"სადისტურ გატყავებას ეს 2 სულიერი მაინც გადაურჩა" - გზაპრესი

"სადისტურ გატყავებას ეს 2 სულიერი მაინც გადაურჩა"

მსახიობისა და ტელეწამყვანის - ნატუკა გულისაშვილის ოჯახი "მრავალფეროვანია": ადამიანების გარდა, მის წევრებს შორის მოიაზრებიან ძაღლი დაფნა, თუთიყუში ბენჟამენი და შინშილები - შინში და ლალა...

- ცხოველების მიმართ ბავშვობიდანვე განსაკუთრებული დამოკიდებულება და საოცარი სიყვარული მაქვს. 2 შველიც მყავდა, რომლებსაც ჯერო და მარდი ერქვათ. წარმოშობით კახეთიდან ვარ. მამაჩემი მეღვინე გახლდათ. გარკვეული პერიოდი კახეთში ვცხოვრობდით. მეზობლის ქათამი თუ კურდღელი, ყველა სულიერი შინ მომყავდა. ფარშავანგიც მყავდა... ერთხელ მელიის ლეკვი იპოვეს (ეტყობა, დედა მოუკლეს) და მომიყვანეს - ყველამ იცოდა, რომ ცხოველები მიყვარდა. გავზარდე და ცოტათი რომ მოღონიერდა, ისევ ტყეში გავუშვით...

- შვლები თქვენთან როგორ მოხვდნენ?

- მაშინ 10 წლის ვიყავი და სიმართლე გითხრათ, ეს კითხვა არ გამჩენია, თუმცა იმაზე ნამდვილად თავს დავდებ, რომ მამაჩემი რამე ბრაკონიერულს, უკანონოს არავითარ შემთხვევაში არ ჩაიდენდა. მაშინ, 80-90-იან წლებში, შვლების საშენი (ფერმასავით) არსებობდა და ალბათ მამამ იქიდან მოიყვანა. სულ ვამბობდი, - ცხოველების პრინცესა ვარ-მეთქი. მინდოდა, ცხოველების ენა გამეგო. ეს ბავშვური, ძლიერი სიყვარული იყო. მამამ მითხრა, - საოცარ ზღაპარს მოგიწყობო... რამდენიმე დღით თბილისში ვიყავი და კახეთში დაბრუნებულს ულამაზესი ვოლიერები დამხვდა, რომლებშიც 2 შველი, 2 ფარშავანგი და ბევრი თუთიყუში იყო... შვლების ვოლიერში საკვებისთვის ცალკე ადგილი გახლდათ გამოყოფილი. მართლა შვლებთან ერთად ვიზრდებოდი... რამდენიმე წლის შემდეგ, კახეთში ძველებურად ხშირად ვეღარ ვრჩებოდი, სკოლის გამო... თბილისში, გმირთა მოედანზე, ზუსტად ზოოპარკის პირდაპირ, 11-სართულიან სახლში ვცხოვრობდი. მამაჩემი ზოოპარკის დირექტორს იცნობდა და სთხოვა, ჩვენი შვლები და ფარშავანგები შეეკედლებინა. სანამ ჩემი ოთხფეხა და ფრთოსანი მეგობრები ცოცხლები იყვნენ, ზოოპარკში მივდიოდი და ვეკონტაქტებოდი...

GzaPress

ერთხელაც, როდესაც ზოოპარკში მისულს შვლები აღარ დამხვდნენ, სერიოზული ტრავმა რომ არ მიმეღო, მითხრეს, - შვილები გაუჩნდათ და მათთან ერთად ტყეში გავუშვითო... მერე მივხვდი, რომ ალბათ დრო ამოეწურათ...

