ლიაკო საოცრებათა ქვეყანაში - გზაპრესი

ლიაკო საოცრებათა ქვეყანაში

მესხეთის დრამატული თეატრის მსახიობი, ლიაკო გოგიძე პატარაობიდანვე ეზიარა სცენას და რა გასკვირია, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ, არჩევანის გაკეთებისას, მსახიობობის გარდა, სხვა არც ერთ პროფესიაზე არ უფიქრია. ხუმრობს ხოლმე, რომ მისი პირველი ნაბიჯები სცენაზე დაიწყო ყვავილის თამაშით, მერე ჩიტებსა და ცხოველებზე გადავერთეო.

- ლიაკო საოცრებათა ქვეყანაში - ასე შევაფასებდი ჩემს ბავშვობას, არტისტებით სავსე ოჯახში. ხშირად ვიხსენებ იმ პერიოდს, როცა ძალიან უჭირდა საქართველოში მოსახლეობას და ჩვენც, მათ შორის (როგორც ახლა, ადრეც ძალიან ხელმომჭირნედ ცხოვრობდნენ მსახიობები), მაგრამ იმ პერიოდსაც ვიხსენებ დიდი სიხარულით. ჩვენი სახლი ყოველთვის სავსე იყო მსახიობებითა და რეჟისორებით, სახლიდან სიმღერისა და სიცილის ხმა გადიოდა... არ ვიცი, როგორ შეიძლება გენატრებოდეს უშუქო, ღუმელთან გატარებული დღეები, მაგრამ მე მართლა ძალიან მენატრება. ვისხედით ხოლმე სანთლის შუქზე და პაპა წიგნებს გვიკითხავდა. სწორედ მან შემაყვარა ლიტერატურა. ბებო კიდევ, გიტარას აიღებდა და ვმღეროდით ერთად, მთელი ოჯახი. აი, ახლაც რომ ვიხსენებ, ყველაფერი კადრებად წარმომიდგა და სუნიც კი "ვიგრძენი" აპიწკინებული შეშის ნაფოტების... ბებოს საბავშვო თეატრი ჰქონდა და არაერთი თაობა გაზარდა ახალციხეში. რასაკვირველია, მეც მისი ერთ-ერთი მოსწავლე ვიყავი 5 წლიდან. დღესაც კი, ზამთარში 2 თვეა გაჩერებული თეატრი, რადგან საათანადოდ ვერ თბება სცენა და მით უმეტეს, იქ შედარებით რთულად იყო საქმე ჩემს ბავშვობაში. მახსოვს, სპექტაკლების თამაში გვიწევდა საოცარ ყინვაში. ერთ-ერთი წარმოდგენის დროს, 5-6 წლის ვიქნებოდი მაშინ, ვთამაშობდი ყვავილს. გაყინულ დარბაზში, კულისებში ვიდექი და აკანკალებული ქურთუკში ვიყავი გახვეული. ჩემი გასვლის დრო რომ მოვიდა, გავვარდი და შუა სცენაზე მყოფმა შევამჩნიე, რომ რაღაც ზედმეტად თბილად ვიყავი - გულგახეთქილი შევბრუნდი კულისებში, სასწრაფოდ გავიხადე ქურთუკი და ისევ სცენაზე გავედი. მართალია, ძალიან შემრცხვა, მაგრამ რა მექნა, უნდა მეთამაშა...

GzaPress

- იქნებ სტუდენტობის წლები გაიხსენო და პედაგოგებზეც მიამბო რამე...

- თეატრალური უნივეერსიტეტი დავამთავრე 2012 წელს, გიორგი სიხარულიძისა და ვანო ხუციშვილის ჯგუფი. იქიდან გამომდინარე, რომ ბატონი გიორგი ქუთაისის თეატრის სამხატვრო ხლმძღვანელი იყო, ხშირად უწევდა ქუთაისში ყოფნა და ჩვენ ვანო ხუციშვილი გვიტარებდა მსახიობის ოსტატობის ლექციებს. აღვნიშნავ, რომ ჩემთვის ის ასევე ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორია. მინდა აქვე დავასახელო გენიალური თამილა ლახიშვილი, მეტყველების პედაგოგი, რომელიც დედაჩემისა და მამაჩემის პედაგოგიც იყო. ჩემდა სასიხარულოდ, ორივე პედაგოგთან მომიწია მუშაობამ თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ. პირველი კურსი რომ დავხურე, ვიმუშავე რეჟისორის ასისტენტის რანგში "აგვისტოს 5 დღეზე" და პატარა როლიც ვითამაშე... სწავლის პერიოდი საკმაოდ საინტერესოდ მახსენდება, გამოცდილების თვალსაზრისით.

- ის, რომ ცნობილი მსახიობების შვილი იყავი, გზის გაკვალვაში თუ გეხმარებოდა?

- არა მგონია, რომ ჩემი ოჯახი გზის გაკვლევაში დამხმარებოდა, უფრო - ნაკლებად. აი, რაშიც ეს ნამდვილად დამეხმარა, ის იყო, რომ მსახიობი გავხდი, სხვა არჩევანი არც მქონდა. თავიდანვე ამით "მოვიწამლე" და სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია.

GzaPress

- არის რომელიმე ქართველი რეჟისორი, რომელთან თანამშრომლობაზეც ოცნებობ?

- შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ბევრ ჩემთვის საყვარელ რეჟისორთან მითანამშრომლია. დრო რაც უფრო გადის, ვრწმუნდები, რომ ყველა რეჟისორი, ისევე, როგორც თითოეული ადამიანი, თავისებურად საინტერესოა, მათგან ძალიან ბევრ რამეს ვიღებ და ვსწავლობ... ახლა პირველად დავფიქრდი ამ შეკითხვაზე და აი, თემურ ჩხეიძეს დავასახელებ, მასთან სიამოვნებით ვითამაშებდი.

- დაასახელე მსახიობი, რომლის პარტნიორობაც გაგახარებდა...

- ალბათ, კეიტ ბლანშეტთან და დენიელ დეი ლუისთან ერთად სცენაზე დგომა, მათი პარტნიორობა დიდ სიხარულს მომგვრიდა. რაც შეეხებათ ქართველ მსახიობებს - უკვე ნათამაშები მაქვს ბებიაჩემთან, ლია სულუაშვილთან (იღიმის).

- რას ნიშნავს მსახიობისთვის კარგი პარტნიორის ყოლა?

- კარგი პარტნიორის ყოლა უმნიშვნელოვანესია, ამის გარეშე წარმოუდგენელია, შენც კარგად ითამაშო. მე ყოველთვის მიმართლებდა პარტნიორებში. ისე გამოდის, რომ ძალიან ბევრს ვაქებ ჩემს თეატრს, მაგრამ მართლა ასეა, აქ საოცარი ატმოსფეროა... ზედმეტს არაფერს ვამბობ. ურთიერთობებს სცენაზე პატნიორები ქმნიან და საქმე ოსტატურად თუ არ გააკეთეს, მათ შორის გათამაშება საინტერესოდ თუ არ წარიმართება, მაყურებელი "ცარიელი" გავა დარბაზიდან და შესაბამისად, სპექტაკლით კმაყოფილიც ვერ დარჩება. ჩვენ ყველა ერთად ვყვებით ისტორიას, რომელიც მაყურებლის გულამდე და სულამდე უნდა მივიტანოთ. რომ არა პარტნიორობა და გუნდურობა, ვერც სპექტაკლი შედგება და დამერწმუნეთ, დროც ფუჭად გაფლანგული იქნება.

ლიკა ქაჯაია