ვის უღებდა "ჩესტს" და რომელი სიმღერა უყვარდა კუკური ლაფერაძეს - გზაპრესი

ვის უღებდა "ჩესტს" და რომელი სიმღერა უყვარდა კუკური ლაფერაძეს

მარჯანიშვილის თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობი კუკური (ზურაბ) ლაფერაძე 1990 წელს გარდაიცვალა. სპექტაკლებში მის მიერ განსახიერებული როლები შეიძლება ნაკლებად გახსოვდეთ, ამიტომ რამდენიმე კინოროლს შეგახსენებთ: "ჩრდილი გზაზე" - გიორგი ჩოხელი, "მე ვხედავ მზეს" - ბეჟანა, "დათა თუთაშხია" - მოსე ზამთარაძე, "ღვინის ქურდები" - თედო, "მხიარული რომანი" - მიტროფანე... გიგა ლორთქიფანიძეს უთქვამს: კუკურის უარყოფითი გმირი რომ ათამაშო, მაინც დადებითი გამოდის, იმდენად დადებითი პიროვნებააო. სამწუხაროდ, ამ შესანიშნავი არტისტის ხსოვნის საღამო არასოდეს გამართულა. წელს მას 95 წელი შეუსრულდებოდა. მსახიობს მისი შვილი და შვილიშვილი: მაკა და სალომე ლაფერაძეები გაიხსენებენ. მათ რუსთაველის ქუჩაზე, ძველ სახლში ვესტუმრე, სადაც ამჟამად სალომე ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

მაკა:

- კუკური ბავშვობაში შეარქვეს. ყველას მამას ეძახდა და თავადაც ასე მიმართავდნენ. მამას ხუმრობა უყვარდა, დედა ჰყავდა იუმორით სავსე ქალი. ჩემი შვილი, მარიკა (მამასთვის პირველი შვილიშვილი) რომ დაიბადა, მარჯანიშვილის თეატრი სოხუმში იყო გასტროლებზე. კუკურიმ იქიდან დარეკა და დედაჩემმა უთხრა: იცი, ბაბუკა, გოგო დაიბადაო! - უი, ფანცქალაო. ე.ი. გული ამიფანცქალდაო და ეს სახელი დაარქვა. ფანცქალა მამაჩემს სულ თან დაჰყავდა, მას ყველა იცნობს. მერე ჩემი ძმისშვილი სალომე გაჩნდა 1985 წელს და მას ფესტივალა შეარქვა, იმ წელს რაღაც ფესტივალი ტარდებოდა. რა თქმა უნდა, ეს სახელი არ დაუძახიათ, მაგრამ იმწამს ასე მოიფიქრა. თბილი მამა იყო, ჩემს უფროს ძმაზე, გიაზე გიჟდებოდა, მაგრამ იმდენად არ გამოხატავდა, მე ვყავდი განებივრებული განსაკუთრებულად. უკვე დიდები ვიყავით, როცა კუკურის თანდასწრებით გია სიგარეტს ვერ მოსწევდა, მე კი ეს შემეძლო. ბავშვობაში სოხუმში ვცხოვრობდით, დედაჩემის ძმისშვილები და ჩვენ ერთად ვიყავით ხშირად და კუკური ასე "გვსჯიდა": ახლა გაჩერდით, თორემ იცოდეთ, სცენაზე გამოგიყვანთო. ეს გვეგონა რაღაც საშინელება და ყველანი ვტიროდით, - არ გვინდა სცენაა (იცინის). არ იცოდა გინება, ჩხუბი, მისგან ცუდი სიტყვა არ გამიგია. "ბულკივით" კაცი და შესანიშნავი თამადა იყო. ქეიფი, მოლხენა უყვარდა. კოტე მახარაძე მთის არწივს ეძახდა, მე - მთის არწივოვნას. მამა იმისთვის ცხოვრობდა, რომ სიკეთე ეკეთებინა.

