით, ერთ-ერთ მაღაზიაში შევიჭყიტე და იქიდან ვეღარ გამოვედი...

GzaPress

- ვინმესგან სესხად აღებული ან პირიქით - თქვენ მიერ სესხად გაცემული ფულის გამო, უხერხულ სიტუაციაში აღმოჩენილხართ?

- ყოფილა შემთხვევა, როცა ჩემთვის ფული დროულად ვერ დაუბრუნებიათ ან მეგობრისგან თავად მისესხებია და დაბრუნების ვადისთვის გადამიცილებია. ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. ზოგჯერ არის სიტუაცია, რომ შეიძლება, ფული დღეს მქონდეს და ზეგ მჭირდებოდეს. ასეთ დროს თუ ფულის სესხებას მთხოვს მეგობარი, რომელიც პასუხისმგებლობას ვერ აიღებს თავის თავზე, ვერ მიმიცია... ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, ფული უკან საერთოდ არ გამომირთმევია... უხერხული სიტუაცია, რომლის გამოც ვიღაც დამიკარგავს, ერთადერთხელ მქონდა: ძალიან ახლო მეგობარმა კონცერტი "გააკეთა", რომელშიც არა მხოლოდ მე, სხვა მუსიკოსებიც მონაწილეობდნენ. მთხოვა, რომ შუამავალი ვყოფილიყავი. ის ამ ტიპის საორგანიზაციო საკითხებში გამოცდილი არ იყო. კონცერტის ჩატარებამდე, დაახლოებით, 2 კვირის განმავლობაში, ჩემი მეგობარი, ასე ვთქვათ, "შევჭამე": ვაიმე, ხომ დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფერი რიგზე იქნება, ჩემო სიცოცხლევ-მეთქი? თან, კონცერტი სხვა ქალაქში იმართებოდა. ბოლოს შენიშვნა მომცა, - რამდენჯერ უნდა მკითხო? რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ. კონცერტი ისეთი დიდი წარმატებითაც რომ ვერ ჩატარდეს, როგორც წარმომიდგენია, საჭირო თანხა პირადი დანაზოგიდან მაქვს გადადებული, ამაზე არ ინერვიულოო... საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ "გადამაგდო" და სხვა მუსიკოსებიც ზედ "გადმომაგდო". აღარ ვიცოდი, რა მეღონა. მეგობარს ვთხოვდი, - ჩემი ჰონორარი არ მინდა. უბრალოდ, მათ მაინც გადაუხადე, რადგან ძალიან უხერხულ სიტუაციაში ვარ-მეთქი... სამწუხაროდ, ამ გაუგებრობის გამო, იმ მეგობართან ურთიერთობა გამიფუჭდა. რა თქმა უნდა, კოლეგებს ჩემთვის ფული არ მოუთხოვიათ, მაგრამ საბოლოოდ, ისე გამოვიდა რომ "გადაგვაგდეს".

- კოლეგებმა გაგიგეს?

- კი, რა თქმა უნდა. იცოდნენ, რომ ძალიან ვნერვიულობდი...

- სიმღერის გარდა, სხვა საქმე თუ შეგისრულებიათ, რომელშიც გასამრჯელო მიგიღიათ?

- არა, რადგან ცხოვრებაში გამიმართლა, რომ ადრეული ასაკიდანვე ჩემ მიერ არჩეული პროფესიით ვმუშაობდი და შემოსავალსაც აქედან ვიღებდი. სხვა საქმეში ძალებს ვერც მოვსინჯავდი, ისეთი აქტიური რეჟიმი მქონდა, თუმცა ახლა მუსიკალური სტუდია მაქვს, საიდანაც შემოსავალსაც ვიღებ, რა თქმა უნდა. ახლა კიდევ ახალ ბიზნესს ვიწყებ, რომლის შესახებაც მერე გაგიმხელთ... მოკლედ, სიმღერის გარდა, სხვა რაღაცებზე ფიქრი ახლა უფრო დავიწყე...

