"არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი არც მაშინ და არც ახლა..." - გზაპრესი

"არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი არც მაშინ და არც ახლა..."

32 წელი გავიდა 9 აპრილის შემზარავი ტრაგედიიდან. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ჯარის ნაწილებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. რუსთაველის გამზირი ჯავშანტრანსპორტიორებსა და ტანკებს ჰქონდა გადაკეტილი. სასანგრე ნიჩბებით, ხელკეტებით, ცეცხლსასროლი იარაღითა და ქიმიური საშუალებებით შეიარაღებულმა სადისტმა რუსმა ჯარისკაცებმა უმოწყალოდ დახოცეს იმ დღეს სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ქართველები.

სისხლის ღვრას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, უმეტესობა ქალები იყვნენ, მათ შორის - სკოლის მოსწავლეები. 427 ადამიანი დაშავდა და სხვადასხვა სახის ჭრილობებით კლინიკებში გადაიყვანეს, 2000-მდე ადამიანი კი დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა. დაიღუპნენ: 22 წლის აზა ადამია; 15 წლის ეკა ბეჟანიშვილი; 23 წლის ნატო გიორგაძე; 28 წლის თამუნა დოლიძე; 70 წლის თინა ენუქიძე; 22 წლის ნინო თოიძე; 61 წლის ზაირა კიკვაძე; 33 წლის მანანა ლოლაძე; 50 წლის თამარ მამულაშვილი; 21 წლის მამუკა ნოზაძე; 41 წლის ნანა სამარგულიანი; 31 წლის მარინა ჭყონია-სამარგულიანი; 25 წლის ელისო ჭიპაშვილი; 16 წლის თამარ ჭოველიძე; 40 წლის ნოდარ ჯანგირაშვილი; 43 წლის მზია ჯინჭარაძე; 26 წლის მანანა მელქაძე; 25 წლის გია ქარსელაძე; 35 წლის შალვა ქვასროლიაშვილი; 16 წლის ნათია ბაშალეიშვილი და 45 წლის ვენერა მეტრეველი.

9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის ფუნქცია შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ამ ტრაგედიიდან ზუსტად მეორე წლისთავზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და 9 აპრილი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ტრაგედიის და დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაიწერა.

GzaPressფოტოგრაფ იური მეჩითოვს იმ დღეებში არაერთი ფოტო აქვს გადაღებული. ეს კადრები კარგად ასახავს იმდროინდელ მოვლენებს, ჩანს ხალხის ემოციები და საერთოდ, საქართველოს ისტორიას გადმოსცემს.

მეჩითოვის ცნობილი კადრია ახალგაზრდა ქალი შავი დროშით - ფოტო, რომელიც 9 აპრილის სიმბოლოდ იქცა. ეს სურათი ტრაგედიის მეორე დღეს, ვაკის პარკთან გადაუღია ფოტოგრაფს. "აღელვებული, მეგობართან სამსახურში ვიჯექი. ამასობაში, პირველმა შოკმა რომ გადაიარა, ხალხმა ქუჩაში გამოსვლა დაიწყო. უამრავი ადამიანი გამოვიდა. მოძრაობდნენ მანქანებით, მგლოვიარე სახეებით, შავი დროშებით. ვთქვით, მოდი ჩვენც გავიდეთ და შევუერთდეთ ხალხს. დავიძარით მელიქიშვილის ქუჩით და ვაკის პარკთან გავჩერდით. მაშინ, რუსთაველი ჯერ კიდევ რუსულ დანაყოფებს ჰქონდათ გადაკეტილი. ჰოდა, აი, პარკთან შევნიშნე ეს ლამაზი გოგონა, მოძრავ ავტომობილში, დროშით ხელში. სანამ მომიახლოვდებოდა, ჩემი მეგობრის "ჟიგულიზე" ავძვერი და კადრიც გადავიღე. რაღაცნაირად მოვარტყი ეტყობა. თავიდან ვერც გავაცნობიერე, რომ 9 აპრილის ერთგვარი სახე-ხატი შევქმენი", - ასე იხსენებს ფოტოგრაფი ამ კადრის გადაღებას.