სალომე:

- ცუდი ისაა, რომ ბაბუ ბუნდოვნად მახსოვს. სადმე თუ მითქვამს, რომ ზურაბ ლაფერაძის შვილიშვილი ვარ, ყველა დიდი სიყვარულით შემხვედრია. რაც თავი მახსოვს, არა მარტო მამისა და მამიდასგან, სხვა ადამიანებისგანაც მხოლოდ კარგი მსმენია მასზე. მამაჩემი ამბობდა: კუკურიმ მევალეებისა და ქალების სია დამიტოვაო (იცინის). მსახიობობის სურვილი როდის გამიჩნდა, არც ვიცი, ალბათ, ბავშვობიდან. როგორც მახსოვს და მეუბნებიან, პატარაობიდანვე სულ ვიღაცას ვბაძავდი და ვაშარჟებდი. საბუთები თეატრალურ ინსტიტუტში, განაცხადის მიღების ბოლო დღეს შევიტანე. ასეთი ვარ ცხოვრებაში, ყოველთვის ბოლო წუთებში ვიღებ გადაწყვეტილებებს. მაკას დავურეკე და ვუთხარი, - აბა, დატრიალდი-მეთქი (იღიმის).

- კუკური ლაფერაძის სამსახიობო კარიერა სოხუმში დაიწყო და ოჯახიც იქ შექმნა, არა?

მაკა:

- კუკურის მამა, ტყიბულის რაიკომის მდივანი 1937 წელს დახვრიტეს. ოჯახი სოხუმში გადავიდა საცხოვრებლად. მამას უმცროსი და-ძმა და დედა უნდა ერჩინა, ძალიან უჭირდათ. კუკური იყო მტვირთავი, ტირილში დადიოდა მოტირლად... მეუბნებოდა: რომ იცოდე, მამა, რაები მაქვს გადატანილიო. როცა ჯარში წასვლის დრომ მოუწია, ქალაქის პირველმა პირმა - გელაძემ დატოვა, რადგან რეჟისორს მოეწონა და თეატრში სამუშაოდ მიიწვიეს. სხვათა შორის, მამა აფხაზეთის დამსახურებული არტისტიც არის. კუკური სოხუმის თეატრში წამყვან როლებს ასრულებდა, მათ შორის იყო ნიკოლოზ ბარათაშვილი და იერემია წარბა. პატარა ვიყავი, ამიტომ მისი როლები სცენაზე არ მახსოვს. იმ დროს თეატრში მუშაობდნენ: სალომე ყანჩელი, ოთარ კობერიძე, პიერ კობახიძე, ალე ომიაძე... საოცარი სპექტაკლები იდგმებოდა.

დედაჩემი, სოხუმელი წარჩინებული ოჯახის განებივრებული ქალიშვილი სამედიცინოზე სწავლობდა, როცა მამა გაიცნო, რომელსაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა და ქალები უკან დასდევდნენ. მამაზე ასაკით უფროს ერთ ქალს, მისი მოსყიდვის მცდელობაც კი ჰქონდა - კუკურის მანქანას ჩუქნიდა, ოღონდ მის გვერდით ყოფილიყო. თუმცა, მამას დედაჩემი, მარიკა შეუყვარდა და მათ ხშირად ხედავდნენ სოხუმის სანაპიროზე მოსეირნეებს. დედას მშობლები ამ ურთიერთობის წინააღმდეგი იყვნენ, მაგრამ კუკურის საოცარმა პოპულარობამ გადაწონა. სოხუმში დავიბადეთ მეც და ჩემი ძმაც, გია ჩემზე 7 წლით უფროსი იყო. თქვენ შეიძლება არ იცით, მამა ახალგაზრდა დაკოჭლდა. სოხუმის თეატრის სცენიდან სადღაც ჩაიჩეხა და ისეთი ტრავმა მიიღო, კინაღამ ფეხი მოაჭრეს. თურმანიძის მალამოებმა გადაარჩინა. სამი წლისა ვიყავი, თბილისში რომ გადმოვედით.

- როგორც ვიცი, ამ ბინაში თქვენამდე მედეა ჯაფარიძე და რეზო თაბუკაშვილი ცხოვრობდნენ.