- თქვენს მუსიკალურ სტუდიაში პედაგოგი ხართ?

- პანდემიის პერიოდში, პედაგოგად მუშაობამაც მომიწია. საერთოდ, პედაგოგი არ ვარ. მგონია, პედაგოგს კიდევ განსაკუთრებული ცოდნა, გამოცდილება სჭირდება, თუმცა ჩემი გამოცდილება სტუდიის ბავშვებს გავუზიარე. ხმის ჩამწერ სტუდიაშიც ვიმუშავეთ და საკმაოდ რთულ სიმღერებს ბავშვებმა კარგად გაართვეს თავი. შესაბამისად, მგონია, რომ ჩემმა პროფესიულმა გამოცდილებამ მათზე მხოლოდ დადებითად იმოქმედა. მიუხედავად ამისა, მაინც მიმაჩნია, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. თან, ამდენი დროც არ მაქვს, რომ ბავშვებს სათითაოდ დავუჯდე და ვიმუშაო... სტუდია ჩემს პარტნიორთან ერთად მაქვს, მაგრამ საერთო სიტუაცია რომ დალაგდება და ყველა სკოლაში წავა, ვაპირებ, სტუდია უფრო გავაფართოო და სხვადასხვა უბანშიც გავხსნა...

- რას ურჩევთ საქმიან ან საქმის წამოწყების მოსურნე ადამიანებს?

- შემიძლია, ტვინში ყოველდღე 3 ბიზნესგეგმა "დავილაგო", რის გამოც ჩემი უფროსი შვილი მართლა დამცინის. თან, ვინმე პარტნიორი მჭირდება, რომელიც ჩემსავით ენთუზიაზმით აღსავსე იქნება. ზოგი ადამიანი ერთ საქმეზე კონცენტრირდება, ყველაფერს აწონ-დაწონის... არც საბანკო სესხის აღების მეშინია, არც პროექტის დაწერის და წარდგენის... შეიძლება, ჩემმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მიმიყვანა იქამდე, რომ არაფრის ლოდინს არ ვაპირებ - ადამიანმა ყველაფერი დღეს უნდა გააკეთო, რადგან არასტაბილურ გარემოში საქმის გადადება თუ 1 თვით ადრე დაგეგმვა არ ღირს. ცხადია, ისეთ ბიზნესებს განვიხილავ, რომელიც მინიმალურ რისკს უკავშირდება. ბევრი რაღაც უნდა მოსინჯო, იფიქრო... 10-დან 2 საქმე მაინც გამოვა, რაც უკვე წარმატებაა. მთავარია, რაღაცის კეთების სურვილი გვქონდეს. არავინ თქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში სამსახური არ არის. კი, რა თქმა უნდა, რთული სოციალურ-ეკონომიკური გარემოა, მაგრამ რომ იცოდე, ყველა სფეროში პროფესიონალი კადრების მოძიება ჭირს. მართლა შოკში ვარ. მაგალითად, ჩემს მეგობარს ტანსაცმლის საკუთარი ბრენდი აქვს. ნორმალური მკერავები, კონსტრუქტორები იშვიათია. მათ საკმაოდ მაღალ ხელფასებს სთავაზობენ მოდის სახლები და დიზაინერები, ოღონდ - სტაბილურ სამსახურზე დაითანხმონ. შესაბამისად, ადამიანს თუ რაღაცის გაკეთება გინდა, სამსახურიც გაქვს, თავს კომფორტულადაც გრძნობ და შესაბამისად, საკუთარ საქმესაც "ააწყობ". მთავარია, უნდოდეთ და იშრომონ - მართლა ყველაფერი გამოუვათ. როდემდე ველოდოთ, ერთი მთავრობა როდის გადაშენდება, მეორე "გადმოშენდება" და გიორგი ბრწყინვალე როდის მოვა? ჩვენი საქმე თავად უნდა ვაშენოთ. გირჩევთ, ვინმეს მოსვლა-წასვლას ნუ დაელოდებით...

ეთო ყორღანაშვილი