სკოლას ვამთავრებდი, როცა ერთხელ თბილისში, ბაზართან კაცი ვნახე, რომელსაც წინ ყუთი ედო, მასში კი ვირთხების მსგავსი რაღაცები ეყარა. დავინტერესდი, რა იყვნენ. - არ ვიცი. ხიდან ჩამოვარდნენ, ასე დავტოვებ, ვინმე წაიყვანსო, - მიპასუხა. მე წამოვიყვანე და ციყვები აღმოჩნდნენ. ერთი მე გავზარდე, მეორე - ჩემმა დაქალმა. ჩიჩი და ტოტო დავარქვით. ზაფხულობით კახეთს ვსტუმრობდი (მამა უკვე ცოცხალი აღარ იყო), იქ სახლი გვაქვს. ჩიჩიც ჩავიყვანე. აქეთ-იქით დარბოდა, ერთ მშვენიერ დღეს კი დაიკარგა. ეტყობა, უბრალოდ გაიქცა, ბუნებამ მაინც თავისი ქნა... იმ პერიოდში, მოსკოვში ხშირად დავდიოდით. თბილისში ჩამოსვლისას ცხოველი, ფრინველი ან თევზი აუცილებლად ჩამომყავდა. ასე რომ, ჩემი და ცხოველების ურთიერთობაზე ბევრის თქმა შემიძლია. ხმამაღლა ვიტყვი, რომ ბევრ ადამიანს მირჩევნია თუნდაც ქუჩაში მცხოვრები ძაღლი, რომელსაც "მაწანწალას" ეძახიან (მე ასე არ ვუწოდებ - უბრალოდ, იმ ძაღლს ასეთი ბედი აქვს)...

- თქვენი სახლის ამჟამინდელი ბინადრების შესახებ გვიამბეთ.

- ამჟამად გვყავს ძაღლი - დაფნა, თუთიყუში - ბენჟამენი და 2 შინშილა. დეკორატიული თევზი, ე.წ. პიტუშოკი (ბეტა, იგივე მამლაყინწა) გვყავდა, მაგრამ სამწუხაროდ, ამ სახეობის თევზები დიდხანს არ ცოცხლობენ... ზაზუნა, ციყვი, ზღვის გოჭი მყოლია, მაგრამ შინშილა - ნამდვილად არა. ახლა "ცოლ-ქმარი" შინშილა მყავს.

- როგორია თქვენი და თქვენი ოთხფეხა-ფრთოსანი მეგობრების თანაცხოვრება?

- ალბათ, მათ გარეშე პანდემიის პერიოდს, ეკონომიკურ კრიზისს, სამსახურის დაკარგვას ბევრად რთულად გადავიტანდი. ესენი ძალიან მეხმარებიან. მათგან დადებით ენერგიას ვიღებ... თავისთავად, დაფნამ ძალიან იეჭვიანა, როცა შინშილები მოვიყვანე, რადგან უკვე 7 წლის "გოგოა" და ჩვენს ოჯახში პირველი ადგილი მისია, მომდევნო ადგილებს ოჯახის დანარჩენი წევრები ვიკავებთ (იღიმის). მერე, დაფნა ნელ-ნელა მიხვდა, რომ შინში და ლალაც ოჯახის წევრები არიან. რასაკვირველია, ტალღოვან თუთიყუშ ბენჟამენს ჩვენს ოჯახში ერთ-ერთი საპატიო ადგილი უჭირავს. უკვე გვესაუბრება: კოცნას გვთხოვს, "ბიჭო, ბიჭოს" გვეძახის და დაფნას კუთვნილი ჭყიპინა სათამაშოს ხმებს გამოსცემს, რა დროსაც დაფნა ძალიან იბნევა (იცინის)... შინშის და ლალას კონტაქტი ძალიან უყვართ. საერთოდ, ქუჩაში შემხვედრ ცხოველსაც ისე ვეკონტაქტები, როგორც ბავშვს, ადამიანს. ამიტომ შინში და ლალაც ადვილად მომეჩვივნენ. სეირნობა უყვართ. როდესაც დაფნას ცალკე ოთახში, დედაჩემთან გავიყვანთ ხოლმე, სანამ დედა ეთამაშება, შინში და ლალა ოთახში გამოდიან და სეირნობენ, ჩემთან ურთიერთობენ, შემდეგ კი ისევ მათთვის სპეციალურად გაკეთებულ 3-სართულიან სახლში სხდებიან... ასევე, ძალიან მიყვარს მცენარეები. ახლობლები სულ შაყირობენ - ოთახში მინიზოოპარკი გაქვსო...

- მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს დიდი ნაწილი შეჯერდა, ბუნებრივი ქურქის გამოყენება ცუდი ტონია და არ შეიძლება, სამწუხაროდ, მაინც არსებობენ ქალბატონები, რომლებიც შინშილას ქურქზე გიჟდებიან...