სალომე:

- კი, ამ ბინას ეს ისტორია მოსდევს და ძველი დროის აურა დღემდე შემორჩა. იმდენად იზიდავს ყველას და ისე ხშირად უნდათ აქ მოსვლა, რომ ჩემი მშობლებისგან მსმენია, ახალდაქორწინებულები ვიყავით და ყოველდღე კარს "გვიმტვრევდნენო" (იცინის). მართალია, ბინა ახლა სახეშეცვლილია, მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა. რემონტს როცა ვაკეთებდით, მამა და მე ზოგჯერ შემოქმედებითად ვკამათობდით. მამაჩემმა არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა, ფილმების მხატვარი იყო. ის რემონტის საქმეში დიდად არ ჩავახედე და საბოლოო სახე რომ ნახა, მითხრა: ყველაფერი კარგია, მაგრამ ფილმის მაკეტს ჰგავს, დეკორაციის შთაბეჭდილებას ტოვებსო. ისე ვარ სცენაზე შეყვარებული, რომ ეტყობა, პატარა სცენას დავამსგავსე სამზარეულო. ჩემი მეუღლე ხუმრობს ხოლმე, სალომე სახლშია გამომწყვდეული (სამი წლის ელენე გვყავს), მაგრამ მაინც სცენაზე დგასო. ჩემი და მეუღლის მეგობრებიც ჩვენი სახლის ხშირი სტუმრები არიან. აქ ყველა თავს კარგად გრძნობს და ეს სასიამოვნოა. იმედია, მერეც ასე იქნება.

მაკა:

- ჩემი ძმა ნიჭიერი მხატვარი და გრაფიკოსი იყო, ორი წლის წინ გარდაიცვალა. უამრავ ფილმზე იმუშავა, როგორც დამდგმელმა მხატვარმა, "ოქროს არწივის" პრიზიც მიიღო. ისეთ საოცარ "რასკადროვკებს" აკეთებდა, რეჟისორები ამბობდნენ, შეგიძლია პირდაპირ ფილმი გადაიღოო. გიას გარდაცვალების მერე, მისი ნამუშევრების გამოფენა გავაკეთე. მე ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე, არაჩვეულებრივი ლექტორები გვყავდა: სოლიკო ხუციშვილი, მამია ებრალიძე, სანდრო მამასახლისი... ნოდარ ტაბიძე - ლექციებზე ძალიან მკაცრი ადამიანი, უნივერსიტეტის გარეთ აბსოლუტურად სხვანაირი იყო. ჩვენ ერთად გვიჭამია "პერაშკი" და თან, არაერთხელ... შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ძმაკაცი იყო. ახლა მთლიანად ოჯახურ საქმეებში გადავერთე: 2 ქალიშვილი, 7 შვილიშვილი და შვილთაშვილი (10 წლის) მყავს.

GzaPress

- თეატრალურ ინსტიტუტში ვინ გასწავლიდათ და მერე როგორ გაგრძელდა შემოქმედებითი გზა?

სალომე:

- რამაზ იოსელიანის ჯგუფში მოვხვდი, მაგრამ პრობლემების გამო, ინსტიტუტიდან წავიდა და დავრჩით მიტოვებულები. მერე ხან ვინ შემოვიდა და ხან - ვინ. საკურსო სპექტაკლი გვქონდა "ჩარლის დეიდა". ბოლოს, ბატონმა დიმა ხვთისიაშვილმა დადგა ჩვენთან სადიპლომო სპექტაკლი "ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი", სადაც სახასიათო როლი შევასრულე. ეს სპექტაკლი თავისუფალ თეატრში გადავიტანეთ. ამ როლიდან გამომდინარე, რეჟისორებისაგან შემოთავაზებები დაიწყო. ილიაუნის თეატრში სანდრო ელოშვილმა მიმიწვია "ფრანგულ გარნირში", პიესაში 6 როლია და ექვსივე მთავარი გმირი. სასაცილო ის იყო, რომ სამი ქალი ვიყავით და სამივე - სალომე. რეჟისორი სალომეს რომ დაიძახებდა, ყველა მისკენ ვიხედებოდით. რუსთაველის თეატრში პატარა სპექტაკლებში (კითხვითი ჟანრის) ვმონაწილეობდი. სერიალებში რატომღაც, ყოველთვის მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს ვთამაშობდი; არ ვიცი, რეჟისორები ამ კუთხით რატომ მხედავდნენ (იცინის). ჩემი ტკივილი დღემდე თეატრია...