ფოტოზე გამოსახული გოგონა, მარი (ნანა) მახარაძე მაშინ, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის 19 წლის სტუდენტი იყო. წლების განმავლობაში ადამიანების მხოლოდ მცირე ჯგუფმა თუ იცოდა მისი ამბავი, ბევრს თურმე დაღუპულიც ეგონა... წლებია, ნანა მახარაძე, როგორც უამრავი ქართველი, ემიგრაციაშია, იტალიაში ცხოვრობს. 2017 წელს კი მისი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა - სიყვარული იპოვა და ქართულ-იტალიური ოჯახი შექმნა. ნანა მახარაძე და მარკო სბრაჯი ამ ქვეყნის ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს ქალაქ არეცოში ცხოვრობენ.

მას იტალიაში დავუკავშირდით და 9 აპრილის დღეების გახსენება ვთხოვეთ.

ნანა მახარაძე:

- ამაღლებული გრძნობა მეუფლება, როცა 9 აპრილზე ვსაუბრობ. ყველაზე მეტად რაც მახსენდება, ერთ მუშტად გაერთიანებული ქართველები არიან. დღევანდელობასთან შედარებით, სულ სხვა სულისკვეთება იყო მაშინ. წელს უფრო ამაყად ვხვდები 9 აპრილს. გეცოდინებათ, აქცია მოვაწყვეთ ლელა ვეფხვაძესთან დაკავშირებით, მისი ბინის შესაძენად. ქალბატონი მაკა სახურია, ბატონები გელა იზორია და ლევან მაღლაკელიძე იყვნენ ჩართულები ლელა ვეფხვაძისთვის ბინის შეძენის აქციაში და ამ ჯგუფს ერქვა "მისიონერები". რომ არა ამ ადამიანების თავდაუზოგავი შრომა და ბრძოლა, უდიდესი თანადგომა, არაფერი გამოვიდოდა... ლელა და მისი სიმღერა 9 აპრილთან ასოცირდება. 31 წელი ეს ქალბატონი უბინაოდ იყო. მე და ჩემმა მეგობარმა წამოვიწყეთ აქცია, ბევრი ხალხი ჩაერთო და ეს გამოგვივიდა. ძალიან ბედნიერი ვარ, დღეს ის საკუთარ ჭერქვეშ ცხოვრობს და ამიტომ, წლევანდელ 9 აპრილს უფრო წელში გამართული შევხვდები.

- იქნებ გვიამბოთ იმ ცნობილი ფოტოს ისტორია.