- კი, გეთანხმებით. არა მხოლოდ ქალბატონები, არამედ ასეთი ბატონებიც არსებობენ. მხოლოდ ქურქს კი არა, ნატურალურ ტყავსაც იყენებენ... იცით, უფრო მეტად რატომ გამიხარდა, რომ შინში და ლალა ჩემთან არიან?.. თუნდაც ეს 2 სულიერი მაინც გადაურჩა სადისტურ გატყავებას: ვისაც ნანახი აქვს, ნებისმიერ ცხოველს როგორ ატყავებენ, მიხვდება, ეს რა საშინელებაა... მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში კულინარიული გადაცემის წამყვანი გახლდით და უმეტესობისთვის ახლაც კულინარიასთან ვასოცირდები, საკვებ ინგრედიენტად ხორცის გამოყენების მიმართ პროტესტის განცდა ყოველთვის მქონდა (ჩემი შვილი ვეგეტარიანელია), მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ჩემს პროტესტს სხვას ვერ მოვახვევ თავს. როცა ვამბობთ, ჩვილი ხბოს ხორციო, იცით, ამ ხბოს როგორ კლავენ? როცა ძუძუს წოვს, ამ დროს სჭრიან ყელს... როცა ადამიანს ეს ნანახი აქვს, უკვე ხვდება, ჩვენი კუჭის გამო როგორი დაუნდობლები ვართ...

ბუნებრივ ტყავს, ბეწვს რაც შეეხება, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ - კი, დედაჩემის დროინდელი ქურქი (სიასამურის და მელიის) მქონდა, მაგრამ როგორც კი ამ შეგნებამდე მივედი, რაც ახლა მაქვს, სახლიდან სასწრაფოდ მოვსპე... მიმაჩნია, რომ საქართველოში ნელ-ნელა ძაღლების მიმართ სიყვარული ღვივდება. თანდათან ეს კულტურაც შემოვა და ხალხი მიხვდება, რომ ცოტა არ იყოს, დაბალი დონე, გოიმობაა, როცა ნებისმიერი ცხოველის უზარმაზარი ქურქი გაცვია და დააფრიალებ...

GzaPress

- თქვენი ოთხფეხა და ფრთოსანი მეგობრების მოვლა რთული არ არის?

- ეს სიყვარული ისეთ სიამოვნებას განიჭებს ადამიანს, რომ რთული მართლა არ არის. უბრალოდ, ყოველთვის ვამბობ: როდესაც ნებისმიერი ცხოველი, ფრინველი თუ თევზი გყავს, გააზრებული უნდა გქონდეს, რას აკეთებ. არ მესმის ეს ფრაზა: "ბავშვს ძაღლი უნდა". ძაღლი მთელ ოჯახს უნდა უნდოდეს. ის ბავშვთან ერთად უნდა გაიზარდოს და ოჯახში ნაკლები კონფლიქტი იყოს. ცხადია, ბავშვი ძაღლს ვერ მოუვლის - მოვლის პასუხისმგებლობა ოჯახის უფროს წევრზე გადადის, რომელსაც მერე ეს ჰბეზრდება, რის გამოც ხშირად ძაღლები ქუჩაში ხვდებიან... ასევე, საშინელი პროტესტი მაქვს ძაღლების ჯიშებთან დაკავშირებულ მოდაზე, რომელიც საქართველოში შემოდის. მეტისი საოცრად გულთბილია... პანდემიის პირველი ტალღა კარგად გამოვიყენე: ძაღლების ფსიქოლოგიის შესწავლა მთელი ცხოვრება მინდოდა. ინტერნეტის, ამერიკელი კინოლოგ-ფსიქოლოგების მოსაზრებების გაცნობით, ძაღლების თითოეული ჯიშის, მათი ქცევების შესახებ ბევრი რამ ვისწავლე. მიმაჩნია, რომ სახელმძღვანელო უნდა გამოიცეს, რომლის საშუალებითაც ძაღლების მიმართ საზოგადოებას ინფორმირებულობა აუმაღლდება. ბევრი მეგობარი, მეგობრის მეგობარიც კი მირეკავს და მეკითხება: - ასეთი სახლი, საცხოვრებელი პირობები მაქვს, ძაღლი მინდა და რომელ ჯიშს მირჩევო? ნამდვილად ცოდნაა საჭირო, შინ რომელი ჯიშის ძაღლი მიიყვანო, ვინ არიან ოჯახის წევრები და ა.შ. ეს სერიოზული საკითხია. ნებისმიერი ცხოველი ბავშვივითაა, რომელსაც სულ მოვლა სჭირდება.