- თეატრის კულისებში ბევრ დროს ატარებდით? მამის მეგობრების შესახებ მიამბეთ.

მაკა:

- ბავშვობაში სულ თეატრში ვიყავი, მიყვარდა კულისებიც და პარტერიც. კულისების სუნი მახსოვს... კოტე მახარაძე, შოთა გაბელაია და ტარიელ საყვარელიძე - ეს სამი მსახიობი ჩემთვის ყველაზე ახლობელი იყო მამის მეგობრებიდან. ისინი ყოველ საღამოს ჩვენს სახლში იყვნენ. მე და ჩემი ძმა ზოგჯერ მთელი ღამე ვუსმენდით მათ საუბარს, ასე გავიზარდეთ. მამა მსახიობებთან მეგობრობდა, მაგრამ უფრო მეტი არამსახიობი მეგობარი ჰყავდა. აქ ისეთი სუფრები იშლებოდა, მაგიდასთან 40 კაცი იჯდა ხოლმე.

მამაჩემი კარგად იცნობდა შევარდნაძეს, რომელიც მაშინ მგონი, მინისტრი იყო, ყოველთვის ფეხით მიდიოდა სამსახურში და რუსთაველზე, ჩვენს სახლს რომ გაუსწორდებოდა, მამაჩემი ფანჯრიდან ჩესტს აუღებდა, ისიც იმავეს აკეთებდა. ჩვენთან ხშირად მოდიოდნენ შევარდნაძე, მენთეშაშვილი, ქოჩლაძე, მოსკოვიდან სპორტული კომენტატორები - ოზეროვი და მასლაჩენკო. მამა ძალიან კარგად მღეროდა, ერთ სიმღერას ჰიმნი დაარქვა და მთავრობის ხალხი როცა მოვიდოდა, მაშინ დასჭექავდა ხოლმე (პარტიაზე იყო ტექსტი, ცუდი სიტყვებით). ისინი სიცილით კვდებოდნენ. უყვარდა სიმღერა "გადაგიშლი ამ ჩემს ხელებს" და მთელი მონდომებით ასრულებდა. მაშინ ტვისტი იყო მოდაში, უკვე მსუქანი მამაჩემი თავისებურად ცეკვავდა. მისი ახლო მეგობრები იყვნენ ნოდარ დუმბაძე, ნოდარ ჯანბერიძე, რკინიგზის საავადმყოფოს მთავარი ექიმი დათო ლეშკაშელი, რომელსაც თავისი ნანადირევი მოჰქონდა და დედა "კერასინკაზე", საერთო სამზარეულოში ამზადებდა არა მარტო ნანადირევს, მთელ პურ-მარილს. მამას მეგობრები მოიყვანდნენ ხოლმე ნანი ბრეგვაძეს, ცისანა და ივიკო საყვარელიძეებს და ისეთი მშვენიერი კონცერტები იმართებოდა, რომ ხალხი ჩვენი ღია ფანჯრებიდან უსმენდა მათ.