- ერთი ჩვეულებრივი სტუდენტი გოგონა ვიყავი, 19 წლის, ფიზიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ყოველდღე მეგობრებთან ერთად ლექციების შემდეგ აქციაზე დავდიოდი, მერე უკვე ლექციებსაც ვაცდენდით და ისე დავდიოდით. ეს ფოტო ალბათ, იმ დიდი მრისხანების და იმ დიდი პროტესტის გამოხატულებაა, რომელიც მაშინ ყველა ქართველს ჰქონდა. იმ დღეების ფოტოებს რომ დაუკვირდე, ყველას თითქოს ერთი სახე ჰქონდა. როცა აქციაზე გამოდიოდი, იაზრებდი, რომ შესაძლოა ვინმეს მოეკალი და ეს სიმამაცეა, მაგრამ ასეთი მამაცი იყო მაშინ მთელი ერი. 9 აპრილი ტკივილით და სიყვარულით სავსე უდიდესი დღეა. ქვეყანას მოუტანა დამოუკიდებლობა და თავისუფლება. რა უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე ადამიანისთვის თავისუფლება და ქვეყნისთვის დამოუკიდებლობაა?! მომიტინგეების დარბევის ღამეს, მე და ჩემი ბიძაშვილი გოგონა ბიძაჩემმა და ბიცოლაჩემმა ძალით წაგვიყვანეს აქციიდან სახლში. იმ ცნობილ ფოტოზე რომ ჩანს მანქანაში სათვალიანი გოგონა, ჩემი ბიძაშვილია. სახლიდან გამოვიპარეთ, სანაპიროზე უნდა ავსულიყავით. დღესაც არ ვიცი, ის ბიჭები ვინ არიან. ის დროშაც არ არის - შავი ქსოვილის ნაჭერია, ჩვენივე ხელით გაკეთებული - ტოტი ვიპოვეთ და მას გადავახვიეთ შავი ნაჭერი. ამ დროშით მივდიოდით და სწორედ ამ დროს შეგვხვდნენ მანქანით ეს ბიჭები. გვითხრეს, ძალიან საშიშია და ჩვენთან ერთად წამოდითო. ასე აღმოვჩნდით მე და ჩემი ბიძაშვილი იმ მანქანაში. მერე სპონტანურად მოხდა ყველაფერი, მანქანა მანქანას აედევნა და დიდი კოლონა შეიკრა. მეჩითოვი აღნიშნავს, რომ დაინახა ეს მომავალი კოლონა და კადრი დაიჭირა. ფოტო ჩემთვისაც, როგორც ნებისმიერი ადამიანისთვის, სიმბოლურია და ყოველთვის რომ ამბობენ, ეს გმირი გოგონაო, ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს. სულ ვამბობ, ამ ფოტოზე შეიძლებოდა ყოფილიყო ნებისმიერი გოგონა, ნებისმიერი ბიჭი, ვინც იმ დროს პროტესტს გამოხატავდა, იყო საშინლად გაბრაზებული იმით, რაც მის ქვეყანაში ხდებოდა. მის ქვეყანაში დახოცეს ადამიანები, ქვეყანას, თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და მომავალს ართმევდნენ. როცა იაზრებ, რომ ისტორიას რჩები, როგორც სახე, ეს ნამდვილად საამაყოა. გონებიდან არ ამოიშლება დაღუპულების დაკრძალვა. არ ვიცი, როგორ გითხრათ. იმდენი სიყვარული და ამაღლებული გრძნობა გაჰყვა მათ და ეს მათი მშობლებისთვისაც შვება იყო. ყველაზე მთავარია, ვინც ამ მოვლენებს შეესწრო და ვინც მას შემდეგ დაიბადა, იმ დღის ღირსები უნდა ვიყოთ.

GzaPress

- როცა ეს კადრი პირველად ნახეთ, როგორი რეაქცია გქონდათ? მაშინ ალბათ არც ფიქრობდით, რომ ის 9 აპრილის სიმბოლოდ იქცეოდა.

- ეს ფოტო დაიბეჭდა გაზეთში. თბილისში ბიძასთან ვცხოვრობდი. ჩვენ გვერდით, მეზობლად ჟურნალისტ გოგონებს ბინა ჰქონდათ ნაქირავები და მითხრეს, შენი ფოტო დაიბეჭდაო. ვინც მიცნობდა, იმათთვის საამაყო იყო. საამაყო იყო ჩემი მშობლებისთვისაც, ჩემი სკოლისთვისაც. უნივერსიტეტში დეკანის კაბინეტში ეკიდა ეს ცნობილი ფოტო. დედაჩემმა პირველად რომ ნახა, ძალიან ინერვიულა. მომთხოვა, თბილისიდან სასწრაფოდ ჩაქვში ჩავსულიყავი, სადაც დავიბადე და გავიზარდე. დედ-მამა ბიოლოგები იყვნენ, მეცნიერი თანამშრომლები. დედა მარტვილიდანაა, ამიტომ ბავშვობის უდიდესი ნაწილი სამეგრელოში მაქვს გატარებული. სკოლაში კარგად ვსწავლობდი. ცოტა რომ წამოვიზარდე, გადავწყვიტე, თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა, მაგრამ მამა სასტიკი წინააღმდეგი იყო. 1987 წელს ჩავაბარე უნივერსიტეტში. მიუხედავად იმისა, რომ ოცნება ვერ ავისრულე, მაინც ვახერხებდი, ალტერნატიული ცხოვრებით მეცხოვრა. დავდიოდი როკ და პანკ-ჯგუფების კონცერტებზე, მეცვა ძალიან არაორდინარულად და თითქმის არც ვგავდი იმ "ქართველ გოგონას", რომელიც ფოტოზეა აღბეჭდილი. 1989 წელი ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის. 9 აპრილის შემდეგ ერთი კვირა დავრჩი ჩაქვში. იქიდან ისევ თბილისში დავბრუნდი და 20 დღეში მოულოდნელად დედა გარდამეცვალა. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილი.