- თქვენ რა ჯიშის ძაღლი გყავთ?

- პუდელი, რომელიც შემთხვევით "შემომეყიდა": 7 წლის წინ, დიღმის ბაზარში, მე და ჩემი შვილი ჩიტისთვის საჭმლის საყიდლად წავედით. შემთხვევით ქალბატონი მოვიდა, რომელიც ძაღლებს ყიდდა. პლასტმასის კალათიდან დაფნამ თავი ამოყო. მაშინვე ხელი მოვკიდე და ჩემს შვილს პალტოს უბეში ჩავუსვი. ქალბატონს ლეკვის ფასი ვკითხე. - 250 ლარი ღირსო, - მიპასუხა. - 100 დოლარს გაძლევ და მიმყავს-მეთქი (მაშინ დოლარის კურსი 1.70 იყო ლარში). ლეკვი დავინახე თუ არა, მაშინვე მივხვდი, ჩემთან უნდა ყოფილიყო და ასე დაუგეგმავად შინ წამოვიყვანე... მთელ ოჯახს ძალიან გვიყვარს ფილმი - "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან". იქ პერსონაჟებს დაფნა და ჟოზეფინა ჰქვიათ. ლეკვს დაფნა ამიტომ დავარქვით (იცინის).

GzaPress- ზაფხულობით რა ხდება, როცა დასასვენებლად მიემგზავრებით?

- რასაკვირველია, ცხოველებიც თან მიგვყავს. პირველი თუთიყუში კატამ მომიკლა - ქობულეთში რომ ჩავედით, კატა ფანჯრიდან შემოიპარა... საშინელება იყო... თბილისში დავბრუნდით თუ არა, მაშინვე მეორე თუთიყუში ვიყიდეთ. 8 წელი იცოცხლა... ბენჟამენი ჩვენი მესამე თუთიყუშია... კუც მყავდა, რომლის შესახებაც მითხრეს, ძუ არისო. ამიტომ ძუკუ დავარქვი (იცინის). ალბათ ცოტათი ზედმეტად, პათოლოგიურად მიყვარს ცხოველები. მანქანაში, ჩანთაში მათთვის საკვები ყოველთვის მაქვს - როდესაც ქუჩაში ძაღლს ვხედავ, წარმოუდგენელია, არ ვაჭამო... ჩემს ერთ ოცნებას გაგანდობთ: მინდა პატარა ჩოჩორი მყავდეს (უახლოეს მომავალში, ქალაქგარეთ მიწის ნაკვეთი უნდა შევიძინო). შეიძლება, ვიღაცას გაეცინოს, მაგრამ ვირისთვის, ჩოჩრისთვის თვალებში არავის ჩაუხედავს... რატომღაც, ვირს ცუდად ეპყრობიან. ვინმეს შესახებ ცუდ კონტექსტში ამბობენ ხოლმე, - ნამდვილი ვირიაო... ამის გამოც პროტესტის განცდა მაქვს. სოფლად მანქანაც კი გამიჩერებია და ჩოჩორს მოვფერებივარ. ვირი და ცხენი ერთმანეთთან ძალიან "ახლოსაა". ადამიანები ცხენს აღმერთებენ, ვირი კი მხოლოდ შრომასთან, გატყავებულ გვერდებთან და ზურგთან ასოცირდება... ვირს რომ შეხედოთ, ნახავთ, როგორი სევდიანი თვალები აქვს. საოცრად გულთბილი, კეთილი ცხოველია. მინდა, როგორც 2 შინშილა გადავარჩინე (სხვათა შორის, ის ტენდენცია შემოდის, რომ შინშილა კი არ უნდა გაატყავო, არამედ - შინ უნდა გყავდეს და მოეფერო), ასევე, ჩოჩორიც მყავდეს, რომელიც გაიზრდება, "ჩოკინა" გახდება, ჩვენი ოჯახის სრულფასოვანი წევრი იქნება და საათში ერთხელ დაიყროყინებს - გვაუწყებს, რომელი საათია (იცინის)...

ეთო ყორღანაშვილი