არ ჰქონდა მნიშვნელობა სახლში ვიყავი თუ არა, ჩემი მეგობარი თუ ნებისმიერი სტუმარი არ მოიწყენდა. მამაჩემს ედგა ჩაიდანი, რომელშიც ღვინო ესხა და ყველას სთავაზობდა. ერთხელ ლევან ბზვანელი მოვიდა, მამა ტახტზე ზის. ლევანმა მე ვერ დამინახა და ის იყო, უკან უნდა გაბრუნებულიყო, კუკურიმ დაუძახა: სად მიდიხარ, დაჯექი მამა, ჩვენ უნდა ვიქეიფოთო. ერთხელაც, ვატო და დათო კახიძეები მოვიდნენ, მამაჩემი სახლში არ არის. ვმღერით, ვქეიფობთ და ღვინო გამოგველია. ამ დროს მოვიდა მამა, ერთი ბოთლი გამოგვიტანა და დაგვიდგა. მეტი არა გაქვს-მეთქი? - და არაო. ჩემმა პატარა გოგონამ კი თქვა: ბაბუკა, აქ არისო და პიანინოსთან მივიდა... მამას პიანინო აჩუქა არაჩვეულებრივმა ადამიანმა, მისმა ძმაკაცმა ოთარ სვანიძემ. პიანინოს ქვემოთ ფიცარი გამოსწიეს და ჩაწყობილი შამპანურები გამოჩნდა (იცინის)... დედას უნდოდა, მამა სულ დაკავებული ყოფილიყო. მამაჩემს ხანდახან როლზე უარი რომ უთქვამს, დედა უჩიჩინებდა, ითამაშეო. ის კი არა, ერთხელ შევარდნაძესა და მენთეშაშვილს შესჩივლა, - თქვენ უთხარით რამე, როლებზე უარს ამბობსო.

- კინოგადაღებებზე არ წაუყვანიხართ მამას? თავადაც ხომ არ მონაწილეობდით ფილმებში?

GzaPress

მაკა:

- სკოლას ვამთავრებდი და იმ წელს წამიყვანა თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც იღებდნენ "მხიარულ რომანს". ჩემი სკოლელი, ლამაზი და სხვანაირი გარეგნობის ხათუნა კოტრიკაძე ცოტა უფროსი იყო ჩემზე. გადასარევი ძმა ჰყავდა, იმასაც ვიცნობდი. ერთხელ ბათუმში ვიყავით 5 დღე გადაღებებზე და ამ 5 დღის მანძილზე წვიმა არ შეწყვეტილა. მამა ბრაზობდა იმაზე, რომ გადაღებაზე დაიბარებდნენ შვიდ საათზე და შეიძლება დაეწყოთ 12-ზე. პატარა ეპიზოდებში ვმონაწილეობ რამდენიმე ფილმში, მათ შორისაა თემურ ბაბლუანის "უძინართა მზე" და ნანა ჯორჯაძის "რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა", მგონი ჩემი სცენა არც შევიდა ფილმში, ნანა ყოველ საღამოს ცვლიდა სცენარს. საშა რეხვიაშვილს უნდოდა ჩემი გადაღება, მაგრამ აღარ ვინდომე.

- თქვენს სახლზე არ არის დაფა, სადაც მითითებული იქნებოდა, რომ აქ ცხოვრობდა საქართველოს სახალხო არტისტი ზურაბ ლაფერაძე. ძალიან გამიკვირდა...

მაკა:

- ვფიქრობ, რომ უნდა იყოს... ჩემი ამხანაგები მეუბნებიან, მიდექი-მოდექიო. მამა რომ გარდაიცვალა, უკვე არეული დრო იყო. მარჯანიშვილის თეატრიდან გამოასვენეს, მაგრამ მაინც მიკვირს, იმდენი ხალხი მოვიდა. დედაჩემი 5 წლის შემდეგ გარდაიცვალა. ამდენი დრო გავიდა და ყველგან მხვდება ჩემი მშობლების ამაგი. დედა გინეკოლოგი იყო და უამრავი მადლიერი ადამიანი ჰყავდა.

მე და ლიკა ქავჟარაძე ერთ სადარბაზოში ვცხოვრობდით. ვეხვეწები, ვისაც ეს ეხება, - ლიკას სახლზე დაფა გააკეთეთ-მეთქი. 5 წელი უნდა გავიდესო, ასე მიპასუხეს. ერთი იდეა მაქვს, ძალიან მინდა ლიკას სახელზე ვაკის პარკში ბროწეულების პატარა ხეივანი არსებობდეს. ერთ ოც ძირ ბროწეულს თავად ვიყიდდი, ადგილიც შევარჩიე.

სალომე:

- მაკას აზრი, რომ უნდა იყოს ბაბუას მემორიალური დაფა, ძალიან მომწონს. სამწუხაროა, რომ არც ხსოვნის საღამო გამართულა ოდესმე...

ნანული ზოტიკიშვილი