- ამ კადრების გავრცელების შემდეგ, ქუჩაში გცნობდნენ?

- ქუჩაში მცნობდნენ, მოდიოდნენ და მეფერებოდნენ. რატომღაც, ძალიან დიდხანს, ბევრ ადამიანს ეგონა, რომ ეს გოგონა დაღუპული იყო. ერთ-ერთ წელს, 9 აპრილს ისევ გამოქვეყნდა ფოტო და სოციალურ ქსელში ვიღაცები წერდნენ, ეს გოგო გარდაცვლილიაო. მაშინ ჩემი ქალიშვილი უკვე წამოზრდილი იყო და მიაწერა, - დედაჩემია და ცოცხალიაო. ამის შემდეგ დაინტერესდნენ ჟურნალისტები ჩემით. არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი არც მაშინ და არც ახლა, არ ვფიქრობ, რომ ფოტო არის ჩემი. ჩემთვის ეს ფოტო ისეთივე სიმბოლურია და ისევე ძალიან მომწონს, როგორც სხვა დანარჩენ ქართველს. იმ ღამით ჩვენ გადავრჩით, სახლში წაგვიყვანეს. ბიცოლაჩემის ძმა შინ სასტიკად ნაცემი მოვიდა. იმ წუთში არავინ არაფერს აცხადებდა ტელევიზიით, მან გვიამბო, რაც მოხდა. არ ვიცოდით, რომ ამდენი ადამიანი დაიღუპა და მთელი რუსთაველი სისხლით იყო მოსვრილი... მიტინგების დროს მოშიმშილეებთან მიგვქონდა თბილი ტანსაცმელი და "ადიალები". იმას ვაკეთებდით, რისი გაკეთებაც შეგვეძლო. არ მქონია იმის შიში, რომ იქ რაღაც უბედურება მოხდებოდა. ყველა ადამიანი ნათელი მომავლისთვის იდგა. ყველას გვეგონა, რომ ერთმანეთის გვერდით ყოფნა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და რომ ჩვენ გავიმარჯვებდით. უფროსები უფრო გრძნობდნენ საშიშროებას.

- 9 აპრილს ტრადიციულად დადიოდით ალბათ მემორიალთან, არა?

- 1990 წელს გავთხოვდი და თბილისში ვცხოვრობდი 2011 წლამდე. ყოველ 9 აპრილს მემორიალთან მივდიოდი, ყვავილები მიმქონდა და ვიხსენებდით იმ დღეს. მძიმე იყო ეს ყველაფერი. რაც მეტი წელი გადის, მით უფრო ძნელია: მერე უფრო აანალიზებ ყველაფერს; ხვდები, რა მოხდა, როგორი მამაცი ყოფილა ხალხი და რამხელა მნიშვნელობა აქვს ყველას ერთად დგომას, რომ ისტორიული ამბის მონაწილე ხარ.

- ალბათ თქვენი შვილიც ამაყოფს ამ ფოტოთი...

- ერთი გოგონა მყავს და ძალიან ამაყობს. უხარია, რომ ფოტოზე დედას ხედავს. რომ ვეუბნები, არაფერი ისეთი არ გამიკეთებია, ეს არ არის გმირობა, საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც მართლა გმირები იბადებიან-მეთქი, მეუბნება, შენ ხალხს უყვარხარო, - და ეამაყება: - ისტორიას შემორჩა ეს კადრი, შენ ხომ იქ იდექი, ამ ადამიანების გვერდითო. ჩემი მშობლების სახლში, ჩაქვში არის ეს ფოტო, არის ჩემს სკოლაშიც. თავის დროზე დაიბეჭდა პლაკატი ძალიან დიდი ტირაჟით და მიწერილი იყო ილიას სიტყვები: "ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია? აწმყო თუ არ გვწყალობს, მომავალი ჩვენია". ეს კადრი იყო ჭილაძის წიგნის გარეკანზე, ჟურნალ "ცისკარში" და ა.შ. ამ ყველაფერს მამა სულ აგროვებდა. თუკი სადმე თვალს მოვკრავდი ამ 30 წლის განმავლობაში ამ ფოტოს, რაღაცნაირად, ყოველთვის თვალს ვარიდებდი... ჩემი იტალიელი მეუღლე პირველად რომ ჩამოვიდა საქართველოში, ბევრ ღირსშესანიშნავ ადგილას იყო დასათვალიერებლად და მათ შორის - საქართველოს ისტორიის მუზეუმში. იქ ერთად აღმოვაჩინეთ ეს ფოტო ჩემი ყველაზე სათაყვანებელი ადამიანის - მერაბ კოსტავას ფოტოს გვერდით. მერაბ კოსტავა ჩემთვის არის ადამიანი სხვა გალაქტიკიდან, სხვა კაცობის და ადამიანობის განზომილება.

GzaPress

- გვიამბეთ თქვენს ოჯახზეც... ვიცით, დიდი ხანია ემიგრაციაში ხართ.

- 2011 წელს წამოვედით მე და ჩემი მეუღლე, ვისთან ერთადაც ვიცხოვრე 25 წელი და მყავს შვილი. იტალიაში მამაკაცებისთვის სამუშაოს შოვნა ძალიან რთული იყო, ამიტომ წელიწად-ნახევარში, ის უკან დაბრუნდა. სამწუხაროდ, 4 თვის შემდეგ გარდაიცვალა. რამდენიმე წლის წინ კი გავიცანი მარკო და უკვე აქ შევქმენი მეორე ოჯახი. ჩემი მეუღლე პროგრამისტია. ძლიერი ქალი ვარ, მაგრამ მარკომ მაგრძნობინა - რამდენად მაგარი გოგოც უნდა ვიყო, აუცილებლად მჭირდება გვერდით ძლიერი მამაკაცი. ამიტომაც არის მარკო სბრაჯი ჩემ გვერდით. რომანტიკული ადამიანია. სექტემბრის ბოლოს გავა პენსიაზე და მერე საქართველოში მოვდივართ სამუდამოდ საცხოვრებლად. ძალიან უყვარს საქართველო. ცდილობს ქართულად იმღეროს, წერა-კითხვა ისწავლოს.

- ლელა ვეფხვაძესთან მეგობრობთ?

- ურთიერთობა არ მქონდა. ყველას ამ 32 წლის განმავლობაში ერთმანეთი სიმბოლურ დღეებში გვახსენდება. შეიძლება ისტორიისთვის ცოტაა 32 წელი, მაგრამ მცირერიცხოვანი ერი ვართ, ბრძენი და განათლებული, და უფრო მეტად უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. უნიკალური, უდიდესი კულტურის ერი ვართ და მინდა ჩემი ქვეყანა წარმატებული იყოს. ბედნიერი ვარ, როცა მეკითხებიან, - აქ, იტალიაში საიდან ჩამოხვედითო? - ამაყად ვამბობ, საქართველოდან ვარ-მეთქი, - და ძალიან ბევრი რამ შემიძლია მოვუყვე ჩემს ქვეყანაზე...

თეა ხურცილავა